პროექტ Iveria Global - ის შესახებ

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
11-05-2014, 20:00 | Iveria Global | ნანახია - 5054

            მოგეხსენებათ, ბოლო ოცი წლის მანძილზე საქართველოს თავს დატეხილმა ათასმა ქარ-ცეცხლმა და ეკონომიკურმა გაჭირვებამ დიდი მიგრაცია გამოიწვია. ასობით ათასმა ჩვენმა თანამემამულემ დატოვა ჩვენი ქვეყანა თვითგადარჩენისა და საკუთარი ოჯახების ელემენტარული უზრუნველყოფის მიზნით. რაოდენ საწყენი არ უნდა იყოს, ვერ ვიტყვით, რომ ეს პროცესი წარსულს ჩაბარდა. უმუშევრობის კატასტროფული დონე კვლავ აიძულებს საქართველოს მოქალაქეებს უკეთესი ბედის საძებნელად საზღვარგარეთს მიაშურონ.

 

            ამ თავად სამწუხარო მოვლენას ერთი განსაკუთრებით არასასიამოვნო მხარე გააჩნია: საქართველოდან გახიზნულ ჩვენს თანამოქალაქეთა ამ უზარმაზარ ნაკადს თან გაყვა და კვლავაც მიყვება იმ ადამიანთა დიდი რაოდენობა, რომელთა გასვლას, ჩვეულებრივ, „ტვინების გადინებას“ უწოდებენ. უამრავი ნიჭიერი და განათლებული ჩვენი თანამოქალაქე, რომელსაც შეეძლო სარგებელი მოეტანა საკუთარი ქვეყნისთვის, მაგრამ თავის შესაძლებლობების სამშობლოში გამოყენება ვერ მოახერხა, დამკვიდრდა უცხოეთში და წარმატებული კარიერაც გააკეთა.

 

            რა თქმა უნდა, ეს ადამიანები დიდი ინტერესითა და ხშირად გულის ტკივილით ადევნებენ თვალს იმ მოვლენებსა და პროცესებს, რომლებიც მათ მშობლიურ ქვეყანაში ხდება და ბევრ მათგანს აქვს დიდი სურვილი, რომ, მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩნდენ ემიგრაციაში, მაინც ჩართულნი იყვნენ თავიანთი ქვეყნის ცხოვრებაში და საკუთარი უნარი, საშუალებები და, თუნდაც, ის კავშირები, რომლებიც მათ საზღვაგარეთ ცხოვრების შედეგად გაუჩნდათ, მოახმარონ მას. ზოგი ამას აკეთებს კიდეც, მაგრამ ეს, გასაგები მიზეზების გამო, ძირითადად მაინც ეპიზოდურ და არაორგანიზებულ ხასიათს ატარებს და ტოვებს ამ ადამიანებში იმ განცდას, რომ ამ ძალისხმევისათვის ორგანიზებული და მიზანმიმართული ხასიათის მიცემის შემთხვევაში, მას გაცილებით უფრო დიდი ეფექტი ექნებოდა.

 

            ამ თვალსაზრისით ორგანიზება სჭირდება როგორც სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეულ ქართულ დიასპორას, ასევე, თავად საქართველოს, რათა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობას და თანამშრომლობას გააზრებული, მიზანმიმართული და სისტემატური ხასიათი ჰქონდეს.

 

            სამწუხაროდ, ორივე ამ კომპონენტში საქმე ძალზე არასახარბიელოდაა. ქართული დიასპორები საზღვაგარეთ, სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო, დაქსაქსული, ცუდად ორგანიზებული და უინიციატივონი არიან. უამრავ ინდივიდს საერთოდ არ აქვს ურთიერთობა საკუთარი ქვეყნის დიასპორის ორგანიზაციასთან. რაც შეეხება თავად საქართველოს, აქ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა დიასპორის საქმეთა სამინისტრო, მაგრამ ვერ ვიტყით, რომ მისი საქმიანობა დიდი შემოქმედებით და შედეგიანობით გამოირჩეოდეს. არასამთავრობო სექტორში კი ამ საკითხით სერიოზულად თითქმის არავინ არის დაინტერესებული.

 

            საზოგადოება „ივერიამ“ გადაწყვიტა გამოასწოროს ეს დასანანი რეალობა და,  ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ერთმანეთში კონსოლიდაციას და კოორდინაციას, ხოლო, მეორე მხრივ, თავად იტვირთოს იმ ცენტრის როლი, რომლის გარშემოც მოხდება ეს პროცესი და რომელიც ორგანიზებულად ჩააბამს საზღვარგარეთ მცხოვრებ მსურველ თანამემამულეებს საქართველოს სოციალურ ცხოვრებაში.

 

            ოცდამეერთე საუკუნის რეალობებმა რადიკალურად შეცვალა სამყარო. კომუნიკაციის საშუალებათა რევოლუციამ, განსაკუთრებით კი ინტერნეტმა წაშალა საზღვრები და დააახლოვა გეოგრაფიულად დაშორებული რეგიონები. სოციალური ქსელებისა და კომუნიკაციის სხვა თანამედროვე საშუალებების არსებობა  სავსებით ქმნის იმ პერსპექტივას, რომ საქართველოდან ჩვენი თანამემამულეების მასიური ემიგრაცია ქვეყნისათვის ძირითადად ნეგატიური ფენომენიდან პოზიტიურად გადავაქციოთ. საქმის სწორი ორგანიზების შემთხვევაში, მსოფლიოში მიმოფანტული ქართველების მონაწილეობით, კავკასიაში მდებარე პატარა გეოგრაფიულ საქართველოსთან ერთად ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ გლობალური ვირტუალური საქართველო, რომლის ყველა წევრი ისევე აქტიურად და ორგანულად იქნება ჩართული საქართველოს ცხოვრებაში, როგორც საქართველოში ფიზიკურად მცხოვრები ადამიანები. თუ ეს პროცესი სწორად წავიყვანეთ, ეს ძალზე გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას. საზვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს შეეძლებათ ისევე გაერთიანდენ სხვადასხვა ორგანიზაციებში და პროექტებში, ჩაერთონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, წამოიწყონ სხვადასხვა ინიციატივა, ოპერატიულად გამოეხმაურონ მიმდინარე მოვლენებს და ა.შ., როგორც გეოგრაფიული საქართველოს მკვიდრნი. თავისთავად და ქაოტურად, ეს პროცესი, გარკვეულწილად, უკვე მიმდინარეობს. ორგანიზებულობა მას დიდ და ქვეყნისათვის უაღრესად სასიკეთო ძალას შესძენს.

 

            სწორედ ამ მიზნით საზოგადოება „ივერია“, მისი ინტერნეტ გამოცემა iveria.biz-ის საშუალებით იწყებს პროექტ Iveria Global-ს. პროექტის პირველი ნაბიჯია ინტერნეტ გამოცემა iveria.biz-ში შესაბამისი რუბრიკის - Iveria Global-ის გაჩენა, სადაც ჩვენი ემიგრანტები და ადამიანები, ვინც საერთოდ არიან დაინტერესებული ამ თემით, მოათავსებენ თავის პუბლიკაციებს და მოსაზრებებს. აქ უკვე არსებობს ვიდეოპორტალი, სადაც ქართული ემიგრაციის საინტერესო წარმომადგენლები გააცნობენ საზოგადოებას საკუთარ თავს და ისაუბრებენ მათთვის საინტერესო საკითხებზე. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ეს პატარა, ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი წამოწყება მოიკრებს ძალას და მომავალში შეიძენს შესაბამის ზომას და ფორმებს.

            პროექტის შემდგომი განვითარების იდეებზე აქ შეგნებულად არ ვსაუბრობთ დეტალურად, რადგან გვინდა, რომ ისინი ქართულ საზოგადოებასთან, გლობალურ ქართულ საზოგადოებასთან, ინტენსიურ ინტერაქტიურ რეჟიმში ჩამოყალიბდეს. ამიტომ, გვაქვს იმედი, რომ ამ იდეებზე მსჯელობა გახდება დაინტერესებული დისკუსიის საგანი ამ პუბლიკაციის ფორუმზე, გთხოვთ გააკეთოთ აქ თქვენი კომენტარები და ვიმსჯელოთ. დარწმუნებულები ვართ, კარგი და მართლაც წარმატებული საქმე გამოგვივა.

 

 

საზოგადოება „ივერია“, პროექტ Iveria Global-ის საინიციატივო ჯგუფი

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია