26 მაისის აღლუმი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-05-2014, 14:21 | ბლოგები | ნანახია - 2208

ნათია მეგრელიშვილი

26 მაისის აღლუმი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს! 

ჩემთვის უკვე ნათელია, რომ ადამიანებს აზრს ადვილად ვერ შეუცვლი. რაც არ უნდა ითქვას, თუ კაცს გაგონება არ უნდა, დაყრუვდება და თუ დანახვა არ სურს, დაბრმავდება. მაგრამ არსებობს ხალხი, ვინც, თუ ორით არა, ცალი თვალით მაინც კითხულობს ჩვენს გაზეთს და მათთვის ვწერ.

 

26 მაისის აღლუმის თემას ასე გულგრილად და ჩვენთვის ჩვეული ნიჰილიზმით ნუ აღვიქვამთ. როგორც გვპირდებიან, ამ დღეს გაიმართება სახალხო დღესასწაული და სეირნობა. ძალიან კარგი, მაგრამ 26 მაისი არ არის დიმპიტაურის დღე, არამედ ეს იყო პოლიტიკური აქტი, რომელსაც სათავეში ედგა არა ხალხი, არამედ მთავრობა და დასავლეთის პროგრესული საზოგადოება.

 

დამოუკიდებლობის გამოცხადებას ქართველი მენშევიკები ჯერ არც აპირებდნენ, მაგრამ თურქეთმა რომ შემოაბიჯა აჭარასა და გურიაში და რუსეთიც გააქტიურდა  ამიერკავკასიაში, გაჩნდა სერიოზული საფრთხე, რომ კიდეც გაგვაწითლებდნენ და სტალინის და ორჯონიკიძის ქართული ოცნება, რომ საქართველო შესულიყო რუსეთში როგორც ავტონომია, სინამდვილედ გადაიქცეოდა. საბედნიეროდ, ზოგიერთი ქართველი კომუნისტის აქტივობით და გერმანელების დიდი ძალისხმევით,1918 წლის 26 მაისის საღამოს ხუთ საათზე ნოე ჟორდანიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. იმავე ღამით ნოე რამიშვილმა დეპეშით აცნობა დასავლეთ ევროპას ჩვენი გადაწყვეტილება და ძალიან მალე გვცნო საჭირო რაოდენობის სახელმწიფომ, რამაც განაპირობა თურქების უკან დახევა (თუმცა ამას უბრძოლველად არ ჩაუვლია და დიდი გმირობა გამოიჩინა ქართულმა გენერალიტეტმა და ჩვენც სრულიად შემთხვევით გადავრჩით).

 

ახლა რაც შეეხება აღლუმს. როგორც ჩანს, ჩვენი მეომარი და დიდი კულტურის ერი ხანდახან ივიწყებს, რომ არსებობს საყოველთაო ღირებულებები, რომელსაც ხელს ვერ შეახებს ვერც ერთი მთავრობა და ვერც ერთი მოქალაქე. ქართველისთვის ლაშქარი ყოველთვის იყო დომინანტი, ვინაიდან მუდმივად ვიმყოფებოდით ბრძოლის ველზე. თანაც ნებისმიერ სამხედრო ლიტერატურაში წერია, რომ ჯარს პერიოდულად  ესაჭიროება აღლუმის ჩატარება - ეს არის მათი ღირსების, მოტივაციის და სიხარულის დღე. ეს ის ჯარია, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში, საბრძოლო და საომარ ვითარებაში პირველი გადის ბრძოლის ველზე და ჩვენს გადასარჩენად თავს წირავს. ამიტომაც ვალდებულები ვართ წელიწადში ერთხელ მაინც დავუკრათ მათ ტაში და პატივი მივაგოთ.

 

დღეს ამბობენ, რომ ეს პომპეზურობაა და დიდი ხარჯი. არ გრცხვენიათ, ამას როგორ ამბობთ?!

 

 თუ ეს პომპეზურობაა, მაშინ, თუ მტერი მოგვადგა, ჯარი და პომპეზურობა რა საჭიროა, გაიყვანეთ საბრძოლო ველზე სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სოციალური პრობლემები აქვს და ხელისუფლების მრავალწლიანი ტყუილებით იკვებება და მათ იბრძოლონ. არც პომპეზური იქნება და „არც არაფერი აქვთ დასაკარგი“. რა საჭიროა ომში ჯარი, ეს ხომ ზედმეტი ხარჯია და საერთოდ, ეს ხომ სააკაშვილის სტილია  - ჯარით ბრძოლა? ჩვენ ტიტები ვესროლოთ 58-ე არმიას და  ასე ნამდვილად გავიმარჯვებთ.

 

26 მაისს იგეგმება სახალხო ზეიმი ბუშტებით, ბატი-ბუტით, მზესუმზირით და კოკა-კოლით  .......ყოჩაღ! სულ  გამოვშტერდით.. . . . .

 

 26 მაისს უნდა ჩატარდეს ქართული ჯარის აღლუმი, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს საქართველოს პირველმა პირმა, მთავარსარდალმა , საქართველოს პრეზიდენტმა. ასეა ეს!

ყველამ ვიცით, რომ მზადდება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ერთ თვეში ხელი უნდა მოვაწეროთ (ჩვენ არა, ან პრეზიდენტმა ან პრემიერმა. ისე, აჯობებდა პრეზიდენტს მოეწერა - უფრო ეფექტური სვლაა) და ასეთი დიდი აქტის წინ საქართველომ არ უნდა დაიმუნჯოს თავი. იქნებ ავუხსნათ ჩვენს მთავრობას, რომ 26 მაისი არც მათი მონაპოვარია და არც მემკვიდრეობა, ის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღეა და თუ ამ დღეს ტაკიმასხარობად გადავაქცევთ, ამას ძალიან ვინანებთ, მაგრამ ცრემლების ღვრა უკვე ძალიან გვიანი იქნება.

 

საქართველოს პრეზიდენტო, ბატონო გიორგი! თქვენ მთავარსარდალი ხართ და ვალდებული ხართ, მიიღოთ სამხედრო აღლუმი, ჩაიბაროთ პატაკი და იამაყოთ იმით, რომ ჩვენს ქვეყანას მართლა ჰყავს ჯარი!!!

 

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!!!

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია