ვასიკო, დათო და ზაზა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
9-06-2014, 23:19 | ბლოგები | ნანახია - 2449

ნათია მეგრელიშვილი

ვასიკო,  დათო და ზაზა 

დაუვიწყარი შოუ მოაწყო ამ სამეულმა გასულ წელს აწ განსვენებულ “მეცხრე არხზე”. ვასიკო მაღლაფერიძემ მიიწვია დათო მაღრაძე და ზაზა შათირიშვილი ნადიმზე, რომელსაც სახელად „მიშას აფორიზმები“ დაარქვა.

 

სამი მოაზროვნე ერთმანეთს თავს აწონებდა საკუთარი განათლებით და, რაც წაუკითხავთ, ყველაფერი ჩამოთვალეს. პარალელურ რეჟიმში, ბერძენი ფილოსოფოსების ფორმატში, აანალიზებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილის გამონათქვამებს. იცინოდნენ, დასცინოდნენ, ხარხარებდნენ და საკუთარი თავითაც ტკბებოდნენ.

 

კარგი სანახაობა იყო, ჩვენც გავერთეთ და აღმოვაჩინეთ, რომ არც პლატონი მომკვდარა და არც სოკრატე.

 

წესით, ასეთი გონება და თვალმახვილი მოაზროვნეებისათვის აქტუალური უნდა იყოს ის თემა, რომ აფორიზმების რაოდენობა და ლეგენდარული გამონათქვამების დინამიკა ძალიან გაძლიერდა და ყოველდღიურად მდიდრდება ჩვენი ენა მარგალიტებით, ოღონდ არა სააკაშვილის, არამედ ახალი ხელისუფლების დახმარებით.

 

ძალიან საინტერესოა, ქართველი მოაზროვნეები, რომლებიც საკუთარ თავსაც და ტელემაყურებელსაც კოლაფსში აგდებდნენ სააკაშვილის ფრაზების „ანალიზით“, ახლა დაყრუვდნენ თუ დაბრმავდნენ, ვერაფერს ვეღარ ამჩნევენ? არადა, რა მასალაა საქილიკოდ, ბატონო ვასიკო? სად არის თქვენი პროფესიონალიზმი, ხალისი, სილაღე და პასუხისმგებლობა?

 

ველით, როდის შეიკრიბება თქვენი უდიდებულესობა - ქართული გონის ელიტა და ახალ შოუს გამართავს. თქვენც გაერთობით და ჩვენც, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ამას არც გააკეთებთ და ვერც გააკეთებთ და რატომ, ეს ჩემზე კარგად მოგეხსენებათ.

 

სააკაშვილის გამონათქვამები „მარციპანებია“ იმასთან შედარებით, რაც ახლა გვესმის, თქვენ კი შანსს ხელიდან უშვებთ, რომ ისევ მოაზროვნეების სავარძელი დაიკავოთ.

 

მე არ დავიწყებ იმ დაუვიწყარი და უნივერსალური ფრაზების ჩამოთვლას, რაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დაგვიგროვდა მეხსიერებაში - ეს ჩემი კი არა, თქვენი ნიშაა და ადგილს არ წაგართმევთ, დაცინვა და ცინიზმი თქვენი ხელობაა და არ შეგეცილებით, უბრალოდ, იდეა მოგაწოდეთ.

 

მართლა მაინტერესებს, დღეს არაფერი ესმის თქვენს ყურებს შემაშფოთებელი? დღეს ვერ ხედავთ ქვეყნისათვის საბედისწერო ქმედებებს? თქვენი აზრით, დღეს საქართველო სახელმწიფოა? ის, რაც უკრაინას გავუკეთეთ და არაფრად ჩავაგდეთ მათი ტკივილი, ეს ვერ შეამჩნიეთ?

 

არც გაბედოთ და არ გაიმეოროთ ის იდიოტური კითხვა - „სად იყავი, ნათია, ის ცხრა წელი?“ ამის უფლება არ გაქვთ. თქვენ ყველა იმ ცხრა წლის განმავლობაში საკმაოდ კარგად იყავით, არც მოგზაურობა დაგიკლიათ და არც უხელფასოდ გიცხოვრიათ, ამიტომ თითი აქეთ არ გამოიშვიროთ. მე ჯანდაბაში ვიყავი, სადაც თქვენ ჯერ არ ყოფილხართ და არც გისურვებთ, თქვენგან განსხვავებით, არ მიხარია ადამიანის დაბეჩავება.

 

ასევე შეგვეძლო ჩვენც დაგვესვა მსგავსი შეკითხვები, ვინაიდან ეს თბილისია, სადაც ყველამ ყველაფერი იცის და თქვენ სად იყავით სხვადასხვა ეპოქაში, ისიც იციან, მაგრამ არც გაკადრებთ, ვინაიდან ადამიანის წარსულში ქექვა ამორალობაა და სულმდაბლობა.

 

მე მაინტერესებს, ახლა რატომ დაყრუვდით ყველა ერთად? სად არის ჩვენი აჟიტირებული ინტელიგენცია, რომელიც ყოველ სოფელს 5 მილიონს დაჰპირდა და ციდან მანანას?

 

არ გეცოდებათ ის ადამიანები, ვინც მოატყუეთ?

 

მე არ მრცხვენია, ვინაიდან უკანასკნელად არჩევნებზე გამსახურდიას დროს ვიყავი, ისიც რეფერენდუმზე, მერე აღარ ვენდობოდი არავის და არც ერთი ხელისუფლებისათვის ხმა არ მიმიცია და არც არავის ბედნიერ მომავალს არ შევპირებივარ. . . საკუთარი დალეწილი რეალობაც საკმარისი იყო, რომ სასოწარკვეთილი ვყოფილიყავი.

 

ან გამოჩნდებით ბანტების და გვირგვინების გარეშე და დღევანდელ რეალობას თვალს გაუსწორებთ, ან ჩამოიხსენით ის დაფნის გვირგვინები, რომელიც საკუთარი ხელით დაიმხეთ თავზე და აღიარეთ, რომ სამშობლო კი არ გიყვართ თქვენში, არამედ საკუთარი თავი მოგწონთ სამშობლოს ფორმატში.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია