ნიკოლოზ ვაშაკიძე: ასე აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლება თავისივე პოლიტიკის ხაფანგში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
13-06-2014, 16:35 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 2062

"პრემიერს" ესაუბრა დიპლომატი ნიკოლოზ ვაშაკიძე:

 

- მოგესალმებით, ცხადია, მაპ-ი არ გვექნება. და ეს ისევდა ისევ ფრაუ მერკელმა გვითხრა გერმანულიპირდაპირობით. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ამისმიზეზი, მით უფრო, რომ დემოკრატიას ვერდაგვიწუნებენ - საარჩევნო გარემო, ასე თუ ისე,გაუმჯობესებულია, ხელისუფლებაც კი შეიცვალაარჩევნების გზით. მაშინ რა არის ის მთავარი პრობლემა,რის გამოც ასე აწბილებენ ჩვენს მოლოდინებს?

 

- გინდათ მითხრათ, რომ იმ პირობებში, როცა ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში ხდება ის, რაც ხდება, მაგალითად, მარნეულში, პრემიერ-მინისტრი ღიად აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანია, ქვეყანაში ძირითადი ოპოზიციური ძალის განადგურება და სახელმწიფოს არაფორმალური ლიდერი მართვას, ჩვენს დემოკრატიას ვერავინ დაიწუნებს? დემოკრატიას საქართველოში სერიოზული პრობლემები აქვს და ეს, პირველ რიგში, ჩვენს საზღვარგარეთელ პარტნიორებს კი არა, ჩვენ თვითონ უნდა გვაწუხებდეს

.

რაც შეეხება მაპ-ს, მინდა გითხრათ, რომ ახლა მართლა ცუდი ფონი შეიქმნა საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების თვალსაზრისით. მერკელმა მოხდენილად გამოიყენა საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკის ალოგიკურობა და ის მარტივად შემოუტრიალა პრემიერ ღარიბაშვილს. მის მესიჯში, პრაქტიკულად ცხადად იკითხება შემდეგი: თქვენი მთავარი პრობლემა დღეს რუსეთთან ურთიერთობაა; თქვენივე თქმით, თქვენ ახლა ამ ურთიერთობის საგრძნობი გაუმჯობესების პროცესში იმყოფებით, რუსეთს კი საშინლად აღიზიანებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა; მოდით, საქართველოსთვის მაპ-ის ნაჩქარევად მინიჭებით ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს ნუ ჩავშლით, მიდით, მიხედეთ. ასე აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლება თავისივე არაპროფესიონალური საგარეო პოლიტიკის ხაფანგში.

 

საკითხს თავისი ობიექტური მხარეც აქვს. პუტინმა წითელი ხაზები გადაკვეთა და დღეს მისი შეკავება პოლიტიკური მეთოდებით გაცილებით ძნელია, ვიდრე ეს გუშინ იყო. ამიტომ დასავლეთში ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება, მისთვის სერიოზული უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის გარეშე, დიდ სამხედრო საფრთხეს შეიცავს. ამგვარ უსაფრთხოების გარანტიებს კი დღეს დასავლეთი ვერ გვაძლევს.

 

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მომენტი ხელიდანაა გაშვებული და ეს მთლიანად "ქართული ოცნების" ხელისუფლების სინდისზეა. საქართველოს ჰქონდა მართლაც სერიოზული შანსი მალევე, 2012 წლის არჩევნების მერე. ამის უკანასკნელი პირობა - არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, შესრულებული იყო, არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლებმა დადებითი შეფასება მისცეს და, რაც მთავარია, ყველა ერთგვარი გაკვირვებით აღიარებდა იმას, რომ საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის პრეცედენტი შედგა. საქართველოს ნატოში გაწევრიანების სკეპტიკოსებს არგუმენტები აღარ ჰქონდათ და ჩვენი გაწევრიანების მომხრეები სერიოზული შეტევისთვის ემზადებოდნენ. საქართველოს ხელისუფლებას ერთი მარტივი სვლა უნდა გაეკეთებინა: ჩასულიყო მოახლოებულ ნატოს მინისტერიალზე და მარტივად განეცხადებინა, - არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების გამოცდა ჩაბარებულია, ჩვენი მიზნები თქვენ იცით, ჯერი თქვენზეა. ამის ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ სულ სხვა მესიჯი გააჟღერა. მან ნატოელ პარტნიორებს განუცხადა, რომ არჩევნები უკიდურესად ანტიდემოკრატიულად ჩატარდა და "ოცნებამ" მხოლოდ დიდი უპირატესობისა და საერთაშორისო მხარდაჭერის გამო შეძლო გამარჯვების მოპოვება, რასაც "სისხლიანი 9 წლის" კარგად ცნობილი ნარატივები მიაყოლა. შეიქმნა მეტად არასახარბიელო სიტუაცია. საქართველოს შესახებ დასავლეთში არსებული ნარატივი იყო შემდეგი: საქართველომ ჩაატარა მთელი რიგი წარმატებული რეფორმებისა, გადადგა საგრძნობი ნაბიჯები დემოკრატიზაციის გზაზე, არის ნატოს საიმედო პარტნიორი და ახლა არჩევნების გამოცდაც წარმატებით ჩააბარა. მოულოდნელად, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მათ პირში ახალა, რომ რეფორმები იყო ბლეფი, დასავლეთი შეცდომაში იყო შეყვანილი "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდის მიერ, 9 წელი საქართველომ ტირანიისა და დიქტატურის პირობებში იცხოვრა და არჩევნებიც ანტიდემოკრატიულ ვითარებაში გაიმართა. მინდა გითხრათ, რომ ამ უგუნურმა ნაბიჯმა ჩვენი მომხრეები შოკში ჩააგდო, სკეპტიკოსებმა კი შვებით ამოისუნთქეს. მათ საქართველოს საკითხის გადადების მშვენიერი საბაბი მიიღეს თავად საქართველოს მთავრობისგან: თუ საქართველოს წარმატების ისტორია, მისივე ახალი ხელისუფლების თქმით, ბლეფია, მისთვის მაპ-ი ნამდვილად ნაადრევია, საჭიროა დავაკვირდეთ. პროცესის გაჭიანურების ფორმულაც, პრაქტიკულად, "ოცნების" ხელისუფლებისგან მიიღეს: ახალი მთავრობა, სანამ თითი არ დაუქნიეს, იმთავითვე შეეცადა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენებას და მწვავე კონფრონტაციაში შევიდა აწ უკვე ოპოზიციად ქცეულ "ნაციონალურ მოძრაობასთან". ბუნებრივად გაჩნდა "კოაბიტაციის" ფორმულა საქართველოს მხრიდან მომდევნო ჩასაბარებელი გამოცდის სახით. აი, ასე დავკარგეთ ისტორიული შანსი. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რამხელა საფრთხეს შეიცავს ეროვნული ინტერესებისთვის თვითკმაყოფილი დილეტანტების ყოფნა მაღალ თანამდებობებზე.

 

- მაპ-ზე უკეთესი, მაპ-ის გარეშე - ეს პოლიტიკური "დაბოლებები" რას ემსახურება? ნატოს წესდებაში ხომ კონკრეტულად არისგაწერილი, რომ მაპ-ის გარეშე, ფაქტობრივად, წევრობა გამორიცხულია, მაპ-ზე უკეთესზე კი წესდებაში არაფერია ნათქვამი. ბოლოგანცხადებები კი იმასთან დაკავშირებით, რომ წინასწარ არაფერი არ უნდა ითქვას და დაველოდოთ სექტემბერს, რაღაც საერთოდდამაბნეველი აღმოჩნდა. ანუ, კარგით, დაველოდოთ სექტემბერს, მაგრამ, პოლიტიკური განცხადებების გარდა, რა შეიძლებამოვისმინოთ ნატოს სამიტზე?

 

- მაპ-ი სულაც არ წარმოადგენს ნატოს წევრობის აუცილებელ წინაპირობას. ის, უბრალოდ, დღეისთვის ჩამოყალიბებული პრაქტიკაა, რომელიც დამკვიდრდა ნატოს ვაშინგტონის სამიტზე, მაშინდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, და არანაირ იურიდიულ ვალდებულებას არ წარმოადგენს. მნიშვნელოვანი პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ის, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ, როგორც თქვენ თვითონ უკვე აღნიშნეთ, სექტემბერში ჩვენ მაპ-ს ვერ მივიღებთ. თუ რატომ, უკვე გითხარით. რაიმე შუალედური ფორმულისთვის სივრცე თითქმის აღარ დარჩა, მაგრამ რამეს მოიფიქრებენ.

 

- დასავლეთის ორმაგი სტანდარტი თუნდაც ალბანეთის მაგალითზე შეგვიძლია, განვაზოგადოთ. კვიპროსიც არ არის ცუდიმაგალითი, როდესაც ნატოს წევრ ერთ ქვეყანას ამავე ალიანსის წევრ მეორე ქვეყანასთან აქვს პრეტენზია. როდესაც ალიანსი დაევროგაერთიანება ჩვენგან სკრუპულოზურად მოითხოვს რეკომენდაციების შესრულებას თავისი ორმაგი სტანდარტები არუქმნით მინიმუმ უხერხულობას და ვინ არის ვალდებული, მათ ეს მიდგომები შეახსენოს?

 

- მოდით, დეტალებში აღარ შევალ. გეტყვით შემდეგნაირად: საქართველო ურთულესი საგარეო-პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას და მათ გასამკლავებლად მაღალი კლასის დახვეწილი პოლიტიკური გუნდია საჭირო. ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ამ კრიტერიუმს ვერანაირად ვერ პასუხობს.

 

- რამდენიმე დღეში ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდება. მიუხედავად არაერთი ინსპირაციისაა, მოსკოვმა ვერ შეძლო,შიგნით რეალურად აერია ვითარება, ყოველ შემთხვევაში მიმდინარე ეტაპზე, თუმცა ცხადია, რომ აფხაზეთში განვითარებულიმოვლენები, სწორედ რომ, კრემლის დირექტივების შედეგია. ანუ რა რეალობას ქმნის რუსეთი, მით უფრო იმისგათვალისწინებით, რომ ხელისუფლების წევრები ამ მოვლენების არაერთგვაროვან შეფასებებს აკეთებენ?

 

- რა თქმა უნდა, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მიერაა მართული და, შესაბამისად, მათგან ჩვენთვის სასიკეთოს არაფერს უნდა ველოდოთ. რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთში მიმართულია ამ რეგიონის რუსეთის სივრცეში კიდევ უფრო ღრმად შესრუტვაზე და იქ ისეთი პროცესების ინსპირირებაზე, რომლებიც საქართველოს შეუქმნის პრობლემებს. შემთხვევითი არ არის, რომ აფხაზეთში მიმდინარე აქციებზე დაჟინებით ჟღერდება აფხაზეთში მაცხოვრები ქართველების შევიწროების აუცილებლობის თემა. რუსეთს, ჩემი აზრით, ძირითადად მოქმედების ორი ვარიანტი აქვს: ან მოახდინოს დევნილთა მორიგი დიდი ტალღის ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდინების პროვოცირება და ამით სერიოზული შიდაპოლიტიკური პრობლემის შექმნა, ან თავად გაითამაშოს მეგრელების დამცველის როლი აფხაზეთში და ეს მესიჯი შესაბამისი პოლიტიკური მიზნებით სამეგრელოში და, ზოგადად საქართველოში, გაავრცელოს. არ არის გამორიცხული, მან ნაწილობრივად აამოქმედოს პირველი ვარიანტი და მერე გადავიდეს მეორეზე. ყველა მისი ქმედება საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოშლისკენ იქნება მიმართული.

 

- რას უნდა ველოდოთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს მეორე ტერიტორიაზე - ცხინვალის რეგიონში, ე.წ.საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით?

 

- ცხინვალის რეგიონში მზადდება ნიადაგი რუსეთთან აწ უკვე "იურიდიული" მიერთების კუთხით. შესაბამისი განცხადებები თიბილოვმა უკვე გააკეთა. ეს მოსალოდნელი იყო.

 

- დასრულებული კოაბიტაცია, დასასრულებელი "ნარჩენები", ასოცირება - კი, მაპ-ი - არა, დაპირებები შესრულებულია ანშესრულდება "ვადის ამოწურვამდე", დემოკრატია "ყვავის", უმუშევრობა იზრდება და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით სადარის ამჟამად ქართული სახელმწიფო?

 

- ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი დემოკრატია ზრდის ბუნებრივ და მტკივნეულ პროცესს გადის, შესაბამისი საყმაწვილო სენების თანხლებით. ყოველი განსაცდელიდან და ეტაპიდან ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფო ახალი გამოცდილებით და ცოტა მაინც უფრო დაბრძენებული გამოდის. წესით, საბოლოო ჯამში, ამან ნორმალური, დაბალანსებული სახელმწიფოსკენ უნდა წაგვიყვანოს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარება უმძიმესი საგარეო საფრთხის მუდმივი თანხლებით მიმდინარეობს. გარეშე ძალა მუდამ უხეშად ერევა ჩვენი განვითარების პროცესებში და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ნორმალურ სახელმწიფოდ და ნორმალურ საზოგადოებად ჩამოყალიბების საშუალება არ მოგვცეს. ჩვენი შიდაპოლიტიკური პროცესები, სამწუხაროდ, მუდამ დეფორმირებულია რუსეთის ფაქტორით. ამ პროცესს ორი შესაძლო გამოსავალი აქვს: ან ამ გამოცდას ვერ გავუძლებთ, გავტყდებით და ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველოს პერსპექტივას კარგა ხნით დავკარგავთ, ან მოვძებნით საკუთარ თავში იმდენ ძალას, რომ ამ განსაცდელიდან კიდევ უფრო გაძლიერებულები გამოვიდეთ. დღეს საქართველო თავისი ისტორიის საკვანძო, გადამწყვეტ მომენტში იმყოფება და გული მიკვდება, როცა ვხედავ, რა ადამიანების ხელშია ამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ბედი.

 

ალექსი ნოზაძე, გაზეთი "პრემიერი"

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია