ნიკა ვაშაკიძე: “არ შეიძლება საქართველოში კიდევ ერთი რევოლუცია დავუშვათ”

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-05-2014, 18:11 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 1704

“ნათელია, რომ ამჟამინდელი პრემიერი და პრეზიდენტი ერთ პოლიტიკური გუნდად ვეღარ მოგვევლინებიან”

 

“რა გაკვეთილი გამოიტანა ხელისუფლებამ მწარე გამოცდილებიდან? არანაირი! იგივეს აკეთებენ. ჰოდა, იგივე შედეგს მიიღებენ”

 

“საქართველოს მოსახლეობა მიიღებს შეთავაზებას უნარიანი და ღირსეული პოლიტიკური ძალის სახით”

 

გეგა სილაგავა

 

“პრემიერის” კითხვებს დიპლომატმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ უპასუხა:

 

- მოგესალმებით, თუ ჩვენს დღევანდელობას გადავხედავთ ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება დარჩეს ადამიანს, როგორც ერთ სიმღერაშია - “იძირება გემი მაგრამ ყველაფერი რიგზეა...”

 

- ჯერჯერობით, ვირთხები გემზე არიან და ვნახოთ... ვირთხები, ხომ იცით, პირველები გარბიან...

 

- “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთი ისეთი სკანდალი მოხდა, რომელიც უმაღლეს ხელისუფალს თუ არა, შესაბამისი სფეროს პირველ პირს უეჭველი შეიწირავდა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ასეთი ფაქტები უხვად არის სხვადასხვა სფეროებში. ხელისუფლება ამ ფაქტებს უყრუებს, საზოგადოებას კი ავიწყდება. ანუ რასთან გვაქვს საქმე - ხელისუფლება თავხედობს თუ საზოგადოებაა უმწიფარი?

 

- როცა მოსახლეობის ნახევარზე მეტი ოცი წლის მანძილზე უმუშევარია, საზოგადოება შეუძლებელია, მოწიფული იყოს. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენს საზოგადოებაში, მაგალითად, უხვად არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც უკვე ორმოც წელს მიაღწიეს და პრაქტიკულად სამსახური ცხოვრებაში არ ღირსებიათ. ამას დაუმატეთ ის უამრავი ვნებათაღელვა, ომი და არეულობა, რაშიც ვცხოვრობთ და მიხვდებით, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დღევანდელი მდგომარეობა გასაკვირი არ უნდა იყოს. რაც შეეხება ხელისუფლებას, ისიც ხომ არ ჩამოსულა უცხო პლანეტიდან, - გარდა ერთი კაცისა, რომელიც უკვე გადადგა, სიმართლე გითხრათ, ის ისე მეტყველებს, ნამდვილად უცხოპლანეტელი მგონია, - ისიც სწორედ ამ აწეწილი საზოგადოების წიაღიდან არის გამოსული და შედეგიც სახეზეა.

 

- არ შემიძლია, არ გკითხოთ საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს მომხდარი რამდენიმე სკანდალის და მათი მიზეზების შესახებ. მარგველაშვილს არ მისცეს აეროპორტში ოლანდის დახვედრის უფლება, პრემიერმა უარი განაცხადა პრეზიდენტებთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე და პარალელურად მწიფდება სკანდალი ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერ პერსონასთან დაკავშირებით. ანუ რა ხდება ხელისუფლებაში და სანამ შეიძლება მივიდეს ეს დაპირისპირება?

 

- ეს მოვლენები, სამწუხაროდ, იმდენ და ისეთ სამარცხვინო ფაქტთან და ნიუანსთან არის დაკავშირებული, რომ ამაზე ლაპარაკიც კი არ მინდა. ვერა და ვერ დალაგდა ჩვენი პოლიტიკური რეალობა ისე, რომ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე შემთხვევითი ადამიანები არ ხვდებოდნენ. დროა, ჩვენი მაღალი რანგის პოლიტიკოსები შეეშვან ინფანტილურ თამაშებს, თორემ ეს სცენები უკვე საქვიშეში მოჩხუბარ ბავშვებს მაგონებს, ქვეყანას კი პრესტიჟის მკვეთრი დაცემით უბრუნდება ყველა აქედან გამომდინარე შედეგით. უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ამჟამინდელი პრემიერი და პრეზიდენტი ერთ პოლიტიკურ გუნდად ვეღარ მოგვევლინებიან. მათ შორის კონფრონტაცია კი უკვე სასაცილო და სახიფათო ფორმებს იღებს. ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა მოსთხოვოს მათ, გადავიდნენ კოაბიტაციის რეჟიმში. ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, მაინცდამაინც პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. დალაგდნენ რამენაირად ერთმანეთში და ეს ბავშვური კინკლაობა სააშკარაოზე ნუ გამოაქვთ.

 

- მოსმენების თემა განვიხილოთ საერთაშორისო სამართლისა და პრეცედენტების ჭრილში. მით უფრო, რომ ამ საზოგადოებისთვის აქტუალურ თემაზე კანონპროექტის განხილვისას უმრავლესობამ კვორუმიც ვერ მოაგროვა.

 

- მოგეხსენებათ, წინა მთავრობა აქტიურად აწარმოებდა მოსმენებს და ეს კეთდებოდა ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით. მერე და უშველა ამან? ხელისუფლება მაინც დაკარგეს. და მინდა გითხრათ, ამ პოლიტიკურ მარცხს მოსმენებმა ხელი კი არ შეუშალა, პირიქით, შეუწყო. ამას ორი მთავარი მიზეზი აქვს: 1. მოსმენებზე გადამეტებული კონცენტრირება აჩლუნგებს როგორც სპეცსამსახურებს, ასევე, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, აკარგვინებს მათ მაკროსურათის ხედვას და უკარგავს პოლიტიკურ ინტუიციას და 2. მოსმენების არსებობა საბოლოოდ მაინც ცნობილი ხდება მოსახლეობისთვის, რაც მის გასაგებ და დიდ გაღიზიანებას იწვევს და ეს, საბოლოო ჯამში, ხელისუფლებას პოლიტიკური მარცხით უბრუნდება. რა გაკვეთილი გამოიტანა დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ მწარე გამოცდილებიდან? არანაირი! იგივეს აკეთებენ. ჰოდა, იგივე შედეგს მიიღებენ.

 

- საქართველოს ხელისუფლებებს მუდამ ჰქონდათ პროტექციონიზმის, ნეპოტიზმისა და საკადრო პოლიტიკის სხვა სიმახინჯეების გამოვლინების ცდუნება. თუმცა ამ ხელისუფლებამ, ამ მხრივ, ყველა რეკორდი მოხსნა. რა მოვუხერხოთ ამ სიმახინჯეს?

 

- ამ სიმახინჯეს მხოლოდ მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიძლება მოევლოს. ეს ხელისუფლება ამას არ და ვერ გააკეთებს.

 

- თქვენ დაჟინებით აცხადებთ, რომ საქართველოს სჭირდება ტექნოკრატიული ხელისუფლება. მაგრამ იმ პოლიტიკური რუკის გათვალისწინებით, რაც დღეს საქართველოში გვაქვს, რაიმე სახით ხედავთ შესაძლებლობას, რომ ამ ქვეყანას პროფესიონალების ხელისუფლება ეღირსება?

 

- ასეთი ხალხი საჭირო რაოდენობით ქვეყანაში არსებობს. ამოცანა მდგომარეობს მათ კონსოლიდაციასა და ხელისუფლებაში მოყვანაში. ეს შეიძლება მოხერხდეს და შეიძლება ვერ მოხერხდეს. პირველ შემთხვევაში საქართველო გაიმარჯვებს, მეორე შემთხვევაში დამარცხდება. ეს ხალხი იწყებს კონსოლიდაციას და ისინი შეეცდებიან, უშველონ ქვეყანას. იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი ხალხი გადამწყვეტ მომენტში სწორ არჩევანს გააკეთებს და ვუსურვოთ ამ ადამიანებს წარმატება.

 

- 27 ივნისი - დათქმა უკვე არსებობს, მაგრამ წინ არის 25 მაისი, როდესაც უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და რომლის შემდეგაც, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსეთი ჩვენთვისაც მოიცლის. თუმცა ხელისუფლება აშკარად არ იმჩნევს მოსალოდნელ საფრთხეებს...

 

- დღევანდელი ხელისუფლება უინიციატივო, კონფორმისტ, ნაკლებად განვითარებულ, კარიერისტ და შემთხვევითი ადამიანების კრებულს წარმოადგენს, რომლებიც მისჩერებიან ერთ პატრონს, რომელმაც ფორმალურად მოიხსნა ყოველგვარი პასუხისმგებლობა და ვისგანაც ისინი დრო და დრო იღებენ მითითებებს. ეს არის ის პრიმიტიული და სავალალო სქემა, რომლის მიხედვითაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება არსებობს. დაუკვირდით კარგად ამ სქემას და თქვენს კითხვებზე პასუხს მიიღებთ.

 

- ის, რაც “ერს” აწუხებს, ნაკლებად ადარდებს “ბერს” - ამ შემთხვევაში ხელისუფლებას. შესაბამისად, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ანგარიში გაგვიწიონ?

 

- რამენაირად უნდა გავუძლოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საქართველოში კიდევ ერთი რევოლუცია დავუშვათ. სახელმწიფომ ამ გამოცდას შეიძლება ვეღარ გაუძლოს. როგორმე მშვიდად უნდა მივიდეთ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე და ავირჩიოთ ნორმალური ხელისუფლება. ამ დროისთვის საქართველოს მოსახლეობა მიიღებს შეთავაზებას უნარიანი და ღირსეული პოლიტიკური ძალის სახით.

 

გეგა სილაგავა, გაზეთი „პრემიერი“

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია