რა შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს სინამდვილეში - ოღონდ, არა თეორიულად

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
5-06-2014, 23:46 | პოლიტიკა | ნანახია - 3638

ნიკა რურუა

 

ცოტა არ იყოს დამღალა და გამაღიზიანა ამდენმა მარჩიელობამ თუ ვინ მოაწერს ხელს - პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი - ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. სწორედ ამან გადამაწყვეტინა ამ მოკლე წერილის თქვენთვის შემოთავაზება, რადგან შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი პრესისა და საზოგადოების უმრავლესობა მდარე ხარისხის ‘საპნის ოპერად’ უყვარს ყველა საკითხისა და სიტუაციის გადაქცევა, მიუხედავად ამ უკანასკნელის მნიშვნელოვანებისა თუ სერიოზულობის.

 

უდაოა, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფაქტია ბევრად უფრო იმაზე მნიშვნელოვანი, თუ კონკრეტულად ჩვენი სახელმწიფოს რომელი თანამდებობის პირი მოაწერს ამ ისტორიულ დოკუმენტს. მიუხედავად ამისა, არ ცხრება ინსინუაციები იმაზე, თუ კონკრეტულად ვინ - გ. მარგველაშვილი, თუ ი. ღარიბაშვილი გაემგზავრება ამ მისიის შესასრულებლად; საქმეში ჩაუხედავ დამკვირვებელს მთელი ამ მითქმა-მოთქმის შედეგად შესაძლოა მოეჩვენოს, რომ რომელიღაც მათგანის ხელმოწერა უფრო ხელმოწერაა ვიდრე მეორის.

 

ასეთი დამკვირვებელი უნდა განვხიბლო - ერთისა და მეორის ხელმოწერაც ამ დოკუმენტზე ერთგვარი ფასის მქონეა, და ევროპის კავშირისათვის სრულიად სულერთია ხელს საქართველოს პრეზიდენტი, თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოაწერს. მაგრამ მაინც - ამ თანასწორობაში “ზოგი მაინც უფრო თანასწორია, ვიდრე სხვა თანასწორები”.

 

უდაოა, რომ საქმე ძალაუფლებისა გაყოფისა და ეგოების შეჯახებასთან გვაქვს. ეს ბუნებრივიცაა - პოლიტიკა ხშირად (სამწუხაროდ) მხოლოდ ამითაა დაკავებული. სწორედ ამიტომ არსებობს ამ შეურიგებელი ძიძგილაობის არაორაზროვნად გადაჭრის მექანიზმი ნებისმიერ დემოკრატიაში, და მას კონსტიტუცია ეწოდება.

 

კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის უზენასი კანონი, მკაფიოდ და ზოგჯერ ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს ძალაუფლების დანაწევრების, დაყოფისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობების სიგრძე-სიგანეს: როგორც ვადებს, ისე უფლებამოსილებებს. ის სწორედ ისეა დაწერილი, ყოველ შემთხვევაში დემოკრატიული სახელმწიფოების შემთხვევაში, რომ ერთის ამბიციას მეორის ამბიციას უპირისპირებს და ეგოთა ამგვარ ჭიდილში ძალაუფლების რომელიმე ერთი განშტოების მიერ უზურპაციას გამორიცხავს. ეს უკანასკნელი კი თავისუფლების შენარჩუნებისათვის SINE QUA NON-ს (სრულიად აუცილებელ პირობას) წარმოადგენს.

 

მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუცია არაორაზროვნად და არაბუნდოვნად აცხადებს, რომ ესა თუ ის უფლებამოსილება ეკუთვნის რომელიღაც კონკრეტულ ხელისუფალს, მაშინ კონკურენტ ეგოებს სხვა აღარაფერი რჩებათ, რომ ძალაუფლების განაწილების ამ დირექტივას დაემორჩილონ და დიდი რაოდენობით ცივი წყალი მიირთვან. ეს კარგი იქნება როგორც პირადად მათთვის, ისე სამართლებრივი სახელმწიფოს შენარჩუნებისთვის.


ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი საქართველოს კონსტიტუცია ნათლად და არაორაზროვნად ამბობს რომ “საქართველოს პრეზიდენტი: მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს..”.

მუხლი 73, საქართველოს კონსტიტუცია.

 

უდაოა, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება საკუთარი არსით და ფორმით ე.წ. საერთაშორისო ხელშეკრულებაა ამ ტერმინის სრული მნიშვნელობით. აქედან გამომდინარე, ამ დოკუმენტზე ხელმომწერი კი ცალხასად უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი, ანუ გიორგი მარგველაშვილი, რომელიც არა მხოლოდ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია ასე მოიქცეს, ამ უფლების ყველანაირი გადაბარება-გადმობარების გარეშე.

 

და საერთოდ - დროა წერტილი დაესვას მითს იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტს თითქმის აღარანაირი ძალაუფლება არ გააჩნია ახალი კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად. ეს სიმართლისგან ისევეა დაშორებული, როგორცაა დაშორებული ერთმანეთისგან ‘ანდრომედა ნებულა’ და ვთქვათ, ლილოს ბაზრობა.

 

ორიოდ სიტყვით რომ ჩამოვთვალოთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება-ვალდებულებები, უმეცარიც კი მიხვდება, რომ საქმე არა ცერემონიალურ პოსტთან, არამედ ძალზე სერიოზულ პოლიტიკურ თანამდებობასთან აქვს; თვითონ განსაჯეთ - საქართველოს პრეზიდენტი სხვა უფლებებთან ერთად: არის პირდაპირი და საყოველთაო არჩევნებით არჩეული უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირი.

(საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 70) - ანუ უდიდესი ლეგიტიმურობის მქონე პოლიტიკური ფიგურა. ასევე, საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი (მუხლი 69); აგრეთვე სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი (მუხლი 69); პირი, ვისაც, სხვა მრავალ უფლებასთან ერთად, ძალუძს მსჯავრდებულთა შეწყალება, და პარლამენტის დათხოვნა კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში (მუხლი 73); ის არის პირი, ვისაც საკუთარი ინიციატივით შეუძლია რეფერენდუმის დანიშვნა (მუხლი 74); და ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუვალია, ვისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა თანამდებობაზე ყოფნის დროს, შეუძლებელია. (მუხლი 75).

 

ამგვარად, თუ მხოლოდ ამ მოყვანილ უფლებებს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ მითი პრეზიდენტის ‘უუფლებობის’ შესახებ ძლიერ გადაჭარბებულია, მაგრამ ამ მითქმა-მოთქმისთვის წერტილის დასმას მხოლოდ ერთი ადამიანი თუ შეძლებს - ეს თვითონ საქართველოს პრეზიდენტია.

 

სამწუხაროდ, აქამდე ის ზედმეტად ‘თავმდაბალია’ და სწორედ აქედან გამომდინარეობს ის უაზრო სპეკულაციები, რომელიც ამ თანამდებობის უფლება-მოვალეობების გარშემო გვესმის ხოლმე.

 

დროა საქართველოს პრეზიდენტი განთავისუფლდეს ყველანაირი კომპლექსებისგან, რომ ის “ვიღაცის დასმული” პრეზიდენტია და თამამად გამოიყენოს საკუთარი კონსიტუციური უფლებები. ეს არა მას, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტს - და შესაბამისად საქართველოს დემოკრატიას - ესაჭიროება. დროა მოვეშვათ თეიმურაზ ხევისთავობას, და ჯაყოიზმის ყველა გამოვლინებას საკადრისი პასუხი გავცეთ; მეტადრე მაშინ, თუ ამას კონსტიტუცია, ანუ ქვეყნის უზენაესი კანონი გვავალებს.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია