უკრაინა VS რუსეთი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-05-2014, 19:42 | მსოფლიო | ნანახია - 3469

ნოდარ ხარშილაძე

უკრაინა VS რუსეთი 

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაცია არ აპირებს მხოლოდ ყირიმის ოკუპაციით დაკმაყოფილებას, რუსეთის ამოცანა იყო და რჩება უკრაინაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარება. ამგვარი მიზნის მიღწევის დროს რუსეთი მოსაწყენად ერთგვაროვანია, მისი ძირითადი ქმედება არის სამიზნე ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზების გამოყენებით დესტაბილიზაციის შექმნა და აქედან მაქსიმალური პოლიტიკური დივიდენდების მიღება. მოკლედ, როგორც საბჭოთა კავშირის ამაყმა მემკვიდრემ, რუსეთმა კარგად იცის, როგორც გააფუჭოს, რაიმე პოზიტიურის შექმნა კი რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის მეთოდებიდან შორს დგას.

 

            რაც უფრო მწვავდება მოვლენები უკრაინაში, მით უფრო იმატებს რუსეთ–უკრაინის პირდაპირი დაპირისპირების, სამხედრო კონფლიქტის რისკი. რუსეთი ამ შემთხვევაში 2008 წლის სცენარით მოქმედებს - მაქსიმალური კონფრონტაცია, პოლიტიკური კრიზისის დუღილის წერტილამდე მიყვანა და  შემდეგ სამხედრო აგრესია. ამგვარი სცენარის შემდეგ რუსეთი მზად არის, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში ბევრი იკამათოს იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, რა მიზეზებით და როგორ დაზარალდა ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც უცებ დაურიგეს რუსული პასპორტები, მოკლედ, ყველაფერზე გარდა მთავარი ფაქტისა – რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციისა.

 

            თუმცა, ამ შემთხვევაში ბევრს ჰგონია, რომ რუსეთს შეიძლება აღარ გამოუვიდეს ნაცადი სცენარის გათამაშება - ეს ხომ უკრაინაა და არა პატარა საქართველო. უკრაინელები უდავოდ შეძლებენ სერიოზული სამხდერო ძალა დაუპირისპირონ რუსეთს. საინტერესოა, დავაკვირდეთ ამ ორივე ქვეყნის ხელთ არსებულ სამხედრო შესაძლებლობებს და ვნახოთ, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს.

 

            განხილვა უკრაინით დავიწყოთ.

 

ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დაახლოებით ასე გამოიყურება:

            შეიარაღებული ძალების სრული მოცულობა : 130 ათასი;

            მოიერიშე ჯავშანმანქანები (ტანკები) – დაახლოებით 1000 ერთეული;

            სამხედრო თვითმფრინავი – 220 ერთეული;

            საზღვაო საბრძოლო ხომალდი – 17 ერთეული (შავი ზღვის ფლოტი).

           

 

შედარებისათვის, რუსეთის ფედერაციის სამხედო ძალები:

 

შეიარაღებული ძალების სრული მოცულობა : 750 – 850 ათასი (სხვავდასხვა მონაცემებით);

            მოიერიშე ჯავშანმანქანები (ტანკები) – დაახლოებით 2500 ერთეული;

            სამხედრო თვითმფრინავი – 1300 ერთეული;

            საზღვაო საბრძოლო ხომალდი – 171 ერთეული (შავი ზღვის ფლოტი).

 

თუ არ ჩავთვლით საზღვაო ძალებში დიდ განსხვავებას, უკრაინას ჰყავს, ერთი შეხედვით, საკმაოდ სოლიდური შეიარაღებული ძალები, დიდი რაოდენობით ტექნიკით, საკმაოდ ძლიერი საჰაერო ძალებით. მართალია, რუსეთი აღემატება რიცხოვნობით, მაგრამ, თავდაცვის სწორი ორგანიზების შემთხვევაში, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ქაღალდზეა ასე, სინამდვილე სხვა სურათს გვანახებს.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მნიშვნელოვანი შემცირება განიცადა. 2004 წელს დარჩენილი 385 ათასიდან უკრაინამ თავისი ჯარი 200 პროცენტით, ანუ სამჯერ შეამცირა. ეს ძირითადად ეკონომიკურ მიზეზებთან იყო დაკავშირებული. უკრაინას,  თავისი ჯარის ზომის გათვალისწინებით, იმ დროისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სამხედრო ბიუჯეტი  ჰქონდა – ერთ ჯარისკაცზე დახარჯული ფულის ოდენობით იგი მსოფლიოში 120-ე ადგილზე იყო.

 

რადიკალური შემცირების შემდეგ სიტუაცია შედარებით უკეთესი გახდა: სამხედრო ბიუჯეტის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში გაიზარდა და 1 პროცენტს გასცდა, რამაც ნატო-ს რეკომენდირებული მინიმუმის ნახევარი შეადგინა (ნატო-ს რეკომენდაცია მშპ-ს მინიმუმ ორი პროცენტი სამხდერო ძალებზე).

 

2006 წლიდან სამხედრო ბიუჯეტმა ზრდა დაიწყო და 2012 წლისათვის 1.9 თითქმის 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია. ეს სოლიდური თანხა კაპიკებია უკრაინის სამხედრო ძალების რიცხოვნობისათვის. შედარებისათვის, ვენესუელას, რომელსაც უკრაინაზე ცოტათი უფრო მცირე ჯარი ჰყავს, თითქმის ორნახევარჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს (4.5 მილ დოლარი), ესპანეთს იგივე მოცულობის ჯარზე 3.4-ჯერ მეტი თანხა აქვს გამოყოფილი (6.3 მილიარდი დოლარი), ხოლო უკრაინის მეზობელ პოლონეთს, რომელსაც უკრაინაზე 20 ათასით ნაკლები ჯარი ჰყავს (110 ათასი სამხედრო), 5 ჯერ მეტი აქვს სამხედრო ბიუჯეტი (10,5 მილიარდი დოლარი).

 

შედეგად უკრაინას ერთ-ერთი ყველაზე “ღარიბი” ჯარი ჰყავს ევროპაში. უფულობის ფონზე, ქაღალდზე არსებული ტანკების და თვითმფრინავების დიდი ნაწილი მოძველებულია - ეს საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული აღწურვილობაა, რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, რემონტის რიგში დგას, ხოლო ნაწილი საერთოდ არ ფუნქციონირებს.

 

უკრაინამ შეძლო საბჭოთა კავშირის დროს მის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დიდი ნაწილის შენარჩუნება, თუმცა, შედარებით ახალი ნაწარმის (საბჭოთა ტიპის, მცირე მოდერნიზაციით) დიდი ნაწილი გარე გაყიდვებზე იყო ორიენტირებული (მათ შორის საქართველოში).

 

 თუმცა, მხოლოდ ფინანსები და ტექნიკა არ არის თანამედროვე სამხედრო ძალები, ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზება, მართვა და მოტივაცია. ორგანიზაციული კუთხით, აშშ-ს სამხედრო ექსპერტთა მიერ ჩატარებული შეფასებების მიხედვით, უკრაინას სერიოზული პრობლემები აქვს სამხედრო დაგეგმვის, განათლების და მართვა-კონტროლის კუთხით. უკრაინის შეიარაღებული ძალები ძირითადად ძველი საბჭოთა დოქტრინების მოდერნიზებული ვარიანტებით იმართება, მის სათავეში კი დგანან ოფიცრები, რომლებსაც ხშირად აქვთ სურვილი, მაგრამ არ გააჩნიათ ცოდნა და ექსპერტიზა სერიოზული შედეგების მისაღწევად. ძირითადი დასკვნაა, რომ, მიუხედავად ზოგადად არსებული პოლიტიკური ნებისა, სერიოზული პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა, უკრაინაში ძირეული სამხედრო რეფორმა არ განხორციელებულა.

 

და ბოლოს, მოტივაციის კუთხით,  უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უდავოდ არის ქვედანაყოფები, რომლებიც, რუსეთის აგრესისს შემთხვევაში, სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცავენ სამშობლოს და, ალბათ, ასეთნი უმრავლესობას წარმოადგენენ, მაგრამ ყირიმის ოკუპაციის დროს მომხდარმა ფაქტებმა – როდესაც იქ განლაგებული უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების ნაწილი, ახლად დანიშნული სარდლის ჩათვლით, რუსეთის მხარეს გადავიდა, როგორც მინიმუმ, უსიამოვნო ფონს ქმნის ჯარის მოტივაციაზე საუბრის დროს.

 

არც რუსეთის შემთხვევაშია ყველაფერი ისე კარგად, როგორც ქაღალდზე ჩანს. რუსეთსაც დაახლოებით იმავე სახის, მაგრამ უფრო დიდი მასშტაბის პრობლემები აქვს. მოძველებული ტექნიკა, ჯერ კიდევ მოქმედი ძველი საბჭოთა დოქტრინა (ოდნავ სახეცვლილი ახალი სახელით) - ეს მხოლოდ მცირეოდენია რუსეთის ჯარში არსებული პრობლემებიდან.

 

თუმცა, რუსეთმა გაატარა ძირეული სამხედრო რეფორმა. მისი ნაწილი ქაღალდზე დარჩა, მაგრამ ნაწილმა უდაოდ გაზარდა ჯარის შესაძლებლობები. საინტერესოა რეფორმის დაწყების თარიღი – 2008 წლის სექტემბერი. საქართველოსთან ომის შემდეგ, საკუთარი ჯარის მოქმედებებით აშკარად უმაყოფილო რუსეთის მაშინდელი მმართველი ტანდემი ავალებს მაშინდელ თავდაცვის მინისტრს სერდიუკოვს ძირეული რეფორმის ჩატარებას.

 

ოფიციალური მონაცემებით, 1200 ათასი სამხედრო მოსამსახურიდან, რუსეთის ჯარი დაახლოებით 750-850-მდე მცირდება, გაშვებულთა დიდი ნაწილი ოფიცრები არიან, მათი რიცხოვნება თითქმის განახევრდა (პროპორცილად ყველაზე დიდი 40% შემცირება); საერთოდ გაუქმდა პრაპორშიკების და ზემდეგების ძველი საბჭოთა სისტემა;  შემცირდა და შეიცვალა ცენტრალური ადმინისტაცია და შედარებით გამარტივდა სამხედრო ბიუროკრატია; ძირეული ცვლილებები განხორციელდა სამხედრო განათლების სისტემაში - მრავალი მცირე სამხედრო სასწავლებელი საწვრთნელ ცენტრებში გაერთიანდა; სამხედრო ქვედანაყოფების ნაწილი გადავიდა ნატო-ს ტიპის ბრიგადულ სისტემაზე; პრიორიტეტად გამოცხადდა ახალი ტექნოლოგიების განვითარება და მათი ნაწილის წამყვანი ქვეყნებიდან შესყიდვა (მაგალითად, “მისტრალის” ყიდვა საფრანგეთიდან).

 

ეს და სხვა მრავალი დეტალი, რომელიც გაჟღერდა, როგორც რუსეთის სამხედრო რეფორმის მიზანი, საბჭოთა კავშირის საუკეთესო ტრადიციებში, ქაღალდზე დარჩა, თუმცა აშკარაა, რომ რეფორმების ნაწილი განხორციელდა, რამაც გარკვეულწილად აამაღლა რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები.

 

ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა სამხედრო დაფინანსება, დღეს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი დაახლოვებით 70 მილიარდი აშშ დოლარია (გეგმით,2016 წელს 90 მილიარდი) და ის სიდიდით მსოფლიოში მესამეა აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ. რუსეთში არსებული კორუფციის ფონზე, ამ თანხის  სოლიდური ნაწილი კერძო პირების ანგარიშებზე დაილექება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის, როგორც მინიმუმ, 20-ჯერ მაინც აღემატება უკრაინის სამხედრო ბიუჯეტს.

 

რუსეთის სამხედრო ძალების შედარება ნატო-ს რომელიმე ქვეყანასთან რომ ხდებოდეს, იგივე საფრანგეთი, ბრიტანეთი, თურქეთი ან პოლონეთი მაინც რომ იყოს რუსეთის წინაამღდეგ, უდავოდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა ამ ქვეყნების ტექნოლოგიური და ორგანიზაციული უპირატესობა. სამწუხაროდ, უკრაინას იგივე რუსული (საბჭოთა) ტიპის იარაღი, ტექნიკა და ორგანიცაზია გააჩნია, მხოლოდ უფრო ძველი, მოუვლელი და გაუმართავი.

 

რუსეთ-უკრაინის ომის შემთხვევაში, ძირითადი სამხედრო შეტაკებები, სავარაუდოდ, უკრაინისათვის სწრაფი და გარდაუვალი მარცხით დასრულდება, რაც  საშუალებას მისცემს რუსეთს, აღმოსავლეთ უკრაინის  რეგიონების დიდი ნაწილის ოკუპაცია მოახდინოს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა შეძლოს უკრაინის სრული ოკუპაცია. უკრაინის რიგ რეგიონებში, განსაკუთრებით, კიევსა და დასავლეთ უკრაინაში,  რუსეთს მოუწევს არაკონვენციური ომის წარმოება და, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც კი უჭირთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებთან ბრძოლა (საფრანგეთი და აშშ - ვიეტნამში, საბჭოთა კავშირი - ავღანეთში). ამ სახის ომს აგრესორის გარდაუვალი მარცხი მოყვება.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია