ნიკოლოზ ვაშაკიძე - საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, რომ მშვიდობიანად მივიდეთ 27 ივნისის ხელმოწერამდე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
15-05-2014, 20:49 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 1064

27 ივნისს საქართველო ბრიუსელში ხელს მოაწერს ევროკავშირთან ა სოცირების ხელშეკრულებას. ამ დრომდე მოსალოდნელ საგარეო და საშინაო საფრთხეებზე, რუსეთის შესაძლო რეაქციებზე, "ინტერპრესნიუსი" საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა. 

- ბატონო ნიკოლოზ, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირებული ურთიერთობების შეთანხმების ხელის მოწერის დღედ 27 ივნისი დასახელდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოლდოვასა და საქართველოს ევროპასთან დაახლოების მთავარ ოპონენტად რუსეთი რჩება, ახლა უპრიანი იქნებოდა, დარჩენილ დროში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე გაგვემახვილებინა ყურადღება. თქვენი აზრით, 27 ივნისამდე დარჩენილ დროში საქართველოსთან მიმართებაში მოქმედების რა სავარაუდო სცენარს აირჩევს რუსეთი? აქამდე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ უკრაინაში განვითარებული პროცესების გამო მოსკოვი საქართველოსთვის ვერ იცლიდა . . . 
- ევროკავშირმა საქართველოსთან ხელშეკრულების ხელმოწერა დააჩქარა და ვფიქრობ, რომ ამ დაჩქარების მიზეზი ის ფაქტორი იყო, რაზეც თქვენ საუბრობთ. თავიდან ამ შეთანხმებაზე ხელმოწერა შემოდგომისთვის იყო დაგეგმილი. ამ შემთხევაში იმედი მაქვს, საკმაოდ მცირე დროა დარჩენილი იმისათვის, რომ რუსეთმა ჩვენთან მიმართებაში გადამწყვეტი ზომები მიიღოს. იმედს ვიტოვებ, ჩვენ ასე თუ ისე მივაღწევთ ხელშეკრულების ხელმოწერამდე და გავაფორმებთ მას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ გარკვეულ ზომებს არ მიიღებს, რომ ეს ხელმოწერა შეძლებისდაგვარად ჩააგდოს. 27 ივნისამდე რისკები არსებობს, მაგრამ მათთან გამკლავება სავსებით შესაძლებელია
რაც შეეხება საფრთხეებს, ჩვენს შემთხვევაში გარე და საშინაო საფრთხე გაერთიანებულია. უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთს პოლიტიკურად ძალიან გაუჭირდება საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ტიპის მოქმედებების ჩატარება. ალბათ, ამისაგან თავს შეიკავებენ, მაგრამ სამაგიეროდ, მას მაქსიმალურად აქტიურად აქვს ამოქმედებული შიდა ფაქტორები. ამ შემთხვევაში - მეხუთე კოლონა. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ არიან ისინი სწორედ ახლა გააქტიურებული. 
ამისათვის მეტად არასასიამოვნო თემაა არჩეული. ქართულ საზოგადოებას ძალიან პრიმიტიული ნარატივი მიწეოდება იმის თაობაზე, თითქოს ევროპა და ევროკავშირი არის გარყვნილების ბუდე, რომლებიც ცდილობენ, ამ გარყვნილებაში ჩაითრიონ თავისი სამეზობლო საქართველოს ჩათვლით, ხოლო რუსეთი არის წესიერების და ზნეობრიობის ფლაგმანი დღევანდელ კაცობრიობაში და ხსნის ერთადერთი გზა არის იმაში, ამ ქვეყნებმა და, მათ შორის საქართველომ, თავი შეაფარონ რუსეთს. პრიმიტიული და უნამუსო ნარატივია, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ისეთ დონეზე იმყოფება, რომ ამ პრიმიტიულ სატყუარას ყლაპავს. 
ჩვენ ვხედავთ, თუ რა ინტენსიურად მიდის ამ თემის პროპაგანდა. რუსეთის აგენტურა და მეხუთე კოლონა რა აქტიურად არიან ამ პროცესში ჩართული. ჩვენ თუ კარგად დავაკვირდებით ამ პროცესში ჩართულ ფიგურებს, თუ ვინ და როგორ აქტიურობენ ისინი, გარკვეულწილად ეს სასარგებლო პროცესია, ვინაიდან ამ პროცესში ძალიან ბევრი ადამიანი თვითლუსტრაციას ახდენს და მოახდენს კიდევაც. 
17 მაისი ახლოვდება, არ გამოვრიცხავ, რომ ეს თემა კიდევ ერთხელ აგორდეს. როგორც გაირკვა, არატრადიციული ხალხის აქციებს ასპონსორებენ პრორუსული ევრაზიული ძალები, რათა საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა აწიონ და არეულობა შემოიტანონ. გათვლა იმაზეა, რომ ამ ფენის ადამიანების გამოყენებით ქვეყანაში ისეთი არეულობა დათესონ, რომ ამან არახელსაყრელი ფონი შექმნას ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის ან პროვოცირება გაუკეთონ ისეთ პროცესებს, საქართველოში ისეთი სამარცხვინო აქტები მოხდეს, რომ ევროკავშირმა შეიკავოს თავი ასეთ პარტნიორთან შეთანხმების ხელმოწერაზე. ჩემი აზრით, ეს არის სცენარი და მთავარი საფრთხე. ამიტომ, ჩვენი საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, რომ მშვიდობიანად მივიდეთ 27 ივნისის ხელმოწერამდე და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ. 
- საშინაო საფერთხეების თემას ჩვენ კვლავაც დავუბრუნდებით, რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი 9 მაისს დნესტრისპირეთში, კერძოდ ტირასპოლში იმყოფებოდა, სადაც ხმაურიანი განცხადებები გააკეთა მოლდოვას ევროპულ პეტსპექტივასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ რუსეთში მოლდოვური ღვინის შეტანის უფლება მხოლოდ გაგაუზიას მიეცა, რომელიც კიშინიოვის ევროპულ არჩევანს ეწინააღმდეგება. მართალია, ქართული ღვინო დიდი ხანი არ არის, რაც რუსულ ბაზარზე დაბრუნდა, მაგრამ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 27 ივნისის შემდეგ ან მანამდე, პრობლემები რუსულ ბაზარზე ქართულ ღვინოსაც შეექმნება? 
- ეს საფრთხე მუდმივად იარსებებს, ვიდრე რუსეთი ისეთი პოლიტიკის გამტარებელი იქნება, როგორიც დღეს აქვს საქართველოს მიმართ. სწორედ ამიტომ, ზოგისთვის რაც უნდა არასასიამოვნოდ ჟღერდეს ის, რაც ბევრჯერ მითქვამს, კვლავაც გავიმეორებ - არ მომწონს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების ზედმეტად გააქტიურება, რადგან ჩვენი ეკონომიკისა და ქვეყნის სიმცირის გამო, რუსეთისთვის ეს უმნიშვნელო სეგმენტი საქართველოს ეკონომიკისთვის და, შესაბამისად, შიდაპოლიტიკური სიტუაციისთვის საგრძნობი შეიძლება იყოს. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ რუსეთთან ვაჭრობის გააქტიურებაზე ძალიან ბევრი ბიზნესმენი თუ ადამიანია დამოკიდებული და ეს უკვე გადაიქცა პოლიტიკურ ბერკეტად. 
რა თქმა უნდა, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს ბერკეტი, განსაკუთრებით საკვანძო სიტუაციებში შეიძლება იქნას გამოყენებული და ამოქმედებული. პრინციპში, ეს გრძელვადიანი სტრატეგიაა, საქართველო აქტიურად უნდა მუშაობდეს, რომ რაც შეიძლება მეტად მოახდინოს თავისი ეკონომიკის დივერსიფიკაცია და პირველ რიგში - თავისი ექსპორტის. სხვათა შორის, როდესაც თავის დროზე რუსეთმა ქართულ მინერალურ წყლებსა და ღვინოს ემბარგო დაადო, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა. ეს სასარგებლოც კი გამოდგა საქართველოს ეკონომიკისთვის. ბიზნესმენები სახელმწიფოს დახმარებით ისეთნაირად ამოქმედნენ, რომ გაჭრეს გზა ბევრ ისეთ ბაზარზე, რომელზეც ადრე არც კი ოცნებობდნენ. გამოვიდა ისე, რომ რუსეთის ბაზრის გარეშეც ჩვენი მინერალური წყლების მწარმოებლებმა ექსპორტი აიყვანეს საბჭოთა პერიოდის დონემდე და გადააჭარბეს კიდეც მას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო და დღეს შეიძლება ითქვას, რომ მინერალური წყლების ექსპორტიორები რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული პრაქტიკულად არ არიან და ეს მათ არ ემუქრებათ. შედარებით სხვაგვარად არის საქმე ღვინოსთან დაკავშირებით. საერთაშორისო ბაზრის გარღვევის თვალსაზრისით ღვინო უფრო რთული პროდუქტია. მაგრამ აქაც, ქართულმა ღვინომ გაიკვლია გზა ისეთ რთულ და ზოგჯერ მოულოდნელ ბაზრებზე, როგორიც არის ევროკავშირი და რიგი სხვა რეგიონები. ეს პროცესი მიმდინარეობდა, მიმდინარეობს და სახელმწიფომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გასწიოს, რათა ეკონომიკის ამ სექტორებს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, რომ მათ ახალ ბაზრებზე ექსპორტი განახორციელონ. 
- რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ რუს ექსპერტთა ერთი ნაწილის მტკიცება, რომ რუსეთს საქართველოს ნატო-ს სტრუქტურებთან დაახლოება აღიზიანებს და არა - ევროსტუქტურებთან დაახლოება. მეტიც, მათი აზრით, ევროკავშირთან დაახლოებული საქართველო მიმზიდველი იქნება რუსი ბიზნესმენებისათვის, ვინაიდან საქართველოში დამზადებული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანის პერპექტივა მათთვის საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად დამატებითი წამახალისებელად ფაქტორი იქნება . . . 
- ამ მესიჯს ექსპერტები კი არა, თავად რუსეთის ხელისუფლება და პრეზიდენტი პუტინი ამბობენ ძალიან ინტენსიურად. მათთვის პრობლემატურია საქართველოს ნატო-სთან დაახლოება და ინტეგრაცია იქედან გამომდინარე, რომ ამაში სამხედრო საფრთხეს ხედავენ, ხოლო ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით ამგვარ საფრთხეს ვერ ხედეავენ. ეს თავიდანვე თვალთმაქცობა იყო. პუტინს და რუსეთის ხელმძღვანელობას მიაჩნდათ, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესი იმდენად შორეული პერსპექტივაა, რომ დღის წესრიგში აქტუალურად ვერ დადგებოდა. 
როდესაც 2008 წლის შემდეგ ევროკავშირმა საგრძნობლად დააჩქარა თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან და დღის წესრიგში გაჩნდა ისეთი თემები, როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლის საკითხები და თავისუფალი, ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელსეკრულება, მაშინ გამოჩნდა რუსეთის ნამდვილი პოზიცია ამ საკითხების მიმართ. მათ ღიადაც დაიწყეს ამ პროცესისადმი ნეგატიური დამოკიდებულების დემონსტრირება. უფრო მეტიც, პირდაპირ და უხეშად შეუშალეს ხელი მთელ რიგ სახელმწიფოებს, რომ მათ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ნაბიჯები წინ არ გადაედგათ. ამის კარგი მაგალითი სომხეთი გახლდათ. ხოლო შემდეგ, რაც მათ უკრაინაში დაატრიალეს, მთელმა მსოფლიომ ნახა. 
ამიტომ, ეს არგუმენტი დღეს რუსეთისვე ქმედებებით მთლიანად გაბათილებულია. ერთია, ექსპერტები რას ლაპარაკობენ, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების ქმედება აბსოლუტურად საწინააღმდეგოა. ამის ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ აქ არანაირი სამხედრო საფრთხის შიში არ არსებობს, ეს მოგონილი საფრთხე და არგუმენტია. მთავარია, რომ რუსეთს აქვს იმპერიის აღდგენის სტრატეგიული გეგმა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები ამ ქვეყნების რუსეთის ორბიტიდან გამოსვლის პროცესს შეუქცევადს ხდის. ამიტომაცაა, რომ რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს ამ პროცესს შეუშალოს ხელი. 
- რამდენად დიდია ალბათობა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის მოწინააღმდეგე პოლიტიკურმა ძალებმა და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა 15 ივნისისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები გამოიყენონ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის და 27 ივნისისათვის დაგეგმილი ხელმოწერის ჩასაშლელად? 
- თუ ჩვენ მათ პოლიტიკურ ხელწერას დავაკვირდებით, რომელსაც ყოველ არჩევნებზე ავლენენ, მათ არჩევნებზე ორი გეგმა აქვთ. პირველი - ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგონ და მეორე - როგორ მოაწყონ ქვეყანაში არეულობა არჩევნების გაყალბების მომიზეზებით იმ შემთხვევაში თუ ხმების სასურველ რაოდენობას ვერ აიღებენ. დარწმუნებული ვარ, მათ დღესაც ამგვარი გეგმა აქვთ. სამართალდამცავი ორგანოების ამოცანაა, მაქსიმალურად გააკონტროლონ სიტუაცია და მართლწესრიგი ქვეყანაში. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ამ თვალსაზრისით ბევრი შიში უნდა გაგვაჩნდეს. ვინაიდან ძნელი სათქმელია თუ რამდენად მოინდომებენ ისინი ვითარების გაკონტროლებას. 
- ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა, რომპეიმ თბილისში ყოფნისას განაცხადა, რომ 27 ივნისის შეთანხმების ხელმოწერაზე ელოდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. გასაგებია, რომ პრემიერი ახალი კონსტიტუციით ქვეყანაში პირველი პირია, მაგრამ იმავე კონსტიტუციით საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმება პრეზიდენტის პრეროგატივაა. გეხსომებათ, ვილნიუსის სამიტზე თავისუფალი ვაწრობის სესახებ შეთანხმებას ხელი სწორედ მარგველაშვილმა მოაწერა. თქვენი აზრით, ახლა რა ხდება?
- წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას შეიძლება მოაწეროს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც შესაბამის უფლებამოსილებას მიანიჭებს საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება. მეორეა, პოლიტიკურად ვინ უფრო რელევანტურია რომ ამ შემთხვევაში მოაწეროს ხელი. ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, მიუხდავად იმისა, რომ პრეზიდენტის როლი გაცილებით უფრო შემცირებულია წინა კონსტიტუციასთან შედარებით, ის, იურიდიულად და ფორმალურად ითვლება სახელმწიფოს მეთაურად. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს უფრო გააჩნია. 
ვინაიდან სახელმწიფოს მეთაურად პრეზიდენტი ითვლება, უფრო უკეთესი იქნებოდა პრეზიდენტს მოეწერა ხელი, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით იმ მწვავე პრობლემის შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლების შიგნით არსებობს. პრემიერი და მთავრობა მწვავე კონფლიქტში იმყოფებიან პრეზიდენტთან და მის გუნდთან. ეს უკვე სასაცილო და კურიოზების ფორმას იძენს, რაც დამანგრეველია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის. 
ამ სიტუაციაში აუცილებელია, მთავრობა, პრემიერი, პრეზიდენტი და მისი აპარატი კონფრონტაციის რეჟიმიდან კოაბიტაციის რეჟიმზე გადავიდნენ. ნუ შეგვრცხვება ამ სიტყვის. თუ ჩვენ ეს სიტუაცია ახლო წარსულში გამოვლილი გვაქვს და ჩვენთვის აპრობირებული რეალობაა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დაიწყოს კოჰაბიტაციის რეჟიმი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. 

კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია