სირია და ბაშარ ალ ასადი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
22-05-2014, 23:26 | მსოფლიო | ნანახია - 4911

გიგი კუბლაშვილი

 

        ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი ობამა სირიის ოპოზიციური ძალების ერთ-ერთ ლიდერს ახმად ჯარბს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს სირიაში არსებული ვითარება. ჯარბმა მადლობა გადაუხადა ობამას იმ დახმარებისათვის, რომელიც აშშ-მ აღმოუჩინა სირიის ოპოზიციას. თანხა საკმაოდ შთამბეჭდავია 287 მლნი დოლარი.

 

         ამავე დროს სირიის ფრონტზე რადიკალური ცვლილებებია, პრეზიდენტი ასადი საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს და უკან დახევას და გაქცევას კი არა, პრეზიდენტობას და ქვეყნის სათავეში დარჩენას გეგმავს.

 

         ეკონომიკური სანქციების, რთული სამხედრო მდგომარეობის და ჩამონგრეული ეკონომიკის პირობებში რეჟიმი უნდა დაცემულიყო, თუმცა, მისი მოკავშირეები  - რუსეთი და ირანი მას აიმედებდნენ და არწმუნებდნენ, რომ ყველაფერს ეშველებოდა. თუმცა, მდგომარეობა მართლაც ურთულესი გახლდათ. ვერავინ ახსნის ასადის პოლიტიკური და ფიზიკური გადარჩენის მიზეზებს. გაუმართლა?! ალბათ ესეც იყო, მაგრამ შევეცადოთ გავაანალიზოთ, რა ხდება სირიაში.

 

ბოლო 3 წელია გვესმის დასავლელი  დიპლომატებისა და ანალიტიკოსების გაცხადებული პროგნოზები, რომ ასადის რეჟიმი ჩამოიშლება; აი, ბოლო ნახტომიც და აჯანყებულები შევლენ დამასკოში. ამ დროის განმავლობაში 100 ათასზე მეტი  ადამიანი დაიღუპა, განადგურდა ქალაქები, სოფლები, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლები, მილიონობით ადამიანი გახდა ლტოლვილი, ასადის არმია კი მიზანმიმართულად იკავებს ახალ-ახალ ქალაქებსა და სოფლებს. ბოლო დროის დიდი გამარჯვება აჯანყებულთა მთავარი ქალაქის ხომსის დაკავება გახლდათ.

 

რიგი ანალიტიკოსებისა თვლიან, რომ ასადის გამარჯვება დაკავშირებულია აშშ-ს გადაწყვეტილებასთან, არ ჩაერიოს სამხედრო გზით კონფლიქტში. აღნიშნულმა ქმედებამ ხელი გაუხსნა ასადს და მის მთავარ პარტნიორს პუტინს, ემოქმედათ თავისუფლად. შედეგმაც არ დააყოვნა.

 

ასევე შეცდომად თვლიან ასადის მოწინააღმდეგე არაბული ქვეყნების, საუდის არაბეთისა და ყატარის    ქმედებებს სირიაში ისლამური ფუნდამენტალისტების ორგანიზებისა და გაგზავნის კუთხით. ისალმისტების გამოჩენამ სირიაში მნიშვნელოვანი დისკრედიტაცია გაუწია სირიელ ოპოზიციონერებს.

 

         ამჟამად მსოფლიოს დიდ ნაწილში ოპოზიციის ბრძოლა ასადთან აღიქმება, როგორც სირიის ხელისუფლების თუნდაც ცუდი და დიქტატორული რეჟიმის ბრძოლა ტერორისტებთან. დამეთანხმებით, ასეთი ფონით ამ ომში გამარჯვება გაჭირდება.

 

სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯონ ბრენანმა განაცხადა: ,,ჩვენ შეშფოთებულები ვართ ,,ალ კაიდას“ საქმიანობით სირიაში, რაც გამოიხატება მოხალისეთა და ტერორისტული აქტების მომზადების შესაძლებლობაში სირიის ტერიტორიაზე“ .

 

         დასავლეთში ასევე ვერ იგებენ, როგორ მოახერხა ასადმა თავისი გარემოცვის წევრებში ასეთი ერთგულების შენარჩუნება. დასავლეთში ვარაუდობდნენ, რომ  ,,რენეგატ“ პრემიერ-მინისტრს და რამდენიმე გენერალს სხვებიც მიყვებოდნენ, თუმცა, როგორც დრომ გვაჩვენა, რეჟიმი მაინც დგას და უკან დახევას არ აპირებს.

 

         სირიაში არსებული კონფლიქტი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ დასავლეთმა სერიოზული კორექტირება უნდა მოახდინოს საგარეო პოლიტიკის კუთხითაც.

 

         თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი  ადექვატური პასუხი, იმედია, მისი ბუნებრივი მოკავშირეებისა და ამ სამყაროს ორგანული ნაწილის - საქართველოს და უკარაინის დროული ინტეგრაცია იქნება, რაც სხვათა შორის ისევე ჭირდება დასავლეთს, როგორც ამ ქვეყნებს.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია