ძალაუფლებით აბსოლუტური გარყვნის ქრონიკა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
2-06-2014, 23:38 | წიგნები | ნანახია - 4230

ძალაუფლებით აბსოლუტური გარყვნის ქრონიკამამუკა კუდავა

 

გაპრემიერებისას ირაკლი ღარიბაშვილისთვის ერთ ჟურნალისტს უთქვამს, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი თქვენ კი არა, კანდიდ ჩარკვიანი იყოო. და დაუზუსტებია - ირაკლი ჩარკვიანის ბაბუაო. „ინტერვიუ მამასთან“ წიგნის ავტორმა, გელა ჩარკვიანმა, ხუმრობით მითხრა: „ირაკლი კი უყვარდა მამაჩემს, მაგრამ საკუთარ თავზე ასეთი დეფინიცია რომ გაეგო, გაგიჟდებოდაო“.

 

განათლებით სამშენებლო ინჟინერი, ჟურნალისტი და კარგი მწერალი 31 წლის კანდიდი კომუნისტური საქართველოს მეთაურს ბერიას ცვლის 1938 წელს. თან შემთხვევით - სტალინს მისი ნაწერი მოეწონა და გვარმაც დადებითი ასოციაცია აღუძრა. სოსელოს ხომ ქართულად და რუსულად წერა-კითხვა კოტე ჩარკვიანმა ასწავლა გორში.

 

სტალინის, ბერიას და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 14 წლის განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელობა მთელი ეპოქაა. გერონტი ქიქოძე კანდიდ ჩარკვიანს ერთერთ ყველაზე რაიონალურ, საქმიან, დაბალანსებულ და მოკრძალებულ მეთაურად მოიხსენიებს.

 

კანდიდ ჩარკვიანის პირველი მდივნობას უკავშირდება ორი ძირითადი განვითარება:

 

  1. 1. საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ინდუსტრიალიზაცია. განხორციელდა მეგა-პროექტები - რუსთავის მეტალურგიული და ქუთაისის მანქანათმშენებლობის ქარხნები, თბილისის ზღვის და თბილისის მეტროს პროექტები, თბილისის წყალსაცავი, ვაკის პარკი და სხვ.
  2. 2. ეროვნული იდენტობის გაძლიერება. შექმნა მეცნიერებათა აკადემია. სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, პოლიტიკური ელიტა შვილებს ქართულ სკოლაში უშვებდა და სხვ.

 

კომუნისტური საქართველოს ისტორიის პირველი დეკადები ბუნებრივი მიზეზების გამო ხელახალ და ღრმა შესწავლას საჭიროებს. მჟავანაძის შემდეგ უმაღლეს პოსტზე ყველაზე ხანგრძლივად მყოფი ქართველი ლიდერის პირადი მონათხრობი ამ მხრივ მეტად გამოადგება მკვლევარებს, ისევე როგორც საინტერესო იქნება ფართო პუბლიკისთვის.

რასაკვირველია, ჩარკვიანს სტალინი უდიდეს მოღვაწედ მიაჩნდა, რაც წიგნშიც სათანადოდ ასახულია ზოგადი შეფასებებისა თუ ბელადთან რამდენიმე პირადი შეხვედრის საფუძველზე. თუმცა, ეს წიგნი არც სადღეგრძელოა და არც დიატრიბა სტალინის მიმართ. როგორც ბ-ნი გელა აღნიშნავს, კანდიდ ჩარკვიანი ასევე ხედავდა იმ ცუდ ტენდენციებსაც, რომელიც განსაკუთრებით სტალინის სიცოცხლის ბოლო წლებში აშკარა გახდა: ყველა დიქტატორი ბოლოს მარტოსული ხდება და იოსებ ბესარიონის ძეც საშინლად ეჭვიანი გახდა.

 

ერთერთ ასეთ ეჭვიანობას გადაყვა კანდიდ ჩარკვიანის კარიერაც - ის ე.წ. „მეგრელთა საქმეს“ შეეწირა. ყველაზე მეტად გავრცელებული მოსაზრებით, ეს ქეისი უკავშირდებოდა სტალინის მიერ ბერიას დაპტიმრება-მოშორების სურვილს. არადა, ბერია მისი უერთგულესი თანამებრძოლი იყო. მიუხედავად ამისა, ბელადის სიბერემ და დიქტატორის უსაზღვრო პარანოიამ ბერიაც კი არ დაინდო. კომპარტიის პირველი მდივანი ჩარკვიანი იღბლიანი აღმოჩნდა - ის გაათავისუფლეს და არა მოხსნეს, რაც მაშინდელ რეალობაში სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავდა. თუმცა მას კიდევ ორი გადარჩენა ელოდა: სტალინის სიკვდილის შემდეგ „მეგრელთა საქმე“ გაუქმდა და შესაბამისად მისი შესაძლო ბრალეულობა გაქრა. თუმცა, ამჯერად ის უკვე ბერიას მსხვერპლი შეიძლებოდა გამხდარიყო, რომელმაც საბჭოეთის დე ფაქტო ლიდერობა ჩაიგდო ხელში. მას ბედმა კვლავ გაუღიმა - კარგ პირობებში მაგრამ მაინც ტაშკენტში ბერიას მიერ გადასახლებულმა მშენებელმა ლავრენტი პავლოვიჩის დაპატიმრების შესახებ გაიგო.

 

წიგნის სხვა საინტერესო მომენტები უკავშირდება იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას: საქართველოს საზღვრები (საინგილო, ქლუხორი), აფხაზეთის ნაციონალიზმი, 1944-ში სამხრეთ საქართველოდან ხალხის დეპორტაცია შუა აზიაში, ომში ქართველთა მონაწილეობა, ვაჟა-ფშაველას ენით უკმაყოფილო სტალინის დირექტივით მისი შემოქმედების შეკვეცა, ექვთიმე თაყაიშვილის ეროვნული საგანძური და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა.

 

ყველა ამ პერიპეტიის აღწერა თვითმხილველისგან უსაზღვროდ საინტერესოა. იმდენადაც კი, რომ ამ დოკუმენტური ისტორიის კითხვისას ხშირად თავს პოლიტიკურ ტრილერში ან აბსოლუტური ძალაუფლებით აბსოლუტურად გარყვნილ ხელისუფალთა ტრაგიკომედიაში დააფიქსირებთ.

 

ამის დასადასტურებლად მხოლოდ ერთი მაგალითი იკმარებს წიგნიდან - ნამდვილი ამბავი სტალინის შეხვედრისა სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილთან. სხვათა შორის, ეს თემა კვლავაც აქტუალურია დღევანდელ საქართველოში. კანდიდ ჩარკვიანი - „სტალინმა ბევრი ილაპარაკა რომის ისტორიაზე, განსაკუთრებით იმპერატორების ცხოვრებაზე... ხშირად ლაპარაკობდა კორნელიუს სულას შესახებ. სწორედ სულაზე ვუთხარი ერთხელ, რომ როცა ის სენატში გამოვიდა, თქვა, რომ პოლიტიკას თავს ანებებდა და მიდიოდა თავის ვილაში და თუ ვინმეს ჰქონდა ანგარიში მის წინააღმდეგ, იქვე უნდა წამოეყენებინა მისთვის. ვერავინ ვერაფერი უთხრა, ადგა სულა და წავიდა. გაიცინა სტალინმა, კი წავიდა, მაგრამ ეს სულ ასე არ იყოო. იქიდან, იმ თავისი ვილიდან რომს მაინც სულა მართავდაო. მე რომ ვუთხარი ეს სტალინს, მერე კი ვიფიქრე, რატომ ვუთხარი-მეთქი, მაგრამ გვიან იყო.“ 

 

(გელა ჩარკვიანი, „ინტერვიუ მამასთან“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2013. კანდიდ ჩარკვიანი სტალინის, ბერიას და გვიანდელი სტალინური ეპოქის საქართველოს შესახებ)

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია