ორიოდ სიტყვა “მორფიანი პაპიროსის” მხარდასაჭერად

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
4-06-2014, 12:43 | კომენტარები | ნანახია - 1572

ორიოდ სიტყვა “მორფიანი პაპიროსის” მხარდასაჭერადმამუკა გამყრელიძე

 

 რამდენიმე დღის უკან თბილისში, კანცელარიის წინ, ხალხმრავალი აქცია ჩატარდა. აქციის მიზანი კანაბისის ანუ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია გახლდათ. აქციას თქვენი მონამორჩილიც დაესწრო და სურვილი გაუჩნდა თავისი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები მოგახსენოთ.

   დავიწყოთ იმით, რომ აქციას 2000-მდე ადამიანი ესწრებოდა, რაც თბილისის მასშტაბით საზოგადოების დიდ აქტივობაზე მეტყველებს. უფრო მეტი მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებული და რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხის მეშვეობით გროვდება. აქ კი ყველა საკუთარი სურვილით და პერსონალური პოზიციის დასაფიქსირებლად მოვიდა. სწორედ ამიტომაც საზოგადოების ასეთი სიჭრელეს ძნელად თუ სადმე იხილავდით. სრულიად განსხვავებული თაობების, შეხედულების, კულტურის, მრწამსის, სოციალური წარმოშობისა და შემოსავლების მქონე ადამიანი შეიკრიბა ერთ სივრცეში. თავად მე მეგობართან ერთად ოფიციალური მიღებიდან კოსტუმში გამოწყობილი მივედი. გვერდით დრედებიანი ახალგაზრდები იდგნენ. იქვე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების სახეები რაღაცაზე საუბრობდნენ. შავ ტანსაცმლიანი და “რეიბანებიანი” ახალგაზრდები ველოსიპედზე ამხედრებულ ცნობილ მუსიკათმცოდნეს უმშვენებდნენ გვერდს. სახელდახელო ტრიბუნაზე კამერული კვარტეტი კლასიკურ მუსიკას უკრავდა. რაღა ბევრი გავაგრძელო და ეს იყო სწორედ ნამდვილი ქართული საზოგადოების ეკლექტიკური სახე. სწორედ ასეთ აქციებზე უნდა მობრძანდნენ პატივცემული პოლიტიკოსები, რომ მიხვდენენ ხალხის სურვილს, ტკივილსა თუ მოთხოვნას. სამწუხაროა, რომ ნაციონალების ამ შეცდომას მოქმედი ხელისუფლებაც იმეორებს და ზოგიერთი ოდიოზური ფიგურა ამ ხალხს “პომპონჩიკებიან ლიბერალებს” უწოდებს. აღდგომა და ხვალეო, მაგასაც ვნახავთ ამით რას მოიმკიან.

   მიზეზი, რამაც ეს ხალხი ქუჩაში გამოიყვანა ყველასათვის კარგადაა ცნობილი. კანონის დანაშაულთან არაადექვატურობა. კანაბისის მოწევა ადამიანის მრავალწლიანი პატიმრობით ისჯება. ქუჩაში, დღისით მზისით, ადამიანს, რომელსაც თქვენთვის არაფერი დაუშავებია, მაგრამ არ გესიმპათიურებათ, შეგიძლიათ თავი გაუხეთქოთ ბლაგვი საგნით, და ამაზე სასჯელი ბევრად ნაკლები იქნება ვიდრე მარიხუანის მოწევაზე. დამეთანხმეთ, სრული შეუსაბამობაა, როცა ადამიანზე თავდასხმა და მისი ცემა ნაკლები დანაშაულია, ვიდრე მარიხუანის მოწევით გამოწვეული  გამოჩერჩეტებული სახით ჯდომა და უაზრო სიცილი. არც ის არგუმენტებია რელევანტური, როცა გაიძახიან კანაბისის მოხმარებას აუცილებლად მძიმე ნარკოტიკებამდე მიყავს ადამიანიო და არც ის, რომ მარიხუანა გენოფონდს გაგვინადგურებს. არა ბატონებო, გენოფონდს ანადგურებს ზომა-წონის უცოდინრობა, რაც სამწუხაროდ ქართველებს საზოგადოდ გვახასიათებს. ღვინისა და არყის უზომოდ მოხმარება არ ვნებს ჯანმრთელობას და არაა საშიში საზოგადოებისათვის? ერთი შეხედვით უვნებელი ხინკლებითა და ქაბაბებით, ტორტითა და ეკლერებით თუ უზომოდ ამოიყორავთ მუცელს ეგ იქნება ზუსტად გენოფონდს რომ გაგინადგურებთ, რადგან სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის მომატებას გამოიწვევს, ეს კი ინფარქტისა და ჰიპოგლიკემიური კომის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომ უნდა ავკრძალოთ სასმელიც და საჭმელიც? ზომიერებაა ბატონებო მთავარი და არა უაზრო აკრძალვები!

   მოდი უცხოეთის გამოცდილებასაც გადავხედოთ. ჰოლანდიის მაგალითი სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ დავინახოთ. არაფერი ტრაგიკული კანაბისის მოხმარებაში არ არის. პირიქით, ბიუჯეტისათვის ფრიად სერიოზული შემოსავლის წყაროც კია მარიხუანის ლეგალური გაყიდვა. ამერიკის შეერთებული შტატების 20 შტატში მარიხუანის სამედიცინო მიზნებით მოხმარებაა დაშვებული და ეს მართლაც ჰუმანურია, რადგან ონკოლოგიით დაავადებულ ავადმყოფებს კანაბისის მოწევა შვებას გვრის. 2012 წელს ამერიკის ორ შტატში, ვაშინგტონსა და კოლორადოში, კანაბისის საზოგადოდ მოყვანა-მოხმარებაც დაუშვეს 21 წლის ასაკს მიღწეული ადამიანებისათვის. კოლორადოში უფრო შორს წავიდნენ და 2014 წლიდან ამ შტატში მარიხუანის გაყიდვა ლეგალიზებულია სპეციალური ლიცენზიის ქონის შემთხვევაში. მკითხველს თავს არ შევაწყენ ციფრების მოყვანით, ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ კოლორადოს მთავრობა კანაბისის გაყიდვით, წლის ბოლოს 70 მილიონი აშშ დოლარის მიღებას გეგმავს. თუმცა მთავარი აქ შემოსავლები კი არა, იმ არალეგალური ბაზრის მოსპობაა, რომელიც კრიმინალების ხელში იყო და ახლა მთავრობის მიერ რეგულირდება, ეს კი ავტომატურად დამნაშავეობის შემცირებას იწვევს.

   მე კი მინდა გითხრათ, რომ ჩემი 2 ივნისის აქციაზე მისვლის მიზანი მარიხუანის სიყვარული არ გახლდათ. სიგარეტსაც არ ვეწევი არათუ მარიხუანას. მე იქ სისხლის სამართლის კოდექსის ძირეული გადახედვის აუცილებლობამ მიმიყვანა. ყოფილი პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული ნულოვანი ტოლერანტობა სამწუხაროდ ნებისმიერი დანაშაულის წინააღმდეგ ჯვაროსნულ ომად იქცა. გამკაცრდა სისხლის სამართლის კანონი და ციხეები პატიმრებით ამოივსო. ამის მიზეზი კი სამართალდამცავების, მოსამართლეებისა და დეპუტატების საქართველოსათვის ჩვეული, საკითხისადმი ფორმალური დამოკიდებულება და მაამებლობა იყო. “ხაზეინმა” თქვა ჩვენ უნდა შევასრულოთ. რამდენი სიცოცხლე შეიწირა და გაამწარა ამ უმსგავსობამ ვინ დათვლის? ფორმალურად კი უდანაშაულო ციხეში არავინ იყო. პატარა დანაშაულს ყოველთვის უპოვი ადამიანს. “ქართული ოცნება” სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა და სამწუხაროდ სრულიად გაუაზრებელი და არაპროფესიული ნაბიჯი გადადგა. ციხეებიდან 17 000 პატიმარი გამოუშვა მათი საქმეების შესწავლის გარეშე. არავინ დაინტერესდა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმით. არავინ შეიწუხა თავი მათი სოციალური ადაპტაციით და საზოგადოებაში ინტეგრაციით. შედეგად მივიღეთ ნარკომანიისა და დამნაშავეობის ზრდა, რომელსაც უნიათო ხელისუფლება ჯიუტად არ იმჩნევს.

   მთავარი კი კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაა! არ შეიძლება ადამიანი ერთი შეკვრა შეშისა თუ მეზობლისათვის მურაბის მოპარვისათვის ციხეში მრავალი წლით გამოამწყვდიო. და ამის უამრავი ფაქტი იყო. არ შეიძლება ადამიანი ეკონომიკური დანაშაულისა და ყაჩაღობისათვის ერთნაირად დასაჯო. მოქმედმა ხელისუფლებამ არა თუ არ გაითვალისწინა წინა ხელისუფლების შეცდომები, არამედ არაფერი შეცვალა და პირიქით, სათავისოდ მოირგო კანონი. მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა გახლავთ პირველი ნაბიჯი საზოგადოების უმთავრესი მოთხოვნის, კანონიერი სახელმწიფოს შექმნისაკენ. იმისათვის, რომ გვქონდეს ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა საზოგადოება უნდა იცავდეს კანონებს, მაგრამ კანონებს არა დრაკონულს, არამედ ადექვატურს დანაშაულისა.

P.S. ამ ხელისუფლების დამსახურების აღსანიშნავად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ თემაზე ღიად ვსაუბრობთ და კანცელარიის წინაც მშვიდად ვიკრიბებით. და ნურავის დაავიწყდება, რომ ლიბერალიზაციის პროცესის ზომიერებაც საჭიროა და მონიტორინგი სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა დაგვრჩა გასავლელი.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია