კოჰაბიტაცია ნომერი ორი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
12-05-2014, 00:01 | პოლიტიკა | ნანახია - 3628

კოჰაბიტაცია ნომერი ორიმამუკა კუდავა

 

პრეზიდენტ-პრემიერის პოლიტიკური ბუტიაობა ახალ ფაზაში შევიდა და ამდენად, მოსკოვიდან მომდინარე სასიცოცხლო საფრთხის წინაშე ქვეყნისთვის და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ახალი, სააკაშვილ-ივანიშვილისგან განსხვავებული კოჰაბიტაციის წესების შემუშავება. ამჯერად, 1 წლიანის მაგივრად 3 წლიანი კოჰაბიტაცია გველოდება.

 

წინა დღეს შეშფოთებით და ღიმილით მომაწოდეს ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტ ოლანდის 13 მაისს დაგეგმილ ვიზიტზე. საუბარია სტუმრის პატივსაცემ სახელმწიფო ვახშამზე, რომელსაც პროტოკოლის მიხედვით პრეზიდენტმა და არა პრემიერმა უნდა უმასპინძლოს. მთავრობის მოთხოვნით ეს ღონისძიება არ უნდა გაიმართოს პრეზიდენტის სასახლეში არამედ ფუნიკულიორზე ან სხვაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის წევრები იქ არ მივლენ. ფრანგების პასუხი ცალსახა და ლოგიკურია - ვახშამზე პრეზიდენტს პრეზიდენტმა უნდა უმასპინძლოს და მას ასევე პრემიერიც და მინისტრებიც უნდა ესწრებოდნენ, როგორც ეს ყველგან ხდება პროტოკოლის და სტუმართმოყვარეობის ცივილური წესების შესაბამისად. (ცნობისთვის - თურქეთის პრეზიდენტ გიულისადმი მიძღვნილ სახელმწიფო ვახშამს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ფუნიკულიორის რესტორანში უმასპინძლა. მას პრემიერის და მთავრობის მაგივრად ვიცე-პრემიერი კალაძე და ერთი მინისტრი დაესწრო).

 

ეს ინფორმაციაც რომ არა, უკვე ყველასთვის ნათელია პრეზიდენტის იზოლაციის და პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების მცდელობები.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი მთავრობის საკანონმდებლო სხვადასხვა ინიციატივაა, რომლებიც მნიშვნელოვნად კვეცენ პრეზიდენტის ამა თუ იმ უფლებას. ბოლო მაგალითია მთავრობის მიერ პარლამენტში გაგზავნილი კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალს ართმევს შეიარაღებული ძალების მობილიზაციის გეგმის დამტკიცების უფლებას.

 

პლუს, პრეზიდენტი და პრემიერი უკვე ერთ სივრცეშიც კი არ ჩნდებიან ერთად. ბოლო მაგალითი საარჩევნო გადაცემაა „იმედზე“, რომელზეც პრემიერმა თქვა, რომ პრეზიდენტმა არ ჩათვალა საჭიროდ მოსვლა. მოგვიანებით კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მარგველაშვილს მოწვევა არ მიუღია. ასეთი, საბავშვო ბაღის შესაფერისი დამალობანას თამაშის მსგავსი რამ შესაძლოა იყოს მხოლოდ ნაციონალების ხელისუფლების მმართველობისას ზოგიერთ მედიასთან მინისტრების კონტაქტის აკრძალვა. თუმცა, მედიასთან კუკუ-დამალობანას იმ თამაშმა ის ხელისუფლება იმდენად დააზარალა, რომ ამჯერად ბევრი დღევანდელი ხელისუფალი ვერ ბედავს ასეთი შეცდომის დაშვებას. ეხლა კი რეალურად საქმე გვაქვს არა მედიის, არამედ ქვეყნის პირველი პირის საბოტაჟთან. ეს კი, რასაკვირველია, არანაკლები შეცდომაა.

 

გასაგებია, რომ კოჰაბიტაციის პრობლემა ბევრ ქვეყანაში არსებობს, სადაც პრეზიდენტები და მთავრობები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ. პიროვნული შეუთავსებლობა და ღვარძლიც არ არის ქართული ფენომენი, ის „ზოგადსაკაცობრიო მონაპოვარია“. მიუხედავად ამისა, ოკუპირებული საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები მეტ პასუხისმგებლობას უნდა აკისრებდეს ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მით უმეტეს ჯერ კიდევ 6 თვის წინ ერთად მდგარ კოალიციის ლიდერებს.

 

თვით პრეზიდენტ მარგველაშვილის თქმით, მისი რეიტინგის დაცემა ყოფილი პრემიერის მომხრეების განაწყენებას უკავშირდება. თუმცა, მმართველი კოალიციის მხრიდან საზოგადოებას არ მიუღია ლოგიკური ახსნა იმისა, თუ ივანიშვილ-მარგველაშვილის კონფლიქტს აპრიორი რატომ უნდა მოჰყვეს მთავრობის ანალოგიური უარყოფითი რეაქცია და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის უგულვებელყოფა. უცხოელი დიპლომატები ირონიულად აღნიშნავენ ხოლმე, რომ მინისტრები უკვე აღარც კი პასუხობენ პრეზიდენტის სატელეფონო ზარებს.

 

ანეგდოტებს რომ თავი დავანებოთ,  რამდენად არის ქვეყნის ინტერესებში არჩევნების მიხედვით ყველაზე დიდი ლეგიტიმურობის მქონე მოქმედი პოლიტიკოსის - იზოლირებული პრეზიდენტ მარგველაშვილის - პასიურობა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე კომენტირებისას? მოსახლეობის 62%-მა ხომ ის იმისთვისაც აირჩია, რომ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დისკუსიებში.

 

ხომ ნათელია, რომ პრეზიდენტის „მიჯირყვნის პოლიტიკა“ „ოცნების“ პოლიტიკური ერთიანობის გარდა სახელმწიფოს მართვასა და ეფექტურობას აყენებს ზიანს. პრეზიდენტ სააკაშვილის დროს მსგავსი რამ არ ყოფილა, როცა სახელმწიფო ინსტიტუტების გარკვეული ძალისხმევა და დრო იხარჯებოდა სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლაში. მსგავსი მხოლოდ პრეზიდენტ შევარდნაძის დროს შეინიშნებოდა აჭარის ლიდერთან დაპირისპირების გამო. თუ მთავრობა სახელმწიფოებრივად აზროვნებს, საქართველოს დღეს ამის დრო და რესურსი არ უნდა ჰქონდეს -სახელმწიფო ინსტიტუტების წარმატების ფორმულა ხომ მათი მთლიანობა, კოჰეზია, კოორდინაცია და სოლიდარობაა.

 

ან როგორ შეიძლება პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ უშიშროების საბჭოს დე ფაქტო გაუქმება, რაც მის აბსოლუტურ უმოქმედებაში გამოიხატება? პრეზიდენტის მიერ საბჭოს სხდომის მოწვევა, თუნდაც მთავრობის მეთაურის ან ზოგიერთი მინისტრის განაწყენების ხარჯზე, არა მარტო მის სიძლიერეზე მიუთითებდა, არამედ უფრო მნიშვნელოვან თემაზე - რომ პრეზიდენტი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დაცვის რეალური მთავარი გარანტია.

 

იგივე შეიძლება ითქვას პრეზიდენტის პასიურ საერთაშორისო საქმიანობაზე. გასაგებია, რომ არაა ადვილი ვიზიტების ორგანიზება, როცა მთავრობა ქვეყნის საელჩოების მეშვეობით ობსტრუქციას აკეთებს, რომ მარგველაშვილმა საზღვარგარეთ არ იმოგზაუროს ან მისი შეხვედრები მხოლოდ ცერემონიული გამოდგეს და არა შინაარსობრივ-წარმომადგენლობითი. თუმცა, აქ კვლავ პრეზიდენტის მონდომებასა და ლიდერობასთანაც გვაქვს საქმე. მოვალეობების მიხედვით, „შედარებით მოცლილ“ საქართველოს პრეზიდენტს დიდი როლი შეუძლია შეასრულოს ქვეყნის ორი მთავარი პრიორიტეტის უცხოეთში რეკლამირებასა და ჩვენი გზავნილების გამიზნულად მიტანაში - დეოკუპაცია და ევროინტეგრაცია.

 

მოკლედ, პრეზიდენტის აქტიურობა და საკუთარი ფუნქციების სრულად გამოყენება მის პირად და ქვეყნის ინტერესებშია.

 

ბედის ირონიაა, რომ ნაციონალებთან ბრძოლის გამო „ოცნების“ კოალიცია, ყოფილი და დღევანდელი პრემიერი ხშირად უსვამდნენ ხაზს კოჰაბიტაციის დამთავრების აუცილებლობას. მეტიც, თვით მარგველაშვილის საპრეზიდენტო კამპანიის ერთერთი მთავარი სლოგანი იყო „დავამთავროთ კოჰაბიტაცია!“ დღეს კი ისინი საკუთარი, ახალი ტიპის კოჰაბიტაციის ჩამოყალიბების წინაშე დგანან.

 

ალბათ მომწიფდა დრო, შეიქმნას არასამთავრობო ორგანიზაციები ან საზოგადოებრივი მოძრაობები მოთხოვნებით: „ვითხოვთ ახალ კოჰაბიტაციას“, „ჩამოართვან ხელი მარგველაშვილმა და ღარიბაშვილმა, სააკაშვილის და ივანიშვილის მსგავსად“, „ერთად დაესწრონ თუნდაც კულტურულ ღონისძიებას პრეზიდენტი და პრემიერი“, „დაგვიბრუნეთ პირველი კოჰაბიტაცია“, „არ გვინდა ორი პირველი ლედი“, „პატრიარქმა შეარიგოს“, „დაგვანახეთ დამოუკიდებლობის დღის სამხედრო აღლუმზე ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი“, „ნეკი ნეკისა, შერიგებისა“, „ჭიტა, პრეზიდენტო!“, „დავარქვათ პრეზიდენტის სასახლეს - შემოიხედე გენაცვალე“.

 

სანამ ეს ორგანიზაციები ძალას მოიკრებენ და „ძირგამომთხრელობის“ იარლიყს მოიპოვებენ, ახალი კოჰაბიტაციის უზრუნველყოფა ყველაზე მეტად მინისტრ ზაქარეიშვილის კომპეტენციაში შედის. პრეზიდენტისა და პრემიერის მხარდაჭერით ხომ სწორედ მან გადაარქვა სახელი საკუთარ სამსახურს - „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო“. ხოდა, ყოფილმა „დეზინტეგრაციის“ მინისტრმა კეთილი ინებოს და უპირველეს ყოვლისა იზრუნოს ქვეყნის პირველი ორი სახელმწიფო მოხელის შერიგებაზე და პრეზიდენტისთვის თანასწორობის რეჟიმის შექმნაზე.

 

კოჰაბიტაცია პოლიტიკურ ლექსიკონში საფრანგეთიდან შემოვიდა, სადაც ხუმრობენ, რომ სატელევიზიო დებატებში დაუნდობელი კამათის შემდეგ კოჰაბიტაციაში ჩართული პოლიტიკოსები ერთად მიდიან ვახშამზე. ჩვენთან კი პირიქითაა - საჯარო გამოსვლებში პრეზიდენტი და პრემიერი უარყოფენ კონფლიქტს, მაგრამ ვახშამზე ერთად მაინც არ მიდიან. ფრანგი პრეზიდენტის ვიზიტი კარგი შესაძლებლობა უნდა იყოს ქართველი პრეზიდენტისა და ფრანკოფონი პრემიერისთვის, რათა ფრანგული პოლიტიკური კულტურის გამოცდილების ნაწილი ეხლა მაინც იქნას გაზიარებული, თუ ეს სააკაშვილი-ივანიშვილის პირველი კოჰაბიტაციისას ვერ მოხერხდა: რაც უფრო მალე და გულახდილად ითქმება სიმართლე მათი მხრიდან განსხვავებული პოზიციებისა თუ ფასეულობების შესახებ (თუ ასეთი არსებობს. თუ არა და, სამართლიანად ჩაითვლება, რომ ყველაფერი ფაქტიური მმართველისგან ივანიშვილისგან მოდის), მით უფრო მალე დასხდებიან ისინი ერთად ვახშმის მაგიდის ირგვლივ, წერტილს დაუსვამენ ქართული პოლიტიკური ვენდეტის ოცწლიან ისტორიას და შედეგად, რეალურად მოიცლიან სახელმწიფოებრივი საქმეებისთვის. 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია