ობამას ვიზიტი წყნარი ოკეანის რეგიონში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
13-05-2014, 17:12 | მსოფლიო | ნანახია - 1787

მამუკა გამყრელიძე

                           

                            "ამერიკული იმპერიალიზმი

                             ქაღალდის ვეფხვია"

                                                            მაო ძე დუნი

 

 აპრილის ბოლოს აშშ პრეზიდენტი ბარაქ ჰუსეინ ობამა სახელმწიფო ვიზიტით ეწვია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ოთხ ქვეყანას, რომლებიც ტრადიციულად ამერიკის მოკავშირეებად განიხილებიან. ტურნე 23 აპრილს დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში პრეზიდენტი იაპონიას, სამხრეთ კორეას, ფილიპინებსა და მალაიზიას ესტუმრა.

 

ამ ვიზიტის მნიშვნელობა ამერიკისათვის განსაკუთრებულად დიდია, რადგან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ამერიკის მოკავშირე ქვეყნებში გაჩნდა შეგრძნება იმისა, რომ, ჩინეთთან დაპირისპირების შემთხვევაში, აშშ ვეღარაა სანდო პარტნიორი. ამის მიზეზი მათ ობიექტურად აქვთ. გავიხსენოთ თუნდაც 2012 წლის ივლისი, როცა ჩინეთმა ფილიპინებთან სადავო არქიპელაგი სკარბორო დაიკავა. მიუხედავად 1951 წელს გაფორმებული და 2011 წელს განახლებული ურთიერთდაცვის ხელშეკრულებისა ფილიპინებთან, ამერიკის რეაქცია დუნე და მოკრძალებული იყო. ობამას ასეთივე უღიმღამო რეაქცია მოყვა ჩინელების მხრიდან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის (ADIZ) დაყენებას, რომელიც აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიას აკონტროლებს. ჩინეთმა ყველა საჰაერო ხომალდისაგან, რომელიც ამ ზონაში დაფრინავს, მოითხოვა მარშრუტი წინასწარ შეთანხმებინათ. ობამას რეაქცია გასაოცარი აღმოჩნდა. მან ყველა კომერციულ ავიაკომპანიას ურჩია, არ დაარღვიონ ADIZ-ის ფარგლები. იაპონიამ კი, თავის მხრივ, თავის ავიაკომპანიებს ADIZ-ის იგნორირება უბრძანა. აქ ნათლად ჩანს მიდგომებში რადიკალური განსხვავება. ამერიკის საიმედო პარტნიორობაში დაეჭვების ბოლო წერტილად ყირიმის საკითხის მიმართ ამერიკის წაყრუება გამოდგა და ეს მაშინ, როცა ამერიკა, 1994 წლის ოთხმხრივი ხელშეკრულების მიხედვით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტად გამოდიოდა.

 

   ამერიკის არათანმიმდევრული პოლიტიკის მაჩვენებელი ზემოთ დასახელებული ფაქტები აპრილის ტურნეს ოთხივე ქვეყნისათვის ფრიად დამაფიქრებელია, ვინაიდან ოთხივეს აქვს ტერიტორიული ურთიერთპრეტენზიები ჩინეთთან. ისე, საზოგადოდ, ძნელი საპოვნელია ჩინეთის რომელიმე მეზობელი, ვისაც მასთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნდეს. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, გასაგები ხდება, რომ ამერიკის მთავრობა ყველანაირად შეეცდებოდა საკუთარი რენომეს საუკეთესოდ წარმოჩენას. ამისათვის მათ მთელი პოლიტიკური ძალები აღმოსავლეთ აზიაში გადაისროლეს. პარტნიორთაგან უმნიშვნელოვანესს - იაპონიას არა მარტო პრეზიდენტი ობამა, არამედ უმრავლესობის ლიდერი კონგრესში ერიკ კანტორიც სტუმრობდა კონგრესმენების დელეგაციასთან ერთად. ამით, როგორც ჩანს, ამერიკელები ცდილობდნენ, ეჩვენებინათ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთიანობა ამერიკის აღმოსავლეთ აზიური პოლიტიკის მიმართ.

 

საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ობამას წარუმატებელი საგარეო პოლიტიკის ნათელი მაგალითია. მეორე ვადით არჩევის შემდეგ მან ამ რეგიონში ამერიკის ახალ სტრატეგია გამოაცხადა. ეს სტრატეგია, უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებდა ამერიკის ყურადღების ცენტრის გადატანას ერაყსა და ავღანეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყნებზე. სამწუხაროდ, ეს სტრატეგია დღემდე რეალურად განუხორციელებელია, რადგან ამერიკა ჩაეფლო სირიის სამოქალაქო ომისა და ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემებში. დღეს ამას უკრაინაც დაემატა და ობამას ეს ვიზიტი იძულებით ნაბიჯად უფრო წარმოჩინდა, ვიდრე, როგორც პარტნიორებთან კონტაქტების გამყარება.

 

აქამდე ობამას ერთადერთი ვიზიტი ამ რეგიონში მიანმაში განხორციელდა და მას უფრო საიმიჯო სახე ჰქონდა. აპრილის  ტურნესათვის ქვეყნების შერჩევა თავისთავად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. აქ განსაკუთრებით მალაიზია გამოირჩევა - ქვეყანა, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი 1996 წლიდან არ ჩასულა. მიზეზი მოჰამედ მოჰათჰირის მთავრობა იყო, რომელიც ანტიამერიკული რიტორიკით გამოირჩეოდა. იქ ჩასვლა ნამდვილად დროული იყო, რადგან აშშ-ს დღევანდელ ურთიერთობას ამ ქვეყანასთან უფრო “ცივი მშვიდობა” ჰქვია, ვიდრე პარტნიორობა. ფილიპინებში ვიზიტიც აუცილებელი და დროული იყო ამერიკული სამხედრო ბაზების დახურვის შემდეგ. აქ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ამერიკა ფილიპინებზე განალაგებს სამხედრო ძალებს, მაგრამ არა მუდმივად, რადგან უცხოური სამხედრო ბაზების არსებობა ამ ქვეყნის კონსტიტუციით აიკრძალა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო სამხრეთ კორეაში ვიზიტიც და აქ ძირითადი აქცენტი ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე გაკეთდა. ობამამ ჩრდილოეთ კორეას “გარიყული ქვეყანა” უწოდა და ბირთვული გამოცდების შემთხვევაში, ამ იზოლაციის გაუარესება დაპირდა. ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ამას ხმამაღალი აღშფოთება მოყვა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტს კი უნიჭო პოლიტიკოსი, გლეხი და კახპაც კი უწოდეს.

 

   ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა იაპონია იყო. სწორედ იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბესთან ვახშმით დაიწყო ტურნე ობამამ. იაპონიასთან ამერიკას ყველაზე ახლო ურთიერთობები აქვს და ცხადია, განსახილველი საკითხების ნუსხაც დიდი იყო, დაწყებული საქონლის ხორცის საექსპორტო და ავტომობილების საიმპორტო გადასახადებიდან, დამთავრებული რუსეთისათვის სანქციების მხარდაჭერით. ერთი შეხედვით, ვიზიტი წარმატებული იყო. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუმიო კისიდამ გაურკვეველი ვადით გადადო ვიზიტი მოსკოვში, რაც აშშ-სთვის რევერანსის გაკეთებას უნდა ნიშნავდეს. ამავე კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ მსხვილი იაპონური ბანკების მხრიდან რუსულ კომპანიებთან კავშირების შეზღუდვა. მაგალითად, ბანკმა SMBC უარი განაცხადა “მეტალოინვესტის” საექსპორტო ფინანსირებაზე და გაყინა “GUNVOR”-ის საკრედიტო ხაზი, ხოლო BTMU-მ რუსული ურანის ექსპორტიორი კომპანიის “TENEX”-ის წინასაექსპორტო დაფინანსება გააჩერა.

თავის მხრივ, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა-იაპონიის ხელშეკრულების მე-5 პუნქტი უსაფრთხოების შესახებ ვრცელდება ჩინეთთან სადავო კუნძულ სენკოკუზეც (ჩინურად დაოიუდაო). ამგვარად ობამა პირველი ამერიკელი პრეზიდენტია, რომელმაც იაპონიას უსაფრთხოების გარანტიები მისცა ამ კუნძულებზე ჩინეთის შესაძლო ექსპანსიის შემთხვევაში. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ფეთქებადი სიტუაცია შეიქმნა 2011 წელს ამ ორ ქვეყანას შორის. სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, ამერიკას მასშტაბურ საჰაერო-საზღვაო ბრძოლებში მოუწევს მონაწილეობის მიღება. გასაგებია, რაოდენ მძიმე იყო ობამასთვის ამ პირობებზე წასვლა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მან ამჯერადაც ვერ მოახერხა შეეთანხმებინა იაპონიასთან, ამერიკისათვის უმნიშვნელოვანესი, წყნარსაოკეანო პარტნიორობის პროგრამაში მისი ჩართვის პირობები. იაპონიის გარეშე კი ეს პროგრამა აზრს მოკლებული იქნება.

 

   დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ ამერიკის პრეზიდენტის ოთხ აზიურ ქვეყანაში ვიზიტის ლაიტმოტივი იყო ურთიერთობა ქვეყანასთან, სადაც ტურნე არ განხორციელებულა - ჩინეთთან. ჩინეთისა და ამერიკის ურთიერთობას ჟურნალისტები ხუმრობით “Frenemies” ანუ მტერ-მეგობრობას უწოდებენ. ამერიკა დიდი სიფრთხილით აკვირდება ამ რეგიონში ჩინეთის გავლენის სულ უფრო გაძლიერებას. თავის მხრივ, ჩინელებმა ოდნავ ირონიულად შეაფასეს ობამას ვიზიტი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მშვიდად შეახსენა საზოგადოებას, რომ სადავო კუნძულები ჩინეთის ტერიტორიად რჩება და ამერიკისა და იაპონიის ხელშეკრულება ვერაფერს შეცვლის. ამერიკის ჩართულობას მსოფლიოს სხვა რეგიონებში მიმდინარე პროცესებში ჩინეთი პრაგმატულად იყენებს სამეზობლოში საკუთარი გავლენის გასამტკიცებლად. ასეთ პირობებში, ალბათ, საგულისხმოა ის ხმები, რომლებიც სულ უფრო ხშირად გაისმის რეგიონის პროამერიკული ქვეყნებიდან, რომ მათ, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მსგავსად, თავად უნდა მიხედონ საკუთარი სამხედრო ძალების გაძლიერებას და არ დაელოდონ ამერიკის დახმარებას, რომელიც შეიძლება არც მოვიდეს. შედეგად კი მივიღებთ უფრო მილიტარიზებულ და ცეცხლსაშიშ კიდევ ერთ რეგიონს.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია