საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმი: რჩევები და პროგნოზები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-06-2014, 14:49 | ეკონომიკა | ნანახია - 3405

ანა ითონიშვილი

 საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმი: რჩევები და პროგნოზები

13 მაისს თბილისში საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობა საფრანგეთის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ მინისტრმა მიიღეს. ფორუმის მიზანი ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაღრმავება და თანამშრომობის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა იყო. ფრანსუა ოლანდმა ყურადღება საქართველოს ტურიზმსა და ინფრასტრუქტურაზე გაამახვილა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ტურიზმს, როგორც საქართველოს ეკონომიკის (ყოველ შემთხვევაში, ერთ დროის მაინც) მამოძრავებელ ძალას. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ტურისტებისა და უცხოელი ინვესტორების მოზიდვის უდიდესი პოტენციალი აქვს: გეოგრაფიული მდებარეობა, რელიეფი, ბუნებრივი სილამაზე, სამთო ტურიზმი და საზღვაო კურორტები.  თუმცა, მისი თქმით, ეს ყოველივე ჯერ-ჯერობით ათვისებული არ არის. ფორუმზე ქართულმა და ფრანგულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დაარსებაზე და ფინანსურ პროტოკოლს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზების განახლებაზე. ამასთან, იყო საუბარი იმაზე, თუ რამდენად სტაბილური გარემოა საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და თუ რა გზით შეუძლია საფრანგეთს გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება და დაგვეხმაროს სტრატეგიის შემუშავებაში.

 

ამ ქვეყანას უდაოდ შესწევს უნარი სწორი მიმართულება მისცეს საქართველოს ტურისტულ დინამიკას; “World Travel Association”-ის 2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოს ყველა მიმართულებებს შორის საფრანგეთი პირველ პოზიციაზეა ტურისტების წლიური რაოდენობით (76.5 მილიონი). ამ შედეგით მან ჩამოიტოვა ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო. ხოლო საქართველოს, გასული წლის მონაცემებით, 5,392,303 ტურისტი ესტუმრა, რაც 2012 წლის შედეგს 22%-ით აღემატება. 2014 წლის პირველი ოთხი თვის შედეგიც (1,396,952 ტურისტი) 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (1,300,199) 7%-ით აღემატება. თუ ტურისტებს ქვეყნების მიხედვით გადავხედავთ, ვნახავთ, რომ “Top 15”-ში პირველ პოზიციას თურქეთი იკავებს. მას მოჰყვება აზერბაიჯანი და სომხეთი. ამ 15 ქვეყნიდან 5 ქვეყნის ტურისტების რაოდენობაში კლება აღინიშნება გასულ წლის დასაწყისთან შედარებით. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს საკმაოდ გრძელი გზა აქვს გასავლელი მსოფლიოს Top-10 მიმართულებებში მოსახვედრად, რადგან მეტწილად მაინც მოსაზღვრე ქვეყნების მოქალაქეების აქტიურობა აღინიშნება და ეს ტურისტული აღმასვლისკენ არ მიუთითებს.

 

ის, რომ საქართველოს პოზიცია საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე მისი პოტენციალის შესაბამისი არაა, მარტივად აიხსნება მომსახურების სფეროთი: უნდა გაუმჯობესდეს მიღების ხარისხი (იგულისხმება სასტუმროების სტანდარტი, პერსონალის სპეციალური მომზადება) და უნდა იყოს მრავალფეროვანი ინდუსტრია. ვიზიტორებისათვის, საქართველო მომხიბვლელი უნდა იყოს არა მხოლოდ სეზონურად, არამედ მთელი წლის განმავლობაში. ამის მისაღწევად უნდა განვითარდეს ზამთრის სპორტის ცენტრები ბაკურიანში, გუდაურში, მესტიაში და თუნდაც მაღალმთიან აჭარაში. სათხილამურო სპორტმა საქართველოში დიდი ხნის წინ აიღო სათავე, მაგრამ დიდად წინ არ წაწეულა. ხანდახან ეწყობა შეჯიბრებები, მაგრამ ამას მასშტაბური და სისტემატიური სახე არ აქვს მიღებული. სათხილამურო გზების ამჟამინდელი მდგომარეობა და აღჭურვილობის დეფიციტი შეუძლებელს ხდის მაღალი სტანდარტის საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებას .

 

ფორუმზე გამოთქმული მოსაზრებებიდან ჩანს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობა საქართველოში კომფორტული ტურისტული გარემოს შექმნას და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. რაც მთავარია, უნდა იყოს ურთიერთობა ტურისტულ სააგენტოებს შორის ‘’რეცეპტის” გასაზიარებლად. “საფრანგეთის ჩართულობაში”  იგულისხმება ქვეყნის აქტიური მონაწილეობა ინფრასტრუქტურის განვითარებაში, კერძოდ ინვესტიციის ჩადება/მოზიდვა სასტუმროების განახლებასა და საჭირო აღჭურვილობის შეძენაში. ამ ეტაპზე ეს აუცილებელიცაა, რადგან 2013 წლის სრული 12 თვის მონაცემებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს არც თუ ისე სახარბიელო მაჩვენებელი ჰქონდა 2006 წლის (1 190.4 მლნ აშშ დოლარი), 2008 წლის (როდესაც მან პიკს მიაღწია - 1564 მლნ აშშ დოლარი) ან 2011 წლის მაჩვენებლებთან (1 117.2 მლნ აშშ დოლარი) შედარებით.  მოწინავე პოზიციაზე ნიდერლანდებია, ხოლო საფრანგეთი პირველ ათეულში საერთოდ არ შედის. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილესი ეკონომიკური სექტორი (22%) ენერგეტიკაა .

 

ინფრასტრუქტურის გასავითარებლად, ფორუმზე ხელი მოეწერა პროტოკოლს ჭიათურის საბაგირო გზების განახლების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ჭიათურა არის ერთადერთი ქალაქი, სადაც საბაგირო გზა მთავარი საზოგადოებრივი ტრანსპორტია. საბაგიროს რეკონსტრუქცია აუცილებელია, იქიდან გამომდინარე, რომ ის პირველად 1964-65 წლებში გაუშვეს და მას მერე სამგზავრო კაბინები თითქმის 50 წელია არ გამოცვლილა. იმის მიუხედავად, რომ მაცხოვრებლების აზრით ის საკმაოდ იაფი და პუნქტუალურია, უშუქობის დროს მათ ფეხით უწევთ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება, რაც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ხელშეკრულება გაითვალისწინებს კაპიტალურ რემონტს და განახლებას, რადგან ტრანსპორტი პირველ რიგში უსაფრთხო უნდა იყოს. ამასთანავე, ნამდვილად სასურველია Daily Mail-ის მიერ “უნიკალურ მოწყობილობად” აღიარებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენა და შენარჩუნება. ამ პროექტზე ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. პროექტს საფრანგეთის მთავრობა გრძელვადიანი (0.17 წლიური საპროცენტო განაკვეთით) სესხის (13 200 000 ევრო) სახით აფინანსებს.

 

 პროტოკოლის გარდა, მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საქართველოში საფრანგეთის განვითარების, ეკონომიკური თანამშრომლობის და ხელშეწყობის განვითარების სააგენტოს დაარსების თაობაზე. კერძოდ, თბილისში წარმომადგენლობითი ოფისის დაარსებას, რომელიც მოემსახურება რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. თავისდავად კარგია რომ ცენტრალური ფილიალი სწორედ საქართველოში იქნება, რადგან ამით რეგიონში საქართველოს სტატუსი ამაღლდება. ეკონომიკური ზრდისათვის, კერძოდ კი ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის, ეს ცალსახად მნიშვნელოვანია. სააგენტო ხელს შეუწყობს ქართველ ბიზნესმენებს ახალი პროექტების შემუშავებაში და დაეხმარება მათ ფრანგი პარტნიორების მოძიებაში. ამისათვის კი, ოლანდის თქმით, საქართველოს ეკონომიკის დინამიკა “პროგნოზირებადი და სტაბილური” უნდა იყოს.

 

“სტიმული ახალი აღმასვლისთვის” საგარეო ვაჭრობასაც ითვალისწინებს: ოლანდმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტულია ტრანზიტი, ანუ გზა, რომელზეც იმპორტული და ექსპორტული საქონელი მოძრაობს. იყოს დაბალი გადასახადები, უსაფრთხოება და ნაკლები დაბრკოლებები. თუ გადავხედავთ ექსპორტის მაჩვენებლებს ქვეყნების ჯგუფების მიხედვით, 2014 წლის პირველი კვარტლის მონანცემებით პირველ ადგილზეა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნები (447, 829 ათასი აშშ დოლარი). ევროკავშირის (28 ქვეყანა) მაჩვენებელი კი 140, 671 ათასი აშშ დოლარია. აქედან პირველ ადგილზეა ბულგარეთი (42 907 ათასი აშშ დოლარი) . უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია. ასევე მინერალური წყლები და  ნატურალური ყურძნის ღვინო. რაც შეეხება იმპორტს, ქვეყნების ჯგუფების მიხედვით აქაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებია მოწინავე პოზიციაზე, ევროკავშირი 494 735 ათასი აშშ დოლარი, აქედან გერმანია 103 955 ათასი აშშ დოლარი,საფრანგეთი 29 761 ათასი აშშ დოლარი. უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილები და სამკურნალო საშუალებებია. 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოსვლა ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე საუბრით დაასრულა. მან გამოყო შეთანხმების კულტურული ნაწილი (ევროპული ღირებულებების გაზიარება -ევროპულ ღირებულებებში იგულისხმება ადამიანის უფლებების პატივისცემა, აღიარება და დაცვა, ოჯახის მდგრადობა, ტოლერანტობა, ერთიანობა) და კომერციული ნაწილი (ვაჭრობა). შეგახსენებთ ასოცირების შესახებ შეთანხმების სტრუქტურას: 1. პოლიტიკურთანამშრომლობა 2. დარგობრივითანამშრომლობა 3. ვაჭრობა. მოიცავს ღრმადაყოვლისმომცველითავისუფალივაჭრობისსივრცისკომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area - DC FTA) და ითვალისწინებს ქართული პროდუქციის გათავისუფლებას საბაჟო ტარიფისგან.  ასევე: “მოკლევადიანპერსპექტივაშიმთლიანიშიდაპროდუქტის (მშპ) ზრდას 1,7 %-ით, ხოლოგრძელვადიანპერსპექტივაში - 4,3 %-ით. მოკლევადიანპერსპექტივაშიექსპორტის 9 %-ით, ხოლოიმპორტის 4,4 %-ით, ხოლოგრძელვადიანპერსპექტივაშიექსპორტის 12 %-ით, ხოლოიმპორტის 7,5%-ითზრდას[1]”. ეს შექმნის თავისუფალ ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობას ქართველებსა და ფრანგებს შორის, რომელიც თავისთავად გააუმჯობესებს პოლიტიკურ ურთიერთობებს. ზოგადად, გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და ქვეყნის განვითარებას.

 

შეთანხმება ითვალისწინებს:

  • ევროპის სრულ ჩართულობას; ეს ნიშნავს იმას, რომ  საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდება ევროპული ქვეყნების ოჯახს და გაიზიარებს ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს. ევროპული ქვეყნები კი, თავის მხრივ,  ჩადებენ ინვესტიციებს.
  • ოლანდის თქმით (ისედაც 10-20 წლიანი ენერგეტიკული პოლიტიკის ფონზე ) “საუკეთესო ფასების” დაწესებას; დარეგულირდება ფასები და ბაჟი აღარ დაედება ევროპიდან ჩამოსულ საქონელს.
  • გარემოს დაცვის სფეროს განვითარებას; სააგენტო უკვე ევროპული აქტიურობით შეეცდება განავითაროს გარემოს უსაფრთხოება და იზრუნოს მის გალამაზებაზე.
  • დაცული გარემოს შექმნას, სადაც იქნება სოციალური დაცვის სააგენტო და მოქალაქე დააზღვევს ჯანმრთელობას და ქონებას.
  • ევროკავშირის ქვეყნებში განათლების მიღების გამარტივებას და გრანტების/დაფინანსების ფართო არჩევანს, რაც გააღრმავებს ევროპელ და ქართველ ახალგზარდებს შორის კომუნიკაციას და ღირებულებების/აზრების გაცვლა/გაზიარებას.

 

 

ფორუმზე გამოითქვა მოსაზრება, რომ არ ღირს “მოვლენების დაჩქარება”, რაშიც იგულისხმება საქართველოს ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება. ოლანდმა საქართველოს “ურჩია” ამ ეტაპზე კონცენტრირება მხოლოდ ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოახდინოს. იმედი ვიქონიოთ, რომ  პრეზიდენტის მიერ ხსენებული ფრაზა გულისხმობს უბრალოდ “ბეჯით” მიდგომას და არა ამ პროცესის გაჭიანურებას. ეს საქართველოს პრემიერ მინისტრმაც ახსენა; მან აღნიშნა, რომ საქართველო იმოქმედებს სტრატეგიული გეგმით, რომელიც მან ევროკავშირთან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა. ეს გეგმა საქართველოს მიიყვანს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე და შემდგომში იგი გაგვიადვილებს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. 



[1] წყარო: mfa.gov.ge

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია