ეს ყველაფერი ინგლისში დაიწყო !

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
16-06-2014, 18:23 | ბრაზილია 2014 | ნანახია - 1272

ეს ყველაფერი ინგლისში დაიწყო !მამუკა გამყრელიძე

 

სიკვდილის პირას მყოფი საავდმყოფოში არ

 წამიყვანოთ.

წამიყვანეთ ენფილდზე. მე იქ ვიშვი და იქვე მოვკვდები.

                               

სტივენ ჯერარდი

 

     კიდევ ერთი დიდ ინგლისელის სიტყვები უნდა გავიხსენო, რომელიც ამბობდა “მთელი ქვეყანა თეატრიაო”. თანამედროვეობამ მცირე კორექტივი შეიტანა ამ აფორიზმში, მთელი ქვეყანა ერთი დიდი შოუა და ამ შოუს ღერძი დღეს ფეხბურთია. ფეხბურთს მსოფლიოში 250 მილიონი ადამიანი თამაშობს, მსოფლიო ჩემპიონატების მატჩებს კი ჯამურად თითქმის 3 მილიარდი ტელემაყურებელი უყურებს. ადვილი მისახვედრია ფეხბურთის მნიშვნელობა და ზეგავლენა ადამიანების ფსიქოლოგიაზე, ქვეყნების ეკონომიკებზე და შესაბამისად პოლიტიკაზეც. ფეხბურთი დიდი ძალაა და დიდი ინდუსტრია. ეს ყველაფერი კი ინგლისში დაიწყო, მე-19 საუკუნის შუაწელში, როცა შეიკრიბნენ ენთუზიასტები, ჩამოაყალიბეს ერთიანი წესები და მოგვიანებით ასოციაციაც შექმნეს.

 

     მე 1966 წლიდან ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი გახლავართ. ამის მიზეზად მარტივი ლოგიკური ჯაჭვი მომყავს ხოლმე.  ფეხბურთი რომ ნახევარი მსოფლიოსათვის რელიგიაა ამას წყალი არ გაუვა და ამოსავალ წერტილად მივიღოთ. ყველა რელიგია კი ლეგენდებით იწყება. ლეგენდა რაც ძველია მით უფრო ფასეულია. ყველაზე ძველი ლეგენდა ფეხბურთზე კი ინგლისში იშვა და თუ მაინცა და მაინც ამ რელიგიის ადეპტი უნდა ვიყო, მაშინ უმჯობესი არაა მის კლასიკურ, ორთოდოქსულ ვარიანტს ვეთაყვანებოდე ? ეს ისე, ხუმრობით. სინამდვილეში კი ინგლისური ფეხბურთი თამაშის მისმა ლაღმა, გახსნილმა და უკომპრომისო მანერამ შემაყვარა.

 

     ინგლისი ტრადიციების ქვეყანაა. საფეხბურთო ტრადიციები კი აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. აქ ყველა დონეზე თამაშობენ და გულშემატკივრობენ ფეხბურთს. ინგლისში 40000 საფეხბურთო კლუბია და ყველას თავისი თავდადებული ქომაგი ჰყავს. ეს ქომაგობა ხანდახაც უცნაურ ფორმასაც იღებს. რომელიმე პატარა ქალაქის საბეხბურთო კლუბებს შორის დერბი უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა ქომაგებისთვის ვიდრე დიდი საერთაშორისო ტურნირის მატჩი საფეხბურთო გრანდების მონაწილეობით. ინგლისელი ფანატების ყურება ცალკე შოუა და სამაგალითოც კი. ისინი არასოდეს ტოვებენ გუნდს მარტო, მაშინაც კი როცა იგი აგებს და ბოლომდე მხარში უდგანან. როგორ არ გავიხსენო “ლივერპულის” ქომაგების ჰიმნი Y’ll never walk alone” რომელსაც მთელი სტადიონი ერთხმად მღერის განურჩევლად გამარჯვებისა თუ მარცხისა. ეს ხალხი საოცარი ვაჟკაცობითა და რაინდობით გამოირჩევა. ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ. საზოგადოდ არ მხიბლავს სტადიონზე ჯდომა და უკანასკნელად საფეხბურთო მატჩს, რომელზეც სტადიონზე გახლდით თბილისის დინამოსა და ლივერპულის მატჩი იყო. ამიტომ საკუთარი თავისაგან გამიკვირდა როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მატჩზე მანჩესტერ იუნაიტედსა და ჩელსის შორის, რომელიც მოსკოვში ტარდებოდა, ბილეთები ვიყიდე. ცხადია მანჩესტერელების სექტორში შევარჩიე ორი ადგილი. მაგრამ მატჩზე წასვლა არ მეწერა, რადგან ჩემმა ქალიშვილებმა ბილეთები “ამახიეს”. დიდად არ გამიპროტესტებია, რადგან საშინლად წვიმდა და წასვლაც მეზარებოდა. მოკლედ ჩემი ორი, მაშინ სულ ნორჩი და ფერებაში ნაზარდი ქალიშვილი მანჩესტერელების “ბუნაგში” მოხვდა. და ეს მაშინ როცა თავად ჩელსის ქომაგები იყვნენ და შესაბამისად ეკიპირებულნი მიბრძანდნენ მანკუნიანელების ტრიბუნაზე. დღესაც საოცარი სითბოთი იხსენებენ იმ მატჩს. მანჩესტერელებმა ჯერ შეიცხადესო და მერე კი საოცარი ხალისით მიიღეს ეს ორი “გზააბნეული”. მთელი თამაშის განმავლობაში უხსნიდნენ საფეხბურთო ნიუანსებს და მანჩესტერ იუნაიტედის მხარეს გადასაბირებლად აგიტაცია-პროპაგანდას უტარებდნენ. ისე, კიდევ კარგი, მაშინ მანჩესტერმა მოიგო პენალტებით.

 

    ყველა ადამიანს ფეხბურთი საკუთარი გემოვნების მიხედვით უყვარს. ბევრი დაცინვა მიმიღია ჩემი არგენტინის ან იტალიის ქომაგი მეგობრებისაგან, ნეტავ რა მოიგეთ ინგლისელებმაო ? რა მნიშვნელობა აქვს პრიზებს ? ინგლისი სპორტსმენების ქვეყანაა. სპორტიც, როგორც მოვლენა სწორედ ინგლისში შეიქმნა. სპორტსმენისათვის კი მთავარი პაექრობაში მონაწილეობით მიღებული სიამოვნებაა. დღეს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და მე ჩემს საყვარელ გუნდს წარმატებას ვუსურვებ. მართალია პირველ მატჩში იტალიელებთან დავმარცხდით, მაგრამ ორი თამაში წინაა და მჯერა შემდეგ ეტაპზეც გავალთ და ჩემპიონობასაც შეიძლება გამოვკრათ ხელი. მაგარო კაცებო, ალფ რემზის, ბობი მურის, გორდონ ბენქსის, ჯეკი და ბობი ჩარლტონების, ჯეფ ჰერსტის და მარტინ პიტერსის წყალი გადაგსხმოდეთ ! 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია