To Halt Putin Stand Closer

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
2-06-2014, 23:02 | პოლიტიკა | ნანახია - 1937

To Halt Putin Stand Closerთორნიკე შარაშენიძე

 

საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესაძლო ცვლილებაზე დავა ”ქართული ოცნების ” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო და დღემდე არ მორჩენილა. ამ დავაში ოპტიმისტები და კოალიციის მომხრეები ერთ მყარ არგუმენტს იშველიებენ მთავრობის პროდასავლურობის დასამტკიცებლად: მართალია, პარლამენტში ”ოცნების” სიით საკმაოდ ბევრი პრორუსი და ბევრი უბრალოდ ბნელი გავიდა, მაგრამ მადლობა ღმერთს ამ ხალხს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ აკარებენ (ეს ბოლო არგუმენტი პირადად მეც გამომიყენებია) და მთავრობაში ამინდს მაინც პროდასავლური ძალები ქმნიან. განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ საგარეო, თავდაცვისა და ნატოსთან ინტეგრაციის სფერო ე.წ. ალასანიას გუნდს აქვს ჩაბარებული, რომლის პროდასავლურობაშიც ეჭვს ვერავინ შეიტანს.

 

და მაინც ეჭვები გამოითქმებოდა ხოლმე. თუმცა, ეს ეჭვები სცდებოდა საგარეო კურსს. დასავლურ პრესაში მომრავლდა კრიტიკული სტატიები, რომელთა შინაარსი შემდეგ შეკითხვებამდე დადიოდა: რატომ იქცევა ასე საქართველოს მთავრობა? თუკი მას სურს ნამდვილი დემოკრატიის შექმნა და დასავლეთთან ინტეგრაცია, რატომ იყენებს არადემოკრატიულ მეთოდებს შიდა პოლიტიკაში, რატომ სდევნის ოპოზიციას და რატომ იყურება მუდმივად წარსულისაკენ?

 

მთავრობის პასუხი ამ შეკითხვებზე განუხრელად შემდეგი იყო: ეს ნაციონალების ფულით დაწერილი სტატიებია. მაგრამ ამგვარი პასუხი ალბათ მხოლოდ კოალიციის ბრმა თაყვანისცემლებს და უბრალოდ უვიცებს თუ დააკმაყოფილებს. ამ პასუხზე თავისუფლად შეიძლება ახალი შეკითხვა დასმა: თუ ასე იოლია დასავლეთში სტატიების შეკვეთა, მაშინ რატომ არ აკეთებს იგივეს კოალიცია, რომელსაც ფული ნამდვილად არ აკლია?

 

საქართველოს მოქალაქეებს ალბათ ურჩევნიათ კრიტიკაზე პასუხი იყოს არა დაკვეთილი სტატიები (მითუმეტეს, რომ დაკვეთასაც საზღვარი აქვს და აშკარა პროპაგანდას არცერთი თავმოყვარე გამოცემა არ დაბეჭდავს), არამედ გააზრებული და ქვეყნისათვის სასიკეთო პოლიტიკა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობის წევრები წამყვან გამოცემებში არ უნდა იბეჭდებოდნენ. რა თქმა უნდა, მათ უნდა წერონ, ოღონდ უნდა წერონ ქვეყნის ინტერესებზე და არა იმაზე, როგორ ”აწამებდა ნაცმოძრაობა 9 წელი ხალხს” და ა.შ. ეს წარსულია, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ სჭირდება - ობიექტური გამოძიება და ამით ყველანაირი სპეკულაციის დასრულება

 

სწორედ ამიტომ მისასალმებელია ამა წლის 29 მაისს ”უოლ სტრიტ ჯორნალში” გამოქვეყნებული ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის სტატია ”დაუახლოვდეთ საქართველო ნატოს თუკი გსურთ შეაჩეროთ პუტინი (To Halt Putin Bring Georgia Closer to NATO) სტატიის შინაარსი დაახლოებით ამგვარია: თუკი ახლა საქართველოს არ შესთავაზებენ ნატოსთან დაახლოების რეალურ მექანიზმს, პუტინი კიდევ უფრო მეტად გათამამდება და ისევ შეუქმნის პრობლემებს მსოფლიო მშვიდობას; საქართველო კი ნატოსთან დაახლოებისათვის ყველა სტანდარტს რომ აკმაყოფილებს ეს ყველამ ვიცით.

 

მე პირადად სტატიის პრაქტიკულად ყველა მოსაზრებას ვეთანხმები ერთის გარდა: ერთგან სახელმწიფო მინისტრი წერს შემდეგს: ”27 ივნისს საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რაც ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას შეუქცევადს გახდის. ახლა უკვე აშკარაა, რომ რუსეთისათვის საქართველო დაკარგულია (Georgia is something of a lost cause for Russia).” სამწუხაროდ არა მგონია, რომ  ასე იყოს. რუსეთს ბოლომდე ჯერ არ დაუკარგავს საქართველო და ყველას სწორედ ამის გვეშინია. სტატიის დანარჩენი ნაწილიც სწორედ ამაზე მეტყველებს მიმართავს რა იგი დასავლეთს დაიახლოვოს საქართველო. თუმცა, ეს ერთგვარი გაუმართაობა უფროა და იგი საბოლოო ჯამში სტატიას მის ღირსებასა და მთავარ დანიშნულებას არ უკარგავს. სათქმელი ნათქვამია და მეტად მკაფიოდაც.

 

სტატიას გაცილებით მეტ ჩრდილს აყენებს მის ქვემოთ გაკეთებული მინაწერი: აქ გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ ავტორისაა და შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოს მთავრობის მოსაზრებებს (The opinions expressed are solely those of the author and not necessarily those of the Georgian government).

 

ასეთ მინაწერთან დაკავშირებით არ შეიძლება არ ვიკითხოთ:

 

  1. 1. როგორ შეიძლება სახელმწიფო მინისტრის სტატია არ ასახავდეს მისი მთავრობის მოსაზრებებს?
  2. 2. თუ ჩავთვლით რომ მაინც შეიძლება, მაშინ სტატიაში გამოთქმულ რა მოსაზრებებს არ ეთანხმება საქართველოს მთავრობა?

 

რატომღაც ასე მგონია, რომ ეს არ უნდა იყოს ის მოსაზრება, რომელთანაც მეც მაქვს პრობლემა (რომ ”რუსეთისათვის საქართველო დაკარგულია”). ისევ და ისევ, ეს ფრაზა სტატიის ძირითად გზავნილსა და მოსაზრებას არანაირად არ ცვლის. მაშ რაშია საქმე? ნუთუ საქართველოს მთავრობაში (აწ უკვე მინისტრთა კაბინეტში და არა პარლამენტში, სადაც პრორუსულები საკმაოდ მრავლად არიან) არიან ისეთები ვინც არ ეთანხმებიან ამ სტატიის მთავარ მოსაზრებას.

 

და თუ მართლა ასეა - თუკი ე.წ. ალასანიას გუნდის პროდასავლურ პოზიციას მთავრობაში მავანი არ იზიარებს - მაშ რაღა ფასი აქვს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გაზეთში ასეთი სტატიის გამოქვეყნებას? ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი მშვენივრად ასაბუთებს ყველაფერს - არა მხოლოდ საქართველო იმსახურებს ნატოს, არამედ ნატოსა და დასავლეთსაც სჭირდება საქართველო, რომ აღარ განმეორდეს ყირიმი და კიდევ ერთხელ არ დადგეს თავდაყირა ევროპული უსაფრთხოება... მაგრამ სტატიის მინაწერში უეცრად ირკვევა რომ მინისტრს მთავრობაში შესაძლოა არ ეთანხმებოდნენ. ანუ, მთავრობაში მავანი ფიქრობს რომ საქართველო ნატოს არ უნდა დაუახლოვდეს? თანაც ეს მავანი ალბათ რიგითი მინისტრი არ უნდა იყოს...

 

მე როგორც ოპტიმისტი კიდევ ერთ ახსნას მოვძებნი. ე.წ. ალასანიას გუნდს მთავრობაში სრული მხარდაჭერა აქვს (ყოველ შემთხვევაში, როცა საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება). უბრალოდ, მთავრობაში კვლავაც ცდილობენ იპოვონ ”იდეალური ბალანსი” - დაუახლოვდნენ დასავლეთს და ამავე დროს არ გააღიზიანონ რუსეთი. ანუ, მთავრობამ როლები გაინაწილა - ე.წ. ალასანიას გუნდი ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოებაზე მუშაობს, ხოლო რომელიღაც სხვა გუნდი-ნაწილი კი რუსეთთან დამთბარ ურთიერთობებს უფრთხილდება. ისე აქ არ შეიძლება გავიხსენოთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ მოსკოვი შეაშფოთა ალასანიას განცხადებამ საქართველოში ნატოს თავდაცვითი სისტემების განთავსების თაობაზე.

 

პოლიტიკაში ჩახედულები მეტყვიან, რომ ჩემი ახსნა გულუბრყვილოა: სახელმწიფოს აქვს ერთი პოლიტიკური კურსი და მორჩა, რომ მთავრობა ერთ პოლიტიკურ კურსს უნდა ანხორციელებდეს და მორჩა, რომ თუკი მთავრობა ასეთ თამაშს იწყებს (რომ მთავრობის ნაწილი დასავლეთს ეფერება, ნაწილი კი რუსეთს), ეს თამაში განწირულია, მას დიდი დღე არა აქვს და საბოლოოდ მთავრობას არჩევანის გაკეთება და ერთიანი პოზიციის დაფიქსირება მოუწევს... მე ამაში დავეთანხმები. მაგრამ მეორე მხრივ რა ვუყოთ იმ უცნაურ მინაწერს? ასევე, მეორე მხრივ, ჩემთვის აშკარაა რუსეთის მცდელობა საქართველოს მთელი მთავრობიდან გამოყოს ალასანია და მთელი თავისი გულისწყრომა-შეშფოთება-აღშფოთება მისკენ მიმართოს. აშკარაა, რომ რუსეთშიც ჩათვალეს, რომ ალასანია მთავრობის პოზიციას არ გამოხატავდა. თუმცა აქ უკვე ოფიციალურ მოსკოვს საკმარისზე მეტი მიზეზი საქართველოს მთავრობამ მისცა, რომელმაც ალასანიას ცნობილი განცხადება საქართველოში „ნატოს“ თავდაცვითი სისტემების განთავსების თაობაზე გვარიანად გააკრიტიკა.    

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით ორ ვარაუდზე ჩამოვდივართ: ან მთავრობა ”იდეალური ბალანსის” თამაშს თამაშობს (რამდენადაც რთული და უპერსპექტივო არ უნდა იყოს ეს თამაში), ან ე.წ. ალასანიას გუნდს მთავრობაში პრობლემები აქვს (რაც რუსეთს ახარებს) და ეს პრობლემები უკვე პიროვნულ მომენტებს შეიძლება სცდებოდეს და საგარეო პოლიტიკურ კურსს ეხებოდეს.

 

აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ ძალიან კარგად მესმის რა რთულ მდგომარეობაშია მთავრობა. რუსეთი ახლა ძალიან საშიშია და მისგან გამორიცხული არაფერია. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მთავრობაში უნდა ხვდებოდნენ იმას, რომ რუსეთთან ურთიერთობაში მხოლოდ ორი გზა არსებობს - ან მიეტმასნო, დაუბრუნდე მისი გავლენის სფეროს და მიიღო მისი (არცთუ ისე სახარბიელო) განვითარების მოდელი, ან განვითარდე სწორად, გაძლიერდე, დაუახლოვდე დასავლეთს და ასე დაიცვა თავი რუსეთისგან მანამდე სანამ თავად ისიც ბოლოსდაბოლოს დასავლეთთან დაახლოებას გადაწყვეტს.

 

რაც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ არაა საჭირო რუსეთის გაღიზიანება (დიახ, ნამდვილად არ არის საჭირო გაღიზიანება უმიზნო და ფუჭი განცხადებებით), რომ საჭიროა რუსეთთან დიალოგი (დიახ, მე პირადად ვარ ჩართული ასეთ დიალოგებში), საბოლოო ჯამში არჩევანი მაინც ესაა და ყველაფერი აქამდე დადის.

 

ასე რომ ვუსურვებ მთავრობას ხშირად აქვეყნონ ასეთი ხასიათის სტატიები, ოღონდ ამ არჩევანის საკითხი კარგად ჰქონდეთ გააზრებული. ისიც კარგად ჰქონდეთ გააზრებული, რომ მთავრობა ერთიანი გუნდი უნდა იყოს თუკი რაიმეს მიღწევა სურს, მითუმეტეს თუკი მას მეტად რთული ამოცანები აქვს გადასაჭრელი.

 

ამაზე უფრო ღრმად სპეკულაციებში არ მინდა შევიდე. მაგრამ მინდა გავიხსენო ერთი საინტერესო ქეისი სახელმწიფო პოლიტიკის სტუდენტებისათვის: თუკი მთავრობა ცუდია, რა უნდა ქნას წესიერმა ადამიანმა - ებრძოლოს ამ მთავრობას გარედან, თუ იმუშაოს ამ მთავრობაში და ამგვარი გზით შეეცადოს, რომ მას კარგი საქმეები გააკეთებინოს?

 

იმედია, ეს ქეისი ჩვენს მთავრობაში არავის დაუდგება... 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია