უკრაინა: ღირსების რევოლუცია გრძელდება

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
8-06-2014, 17:14 | მსოფლიო | ნანახია - 1210

პრეზიდენტი ოჯახის კონტროლქვეშ

 

რაულ ჩილაჩავა

კიევი

 

ახალი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინაგურაციით უკრაინული „ღირსების რევოლუციის“ პირველი ფაზა ფორმალურად დასრულდა. ვადამდელი არჩევნების შედეგად ხალხმა პირველსავე ტურში დაასახელა თავისი ახალი ლიდერი, რომელსაც უახლეს ხანში ურთულესი პრობლემები აქვს გადასაჭრელი.  დიდ პოლიტიკაში იგი მოდის შეკვეცილი საპრეზიდენტო უფლებებით და თანაც იმ დროს, როცა ოკუპირებულია ყირიმი, ცეცხლშია გახვეული დონბასი, უმოქმედოა უზენაესი რადა, მოშლილია სახელმწიფო მართვის სისტემა, ცარიელია ხაზინა. ხმების იმ 55 პროცენტი, რომელიც მან არჩევნებზე მოაგროვა, ეკუთვნის არა მარტო მის მომხრეებს, არამედ მათაც, ვისაც სძულს იანუკოვიჩი, პუტინი, კომუნისტები, რეგიონები, კორუფცია. პეტრო პოროშენკო ამჟამად უკრაინელთა იმედების სიმბოლოა და  ამიტომ მას მოუწევს შინაურ თუ გარეშე ოპონენტებთან საჭირო ბალანსის შესანარჩუნებლად საკუთარი დიპლომატიური ნიჭის მთელი სისავსით გამოვლენა. პეტრო პოროშენკო პირველი ლეგალური მილიარდერია უკრაინის ყოფილ და ახლანდელ ხელისუფალთა შორის და იაროსლავ ბრძენის, ბოგდან ხმელნიცკის, ივან მაზეპასა და მიხეილ გრუშევსკის შემდეგ ყველა განათლებულ მმართველად მიიჩნევა. ოთხი შვილის მამას თვითონაც მამა ცოცხალი ჰყავს, რომელიც უკრაინის გმირია და ჯერ კიდევ განაგრძობს სამეურნეო საქმიანობას. ალექსი პოროშენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ყოველი ნაბიჯი ოჯახის მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება, რათა მან რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვას და მისთვის გამოცხადებული დიდი ნდობა გაამართლოს.როგორც საღამოსთვის გახდა ცნობილი, პრეზიდენტის კონტროლიორთა რიცხვი გაიზარდა: ამ ღირსსახსოვარ დღეს მას შვილიშვილი შეეძინა.

 

ინაგურაცია

 

რაც შეეხება თვით ინაგურაციას, იგი ტრადიციულად უზენაეს რადაში ჩატარდა, რომელსაც სამოცი ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია და ოცამდე სახელმწიფოს მეთაური, მათ შორის საქართველოს ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტებიც  დაესწრნენ. თავის საპროგრამო გამოსვლაში პეტრო პოროშენკომ უკრაინის, მთელი მსოფლიოსა და თვით რუსეთის გასაგონადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გაახმოვანა: საპარლამენტო-საპრეზიდენტო მოდელი საუკეთესოა არსებულთა შორის და იგი არ აპირებს გადაჭარბებული უფლებამოსილებების მოთხოვნას;  ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინული;  უკრაინა დარჩება უნიტარულ სახელმწიფოდ; მისი უპირველესი მიზანია: მშვიდობის დამყარება, კორუფციასთან ბრძოლა და ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. „მე უკვე ხელთა მაქვს კალამი და მზად ვარ ასოცირების ეკონომიკურ ნაწილს დღესვე მოვაწერო ხელი“, - მიმართა მან ჰერმან ვან რომპეის და სხვა ევროპელ ლიდერებს. პეტრო პოროშენკომ დამსწრეთ  შეახსენა, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან უკრაინის მოქალაქეები მიიღებენ ევროპასთან უვიზო რეჟიმს. „არავისა აქვს უფლება, ვეტო დაადოს უკრაინელი ხალხის ნებას იყოს ევროკავშირის წევრი“, - თქვა პრეზიდენტმა. დარბაზი ფეხზე ადგომითა და ტაშით მიესალმა ამ წინადადებას.  თავისი გამოსვლის ნაწილი მან წარმოთქვა რუსულად, რაც გამიზნული იყო დონბასისა და საერთოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინისთვის. „მშვიდობა, უსაფრთხოება, ერთობა, ადგილობრივ თავისებურებათა პატივისცემა და რუსულის, როგორც რეგიონული ენის, სტატუსი“, - აი რა შესთავაზა პოროშენკომ ამ მხარეებში მცხოვრებ თანამემამულეებს. საინტერესოა ისიც, რომ ჯერ კიდევ ინაგურაციამდე ქვეყნის ახალმა მეთაურმა შენიშნა: უკრაინისთვის განვითარების მოდელი იქნება პოლონეთი, რომლის ეკონომიკა ამჟამად სამჯერ დიდია, ვიდრე უკრაინისა, თუმცა ოთხმოციანი წლების მიწურულს პირიქით იყო. უკრაინის მთავრობის მთავარ მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში კი ლეგენდარული ლეშეკ ბალცეროვიჩი მოიაზრება, რომლის განცხადებითაც კრიზისისგან თავის დასაღწევად უკრაინას შოკური თერაპია წესით არ უნდა დასჭირდეს. თუმცა ყველაფერი გაირკვევა გზადაგზა, რეფორმების მსვლელობასთან ერთად.

 

არჩევნებიდან არჩევნებისკენ?

 

უნდა ითქვას, რომ უკრაინის ამჟამინდელი საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე პატიოსანი, გამჭვირვალე და სამართლიანი გამოდგა. სამი თვის მანძილზე ქვეყანამ მოახერხა  არა მარტო დამშვიდობებოდა თავის ძველ, დრომოჭმულ, თავით ფეხებამდე კორუმპირებულ ხელისუფლებას, არამედ გამკლავებოდა მტაცებელი მეზობლის აგრესიას და ახალი მესაჭეც აერჩია. საარჩევნო მარათონში იულია ტიმოშენკო  მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა ლიდერს ქულათა დიდი სხვაობით ჩამორჩა. ჯერ-ჯერობით იგი თავდაჭერილად იქცევა, თოკავს ემოციებს, არ იმეორებს ოთხი წლის წინანდელ ისტერიკებს,  რომლებიც ციხეში ჯდომის ფასად დაუჯდა. ამჟამად მან სხვა ტაქტიკა არჩია, თუმცა ეჭვს არ იწვევს მისი ოპოზიციური გეგმები, რაც საქმისთვის აუცილებელიც კია. ინაგურაციაზე  იგი კვლავ თავისი განთქმული ნაწნავით მოგვევლინა, თუმცა ამასწინათ  სულ სხვა ვარცხნილობა ჰქონდა. არჩევნების ერთ-ერთ სიურპრიზად იქცარადიკალური პარტიის ლიდერის ოლეგ ლიაშკოს მესამე ადგილზე გასვლა. მისი გაბედული, თუმცა ხშირად პოპულისტური გამოსვლები რადაში, ასევე მართლაც უშიშარი მოქმედება სეპარატისტებთან დაპირისპირების ზონაში ელექტორატს შეუმჩნეველი არ დარჩენია და თავისი აქტიური მხარდაჭერით მომავალ პარლამენტში პარტიულ თანამებრძოლებთან ერთად შემოსვლა გაუნაღდა (ახლა იქ იგი მარტოა). ამჟამად საერთოდ ბევრს ლაპარაკობენ რადის ვადამდელ არჩევნებზე, რომლის ახლანდელი შემადგენლობა რეგიონალებისა და კომუნისტების მიერ სრულიად კომპრომეტირებულია და სიტუაციური გადაფორმატების შემთხვევაშიც არასანდო და არაეფექტური იქნება. მართალია, არსებული რადის დაშლა და ახლის არჩევა ბევრ იურიდიულ კოლიზიასთანაა დაკავშირებული თუ, რა თქმა უნდა, რადა თავად არ გამოაცხადებს თვითლიკვიდაციას (რაც ნაკლებსავარაუდოა). ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ უმოკლეს ხანში დეპუტატები უსათუოდ შექმნიან ახალ, მყარ უმრავლესობას, მაგრამ გახდებიან თუ არა ისინი მყარი საყრდენი პრეზიდენტისთვის, ამას მხოლოდ უახლოეს კენჭისყრებზე ვნახავთ.

 

საკადრო პრობლემები

 

პეტრო პოროშენკოსთვის საპრეზიდენტო ვადის ათვლა უკვე დაიწყო. მისთვის ამჟამად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სწორი საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, რომლებზეც ბევრად იქნება დამოკიდებული როგორც პირადი, ასევე საქვეყნო წარმატებებიც.  გუშინ უკვე გადადგა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანატოლი პაშინსკი, რომლის ადგილსაც, მოარული ხმებით, დაიკავებს უკრაინელი და რუსი (!) მედიამაგნატი, პოროშენკოს ბიზნეს-პარტნიორი სამეწარმეო საქმიანობაში, ჟურნალ „ფორბს“-ის გამომცემელი უკრაინაში და მისი ნომინანტი, 42 წლის ბორის ლოჟკინი. უკრაინული სახელისუფლებო რეალიების გათვალისწინებით ეს ერთ-ერთი საკვანძო პოსტია უკრაინაში და ძალიან ბევრს ნიშნავს ის თუ ვინ იდგება მის სათავეში. როგორც თვით პეტრო პოროშენკომ თქვა, პრემიერი არსენ იაცენიუკი თანამდებობას შეინარჩუნებს, რადგან მან ამ უმძიმეს ჟამს მოვალეობას თავი კარგად გაართვა და ვერ ხედავს მისი შეცვლის აუცილებლობას. იაცენიუკი რამდენიმე დღის წინ რადის წინაშე წარსდგა მოხსენებით მთავრობის ასდღიანი საქმიანობის შესახებ, სადაც ითქვა, რომ უკრაინამ თავი დააღწია დეფოლტს, შესძლო შესაბამისი ფინანსების მოზიდვა და მიუხედავად კრიზისული მდგომარეობისა, შეუდგა გადაუდებელი რეფორმების ჩატარებას. უნდა ვივარაუდოთ, რომ საკუთარ პოსტზე დარჩება საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი დეშჩიცაც, რადგან იგი პრემიერის კრეატურაა. ჯერჯერობიც დეშჩიცაზეც შეიძლება ვთქვათ, რომ შესამჩნევი ჩავარდნები არ ჰქონია და საერთაშორისო სარბიელზე თავი ღირსეულად ეჭირა. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე სახელდება ამჟამინდელი ვიცე-პრემიერი, ძალოვანი სტრუქტურების კურატორი გენერალი ვიტალი იარემა. კითხვის ნიშნის ქვეშაა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, რომელთა მიმართ მაიდანსაც და საზოგადოებასაც გარკვეული შეკითხვები  აქვთ. რა თქმა უნდა, იქნება სერიოზული საკადრო ცვლილებები რეგიონებშიც.

 

ევრომაიდნის გაკვეთილები და ლუკაშენკოს პასუხები

 

ორიოდე სიტყვით ევრომაიდნის გაკვეთილებზე, რომლებიც ძირითადად ასე მესახება: ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ღალატობს საკუთარი სახელმწიფოსა და ერის ინტერესებს, რაც არ უნდა მდიდარი იყოს, განწირულია დასაღუპავად; ნებისმიერ ქვეყანაში ხალხი იყო და რჩება ძალაუფლების პოტენციურ წყაროდ; კოლექტიური თავდაცვა სამხედრო ბლოკს გარეშე შეუძლებელია; მსოფლიოში არსებობენ რეალური ძალები, რომლებიც ცდილობენ მსოფლიოს რუკის ახალ თარგზე გამოჭრას და არსებული საზღვრების თვითნებურად გადახედვას; ჩნდება თანამედროვე ომის ახალი სახეობა, რომელიც დღეს აპრობაციას უკრაინაში გადის; დსთ, როგორც სახელმწიფოთა ფორმალური გაერთიანება,  პრაქტიკულად მოკვდა; ასევე მთელი უკრაინა პრაქტიკულად პუტინმოძულე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ დონბასში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია, უკვე ცხადია, რომ ამჯერად რუსეთი ღია აგრესიისგან თავს შეიკავებს. მეტიც, ის დიდი ალბათობით სცნობს პეტრო პოროშენკოს და მის მთავრობას, რაც გზას გაუხსნის მეზობელ ქვეყნებს შორის პირდაპირ დიალოგს და აწ უკვე ყველასგან მობეზრებული ფრაზა: „კიევის ხელისუფლება არალეგიტიმურია“, ძალას დაკარგავს. ეს საცნაური გახდა უკვე გუშინ საფრანგეთში, როცა „ნორმანდია-ნემანის“ საზეიმო ცერემონიალზე პოროშენკოსა და პუტინს შორის 15-წუთიანი დიალოგი შედგა. დღევანდელ ინაგურაციაზე თვით რუსეთის პრეზიდენტი მოწვეული არ ყოფილა და პროტოკოლი მხოლოდ ელჩის დასწრებით შემოიფარგლა. სამაგიეროდ საპატიო სტუმართა შორის იყო ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელმაც ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღებს თუ არა იანუკოვიჩს ბელორუსია, უპასუხა, რომ მას ასეთი თხოვნა  არ მოსვლია. მართალია, ვიქტორ ფედოროვიჩს აქვს ჩვენთან მშობლების სოფელი, სადაც ჩასვლას ვერავინ დაუშლის. თუმცა უმჯობესია, იგი აქ ჩამოიყვანოთ, რათა ყველა კითხვაზე პასუხი თვითონ გასცეს. ჩემი დახმარება თუ იქნება საჭირო, დაგეხმარებით.   ყირიმის თაობაზე ლუკაშენკომ თქვა, თქვენ უნდა იბრძოლოთ უკრაინის ერთიანობისთვის, რათა ყირიმი კვლავ თქვენი იყოსო.

 

კონსპიროლოგთა საფიქრალი

 

სულ ბოლოს კი ასეთი კურიოზი: როცა პეტრო პოროშენკო რადაში შედიოდა, კიბეებთან მდგარ საპატიო ყარაულის ერთ-ერთ ჯარისკაცს ხელიდან იარაღი გაუვარდა და თვითონაც კინაღამ დაეცა, რაც ბევრს ცუდად ენიშნა და ოთხი წლის წინანდელი ამბავი გაახსენა, როცა ახლადარჩეულ იანუკოვიჩს ინაგურაციის დღეს რადის კარები ცხვირწინ მიეხურა, ხოლო დნეპრის სანაპიროზე კიევის დამაარსებელთა ძეგლი ჩამოიქცა. კონსპიროლოგიის მოყვარულნი უკვე დღეიდანვე იწყებენ მკითხაობას, რას უნდა ნიშნავდეს ეს ინციდენტი პრეზიდენტის და მთლიანად უკრაინის მომავლისთვის, მით უფრო, რომ თვით ინაგურაცია მიცვალებულთა ხსენების დღეს შედგა. ღმერთმა ქნას, რომ ეს მხოლოდ უბრალო შემთხვევითობა იყოს და მის უკან რაიმე უბედურება არ იმალებოდეს.

 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია