პოლიტიკურ ძალთა ახალი თანაფარდობა ევროპაში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-05-2014, 23:02 | მსოფლიო | ნანახია - 2240

გია ჯაფარიძე

 

გასულ კვირას, საბერძნეთში, რომელიც ევროკავშირის მოუშუშებელ ფინანსურ ჭრილობას წარმოადგენს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. უკვე მივეჩვიეთ, რომ ელადის ტრადიციული პოლიტიკური პარტიები: მემარცხენე ცენტრისტული - პასოკ (ΠΑΣΟΚ) და მემარჯვენე ცენტრისტული - ნეა დიმოკრატია (Νέα Δημοκρατία), რომლებიც «შავი პოლკოვნიკების“ დიქტატურის დამარცხების შემდეგ ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისამდე დომინირებდნენ, საბერძნეთის პოლიტიკურ სცენაზე ამომრჩეველთა ნაკლები მხარდაჭერით სარგებლობენ.

 

ზომიერი პოლიტიკური პარტიების მიერ გამოთავისუფლებული სივრცე რადიკალურმა მემარცხენე და ულტრა-ნაციონალისტურმა მოძრაობებმა შეავსეს. უმუშევრობის მაღალი დონით, გაბატონებული კორუფციით, არასწორი და უუნარო მართვით დაღლილი საბერძნეთის მოსახლეობა, რომელიც ზოგადად გამოირჩევა ნაციონალისტურ-სოციალისტურ-მართლმადიდებლური სენტიმენტების უცნაური ნაზავით, ექსტრემისტული იდეებისთვის ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა.

 

გასულ კვირას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ამჯერად პერიფერიის, ქალაქის და თემების დონეზე დაფიქსირდა ის შედეგი, რაც მანამდე, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე დადგა. რადიკალური მემარცხენეების ალიანსმა (ΣΥΡΙΖΑ) და ნაციონალისტურმა „ოქროს განთიადმა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს და საკუთარი პოზიციები განამტკიცეს.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ატიკის და ათენის თვითმმართველი ერთეულების არჩევნები, სადაც მეორე ტურში ერთმანეთს შეეცილებიან რადიკალური მემარცხენე ალიანსის და დამოუკიდებელი უპარტიო კანდიდატები. ათენში, რომელიც ისტორიულად მემარჯვენეთა ფორპოსტი იყო, „ნეა დიმოკრატიის“ მხარდაჭერილი კანდიდატი (საგარეო საქმეთა სამინისტროს ექს-სპიკერი და ევროპარლამენტის ყოფილი წევრი) მესამე-მეოთხე ადგილს ეცილება ნაციონალისტების კანდიდატს. რაც შეეხება ატიკას, სოციალისტების ტრადიციულ საყრდენს, იქ რადიკალური მემარცხენე ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი უსწრებს ასევე დამოუკიდებელ კანდიდატს, ხოლო მეორე ტურში ვერ მოხვდნენ “პასოკის” და “ნეა დიმოკრატიის” მხარდაჭერილი კანდიდატები. ატიკის და ათენის მნიშვნელობას ხაზი იმიტომ გავუსვით, რომ ამ ზონაში თავმოყრილია საბერძნეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი, რაც, ხმების თვალსაზრისით, უფრო დიდ სახალხო მხარდაჭერას ნიშნავს, ვიდრე ეს პროცენტების შედარებით შეიძლება ჩანდეს. იგივე სურათი იკვეთება თესალონიკის და ცენტრალური მაკედონიის ოლქებში. ფაქტია, რომ დიდ ქალაქებსა და პერიფერიებში რადიკალური მემარცხენეების და ულტრა-ნაციონალისტების მხარდაჭერა გაზრდილია. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს მხარდაჭერა გაზრდილია მაშინ, როცა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან არჩევნებში მონაწილეთა პროცენტული მაჩვენებელი არსებითად არ შეცვლილა (ბოლო საპარლამენტო და წინა კვირის არჩევნებზე 40%-ზე მეტმა ამომრჩეველმა მონაწილეობა არ მიიღო).

 

25 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ევროპული კავშირის პარლამენტის არჩევნებს ემთხვევა, შესაბამისად 25 მაისი საბერძნეთისთვის ორმაგ მნიშვნელობას იძენს. მმართველი კოალიციის შემადგენელი პარტიების მარცხი დღის წესრიგში დააყენებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, თავისი გაუთვალისწინებელი შედეგებით - ეს სცენარი სახიფათოა როგორც ათენისთვის, ისე ბრიუსელისთვის.

 

რადიკალური მემარცხენეების ალიანსის ლიდერმა ალექსის ციპრასმა, რომელიც ევროპული მემარცხენეების კანდიდატია ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე, პირველი ტურის შემდეგ განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა ახალი პოლიტიკური რეალობა, ცვლილებების აუცილებლობა და ამ განცხადებით გზავნილი გაუშვა ბრიუსელშიც.

 

საქმე ისაა, რომ ბერძენი ულტრა-მემარცხენეები და ულტრა-მემარჯვენეები სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან ერთმანეთზე გადაკიდებული. იდეოლოგიური დაპირისპირება იმდენად ღრმაა, რომ თითქმის ნულს უტოლდება მათ შორის თანამშრომლობის პერსპექტივის შანსი. ამით ე.წ. ტრადიციულ პოლიტიკურ პარტიებს, ასევე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში შექმნილ პოლიტიკურ ძალებს, საშუალება ეძლევათ, მოქმედი საარჩევნო სისტემით და სხვადასხვა პოლიტიკური კომბინაციებით გაანეიტრალონ რადიკალიზმის ეფექტი ბერძნულ პოლიტიკაში და რადიკალური პოლიტიკური ძალები ქვეყნის მართვის სადავეებთან არ მიუშვან.

 

პრემიერ-მინისტრის რისკიანი ნაბიჯი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ევროპარლამენტის არჩევნების თარიღს დამთხვეოდა, დიდი ალბათობით, ჭრელ პოლიტიკურ მოზაიკასა და პოლიტიკურ ძალთა დაქსაქსულობაზე იყო გათვლილი. მეორე ტურში ზომიერი პოლიტიკური პარტიები რადიკალური ძალების კანდიდატთა წინააღმდეგ გაერთიანდებიან და მათი ამომრჩევლები ევროპარლამენტის არჩევნებზეც ანალოგიურად მოიქცევიან. მეორე ტურში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაბალი აქტივობა იქნება, რაც ზრდის პრემიერ-მინისტრის პარტიის  (ნეა დიმოკრატია) გამარჯვების შანსებს ორივე - ადგილობრივ და ევროპულ - ფრონტზე. შემთხვევითი არ უნდა იყოს არც ევროპის სახალხო პარტიიდან ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჟან კლოდ იუნკერის ორშაბათის ვიზიტი ათენში, რაც პრემიერ-მინისტრ სამარასის მხარდაჭერად უნდა განვიხილოთ.

 

იუნკერის ვიზიტი ათენში მიანიშნებს, რომ საბერძნეთის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საერთო ევროპული მნიშვნელობა აქვს და მასში ევროსკეპტიკოსების, ნაციონალისტების ან მკაცრი ფისკალური პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა მაღალი მხარდაჭერა ცუდი სიგნალია ევროკავშირის სხვა წევრი-სახელმწიფოებისთვის და ის შეიძლება გადამდები აღმოჩნდეს. ჟან კლოდ იუნკერის მიერ ქალაქ პირეოსში განლაგებული FRONTEX-ის ოფისის მონახულებას ორმაგი დათვირთვა ჰქონდა - ერთი მხრივ, ის ხაზს უსვამს ევროპის სახალხო პარტიისთვის მიგრაციის პრობლემის მთელი სიმწვავით დღის წესრიგში არსებობას და გზავნილია ევროკავშირის ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც მიგრაციასთან მიმართებაში უფრო ეფექტურ და შედეგიან რეგულაციებს ითხოვს; მეორე მხრივ, გზავნილია საბერძნეთის იმ მოქალაქეთა მიმართ, ვინც უკონტროლო მიგრაციის და მისგან მომდინარე სავარაუდო საფრთხეების გამო ხმას ან ულტრა-ნაციონალისტების ქსენოფობიურ პროგრამას, ან ულტრა-მემარცხენეების „ყველა არალეგალის ლეგალიზაციის“ ასევე სახიფათო პოლიტიკას უჭერს მხარს.

 

რატომ არის საინტერესო ჩვენთვის საბერძნეთის ადგილობრივი პოლიტიკური ამბები? საქმე ისაა, რომ საბერძნეთის შიდა პოლიტიკური ძალთა ბალანსი ერთგვარ გამოძახილს ჰპოვებს 25 მაისს დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებზე. ჩვენი ინტერესიც ამ არჩევნების ბედი და ევროკავშირის მომავალი პოლიტიკურ-იდეოლოგიური კონფიგურაციაა. ევროპარლამენტის არჩევნებს გავლენა ექნება ევროკომისიის შემადგენლობაზე, ევროგაერთიანების მომავალზე, მის სხვადასხვა პოლიტიკაზე და ა.შ. ბევრ ევროპულ სახელმწიფოში თვალსაჩინოა რადიკალური მემარჯვენე და მემარცხენე პარტიების მხარდამჭერთა ზრდა. ევროპული და მსოფლიოს მედიის ეპიცენტრში კვირა არ გავა, რომ რამდენიმე სტატია არ მიეძღვნას ევროპაში მომძლავრებულ ულტრა-ნაციონალისტურ პარტიებს. მარი ლეპენის „სახალხო ფრონტი“, ნაიჯელ ფარაჯის „დამოუკიდებლობის პარტია“, უნგრული „იობიკი“, ბერძნული „ოქროს განთიადი“ მცირე ჩამონათვალია იმ პოლიტიკური პარტიებიასა, რომლებიც 25 მაისის ევროპარლამენტის არჩევნებზე მაღალი პროცენტის მიღებას და ევროპარლამენტართა რიცხვის მნიშვნელოვან გაზრდას გეგმავენ.

 

ევროსკეპტიკოსების, ულტრა-ნაციონალისტური თუ ულტრა-მემარცხენე პროგრამის  მქონე პოლიტიკოსების მომძლავრება პირდაპირ გავლენას იქონიებს ევროინტეგრაციის ექსპერიმენტზე და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

 

ევროსკეპტიკოსები ან ევროპული კავშირის იდეის მოწინაღმდეგე პარტიები, ზოგადად, არ ემხრობიან ან ეჭვით უყურებენ ევროინტეგრაციის პროცესს და, თავისთავად ცხადია, მათთვის ახალი გაფართოების აზრიც მიუღებელია.

 

ევროპული ულტრა-მემარჯვენე პარტიები ღიად გამოხატავენ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სიმპათიებს, ასეთი ტიპის პოლიტიკოსების სიმრავლე ევროპარლამენტში საქართველოსთვის მხოლოდ საზიანო იქნება. ეს ზიანი სხვადასხვა სახის და სხვადასხვა მიმართულების იქნება. რუსეთი კი წონად დასაყრდენს შეიძენს ევროპის დედაქალაქში.

 

რადიკალური პარტიების ძალისა და გავლენის ზრდა დაასუსტებს ერთიანი ევროპის პოზიციას. რუსეთის მიერ რევიზიონისტული პოლიტიკის და მიწების შემოერთების ახალი დოქტრინის ამუშავება, ასევე მსოფლიოს სხვა წერტილებში მიმდინარე მოვლენები, ცხადყოფს, რომ ევროპას დღეს ისევე სჭირდება ერთსულოვნება, როგორც მეორე მსოფლიო ომის წინ. ევროკავშირს, რომელსაც საქართველოსთან მიმართებაში ზოგადად ახასიათებს გარკვეული სკეპტიკური და ორჭოფული მიდგომები,  კიდევ უფრო გაუჭირდება თანმიმდევრული, მყარი და რუსული გავლენებისგან თავისუფალი პოზიციის ჩამოყალიბება ჩვენთან დაკავშირებით.

 

ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ ნაწილია იმ საფრთხეებისა, რაც ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებში და ევროპარლამენტში რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების მომძლავრებამ შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია, ევროპულ დედაქალაქებში მიმდინარე პროცესების მაჯისცემაზე ხელი გვედოს, ისინი ჩვენი ყურადღების მიღმა არ უნდა რჩებოდეს. ეს საგარეო პოლიტიკურ ელიტებს და, პირველ რიგში, ხელისუფლებას ეხება. დროა, ხელისუფლება და თვითმარქვია ექსპერტები გამოვიდნენ გულგრილობის და პოსტ-ფაქტუმ პირდაღებულობის მდგომარეობიდან.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია