პოლიტიკური მიწისძვრა ევროპაში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-05-2014, 17:34 | მსოფლიო | ნანახია - 2735

გია ჯაფარიძე

 პოლიტიკური მიწისძვრა ევროპაში

25 მაისი  ევროპის კონტინენტზე ჭეშმარიტად არჩევნების დღე იყო. საქართველოს მოქალაქეთა იმ ნაწილის ყურადღება, ვინც აქტიურად ადევნებდა თვალს უკრაინაში მიმდინარე ანტი-პუტინურ აჯანყებას და თბილისიდან შეძლებისდაგვარად მხარს უჭერდა მოკავშირე სახელმწიფოს მოქალაქეების თავისუფლებისთვის გმირულ თავგანწირვას,  ძირითადად უკრაინაზე იყო კონცენტრირებული.

 

ცხადია, უკრაინაში განვითარებული მოვლენები გეოპოლიტიკური გარდატეხის ნაწილია, ან სულაც ეპიცენტრი და თავისუფლებისთვის ბრძოლაში, გლობალურ ღირებულებით კონფლიქტში უკრაინის წარმატებას პირდაპირი გავლენა ექნება საქართველოზე. 

 

25 მაისს კიდევ სხვა, საქართველოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართა. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ევროპული კავშირის ახალი პარლამენტი აირჩიეს. ვინაიდან უკრაინაზე უკვე ბევრი დაიწერა და კიდევ ბევრი დაიწერება, ყურადღებას ევროპის 28 სახელმწიფოში ერთდროულად გამართულ არჩევნებს დავუთმობთ.

 

ევროპულმა მედიამ და ზოგიერთმა გავლენიანმა პოლიტიკოსმა ევროპარლამენტის 2014 წლის არჩევნები „პოლიტიკურ მიწისძვრად“ შეაფასა. მიწისძვრას, როგორც წესი, ნგრევა მოჰყვება, მაგრამ ექსპერტთა და პოლიტიკოსთა შეფასება ამ შემთხვევაში უფრო ევროპაში ძალთა ახალ კონფიგურაციას და აქედან გამომდინარე ნგრევის შიშს უკავშირდება. ასეა თუ ისე, 375 მილიონიანი ელექტორატის მიერ გაკეთებული არჩევანი ევროპაში რამდენიმე წლის წინ დაწყებულ ტენდეციას აძლიერებს.

 

ტენდენცია კი ევროკავშირის თითქმის ყველა წევრსახელმწიფოში რადიკალური ნაციონალისტური პარტიების და ევროსკეპტიკოსთა პოპულარობის და მხარდაჭერის ზრდაა. მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარ შედეგებზე ვსაუბრობთ, მაგრამ უკვე ნათელია - აღნიშნული ჯგუფები ევროპული კავშირის პარლამენტში ანგარიშგასაწევი საპარლამენტო ძალა იქნება.

 

ევროპარლამენტის არჩევნების გამარჯვებული ევროპის სახალხო პარტიაა (EPP), სოციალისტებმა (S&P) შედეგი გააუმჯობესეს, მაგრამ მაინც მეორე ადგილზე დარჩნენ. მესამე ევროპის „გზააბნეული ფორვარდები“ - ევროპელი ლიბერალების და დემოკრატების ალიანსია (ALDE). შემდეგ მოდიან მწვანეები, ევროპელი კონსერვატორები და სხვა პოლიტიკური ძალები. საზოგადოდ, ევროპარლამენტის არჩვენები მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა. წელს მონაწილეობა ამომრჩეველთა 43%-მა მიიღო, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული აქტივობა დაფიქსირდა (ყველაზე დაბალი აქტივობა იყო სლოვაკეთში - 13%, ყველაზე მაღალი ბელგიასა და ლუქსემბურგში, სადაც ხმის მიცემა სავალდებულოა). წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ლუქსემბურგის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე EPP-ის კანდიდატმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ევროპის სახალხო პარტიის გამარჯვება მას სრულ უფლებას აძლევს, გახდეს ევროკომისიის პრეზიდენტი.

 

ევროპარლამენტის 2014 წლის არჩევნების „პოლიტიკურ მიწისძვრად“ შეფასება, უპირველეს ყოვლისა,  საფრანგეთში ულტრა-მემარჯვენე მარი ლეპენის „სახალხო ფრონტის“ და დიდ ბრიტანეთში ევროსკეპტიკოსი  ნაიჯელ ფარაჯის „დამოუკიდებლობის პარტიის“ გამარჯვებამ გამოიწვია. საფრანგეთშიც და დიდ ბრიტანეთშიც პირველი შემთხვევაა, რომ „ტრადიციული“ პოლიტიკური ძალები ეროვნული მასშტაბით არჩევნებს აგებენ.

 

სოციალისტების მესამე ადგილი საფრანგეთში პრეზიდენტ ოლანდის ისტორიულად დაბალი რეიტინგით აიხსნება, ხოლო მემარჯვენე-ცენტრისტების მეორე ადგილი კი დიდწილად ნიკოლა სარკოზის წასვლის შემდეგ დატოვებულმა ვაკუუმმა განაპირობა. ფრანსუა ოლანდი არამარტო საქართველოს ესტუმრა ხელცარიელი, არამედ ფრანგი ამომრჩევლის წინაშეც ხელცარიელი მივიდა და სოციალისტებიც თითქოს თავის რეიტინგს ჩამოკიდა. ლიდერის პრობლემა გადაულახავი აღმოჩნდა UMP-სთვის - სარკოზის წასვლის შემდეგ ის დაქსაქსული და მკაფიო გზავნილების გარეშე გამოიყურება. რასაკვირველია, მხოლოდ ეს არ არის მარი ლეპენის მხარდაჭერის ზრდის მიზეზი, მაგრამ საფრანგეთში ძლიერი პოლიტიკური ნების პოლიტიკოსის არყოფნა „სახალხო ფრონტს“ მთავარ პოლიტიკურ ძალებში მოქმედების მეტ სივრცეს აძლევს.

 

ნაიჯელ ფარაჯის Ukip-ის გამარჯვება როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე კონტინენტურ ევროპაშიც „ბიუროკრატიული ევროკავშირის“ და შემდგომი ინტეგრაციული პროცესების წინააღმდეგ მიმართულ მძლავრ გზავნილად უნდა ითარგმნოს. „დამოუკიდებლობის პარტიის“ პირველობა ნამდვილად გამოიწვევს ტექტონიკურ რყევებს ალბიონზე. სამთავრობო კოალიციის უმცროსმა პარტნიორმა, ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ, თითქმის გამანადგურებელი მარცხი განიცადა და პარტიის ნაწილი ნიკ ქლეგის გადადგომას ითხოვს, რაც, ცხადია, იმოქმედებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მდგრადობაზე.

 

დანიაში ევროპარლამენტის არჩევნები მოიგო ევროსკეპტიკოსი პია კიერსგაარდის დაარსებულმა დანიის სახალხო პარტიამ. ევროსკეპტიცისტებმა, წინა არჩევნებთან შედარებით, გაუმჯობესებული შედეგი აჩვენეს ფინეთში (ჭეშმარიტი ფინელების პარტია მესამე ადგილზეა), ისევე როგორც ულტრა-მემარჯვენე  „თავისუფლების პარტიამ“ ავსტრიაში, „თავისუფლების პარტიამ“ ჰოლანდიაში და „Jobbik“-მა უნგრეთში. ევროპარლამენტში სამი დეპუტატი გაიყვანა საბერძნეთის რადიკალურმა ნაციონალისტურმა პარტიამ „ოქროს განთიადი“. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა რადიკალურმა მემარცხენე ალიანსმა, რომელიც ბევრი ევროპული დედაქალაქისთვის ისეთივე საშიშროების შემცველია, როგორც ულტრა-ნაციონალისტური პოლიტიკური ძალები. 

 

რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროპარლამენტის 2014 წლის შედეგები ?

 

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ძალიან სამწუხაროა, როცა ქართული მედია და ქართველი პოლიტიკოსები გულგრილი არიან ევროპის 28 სახელმწიფოს გაერთიანების უმნიშვნელოვანესი მოვლენის მიმართ. სოციალურ ქსელებში მხოლოდ მთავარი ოპოზიციური პარტიის და ქართველი ელჩების შეფასებები, კომენტარები და პროგნოზები მოიძებნება. ევროპარლამენტის არჩევნები არ აღმოჩნდა თვითმარქვია ექსპერტების, ჟურნალისტების და მოქმედი ხელისუფლების ლიდერთა მაღალი ყურადღების ღირსი. ეს მათი ევროპულობის ერთგვარი ტესტია. საქართველოს, როგორც ევროპულ ქვეყანას და ევროპული ოჯახის მომავალ წევრს, სულ მცირე უნდა აინტერესებდეს, რა ხდება მის სახლში.

 

რაც შეეხება ევროპის ახალი პოლიტიკური კონფიგურაციების გავლენას საქართველოზე, ჩვენი სახელმწიფოსთვის უკეთესი იქნება, თუ ევროპული კავშირის პარლამენტში ევროპის ინტეგრაციული პროცესების მეტი მხარდამჭერი დეპუტატი იქნება, რომელთაც ფართო გეოპოლიტიკური ხედვა აქვთ და მათი თვალსაწიერი არ შემოიფარგლება მხოლოდ დეტალებით.

 

ევროპის ახალ პარლამენტში გაიზარდა იმ ულტრა-ნაციონალისტური პარტიების  (ფრანგული „სახალხო ფრონტი“, უნგრული „იობიკი“, ბრიტანული „დამოუკიდებლობის პარტია“, ჰოლანდიის „თავისუფლების პარტია“) წარმომადგენლობა, რომლებიც ღიად მეგობრობენ პარტია „ედინაია როსია“-სთან, ან გამოხატავენ სიმპათიებს რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. ეს შეიძლება პირდაპირ ნიშნავდეს პუტინის გავლენის გაფართოებას ევროპის პარლამენტში. რასაკვირველია, ეს გავლენა არ არის კრიტიკული და საქართველოს მეგობართა რიცხვი აჭარბებს პუტინის მეგობრებს, მაგრამ ნებისმიერი ახალი ბერკეტი კრემლის ხელში ჩვენთვის არასასურველია. ყველა საკითხი, რეზოლუცია, მოხსენება, რომელიც საქართველოს შეეხება, შესაძლოა, გახდეს  რუსოფილური ჯგუფების წინააღმდეგობის ობიექტი, ან სულაც დაიბლოკოს. უახლოეს მომავალში ევროპის კავშირმა რატიფიკაცია უნდა გაუკეთოს საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულებას. დიდი ალბათობით, ევროპატლამენტის ამ შემადგენლობაში ვერ ავცდებით წინააღმდეგობის ხმებს.

 

ულტრა-ნაციონალისტების დიდი ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი ზოგადად ევროპული ინტეგრაციის და ევროკავშირის მიმართ. ევროსკეპტიკოსები ყოველთვის წარმოადგენდნენ და ახლაც წარმოადგენენ ევროპის ინტეგრაციული პროცესების შემაფერხებელ ფაქტორს. მიუხედავად იმისა, რომ ევროსკეპტიკოსები არ არიან უმრავლესობაში, ჩვენთვის აუცილებელია პოლიტიკური წინდახედულობის და დიპლომატიური მოქნილობის გამოჩენა, ვინაიდან შიდა ევროპული გადაწყვეტილებები ყოველთვის განხილვების, დებატების და პოლიტიკური ვაჭრობის შედეგია. ევროფობიის გაღრმავების ტენდენცია საქართველოს გრძელვადიანი მიზნებისთვის დაბრკოლებად არ უნდა იქცეს.

 

ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევა და ევროკომისიის ჩამოყალიბება დროში გახანგრძლივებული პროცესია, ევროპული კავშირის არჩეული პარლამენტი პირველ სხდომას ივლისის დასაწყისში გამართავს, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტი დამტკიცდება. დანარჩენი 27 კომისრის შერჩევა, კანდიდატურების განხილვა და შემდგომ კომისიის დამტკიცება ცალკე დროს მოითხოვს.  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მოუწევთ ულტრა-მემარჯვენე ევროსკეპტიკური ელემენტის გათვალისწინება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარება და მისი 27 ივნისისთვის გადმოტანა, უკრაინის მოვლენებთან ერთად, წინასაარჩევნო პერიოდში ევროპის ქვეყნებში ულტრა-ნაციონალისტური და ევროფობიური განწყობების გაძლიერების მკაფიო სურათმა განაპირობა. სავარაუდოდ, ევროპის დედაქალაქების სურვილი იყო, საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადი გამხდარიყო და ხელშეკრულების გაფორმება ახალი ევროკომისიის ფორმირებამდე მომხდარიყო.

 

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროპული ერთსულოვნების არსებობა, რაც განაპირობებს ევროკავშირის მყარ გლობალურ პოზიცირებას. პირველ რიგში, ეს შეეხება ახალ გამოწვევებს და საფრთხეებს, ასევე ევროპული ინტეგრაციის მიმართ დამოკიდებულებას. არჩევნების შედეგები უფრო ევროპის ფრაგმენტაციის სურათს იძლევა. ევროსკეპტიკოსი ულტრა-ნაციონალისტური პარტიების გავლენის ზრდა ჯერჯერობით მხოლოდ აღმავალი სპირალის ტენდენციაა, იმედი ვიქონიოთ, რომ 2014 წლის არჩევნები ერთგვარი გამოსაფხიზლებელი ზარი იქნება ევროპისთვის.

 

სასურველია ასევე, თუ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ანტი-დასავლური ძალების ნაციონალისტურ-ფუნდამენტალისტური და რუსოფილური პოზიციები თანხმობაში არ აღმოჩნდება ევროპელ სკეპტიკოს რადიკალურ მემარჯვენეებთან - საქართველოს სვლას ევროპისკენ დამატებითი დაბრკოლებები არ სჭირდება.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია