იუსსი ბიორლინგი - ყველა დროის ვერცხლის ხმა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-06-2013, 13:35 | კულტურა | ნანახია - 1494 | ავტორი: გიორგი მშვენიერაძე

იუსსი ბიორლინგი - ყველა დროის ვერცხლის ხმა

შვედი ტენორი იოჰან იონათან “იუსსი” ბიორლინგი 1911 წლის 5 თებერვალს დაიბადა შვედეთის პროვინცია დალარნაში. ოპერის მომავალი სუპერვარსკვლავის მამა დავიდი მომღერალი და სიმღერის მასწავლებელი იყო. მან შვილების მუსიკალურ განათლებას ადრეული ასაკიდან მოჰკიდა ხელი და შედეგად სამი უფროსი ვაჟის - ოლეს, იუსსის და გიოსტას - ტრიო დიდი პოპულარობით სარგებლობდა შვედეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

1928 წელს ბიორლინგმა სწავლა დაიწყო სტოკჰოლმის კონსერვატორიაში. 1930 წელს შედგა მისი დებიუტი შვედეთის სამეფო თეატრის სცენაზე ჟ. მასნეს “მანონ ლესკოს” ერთ-ერთი უმნიშვნელო პერსონაჟის - მეფარნის როლში. თუმცა, სრულიად ახალგაზრდა მომღერლის ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩა - მას უმალვე ანდეს დონ ოტავიოს პარტია მოცარტის “დონ ჯიოვანიში”.

 

1931 წელს ბიორლინგმა პირველად იმღერა შვედეთის ფარგლებს გარეთ, დანიის დედაქალაქში, “ტივოლის” თეატრში. მშობლიურ სამეფოში კი პარტია პარტიას მისდევდა: 1931-1932 წლებში წამყვანი პარტიები შეასრულა როსინის “გილიომ ტელსა” და “სევილიელ დალაქში”, ვერდის “რიგოლეტოსა” და “ტრავიატაში”, პუჩინის “ტოსკაში”, დონიცეტის “სიყვარულის ელექსირში”, გუნოს “რომეო და ჯულიეტაში”. თუ გავითვალისწინებთ, რომ მომღერალი მაშინ 20-21 წლის იყო, ეს ჩამონათვალი გამაოგნებლად გამოიყურება.

 

თავისი რეპერტუარის ჩამოყალიბება ბიორლინგმა 1934-1936 წლებში გააგრძელა. სწორედ ამ პერიოდში პირველად იმღერა ის პარტიები, რომლებმაც ახალგაზრდა არტისტი მოკრძალებული დალარნადან ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ტენორად აქციეს: “ბალ-მასკარადი”, “ფაუსტი”, “ბოჰემა”, “სოფლის ღირსება”, “აიდა”, “ტრუბადური”, “ჯამბაზები”, “მადამ ბატერფლაი”, “გოგონა დასავლეთიდან”.

 

1935-1936 წლებში შვედი ტენორი თავის პირველ ტურებს ატარებს ჩეხოსლოვაკიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, უნგრეთში, გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებში. და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იწყებს ოპერების იმ ენებზე შესრულებას, რომელზეც ორიგინალური ლიბრეტო იყო დაწერილი.

 

27 წლის ასაკში (!), 1938 წლის ნოემბერში, იუსსი ბიორლინგი პირველად მღერის მეტროპოლიტენის სცენაზე როდოლფოს პარტიას “ბოჰემაში”. ამის შემდეგ მისი კარიერა გარანტირებულია. ის მსოფლიოს საუკეთესო თეატრის წამყვანი სოლისტი ხდება. ლა სკალა, ვენის შტაატსოპერი, კოვენტ-გარდენი - ყველა ამ დიდებულ სცენაზე ექნება ბიორლინგს ტრიუმფი, მაგრამ მის განსაკუთრებულ ურთიერთობას მეტროპოლიტენ-ოპერასთან ვერაფერი შეცვლის.

 

იმავე წლის აგვისტოში ახალგაზრდა შვედი თავისი განსაკუთრებული სტატუსის კიდევ ერთ დადასტურებას იღებს: შვეიცარიაში ვერდის “რეკვიემის” შესასრულებლად მას თვით არტურო ტოსკანინი პატიჟებს.

 

უნიკალური ხმა, შეუზღუდავი დიაპაზონი, უნარი ერთნაირი წარმატებით ემღერა ბელკანტოს, რომანტიული და ვერიზმის რეპერტუარი, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება შვედ სოპრანო ანნა-ლიზ ბერგთან, მსოფლიოს საუკეთესო თეატრები, რომლებიც რიგში იდგნენ, რომ ბიორლინგი მათ ანგაჟემენტებს დათანხმებოდა, - ყველაფერი ერთი შეხედვით ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის მომასწავებელი იყო. მაგრამ გულის ავადმყოფობამ, რომელიც ნაწილობრივ ალკოჰოლიზმის პრობლემებით იყო განპირობებული, იუსსი ბიორლინგის ცხოვრების გზა 49 წლის ასაკში დაასრულა.

 

1960 წლის 15 მარტს კოვენტ-გარდენში ბიორლინგი “ბოჰემას” მღეროდა. სპექტაკლის მსვლელობისას მას გულის შეტევა დაემართა. თეატრის ადმინისტრაციისა და ოჯახის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, გენიალურმა მომღერალმა სპექტაკლის გაგრძელება გადაწყვიტა. მისმა ჯანმრთელობამ სასიკვდილო დარტყმა მიიღო.  

 

კოვენტ-გარდენის შემდეგ იყო მხოლოდ “ფაუსტი” სან-ფრანცისკოში და კონცერტი სკანსენში (შვედეთი).

 

1960 წლის 9 სექტემბერს იუსსი ბიორლინგი თავის საზაფხულო სახლში, ძილში გარდაიცვალა.

 

მისი ბოლო ჩანაწერი სტუდიაში ვერდის “რეკვიემი” იყო. 

 

 

გ. მშვენიერაძე


 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია