სამიტი ,,თბილისი - 2014“

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
12-05-2014, 15:42 | კომენტარები | ნანახია - 2538

გიგი კუბლაშვილი

 

  სამიტი   ,,თბილისი - 2014“ნურასდროს შეეცდები, გამოჩნდე იმაზე ჭკვიანი, ვიდრე ხარ სინამდვილეში” - აღმოსავლური სიბრძნე

 

ეპილოგი

 

უმაღლესი დონის შეხვედრები მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისათვის, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს, თუმცა მიზანდასახული, შესაბამისად მომზადებული, ნაწილობრივ ოკუპირებული ტერიტორიის მქონე  ლიდერი ასეთი სახის შეხვედრებს, არამხოლოდ  ,,მჭერმეტყველების“ და არააქტუალური ზოგადი ,,სენტენციების“ გამოტყორცნაში, არამედ კონკრეტული გზავნილებისა და ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისათვის იყენებს. ზოგადი მსჯელობები თამაშის შემადგენელი ნაწილია და უცილობლივ გამოიყენება მსგავს ღონისძიებებში,  მაგრამ, ვფიქრობ, მართებული იყო,  ბ-ნ მარგველაშვილს პრესკონფერენციაზე მაინც უფრო მკვეთრად ესაუბრა  დროებით ოკუპირებულ ქართულ მიწებზე, ქართული მხარის მიდგომებზე - უკრაინაში მიმდინარე გლობალური პოლიტიკის ტრანსფორმაციის ფონზე, სადაც ქართული მხარის აქტიურობა უმნიშვნელოა. თუ ჩვენ  ასე გავაგრძლებთ, მალე მსოფლიოში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არავის ემახსოვრება, მათ შორის ჩვენს მოკავშირეებს. ამ ფონზე მახსენდება ერთი საბჭოთა ლოზუნგი, რომელიც მოუწოდებდა საბჭოთა ადამიანებს დახრჩობის დროს ხელი გაენძრიათ.

 

პროლოგი

 

თბილისმა მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლა.    6 მაისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად სამიტი გახსნილად გამოაცხადა.

 

          აღნიშნული ფორმატი 2011 წელს, ქართული მხარის ინიციატივით შეიქმნა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს, მანამდე ანალოგიურ ფორმატში იმართებოდა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები.

 

         შეხვედრაზე სამ ქვეყანას შორის ბოლო 20 წლის განმავლობაში არსებული ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრეს.  საქარველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ამ სამიტით მათ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს სამი ქვეყნის მეგობრობას და სამომავლო გეგმები დასახეს.

 

ეს ისტორიული თანამშრომლობა,  - განაცხადა 6 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, - გავლენას ახდენს ამ სამი ქვეყნის ეკონომიკაზე, მისი მოსახლეობის კეთილდღეობასა და რეგიონის სტაბილურობაზეც.

 

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ უმნიშვნელოვანეს პროექტებზე, რომლებიც დაწყებულია და ხორციელდება და რომლებიც აერთებს კასპიის, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზებს ერთმანეთთან. ამ პროექტების გაღრმავება და კიდევ უფრო მეტი ქვეყნის ჩართვა ამ პროექტებში რეალურად უზრუნველყოფს სტაბილურობას ჩვენს რეგიონში“. 

 

თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა  აღნიშნა, რომ სამიტის განმავლობაში მათ ისაუბრეს საერთაშორისო საკითხებზეც, უკრაინის მოვლენებზე, რადგანაც, მისი თქმით,  სამივე ქვეყნისათვის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. აბდულა გიულის განცხადებით,  სამი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.


       “გეოგრაფიული კავშირები საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანს შორის სამხრეთ კავკასიაში მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ის ქმნის მიზიდულობის ცენტრს ინვესტიციებისათვის.  ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, განსაკუთრებით,  თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი ერზრუმის გაზსადენი თუ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტები. მთელი მსოფლიო აკვირდება მათ განხორციელებას. მომავალშიც ერთად არაერთი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებასაც ვგეგმავთ,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა.

      “მივესალმები საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებს ჩვენთვის მართლაც მეგობრული ქვეყნის  მიწაზე. დარწმუნებული ვარ, ამ სამიტსაც ექნება ბრწყინვალე შედეგები ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისათვის.  ჩვენ მთელ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ როგორც ორხმრივი, ისე სამმხრივი ურთიერთობები ემსახუროს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ რეგიონს და მთელ მსოფლიოს. ჩვენი ერთობლივი პროექტები უკვე გასცდა რეგიონულ საზღვრებს და გახდა უფრო გლობალური, - ეს სიტყვები კი  აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ეკუთვნის, - ამ სამიტის ძირითადი შედეგები გახლავთ ის, რომ დღეს აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი კიდევ ერთხელ ახდენენ მეგობრული ურთიერთობის დემონსტრირებას. ვფიქრობ, ის გამოცდილება, რაც ჩვენ წლების განმავლობაში მივიღეთ ამ სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, მაგალითია მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვისაც. ჩვენ მივედით იმ აზრამდე, რომ ეს სამიტები რეგულარული უნდა გახდეს და თუ წინააღდმეგი არ იქნებით, გთავაზობთ, შემდეგი შეხვედრა ჩატარდეს აზერბაიჯანში.”


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოში ვიზიტი 6 მაისს დაასრულა, თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული კი საქართველოს მთავრობის წარმომადგებლებთან შეხვედრებს 7 მაისსაც მართავდა.

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია