გებელსი, პროპაგანდა, გეორგიევსკის ბაფთა და უკრაინა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
16-06-2014, 17:45 | კომენტარები | ნანახია - 6612

 გებელსი, პროპაგანდა, გეორგიევსკის ბაფთა და უკრაინაგაგა გობრონიძე

 

„მომეცით მასობრივი ინფორმაციის წყაროები და ნებისმიერ ერს ღორების კოლტად ვაქცევ“

„გაუყალბე ადამიანებს ისტორია და ერთი თაობის შემდეგ მათგან მივიღებთ ბრბოს, ხოლო კიდევ ერთი თაობის შემდეგ მათი მანიპულირება ნახირის მართვაზე მარტივი გახდება“

 

იოზეფ გებელსი

 

არ ვიცი, რამდენად მართებულია ამ წერილის აი ასეთი ტიპის და აი ამ ავტორის ეპიგრაფით დაიწყება, მაგრამ  მესამე რეიხის „პროპაგანდის და სახალხო განათლების რეიხსმინისტრმა“  (გებელსის ოფიციალური თანამდებობა ასე გამოითქმის) თავის საქმე მართლაც, რომ მშვენივრად იცოდა.  იცოდა კი არა და  ცოდვა გამხელილი ჯობია და ვთქვათ - გვინდა თუ არ გვინდა და ე.წ. „პიარ ტექნოლოგიები“.

თანამედროვე გაგებით,  ზუსტად იმ პერიოდში (1933-1945)  იბადება, როდესაც 12 წლის განმავლობაში დოქტორ გებელსის „კანტორა“ გეგმავდა და წყვეტდა - თუ რა და როგორი ტიპის სტატია უნდა დაბეჭდილიყო ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდზე, მეორე გვერდზე და ა.შ. ..  რა სიმღერები უნდა გაჟღერებულიყო რადიო ეთერში, რა ფილმები უნდა გამოსულიყო კინოთეატრებში და რა სპექტაკლები უნდა დადგმულიყო. ეს იყო ყველა სფეროში კომპლექსური ღონისძიებები, რომლითაც ხდებოდა მოსახლეობაზე ზემოქმედება, ფასეულობების შეცვლა და თავისთავად  მანიპულირებაც.  დავანებოთ თავი შილერს, გოეთეს, პატრიოტიზმს, სამშობლოს სიყვარულს და  რას მივაწეროთ ფაქტი, რომ 1945 წლის აპრილშიც კი,  როდესაც ომი აშკარად დამთავრებულია,  ფიურერი მკვდარია (ან გამქრალი), აორთქლდნენ ბორმანი და გიმლერი, მალე კეიტელი კაპიტულაციას გამოაცხადებს და ამ დროს ალყაშემორტყმულ და განადგურებულ ბერლინის ქუჩებში ( და არა მარტო ბერლინის) „პანცერფაუსტ“-ით (და არა „ფაუსპატრონი“, როგორც საბჭოთა წყაროებიდან დამკვიდრდა ჩვენში)  შეიარაღებული „ჰიტლერიუგენდის“ და „ფოლკსშტურმის“  12-16 წლის გერმანელი მოზარდები ბოლომდე რომ ებრძოდნენ რუსულ (და მოკავშირეების) ტანკებს. თუმცა ეს ყველაფერი უკვე სხვა ოპერაა, სხვა ისტორიაა და  შეიძლება ითქვას ..სხვა კონსპიროლოგიაც    და  ამ წერილის მთავარი თემა არ არის.  დოქტორ გებელსის და მისი ორი გამონათქვამის ხსენება უბრალოდ შესავლისთვის გამოვიყენოთ....  დაგვჭირდება.

 

თუმცა,  მოდით  ცოტა ხანი კიდევ შევჩერდეთ გებელსზე. ერთი უცნაური კანონზომიერება უნდა ავღნიშნო - მასზე  ვერც ერთ ე.წ. „უცხოურ“  წყაროში, სტატიაში ან მონოგრაფიაში ვერ ნახავთ ეპითეტს - „პროპაგანდის გენიოსი“ . 

კი, ყველგან გარკვეულწილად აღინიშნება ამ პიროვნების სხვადასხვა თვისებები, თუნდაც ის რომ იგი, „ყველა სიკეთესთან ერთად“  ბრწყინვალედ უკრავდა ფორტეპიანოზე,  მაგრამ „გენიოსი...“ ?!  ..  ოო, არა.  ასე პომპეზურად და ასე  აღფრთოვანებით მის შემკობას დასავლეთელი ავტორები სხვადასხვა მიზეზების გამო სასტიკად  ერიდებიან.  რა მიზეზებია და რა მოსაზრებებია .. ეს სხვა საკითხია. ფაქტია რომ ერიდებიან. ბოლო ბოლო გარკვეული ტაბუ არსებობს.

მაგრამ..

ერთის შეხედვით რამდენად უცნაურიც  არ უნდა იყოს, მსგავსს  მხოლოდ და მხოლოდ რუსულ წყაროებში შევხდებით.  და  ეს ყველაფერი გვხდება არა რაღაც რუსულ სკინჰედურ ბუკლეტებში ან „bratan.info” -ს ტიპის ინტერნეტ რესურსებში. არავითარ შემთხვევაში. ფენომენი „გენიოსი“  საბჭოთა ისტორიული მეცნიერების წიაღში დაიბადა და საკმაოდ ნაყოფიერი გაგრძელებაც ჰპოვა აწ უკვე რუსულ რეალობაში.  და არ უნდა ამ ყველაფრის ახსნას ან უარყოფას დიდი ორიგინალობა და ჭკვიანური სახით რაღაცის მტკიცება.  ფაქტი მაინც ერთია და ჯიუტი - შექმნის დღიდან    მესამე რეიხი  და საბჭოთა კავშირი უახლოესი მოკავშირეები არიან.

 

უინსტონ ჩერჩილის მოგონებებში და სხვადასხვა საარქივო მასალებში ერთ თითქოსდა უცნაურ და დღემდე არც ისე „რეკლამირებულ“ ფაქტს გადავაწყდებით.  საქმე ისაა, რომ ევროპაში სამხედრო  მოქმედებების დაწყებისთანავე საფრანგეთის და ინგლისის უმაღლესი სარდლობა უკვე მთელი სერიოზულობით ფიქრობდა ბაქოს და ბათუმის დაბომბვას.  ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებული ინგლისური და ფრანგული  კორპუსების სარდლებს, მარშალ მიტჩელს და გენერალ ვეიგენს უკვე დასრულებული ჰქონდათ მოლაპარაკებები თურქულ მხარესთან, სადაც განიხილებოდა ამ ოპერაციაში, თურქული ქალაქების   დიარბექირის, ყარსის და ერზერუმის აეროდრომების გამოყენების შესაძლებლობა. შეტევის გეგმაც  და თავდასხმის თარიღიც დამტკიცებული იყო.  ფრანგულ  და ინგლისურ ავიაციას აღნიშნულ ქალაქებზე საავიაციო დარტყმა (სხვათა შორის ფოთიც არის ნახსენები დოკუმენტში) 1940 წლის  ივლისის დასაწყისში (სავარაუდოდ 5 ივლისს)  უნდა მიეყენებინა.  ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ  საბჭოთა კავშირი, რომლის ტერიტორიებზეც არის საუბარი აღიქმება, როგორც რეიხის პირდაპირი მოკავშირე. სხვა ახსნა „ბაქო-ბათუმის“ ოპერაციას არ აქვს. 

და საერთოდ, როდესაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომი გაჩაღდა ყოველი მეორე გერმანული ტანკი თუ სამხედრო მანქანა საბჭოთა საწვავით გადაადგილდებოდა.   მოკლედ იდეურ-პოლიტიკური სიამტკბილობა და აბსოლუტური იდენტობა საშინაო და საგარეო პოლიტიკაში.

 

 აი 22 ივნისს რა მოხდა, ეგ ცალკე კვლევის საგანია და  უჩვენოდაც უამრავი ნაშრომი და დისერტაცია იწერება, სადაც დღემდე იკვლევენ  და დიდი შანსია, ბოლომდე ვერც კი გავიგოთ რატომ დაიწყო მესამე რეიხმა შეტევა საბჭოთა კავშირზე.  ამაზე საუბრები საერთოდ სხვაგან წაგვიყვანს. არ გვინდა, თორემ დავიწყებთ იმით, რომ  სტალინი იქით აპირებდა პირველ დარტყმას და სამჯერ მეტი ტანკი მოაგროვა საზღვართან და დავამთავრებთ  გურჯიევით, ორგანიზაცია „თულე“-თი და მსოფლიო მასონური სხვადასხვა შეთქმულებებით.  1941 წლის  22 ივნისამდე კი  პროლეტარების ქვეყანა ყველა საკითხში მხარში უდგას ე.წ. „ფაშისტურ გერმანიას“. რომელი ერთი გავიხსენოთ. თუ როგორ ემზადებოდნენ გერმანელი ტანკისტები  ქ. ყაზანთან არსებულ პოლიგონზე, ხოლო მფრინავები ლიპეცკში, თუ როგორ აიღო თითქმის ერთდროულად ორივე მხარემ  ქალაქი ბრესტი და ჯერ კიდევ არ გაციებულ პოლონელი მებრძოლების ცხედრებზე როგორ ჩაატარეს საერთო აღლუმი,  როგორ გადიოდნენ მასტერ კლასებს ГУЛАГ-ის საპატიმრო სისტემაში მივლინებული გერმანელი SS-ის ოფიცრები.  ისე, საკონცენტრაციო ბანაკები თქვენ გერმანული ნოვაცია ხომ არ გგონიათ?  

შემდეგ აირია მონასტერი, ამას მოჰყვა უკვე ნახსენები 1941 წლის 22 ივნისი, ანტიჰიტლეური კოალიციის შექმნა, სტალინგრადი, ომაჰა-ბიჩი, ეგოროვი, ქანთარაია, შეხვედრა ელბაზე, რეიხის კრახი, ნიუნბერგის პროცესი და ნაცისტური გერმანია ისტორიას ჩაბარდა.  ეს XX საუკუნეა, თავისი პერიპეტიებით...

თუმცა „პროპაგანდის გენიოსის“  მეთოდიკა და ტექნოლოგიები არავის დაუვიწყია.  ავხედოთ მეორე ეპიგრაფს („გაუყალბე ადამიანებს ისტორია და ერთი თაობის შემდეგ მათგან მივიღებთ ბრბოს, ხოლო კიდევ ერთი თაობის შემდეგ მათი მანიპულირება ნახირის მართვაზე მარტივი გახდება“ )   და ამ ჭრილში გავაგრძელოთ წერილი.

ის რომ ჩვენი, ქართული ისტორია თავიდან ბოლომდე „გადამალულია“, ფალსიფიცირებულია, მითოლოგიზირებულია  და რეალობა მგონი ე.წ. „სპეციალისტებმაც“  ბოლომდე არ იციან და  ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ერს რომელიც სახელმწიფოს შექმნის მიჯნაზე დგას აბსოლუტურად დაუკარგა რეალობის, მოვლენებიდან ასე თუ ისე ლოგიკური დასკვნების კეთების და ობიექტურობის განცდა. მიზეზი ძალიან მარტივია - იმპერიის (რა თქმა უნდა რუსეთის,  რომელსაც ბრწყინვალედ ჰქონდა და დღემდე აქვს შესწავლილი ქართველის ფსიქო პორტრეტი) პროპაგანდა 200 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სახით და ფორმებით, თითქმის გენეტიკის დონეზე გვიდებდა  ფორმულას -  „რაც კარგები ვართ“-ს. ამის ფონზე ხდებოდა რეალური ისტორიის, ანუ პირველწყაროების მიჩქმალვა-აკრძალვა, ქართველების ტრადიციული ყოფის მოშლა და რეალური „ადათების“ თუ ტრადიციების ჩანაცვლება ახალი, აბსურდული ფენომენებით, რომელსაც ახლა, 21-ე საუკუნის მიჯნაზე რატომღაც „ეროვნულ თვითმყოფადობას“ ვუწოდებთ. ამ საქმიანობაში სამწუხაროდ და ამ დროს აბსოლუტურად ლოგიკურად დიდი წვლილი ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიასთან ერთად, ე.წ. ქართული კულტურული  „ინტელიგენციის“  დიდ ნაწილსაც მიუძღვის, რომელიც ბუნებრივია რუსული პროპაგანდისტული მანქანის ერთი ჩვეულებრივი და რიგითი ნაწილი იყო. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დღემდე გრძელდება და ნებისმიერი მცდელობა „რევიზიისა“ ,თუ საკითხის მიმართ ახლებურად და რეალურ წყაროზე დაყრდნობით მიდგომისა, უსასტიკეს წინააღმდეგობას იწვევს. ასე „დისკუსიების“ დიდი ნაწილი - „თქვენ ხომ საქართველო არ გიყვართ, თქვენ ხო არაქართველები ხართ“ ტიპის ტირადებით მთავრდება.  მაგალითად, დღეს აბსოლუტურ უმრავლესობას შინაგანად მაინც გვჯერა, რომ თუ არა გეორგიევსკის ტრაქტატი, ქართველობა, როგოც ეთნოსი ან გაქრებოდა, ან გადაჯიშდებოდა. ეგრევე მოყავთ არგუმენტები, რომ მხოლოდ 800 000 ვიყავით დარჩენილი, თურქეთი და სპარსეთი გვიპყრობდა და ა.შ.  რა თქმა უნდა, ვივიწყებთ (ან უბრალოდ არ ვიცით) იმ რეალურ ფაქტებს, რომ რიცხვი „800 000“ არც არავის გადაუმოწმებია, რომც ყოფილიყო მსგავი რაოდენობა ეგ მაინც მხოლოდ ქართლ-კახეთის მოსახლეობაზე საუბარი (ერთი მაგდენი და კიდევ მეტი დანარჩენ საქართველოში ცხოვრობდა). გვავიწყდება თუ არ ვიცით, რომ სპარსეთი, როგორც ასეთი, მაგ დროს თითქმის აღარც არსებობს, პერიოდულად ავღანელები იპყრობენ და თავის თავისთვის ვერ მიუხედია (აქეთ ერეკლესთან გამოგზავნა ელჩობა სადაც სპარსები დახმარებას ითხოვდნენ). ხოლო თურქეთმა კი გეორგიევსკამდე ერეკლე მეორეს საერთოდ ქვეყნის გაერთიანება შესთავაზეს (იმერეთის გვირგვინი ოფიციალურად ჩამოუტანეს ერეკლეს „იმერ-ქართველებმა), ქრისტიანული წესით სრულიად საქართველოს მეფედ კურთხევა და უამრავი   დახმარება აღუთქვეს. ხოლო აღა მაჰმად ხანის თბილისზე გამოლაშქრება რომ რუსმა გენერალმა გუდოვიჩმა დააფინანსა, ეს საერთოდ არც გვაინტერესებს. იმიტომ, რომ არ ვიცით. სამაგიეროდ, „წიგნი ფიცისა“ გვაქვს ნანახი, ბევრჯერ...

ეს ყველაფერი თითქმის თანამოდროვე საქართველოს ტრაგედიაა და ცალკე განსჯის და საერთოდ მომავალში ამ კუთხით განვითარებული ტიტანური ნაშრომების საგანია.  მაგრამ „მითების მსხვრევა“ რომელსაც რუსული „გებელსოიდები“ მრავალი წელი ნერგავდნენ, აუცილებელია, საშურია და გადაუდებელია. „საქართველო“ ჩვენთვის საკმაოდ ფართო თემაა და ერთი წერილი არანაიარად არ ეყოფა ამ საკითხებს. ამიტომაც რუსული პროპაგანდის  ერთ მცირე , მაგრამ ძალიან დამახასიათებელ მაგალითს შევეხოთ, რომლის მსხვეპრლი ამ წამს ის ქვეყანაა, სადაც დიდი შანსია, რაღაც კუთხით, საქართველოს  ბედიც წყდებოდეს - უკრაინა.

გავიხსენოთ ის ეპითეტები, რომლითაც რუსული მას მედია ახლა უკვე რაღაც ისტერიული სიჯიუტით ნათლავდა და ნათლავს უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ჰქონდათ და აქვთ ერთი სურვილი - თავისუფლება.

„ფაშისტები“, „ბანდერები“ „ბენდერელები“, და ა.შ.

ნებისმიერი უკრაინელ პატრიოტს, ან თავისუფალ მოაზროვნეს ეგრევე გარანტირებული ჰქონდა  და აქვს ზემოთ ნახსენები იარლიყი.

ამ დროს რუსეთიდან გადმოსროლილი, თუ  მათი სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ფორმირებები, რატომღაც „სახალხო პატრიოტთა ლაშქარია“, რომელიც დასავლეთელ ფაშისტებს წინ უნდა აღუდგეს.  და ვხედავთ კამუფლიაჟებში გამოწყობილ, ნიღბიან „მოქალაქეებს“, რომლებიც პატრულირებენ ქუჩებში, იჭრებიან ადმინისტრაციულ შენობებში..  მოკლედ ხდება ლოკალური სამხედრო გადატრიალებები.  და ისევ ლოზუნგები -„ფაშისტები, ბენდერელები“ . ჰო, არ დაგვავიწყდეს, რომ თითქმის ყველა ამ „სახალხო მოლაშქრეს“  გულზე ე.წ. „Георгиевский ленточка“  (მასზე ქვევით ვისაუბრებთ) უბნევია,  რომელიც რუსულმა პროპაგანდამ, ამ ბოლო დროს, რატომღაც „ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოდ“გამოაცხადა. ნუ პრინციპში სწორია - უკრაინელები და განსაკუთრებით  კი „დასავლეთელები“, ხომ უპირობოდ, ფაშისტები და ბანდერელები არიან. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამის ჩვენც გვჯერა, იმიტომ, რომ ამას ათეული წლების მანძილზე ჩვენც გვინერგავდნენ - „დასავლეთ უკრაინა და კერძოდ, სტეპან ბანდერა გერმანელების მხარეს იბრძოდნენ“ . 

ისე,  იმ დონის კადრებით დაკომპლექტებული მასმედიისგან, როგორიც ჩვენია და რომელთაც ოსტაპ ბენდერი  სტეპან ბანდერასგან ვერ გაურჩევიათ და ხშირად „ბანდერელები“ რატომღაც ქ. ბენდერიდან ჰგონიათ, დიდი მოლოდინიც არ იყო, რომ ამ საკითხების უფრო დეტალური გარჩევა იქნებოდა.(ცნობისთის - ქ.ბენდერი ამჟამად მოლდოვეთის ტერიტორიაზეა, საიდანაც მოლდოვური მოსახლეობა ჩვენი სოხუმი-ცხინვალის არ იყოს, გამოყრილია და ამჟამად სეპარატიულ ე.წ. „პრედნესტროვიის რესპუბლიკას“  ეკუთვნის) 

ამიტომაც არის, რომ ჩვენც,  იმათაც, ვინც მთელი გული და სულით ვგულშემატკივრობთ უკრაინას, მაინც სადღაც გულში გვგონია ბავშვობიდან ჩადებული რუსული მითი, რომ მართალია - „დასავლეთ უკრაინელები ხომ ფაშისტების მხარეს იბრძოდნენ. აი რუსებმა კი ფაშიზმი დაამარცხეს, სამყარო იხსნეს“

 

მოდით, ავდგეთ და  უბრალოდ დავთვალოთ.  ამ დროს ყველაზე მადლიერი რამ... უბრალო არითმეტიკაა ხოლმე.  დავთვალოთ, ოფიციალურად რამდენი  უკრაინელი იბრძოდა  მესამე რეიხის რიგებში. საბედნიეროდ, ინფორმაციები ამ თემატიკაზე უამრავია. მხოლოდ წაკითხვა და დათვლაა საჭირო

დავიწყოთ:

ძირითადად ცნობილია რამდენიმე უკრაინული სამხედრო დანაყოფი, რომლებიც გერმანული დროშების ქვეშ იბრძოდნენ.

ეს არის SS-ის დივიზია „გალიჩინა“,  რომელშიც მთელი ომის განმავლობაში რეგისტრირებულია 50 000 მებრძოლი.

და კანარისის უწყებას, ანუ სამხედრო დაზვერვას დაქვემდებარებული დივერსიული ბატალიონი „ნაჰტიგალ“-ი (გაგეცინებათ და „ნაჰტიგალი“ ბულბულს ნიშნავს. ოხ ეს გერმანული ენა), საშტატო შემადგენლობა 800 მებრძოლი. ეს სპეც რაზმია. იქ  მებრძოლების დიდი რაოდენობა არასოდეს არ  არის ხოლმე.

იყო კიდევ ОУН-УПА, (აი მათი დროშებია შავ-წითელი, რომელსაც ხშირად ვხედავდით მეიდნის კადრებში. აი ეგენი არიან ზუსტად ე.წ. „ბანდერელები“) რომელიც ეომებოდა ყველა ჯურის ოკუპანტს, კომუნისტებსაც და ფაშისტებსაც. ისინი უბრალოდ უკრაინისთვის იბრძოდნენ. სხვათა შორის, ОУН-УПА-ს საკითხი გატანილი იყო ნიუნბერგის პროცესზე, სადაც მათ კოლაბორაციონაზმში წაყენებული ვერც ერთი ბრალდება ვერ დაუმტკიცეს და საბოლოოდ გაამართლეს.  ასევე გამართლდა სტეპან ბანდერაც, რომელმაც სხვათა შორის, სამი წელი გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკში ჯდომაც მოასწრო. ამ ყველაფერზე საბჭოთა, ან რუსულ პროპაგანდას კრინტიც არ დაუძრავს. სამაგიეროდ ვიღაც ბებიამ ფსკოვის ოლქში ან ქართველმა ახლაგაზრდამაც (თუ ოდნავ ყური მოუკრავს ამ თემატიკისთვის) იცის, რომ „ბანდერა ბავშვებს ჭამდა“ .

 

მაგრამ არ დავწრილმანდეთ და ОУН-УПА-ს შემადგენლობაც მივუმატოთ საერთო რაოდენობას, კიდევ დავუმატოთ სხვადასხვა პატარა-პატარა უკრაინელ ამბოხებულთა რაზმების რაოდენობა და ძალიანადაც რომ მოვინდომოთ, 150 000 მებრძოლს ვერ გავცდებით. კი, ცოტა არაა. თუმცა ისიც გავიხსენოთ, რომ 25 000 ჩვენი თანამემამულეც იბრძოდა მესამე რეიხის დროშებს ქვეშ.

სადღაც გაგონილი ან ძველ საბჭოთა ფილმებშიც კი გქვონდა ნანახი „მტრის მხარეზე“ მებრძოლი რუსებზე.  თუმცა მსგავსი ფაქტების გასაჯაროება მაქსიმუმ სოფლის „პოლიცაის“ დონეზე თუ ხდებოდა. მაგრამ თუ ოდნავ სერიოზულად დავინტერესდებით  ფაშისტების მხარეზე მებრძოლი რუსების სამხედრო შენაერთებით და მათი  საერთო რიცხვით, საკმაოდ საინტერესო სიურპრიზის მოწმე გავხდებით.

აქ ყველა რუსული სამხედრო შენაერთის სახელების ჩამოწერა რომ დავიწყო,  მინიმუმ ერთი თაბახის გვერდი არ ეყოფა.  მარტო გენერალ ვლასოვის РОА (Русская освободительная армия) 1945 წლის მონაცემებით 140 000 სამხედროს ითვლიდა. და ეს მხოლოდ ვერმახტია. გაცილებით მეტი რუსი იბრძოდა SS-ის რუსულ ქვედანაყოფებში (ხაზს ვუსვავ - SS-ის) და სხვადასხვა შერეულ (მაგალითად იყო - რუსულ-ხორვატული; რუსულ-ფინური) გრენადერულ, თუ საპოლიციო ნაწილებში. ძალიან ბევრი რამის ჩამოთვლა მოგვიწევს და  ამიტომაც ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ რუსებით დაკოპლექტებული  ყველა სამხედრო შენაერთის რაოდენობა, რაც არ უნდა აყალბოს და დამალოს რუსი სამხედრო ისტორიკოსების ერთმა ნაწილმა,  მაინც 1 000 000 -ზე  მეტია.  ამ ციფრის ქვემოთ ვერაფრით ვერ ჩამოდიან. ეს აბსოლუტურად ხელმისაწვდომი ინფორმაციაა და ამიტომაც, ამ ფაქტის მიჩმალვა არანაირად არ ხერხდება.

შევადაროთ ციფრები 150 000 უკრაინელი და მინიმუმ 1 000 000 რუსი. უბრალოდ წარმოვიდგინოთ ციფრი - ერთი მილიონი რუსი სამხედრო, რომელიც ჰიტლერის მხარეს იბრძვის.  და ამ თანაფარდობებით, რომელი მხარე გამოდის „უფრო ფაშისტური“ ..?

და დესერტისთვის ერთიც არ დავივიწყოთ - ამ ბოლო პერიოდში რუსული  პროპაგანდის მიერ ფართოდ რეკლამირებული, შავ-ნარინჯისფერი „Георгиевский ленточка“, რომელიც რატომღაც „ფაშიზმზე გამარჯვების“ სიმბოლოდ უნდა წარმოგვიდგინონ და ურომლისოდაც არც ერთი მათი „9 მაისი“      არ ჩაივლის ხოლმე     ...    არის მესამე რეიხის რუსული სამხედრო შენაერთების ატრიბუტიკა. ამ ბაფთებს ატარებდნენ РОА-ს ოფიცრები და რიგითები და აგრეთვე ყველა კაზაკური დივიზია, რომლებიც გერმანელების მხარეს (მოდით ვთქვათ რომ მართლაც ბოლომდე და გმირულად) იბრძოდნენ.  ამ ბაფთით სიარული იგივეა, ვეტერანთა შეხვედრაზე რატომღაც გერმანული „რკინის ჯვრით“ რომ გამოცხადდეს ვინმე.

 

ხოლო, რაც შეეხება ცნობილ მითებს, რომელთა კულტივირება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურა რუსულმა მედიამ ( რომლებისაც ჩვენშიც ძალიან სჯერათ) და საერთოდ იმ მანქანამ, რასაც რუსული პროპაგანდა ჰქვია -  „თუ როგორი ჟლეტვა მოაწყო უკრაინულმა  „გალიჩინამ აღებულ ლვოვში“  (რუსული ანტიუკრაინული რიტორიკის და ბრალდებების ლომის წილი ამ ამბავის გარშემოა აგებული)  და  რაც მთავარია - „აი..ყირიმი ხო მართლა ხრუშოვმა აჩუქა უკრაინელებს და ეგ ადრე მაინც რუსეთი იყო“-ზე  .. შემდეგ წერილში ვისაუბროთ. დამიჯერეთ უამრავ უცნაურ, საინტერესო და მოულოდნელ ამბებს შეიტყობთ...

და ბოლოს, დავფიქრდეთ, კიდევ ერთხელ შევავლოთ თვალი და მაქსიმალურად გავიაზროთ  ის ორი გამონათქვამი, რომელიც თავის დღიურში ჩაწერა ადამიანმა, რომელსაც რუსები „პროპაგანდის გენიოსს“ უწოდებენ:

 

„მომეცით მასობრივი ინფორმაციის წყაროები და ნებისმიერი ერს ღორების კოლტად ვაქცევ“

„გაუყალბე ადამიანებს ისტორია და ერთი თაობის შემდეგ მათგან მივიღებთ ბრბოს, ხოლო კიდევ ერთი თაობის შემდეგ მათი მანიპულირება ნახირის მართვაზე მარტივი გახდება“

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია