ისევ უკრაინაზე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-05-2014, 02:17 | მსოფლიო | ნანახია - 4186

(სადაც საერთაშორისო სამართალის, ევროპის და საქართველოს ბედი წყდება)

 

ისევ უკრაინაზე გრიგოლ ვაშაძე

 

     2014 წლის 14 მაისს რუსული დიპლომატიის მამამთავარმა, საერთაშორისო სამართალის “გარანტმა”, მსოფლიო უსაფრთხოების “დამცველმა”, პრაღის მოლაპარაკებებში ჩვენმა “პარტნიორმა”, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბ-ნმა სერგეი ლავროვმა უკრაინაზე კომენტარი გააკეთა: “უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ოლქების მიერთება რუსეთთან ჯერჯერობით ჰიპოთეტიური საკითხია… ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ არა ჰიპოთეტიურ საკითხებზე, არამედ იმაზე, როგორ იცხოვრებენ ამ ქვეყანაში რუსულენოვანი მოქალაქეები და აგრეთვე პოლონელები და რუმინელები (მეზობელი ქვეყნის პოლონელი და რუმინული წარმოშობის მოქალაქეებიც რუსეთის საზრუნავი გახდა!!! - ივერია.)”. მისივე სიტყვებით, “უკრაინაში დღეს სამოქალაქო ომი მიმდინარეობს” და, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მზადაა ელაპარაკოს უკრაინის ხელისუფლებას, ეს შეუძლებელია, სანამ უკრაინა იყენებს “ნაღმტყორცნებს და დასავლეთიდან შემოგზავნილ დაქირავებულ მეომრებს მოსახლეობის წინააღმდეგ”. შეკითხვაზე, რა დამოკიდებულება ექნება რუსეთს უკრაინის ხელისუფლებასთან 2014 წლის 25 მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბ-მა ლავროვმა უპასუხა, რომ “რუსეთი ამ არჩევნებს განსჯის იმის მიხედვით, რა იქნება არჩევნების შედეგები (!!!)”. 

 

     ბ-ნი ლავროვის შემყურე, სწავლობ, რას ნიშნავს ცინიზმი. იგებ, რად ღირს რუსეთის ხელმოწერა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებზე, მათ შორის ბუდაპეშტის 1994 წლის შეთანხმებაზე, და როგორ ისარგებლა რუსეთმა დასავლეთის ილუზიებით ევროპული სუვერენული სახელმწიფოს კუთვნილი 26000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის ანექსიისთვის. გესმის, როგორ მოაწყო რუსეთთმა უკრაინის აღმოსავლეთში სასაკლაო იმისთვის, რომ დღეს ყირიმი აღარავის ახსოვდეს და მთელი ყურადღება დონეცკზე, კრამატორკსკზე, სლავიანსკზე და ლუგანსკზე იყოს გადართული.

 

     ბუნებრივია, რომ დასავლეთში გავრცელებული “რუსული” ილუზიები დაიმსხვრა. რუსეთის 2008 და 2014 წლების აგრესიების შემდეგ  ვეღარავინ იტყვის, რომ ევროპა ისეთი სტაბილურია, რომ შეერთებული შტატების ჩარევა ევროპულ პროცესებში საჭირო აღარ არის; რომ შეიარაღებული ძალები და თავდაცვითი პოტენციალი აღარ განსაზღვრავს სახელმწიფოს სიძლიერეს; რომ რუსეთი სანდო პარტნიორი და ცივილიზებული სამყაროს ლეგიტიმური წევრია; და რომ საერთაშორისო სამართალი კიდევ არსებობს. ბევრი იმ უპატივცემულო გვამის სამწუხაროდ, მათ შორის საქართველოში, ვინც უარი თქვა 2008 წლის რუსული აგრესიის გაკვეთილის გათავისებაზე, ამ ილუზიებს ახალი ტალიავინის კომისიაც ვეღარ გააცოცხლებს.

 

     NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ბ-მა ანდერს ფოგ რასმუსენმა BBC-ის განუცხადა, რომ “რუსეთი ალიანსის პარტნიორიდან ალიანსის მოწინააღმდეგედ გადაიქცა”. მისმა მოადგილემ, ბ-მა ალექსანდერ ვერშბოუმ რუსულ “კომერსანტს” ინტერვიუში უთხრა, რომ  “…იმ არასტაბილურობის გამო, რაც რუსეთმა შექმნა ყირიმის ანექსიით და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შექმნით, NATO-ს მოუწია დამატებითი თავდაცვითი ღონისძიებების გატარება”.

 

     დემოკრატიული სამყაროს თავდაცვითი ალიანსის მიერ ვიჩენცადან (იტალია) ლიტვაში 150 ამერიკელი საზღვაო ქვეითის  გადასროლას და რამდენიმე F-16-ის საწვრთნელ ფრენებს რუსული, “ინფორბიუროს” ტრადიციებში შესრულებული, ისტერიკა მოჰყვა. კრემლი ამტკიცებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მუდმივი კონტინგენტის განთავსება პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთ-NATO-ს 1997 წლის ძირითად შეთანხმებას, რომელშიც ნათქვამია: ”…ალიანსი ადასტურებს, რომ დღევანდელ და მომავალ პირობებში ორგანიზაცია განახორციელებს თავის კოლექტიურ თავდაცვას და სხვა ღონისძიებებს საგრძნობი საბრძოლო ძალების მუდმივი განლაგების გარეშე”. აღსანიშნავია, რომ დღემდე მოსკოვი “საგრძნობ საბრძოლო ძალებად” 3-5 ათას სამხედრო მოსამსახურეს თვლიდა. ალიანსის შეფასებით, ეს ტერმინი შეიძლება გამოყენებულ იქნას, თუ მხედველობაშია 10-20 ათასი ჯარისკაცი.

 

     ემოციებს თავი დავანებოთ, მივმართოთ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს და ობიექტურად შევხედოთ საქმის ვითარებას: იქნებ აჭარბებს დასავლეთი თავის დაგვიანებულ რეაქციაში და არავითარი საფრთხე რუსეთის სამხედრო გეგმებში არ არის? იქნებ კრემლის სვლები პოლიტიკურ დაფაზე არ წარმოადგენს არავითარ სამხედრო საფრთხეს არც დემოკრატიული სამყაროსთვის და, რაც ყველაზე მეტად უნდა გვაღელვებდეს, შავი ზღვის რეგიონისა და საქართველოსთვის? იქნებ მხოლოდ ყირიმის “მსოფლიო დონის კურორტად” გადაქცევაზე ვსაუბრობთ?

 

     ნაცისტების მოსამსახურე გენერალი ვლასოვის ტრიკოლორი, რომელიც რუსეთმა (ლოგიკურად!) თავის დროშად აირჩია, დღეს ყირიმში უკრაინის 194 სამხედრო ნაწილზეა აღმართული. ამ სამხედრო ნაწილებში 18 ათასი სამხედრო და 4 ათასი სამოქალაქო პირი მსახურობდა (უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, ისინი რუსეთის სამსახურში გადავიდნენ). მცირე შენაერთებზე ნუ შევჩერდებით, ვახსენოთ მსხვილი ნადავლი: 36-ე ცალკეული სანაპირო დაცვის მექანიზირებული ბრიგადა პერევალნაიაში; საზღვაო ქვეითების ბატალიონი ქერჩში; ცალკეული საარტილერიო პოლკი სიმფეროპოლში; საჰაერო თავდაცვის რადიოტექნიკური ბრიგადა, რომელიც მთელი ყირიმის ტერიტორიაზეა განლაგებული; ორი საზენიტო-სარაკეტო პოლკი, რომელიც ЗРК С-300ПС-ის ხუთი დივიზიონით და ЗРК «Бук-М1»-ით არის შეიარაღებული; საწყობები, სადაზვერვო ცენტრები, ლოგისტიკური ობიექტები და ა. შ. 

 

     ყირიმში რუსეთს დამატებით შეაქვს საჰაერო თავდაცვის თანამედროვე რადიოტექნიკური და სარაკეტო-საზენიტო შეიარაღება, მათ შორის ЗРК С-300ПМ2  და «Панцирь-С1». უმოკლეს ვადებში მოხდება ყირიმში С-400-ის და РЛС «Небо-М»-ის ბაზირება. ამ უკანასკნელს ძალუძს აღმოაჩინოს მიზანი 1800 კილომეტრის მანძილამდე და 1200 კილომეტრის სიმაღლეზე.

 

     რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული ფლოტის 51 ხომალდი მიიტაცეს. როგორც რუსი სამოქალაქოში გადაცმული ექსპერტები აცხადებენ, “კიევის ხუნტას ფლოტი აღარ ჰყავს”. “ანდრია პირველწოდებულის” დროშა აღმართულია ერთ წყალქვეშა ნავზე, ერთ დიდ სადესანტო, ერთ საშუალო სადესანტო, ოთხ წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ხომალდზე, ორ სარაკეტო კრეისერზე, საზღვაო და სარეიდო ტრალერებზე და მრავალ დამხმარე გემზე. შესაბამისი სარემონტო სამუშაოების შემდეგ “ყველა ერთეული მინიმუმ ათი წელი შეძლებს ამოცანების შესრულებას”. “ტროფეებს” მოსკოვი უმატებს ექვს 11356Р პროექტის ფრეგატს (ერთი მათგანი - “ადმირალი გრიგოროვიჩი” - უკვე მზადაა), ორ უახლეს 22350 პროექტის ფრეგატს, ექვს წყალქვეშა 06363 პროექტის ნავს, მცირე სარაკეტო 21631 პროექტის ხომალდებს. ამ არმადას უნდა დაემატოს მეორე “მისტრალის” კლასის ხომალდი, რომელსაც უკვე შეარქვეს “სევოსტოპოლი” (პირველი “მისტრალი” - “ვლადივოსტოკი” - რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის შემადგენლობაში იცავს ამ მშვიდობისმოყვარე და არააგრესიული ქვეყნის კეთილდღეობას). რუსული სამხედრო აგრესიის პროპაგანდისტული ფურცელი “Красная звезда” გვაუწყებს, რომ “…обновленный ЧФ будет использовать на Черном море базы в Севастополе (главная ВМБ флота), на Донузлаве и в Балаклавской бухте, а также ВМБ в Новороссийске и пункт базирования в абхазском порту Очамчир”.

 

    თუ რუსულ პრესას დავუჯერებთ,   ყირიმის სანაპიროზე უკვე განლაგებულია გრძელდისტანციური მობილური გემთსაწინააღმდეგო კომპლექსები «Бастион-П», საშტატო ხომალდსაწინააღმდეგო ზებგერითი რაკეტებით «Оникс»-ით, რომლებიც კრასნოდარის ოლქში ბაზირებულ ანალოგიურ კომპლექსებთან ერთად შავი ზღვის სამ მეოთხედს ფარავენ თითქმის ბოსფორამდე. მოსკოვის სამხედრო მანქანამ «Бастион»-ებს დაამატა შედარებით მცირე წყალწყვის ხომალდებზე გათვლილი კომპლექსები «Бал» რაკეტებით «Уран-У».

 

     ის სამხედრო ავიაპარკი, რაც რუსეთმა ხელში ჩაიგდო ყირიმის ანექსიის შედეგად, ისეთ მდგომარეობაშია, რომ მის შეკეთებას ხშირ შემთხვევაში აზრი არ აქვს (ბელბეკის სამხედრო აეროდრომზე განლაგებული 200 თვითმფრინავიდან აფრენა რუსეთის სამხედრო-ტერორისტული აგრესიის დაწყების მომენტში მხოლოდ ოთხს შეეძლო). ამიტომ მოსკოვი ყირიმში განალაგებს მოდერნიზირებულ Су-27СМ и МиГ-29 გამანადგურებლებს, Су-25СМ მოერიშეებს, წყალქვეშა ნავებზე მონადირე Ил-38Н-ებს, გემბანის შვეულმფრენებს Ка-27 и Ка-29М-ებს, დამრტყმელ შვეულმფრენებს Ка-52К-ებს და დიდ მანძილზე მოქმედ ბომბდამშენებს (როგორც “Красная звезда» იუწყება, შემჭიდროვებულ ვადებში  გვარდეისკის აეროდრომზე Ту-22М3-ების პოლკს გადმოისვრიან, რომლის მთავარი მიზანია შავ და ხმელთაშუა ზღვებში მყოფი რუსეთის ძალების მხარდაჭერა; თავის მხრივ ამ ძალების ამოცანაა “რუსეთის ინტერესების დაცვა შავი და ხმელთაშუა ზღვების არეალის გარდა სამხრეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში”).

 

     პარალელურად იწყება გვარდეისკის, ბელბეკის და კაჩის აეროდრომების მოდერნიზაცია, ამასთან დაგეგმილია ნოვოფეოდოროვკის აეროდრომის მყისიერი მოდერნიზაცია, რადგან ეს უნიკალური ობიექტი გემბანის ავიაციის საწვრთნელი ბაზაა. გემბანის ავიაციის და სანაპირო თავდაცვის ავიაციის კიდევ ერთი საწვრთნელი ობიექტის მშენებლობაა დაგეგმილი ეისკში.

 

     Взгляд.ру-ს იტყობინება, რომ “ისეთ ჯართს, როგორიცაა უკრაინისგან მიღებული ტანკები Т-64БВ, რუსულ არმიაში ვერ გამოიყენებ, ამიტომ ისინი Т-72Б3-ებით ან რაიმე უფრო თანამედროვეთი შეიცვლება”. და საერთოდ, “შავი ზღვის მარგალიტის” დასაცავად საჭიროა არმიის კორპუსი, რომელშიც სამი მძიმე მოტომსროლელი ბრიგადა მაინც უნდა იყოს გაერთიანებული.

 

     ნათელია, რომ ყირიმი რუსეთის “ჩაუძირავ ავიამზიდად” გადაიქცევა, რაც პუტინის რეჟიმს მისცემს საშუალებას, შავი ზღვის რეგიონში მომავალი სამხედრო აგრესიები უფრო მომზადებულად და ეფექტურად განახორციელოს. ნათელია აგრეთვე, რომ დონეცკის და ლუგანსკის ოლქები რუსეთისთვის დღეს დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს და იქ მოწყობილი სამხედრო-ტერორისტული ოპერაცია ყირიმის ანექსიის და შემდეგ მიზანზე შეტევის მომზადების დასაფარი “კვამლის ფარდაა”. რეგიონის ქვეყნებითვის ეს უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. მაგრამ კიდევ უფრო სახიფათოა კრემლის დასკვნა იმაზე, რომ დასავლეთი დასუსტებულია, მას მოხმარების და კომფორტის გარდა არაფერი აინტერესებს, ის პარალიზებულია დასავლეთის ლიდერების პოლიტიკური ნების დეფიციტის გამო, რუსული ეკონომიკის ინტეგრაციის დონე მსოფლიო ეკონომიკაში გამორიცხავს ფართომასშტაბიან სანქციებს, ამიტომ დასავლეთთან კონფრონტაციისა და “ცივ ომში” დამარცხების რევანშისთვის უკიდურესად მომგებიანი დროა. სიტუაციას ამძიმებს შეერთებული შტატების და ევროპის დაგვიანებული რეაქცია და გულუბრყვილო რწმენა, რომ რუსული აღვირახსნილობა შეიძლება დიპლომატიური გზით მოითოკოს. პუტინს ჯერჯერობით არ ადარდებს არც ამოქმედებული სანქციები, არც აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ყველასთვის ცნობილი ფაქტის აღიარება, რომ “…პუტინი პირადად აკონტროლებს ნავთობით ვაჭრობის შვეიცარულ მონსტრს - Gunvor-ს”.

 

     მოსკოვი საშიშ თამაშში ჩაება და ჩააბა საერთაშორისო თანამეგობრობა. მან დემოკრატიულ სამყაროს პრაქტიკულად არ დაუტოვა არჩევანი. ადრე თუ გვიან, დასავლეთის ლიდერების დღევანდელ თაობას, ან მათ მემკვიდრეებს მოუწევთ სერიოზული სანქციების ამოქმედება რუსეთის საერთაშორისო-სამართლებრივ სივრცეში დასაბრუნებლად. რა შინაარსისაც არ უნდა იყოს ეს სანქციები - “აეროფლოტის” ფრენის აკრძალვა დასავლურ დედაქალაქებში, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტა, “როსნეფტის”, “გაზპრომის”, “განვორის” და ა.შ. ანგარიშების გაყინვა, საუდის არაბეთთან და ყატართან შეთანხმება ნავთობის და გაზის ონკანების გაღებაზე ფასების დასაცემად, თუ ყველაფერი ერთად - მძიმე სანქციების შემოღება გარდაუვალია. თუმცა, როგორც “ავღანური” გამოცდილება გვიჩვენებს, ასეთი სანქციების მომზადებას სერიოზული დრო სჭირდება.

 

     სწორედ ეს პერიოდი იქნება საქართველოსთვის უკიდურესად საშიში. რუსულ აგრესიას ყოველთვის მოჰქონდა ტაქტიკური გამარჯვება მოსკოვისთვის, მაგრამ ყოველთვის მთავრდებოდა სტრატეგიული მარცხით. მთავარია, რომ ჩვენ რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებამდე დანაკლისის გარეშე მივიდეთ.

 

     გაზეთის სტატია არ არის ის ადგილი, სადაც კონკრეტულ და გადაუდებელ ზომებზე დასაშვებია საუბარი, მაგრამ შეიძლება იმ პრობლემების ჩამოთვლა, რომელთა გადაწყვეტის აუცილებლობა რიგით მოქალაქეებსაც კი ესმით, ხელისუფლებისგან განსხვავებით.

 

     სასწრაფოდ საჭიროა, რომ მარგველაშვილებმა და ჭიკაიძეებმა შეწყვიტონ განცხადებები იმის თაობაზე, რომ “…საქართველო რუსეთთან კონფრონტაციაში არ იმყოფება” და “…რუსეთისგან მომავალ საფრთხეს ვერ ვხედავთ”. ამ მხატვრული დეკლამაციის აბსურდულობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენი მოკავშირეები სრულიად არასწორ და ჩვენთვის საზიანო გზავნილს ღებულობენ თბილისიდან.

 

     საქართველოს დიპლომატია ლეთარგიული ძილიდან უნდა გამოვიდეს და გააქტიურდეს, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციებში, იმ რეგიონებში, რომლებიც წელიწადნახევარია ჩვენი ყურადღების გარეშე არიან დატოვებული, და დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან მიმართებაში. ის, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს გააზრებული საგარეო პოლიტიკა, მოსალოდნელი იყო. თუმცა ზოგიერთ საკითხში მაინც უნდა ემარჯვათ: სამწუხაროა, რომ 2012 წლის დეკემბრიდან გასული დრო ფუჭად დაიხარჯა “ივანიშვილის მთავრობის 100 (200, 300 და ასე ad infinitum) დღის მუშაობის წარმატებულ შედეგებზე” საელჩოებში “ინსტრუქციების” დაგზავნაზე და არავის შეუწუხებია თავი იმაზე მუშაობით, რას ველოდებით NATO-ს სამიტისგან, რა ინსტრუმენტებით უნდა მივაღწიოთ მიზანს და რა რისკებია სამიტის ამა თუ იმ გადაწყვეტილებაში. კიდევ: კიევთან სოლიდარობა საკუთარ თავთან სოლიდარობაა. სირაქლემას პოზიციას რამდენიმე სერიოზული ზოოლოგიური ნაკლი აქვს.

 

     და ბოლოს, ბატონებო: დიპლომატიური პროტოკოლის შესწავლა გაცილებით ადვილია, ვიდრე შინაარსობრივი საკითხების ათვისება. მ. ჟვანეცკის არ იყოს: “Тщательнее надо, тщательнее»... 

 

    არმიის გაძლიერებასა და სერიოზულად მომზადებულ რეზერვზე საუბარი საჭირო არ არის. ისედაც ყველასთვის გასაგებია ამ ამოცანის გადაუდებლობა.   არ იქნებოდა ურიგო, აღიკვეთოს თავდაცვის მინისტრის ობსტრუქცია და მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მცდელობების საზიანო განცხადებები “ოცნების” წვრილფეხობიდან. და, საერთოდ, იქნებ ხელისუფლებამ ურჩიოს თავის “ყოვლისმცოდნე” კობახიძეებს და კალაძეებს, თავი შეიკავონ საგარეო პოლიტიკაზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბრისგან და ეს ამოცანა რამდენიმე პროფესიონალს მიანდოს. 

 

     დადგა დრო, რომ ხელისუფლებამ თავი დაანებოს კავკასიურ ვენდეტას, გააერთიანოს საზოგადოება, შეწყვიტოს თითიდან გამოწოვილი პრობლემების “შემოგდება”, მოსმენები და მოქალაქეების გახელება და დაპირისპირება. წაგვადგებოდა, თუ პრეზიდენტ-პრემიერის კომუნალურ ბინაში გამობრძმედილი და ერთმანეთს ანეგდოტურად გადაკიდებული ტანდემი კოაბიტაციის რეჟიმში გადავა.

 

     უკრაინაში პატრიოტებმა სამშობლოსთვის ბრძოლის ლოზუნგად აიღეს: “Dulce et decorum est pro patria mori”. *

 

     ძალიან არ გვინდა ხელისუფლების არასერიოზულობის გამო საქართველოს მოქალაქეებიც ამგვარი საჭიროების წინაშე დადგნენ…

 

 

* “ტკბილი და ღირსეულია სამშობლოსთვის სიკვდილი” ჰორაციო (“ოდები” III, 2, 13)

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია