“გაზპრომის” მეგაკონტრაქტის მეგაპრობლემები და ევრაზიული მანევრი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
11-06-2014, 17:42 | მსოფლიო | ნანახია - 1969

მამუკა გამყრელიძე

 

   4 ივნისს ასტრახანში ჩატარდა რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სათბობ-ენერგეტიკული კომისიის სხდომა, რომელსაც ზოგიერთმა რუსმა ანალიტიკოსმა რევოლუციურიც კი უწოდა. ერთი შეხედვით, ეს სხდომა, რომელსაც სპეციალისტები მთელი წელი ელოდნენ, მართლაც უაღრესად საინტერესო გამოდგა. სხდომას ესწრებოდა რუსეთის მთელი ენერგეტიკული ისტებლიშმენტი, მაგრამ არ იყო ალექსეი მილერი, რომელიც ამ დროს ბერლინში უკრაინელებს ევაჭრებოდა. “გაზპრომის” ინტერესებს მის არყოფნაში ვლადიმერ პუტინი წარმოადგენდა, რაც არავისთვისაა გასაკვირი. მიუხედავად ამისა, მთავარ მოქმედ გმირად მოგვევლინა “როსნეფტის” ხელმძღვანელი იგორ სეჩინი. ამ შეხვედრის “რევოლუციური” სტატუსი სწორედ მისი შემოთავაზებების დამსახურებაა. განხილული საკითხებიდან მე ორ უმთავრესს გამოვყოფდი - რუსეთის გაზის ბაზრისა და სატრანსპორტო ქსელების ლიბერალიზაციის დასაწყისს და საგადასახადო მანევრის გარშემო შექმნილ კამათს.

 

   როგორც უკვე იცით, ბატონი პუტინის მაისის ვიზიტის დროს, ჩინეთში ხელი მოეწერა რუსეთისათვის უმნიშვნელოვანეს, $400 მლრდიან კონტრაქტს, რომელიც 30 წლის განმავლობაში, წელიწადში 38 მლრდ კუბ.მ. გაზის ჩინეთში მიწოდებას ითვალისწინებს,  დაახლოებით, $350-1000 კუბ.მ. ფასად. ეს კონტრაქტი 10 წლიანი ჭინთვების შედეგად და პუტინისათვის უაღრესად რთულ ვითარებაში იშვა. როგორც აღმოჩნდა, ხელის მოწერით სირთულეები არა თუ დამთავრდა, არამედ მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა.

 

   აქაც ორი ძირითადი პრობლემა შეინიშნება, რომლებიც ამ მიმართულებით რუსეთისა და, კერძოდ, “გაზპრომის” პოლიტიკის ძირეულ გადახედვას მოითხოვს. პირველი და უმთავრესი გახლავთ ის, რომ ჩაიანდისა და კოვიტკის საბადოებიდან აღმოსავლეთ მიმართულებით  გასაყვანია გაზსადენი, რომელსაც სახელი უკვე ჰქვია - “ციმბირის ძალა”, მაგრამ ჯერ მხოლოდ პროექტის დონეზე არსებობს. ამ საბადოებზე სამუშაოების დაწყება მხოლოდ 2015 წელსაა დაგეგმილი, გაზის მოპოვება კი 2018 წლისათვის. გაზსადენის პირველი მონაკვეთი ბლაგოვეშჩენსკამდე 2017 წელს უნდა გაიხსნას. პროექტი შეფასებულია $400 მლრდ-ად. აქედან ნახევარზე მეტი (1 ტრლნ. რუბლი) გაზსადენზეა გათვალისწინებული. მხოლოდ ჩინეთის მიმართულებით გაზსადენი $55 მლრდ. ინვესტიციას მოითხოვს. მიუხედავად ჩინეთის მხარის შეპირებისა, გააკეთოს $25 მლრდ. პრეპეიმენტი, ეს კოლოსალური თანხა “გაზპრომისათვის” გადაუწყვეტელი ამოცანა აღმოჩნდა, რამაც აუცილებელი გახადა მის პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლელებების შეტანა.

 

როგორც მოგეხსენებათ “გაზპრომი” მონოპოლისტურ პოლიტიკას ეწევა ბუნებრივი გაზის ექსპორტისა და გაზის ტრანსპორტირების საკითხში. თუმცა,  გათხევადებული გაზის ექსპორტის თვალსაზრისით, მან ერთხელ უკვე დაუთმო თავისი მონოპოლიური პოზიცია“როსნეფტსა” და “ნოვატეკს”- გაზის უმსხვილეს დამოუკიდებელ მწარმოებელს რუსეთში. სხდომაზე სეჩინმა სწორედ ამ მიმართულებით დააყენა საკითხები, რომლებიც რუსეთის გაზის ბაზრის ძირეულ ლიბერალიზაციას აძლევს სტარტს. კერძოდ კი, დამოუკიდებელი კომპანიების ჩართვა “გაზპრომის” მონოპოლიურ ბიზნესში, ანუ საექსპორტო გაზსადენების მშენებლობასა და საკუთრივ ბუნებრივი გაზის ექსპორტში, თუმცა ჯერ მხოლოდ აღმოსავლეთ მიმართულებით. ასეთი კომპანიებიდან კვლავ ორი ძირითადი მოთამაშე გამოიკვეთა - “როსნეფტი” იგორ სეჩინის (პუტინის ერთ-ერთი ფავორიტი)ხელმძღვანელობით და “ნოვატეკი”, რომლის ძირითადი მფლობელები არიან მილიარდერები გენადი ტიმჩენკო ($14.1 მრდ), რომელიც პუტინის ხაზინადარად განიხილება და დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაშიც მოხვდა და ლეონიდ მიხელსონი ($15.4 მლრდ). მიხელსონმა თავი 90-იანების ბოლოს გამოიჩინა იმით, რომ ვიცე-გუბერნატორ იოსიფ ლევინზონთან ერთად შექმნა დანაშაულებრივი სქემა და სახელმწიფოსაგან გაცემული გარანტიის საფუძველზე აიღო მილიარდიანი კრედიტი, რითიც კომპანია “ნიპეკისაგან” შეიძინა გაზის საბადოები. დამატებითი კომენტარების გაკეთება ალბათ საჭირო აღარაა.

 

   “გაზპრომს”, თავის მხრივ, ამ დათმობების საფასურად, გარკვეული კომპენსირება სჭირდებოდა და ამ შეკრებაზე გადაწყდა მისი კაპიტალის გაზრდა $55 მლრდ-ით. ეს სწორედ ის თანხაა, რომელიც ჩინეთისათვის გაზსადენზე უნდა დაიხარჯოს. მეორე მხრივ ეს “გაზპრომის” ამჟამინდელი კაპიტალის 50%-ზე მეტია. თითქოს ამაში უჩვეულო არაფერია, რადგან “გაზპრომის” კაპიტალი ახლანდელ $97 მლრდ-ზე ბევრად ნაკლებიც ყოფილა და სამჯერ მეტიც, როგორც ეს 2000-იანების კრიზისამდე იყო. გაუგებარია,რაში სჭირდება “გაზპრომს” კაპიტალის მომატება, როცა მისი საოპერაციო ფულადი ნაკადი წელიწადში დაახლოებით $50 მლრდ-ია. ამავე დროს მას არ აწუხებს დიდი კრედიტები. მისი კრედიტების შეფარდება EBITDA-სთან (earnings before interest, taxes, depreciation and amortization) მხოლოდ 0.6-ია, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ექსპერტების უმრავლესობა “გაზპრომს” ურჩევდა სწორედ დაკრედიტების გზით წასულიყო. მიუხედავად ამისა, პუტინმა სხდომაზე ფრიად ორიგინალური განცხადება გააკეთა, რომ “გაზპრომის” კაპიტალის მატება მოხდება რუსეთის სავალუტო რეზერვების ხარჯზე, თანაც დასძინა, რომ ვალუტისა და ოქროს მარაგის განუწყვეტელი ზრდა საშიშროების მატარებელიაო. საკამათო სენტენციაა, მაგრამ ალბათ პუტინმა უკეთ იცის.

 

   “გაზპრომის” აქციების 50% -ზე მეტის მფლობელი სახელმწიფოა და ასეთი გადაწყვეტილება უკანონო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ “გაზპრომი” სააქციო საზოგადოებაა და მისი აქციებით ვაჭრობა ბირჟაზე ხდება. ალბათ, უფრო ლოგიკური იქნებოდა “გაზპრომის” ემიტენტი ბანკისათვის - The Bank of New York Mellon-ისთვის დაევალებიათ ახალი აქციების გამოშვება და ბირჟაზე გაყიდვა, თუმცა აქ, როგორც ჩანს, ჩნდებოდა კითხვა, რამდენად შესაძლებელი გახდებოდა მინორიტარული აქციონერების ამ ნაბიჯზე დაყოლიება. ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად აქციონერების 75%-ის თანხმობაა აუცილებელი. გარდა ამისა, საფიქრალი იყო ისიც, თუ რომელი საინვესტიციო პული აღმოჩნდებოდა მათი მყიდველი. მოკლედ, ასეა თუ ისე, პუტინის აზრით საუკეთესო გადაწყვეტილება, პრაქტიკულად, უკვე მიღებულია და “გაზპრომს” სახელმწიფო ფულით დააფინანსებენ.

 

რუსეთის გაზის ბაზრის ლიბერალიზაცია არა მარტო სახსრების სიმცირით, არამედ აღმოსავლეთ ციმბირში “გაზპრომის” სიმძლავრეების უკმარობით იყო განპირობებული. საექსპერტო გათვლით, ამ რეგიონის ყოველწლიური პერსპექტიული სიმძლავრე 200 მლრდ კუბ.მ. გაზს შეადგენს, მაგრამ, დღევანდელი მონაცემებით, “გაზპრომს” არ აქვს საშუალება მიაწოდოს ჩინეთს დაგეგმილი 38 მილიარდი კუბ.მ. ბუნებრივი გაზი. აქაც კვლავ “როსნეფტი” გამოდის ავანსცენაზე და საკუთარი საბადოებიდან აღმოსავლეთ ციმბირში გაზსადენ “ციმბირის ძალას” მიაწოდებს 18 მლრდ.კუბ.მ. ბუნებრივ გაზს. “გაზპრომის” ჩინურ კონტრაქტში მონაწილეობის მისაღებად სხვა დამოუკიდებელი მოთამაშეებიც მზად არიან, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის, რომ მათ გაზი ნებისმიერ შემთხვევაში ჯერ “გაზპრომს” უნდა მიჰყიდონ, რადგან, კონტრაქტის პირობების მიხედვით, მხოლოდ მას შეუძლია გაზი მიაწოდებს ჩინელებს. ასეთი პირობები ჩინელებსაც აწყობთ, რადგან მხოლოდ ერთ მიმწოდებელთან უწევთ მუშაობა და რუსებსაც, რადგან გაზის მწარმოებლებს შორის  კონკურენციაა და ფასების დაგდების მცდელობა.

 

   ზემოთ აღწერილი პროცესები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ ევროპაში მიმდინარე კამპანიის პირობებში, რომელიც მიმართულია “გაზპრომის” მონოპოლისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. გარდა ე.წ. მესამე ენერგეტიკული პაკეტისა, რომელიც ევროკომისიამ სპეციალურად “გაზპრომის” ასალაგმად მიიღო და რომელიც უკრძალავს გაზის მომწოდებელს გაზის ტრანსპორტირების საშუალებების მფლობელი იყოს ევროპაში, ახლა უკვე დაიწყო ზეწოლა პუტინის კიდევ ერთ საიმიჯო პროექტზე, “სამხრეთის ნაკადზე”. ამ პროექტის ლობირებას თავის დროზე ბერლუსკონი უწყობდა ხელს და მიუხედავად სპეციალისტების მიერ გამოთქმული სკეპსისისა მისი მომგებიანობის და სრული დატვირთვის შესახებ, “გაზპრომმა”, პუტინის პირადი ხელშეწყობით, მაინც მოახერხა მისთვის სტარტის მიცემა. პუტინისთვის ეს პროექტი არა იმდენად ეკონომიკურ ფასეულობას წარმოადგენს, რამდენადაც პოლიტიკურს, რადგან მისი საშუალებით რუსეთი მნიშვნელოვნად შეამცირებს უკრაინის, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლს. გარდა ამისა ის სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ტრანსადრიატიკულ პროექტს “ნაბუკო-2”. უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა და მასში რუსეთის ჩართულობამ გამოაფხიზლა დასავლეთი და ემისრებმა ევროკავშირიდან და ამერიკიდან, კერძოდ კი, სენატორმა მაკკეინმა მოახერხეს ბულგარელ და სერბ პოლიტიკოსებზე  გავლენის მოხდენა და “სამხრეთ ნაკადში” მათი ქვეყნების მონაწილეობა კითხვის ქვეშ დააყენეს. ამ პროექტის ბედი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ერთი კი ცხადია, რომ მისი განხორციელება რუსეთს ძალიან გაუჭირდება, დასავლეთი კი ამ საკითხს სავაჭროდ გამოიყენებს უკრაინასთან მიმართებაში. საქმე იმდენად სერიოზულადაა, რომ რუსეთში სრული სერიოზულობით განიხილავენ “სამხრეთ ნაკადის” პროექტის შეჩერებას და მის ჩანაცვლებას ახალი პროექტით, სადაც ტრანზიტორად თურქეთი განიხილება. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “სამხრეთ ნაკადის” განხორციელებაში ჩართულია გენადი ტიმჩენკოს გაზსადენების მშენებელი კომპანია “სტროიტრანსგაზი”. ევროკომისიამ ეს სამუშაოები დაბლოკა მესამე ენერგოპაკეტის პირობების დარღვევის გამო და საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე.

 

   კიდევ ერთი საკამათო საკითხი წარმოშვა პუტინის მთავარმა საიმიჯო პროექტმა - საბაჟო კავშირმა. ასტრახანში მეორე მთავარ საკითხად გატანილი იყო ე.წ. საგადასახადო მანევრის პრობლემა. ეს გახლავთ საექსპორტო ბეგარის მკვეთრი შემცირება $387-დან $80-მდე, რაც ოთხი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს (თუმცა ფინანსთა სამინისტრო ორწლიან ვადას ითხოვდა) და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე გადასახადის (გსწმ) ასეთივე მკვეთრი მატება. ამ მანევრის უცილებლობა გამოიწვია იმან, რომ რუს ექსპორტიორებს არ გაუჩნდეთ სურვილი არა რუსეთიდან, არამედ ბელარუსიდან აწარმოონ ნავთობის ექსპორტი, რაც მხოლოდ ბელარუსს მოუტანს მოგებას. ამ მანევრით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების კლების კომპენსირებისათვის ორჯერ იზრდება გსწმ. ნავთობგადამამუშავებელი კომპანიებისათვის კი ამცირებენ აქციზებს. ეს ყველაფერი ძალიან რთული კომპლექსური ზომებია, რომლებსაც ფინანსთა სამინისტრო ატარებს და მკითხველი რომ არ გადავღალოთ ციფრებით, მხოლოდ ამ მანევრის მოსალოდნელ შედეგზე მოგახსენებთ. შედეგი კი რუსეთისათვის ტრადიციულია. პუტინის ახირების მთელი სიმძიმე კვლავ მოსახლეობის კისერზე გადაივლის. საგადასახადო მანევრი, სავარაუდოდ, რუსეთის შიდა ბაზარზე ბენზინის ფასის მნიშვნელოვან, დაახლოებით 30%-ით  მატებას გამოიწვევს. ეს კი თავისთავად  ნიშნავს რუსეთში ყველა პროდუქტის გაძვირებას.

 

   რა თქმა უნდა, რუსეთი უმდიდრესი ქვეყანაა, მაგრამ მასაც გააჩნია სიმტკიცის რესურსი. ძნელია გააკეთო პროგნოზი, თუ სადამდე მიიყვანს მას პუტინის “პროჟექტები”, მაგრამ ,თუ რუსეთიდან კაპიტალის გადინების დინამიკას დავაკვირდებით, სახარბიელო არაფერი ჩანს. ქარიშხლის მოახლოების პირველი ნიშნებიც გამოჩნდა. საფინანსო გურუ მარკ მიობიუსის Templeton Institutional fund-მა დაიწყო რუსეთის ბაზრიდან ფინანსების გამოტანა და  უკრაინის თითქმის დანგრეულ ეკონომიკაში  დაბანდება. ალბათ მიობიუსმა, რომელიც ამერიკის დემოკრატიულ პარტიასთან არის დაახლოებული, იცის ის, რაც ჩვენთვის ჯერ უცნობია.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია