გაბედე და იაზროვნე!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-06-2014, 15:05 | კომენტარები | ნანახია - 1974

გაბედე და იაზროვნე! ეძღვნება აკაკი ბაქრაძის ხსოვნას

 

მამუკა ბერია

 

მოძრაობა ,,დაბრუნების“ გამგეობის წევრი,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის

პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების

ასისტენტ-პროფესორი

 

 „აზრი და სიტყვა - ერთიცა და მეორეც - ღვთიური ელემენიტია ადამიანში და როგორც ასეთი, თავისუფალია თავისითავად. თითქოს შეეძლოს ვისმე მიიჩნიოს აზრისა და სიტყვის თავისუფლება დანაშაულად.“

გრიგოლ რობაქიძე

 

წინამდებარე სტატიას არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს იმის რეალური პრეტენზია, რომ სრულიად მოიცვას პრობლემა, რომელზედაც მიდის აქ  საუბარი.  ის მთლიანობაში ჯერ არავის შეუსწავლია.  ცალკეული ეპიზოდების, სეგმენტების ანალიზი მიმობნეულია  გრიგოლ რობაქიძის, მერაბ მამარდაშვილის, ნიკოლოზ ბერდიაევის, ვაცლავ ჰაველის და სხვათა ნაშრომებში.  მეტნაკლები სისტემურობით  ამ მხრივ გამოირჩევა  აკაკი ბაქრაძე- საბჭოთა პერიოდის უზადო მცოდნე და კრიტიკოსი.

 

საკითხის  ანალიზისათვის აუცილებელია მცირეოდენი ისტორიული ექსკურსი. რამ  გამოიწვია 25 თებერვალს ქართული სახელწმიფოს მარცხი? რა თქმა უნდა მთავარი და განმსაზღვრელი იყო რუსეთის დამყრობლური პოლიტიკა, ანუ საგარეო ფაქტორი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ქართული საზოგადოების, ქართული პოლიტიკის „მზაობა“ 25 თებერვლისათვის. ამასთან დაკავშირებით ზურაბ ავალიშვილი წერდა: „ ... საქართველოს დემოკრატია 1918-1921 წლებში იყო დიქტატურა სოციალ-დემოკრატიისა, ე.ი. მარქსიზმის მემარჯვენე ფრთისა და იგი იყო საქართველოსთვის საბჭოთა დიქტატურის გამარჯვების მოსამზადებელი ხანა... როცა 1921 წელს, თებერვალ-მარტის მძიმე დღეებში, საქართველო გააწვინეს მაგიდაზე და გამოცდილმა ქირურგმა - საბჭოთა ხელისუფლებამ - სასტიკი ოპერაცია გაუკეთა. მან იცოდა, რომ ავადმყოფი გააბრუა და ოპერაციისთვის უკვე მოამზადა მასზე არა ნაკლებ გამოცდილმა, თუმცა არა მასსავით გამბედავმა ქართველმა სოციალ-დემოკრატიამ“.

 

მართალია, მე-19 საუკუნის ქართული პოლიტიკური აზროვნება მიდის ეროვნული ავტონომიის მოთხოვნამდის რუსეთის სახელმწიფოს ფარგლებში, მაგრამ შემდგომ ამ იდეის განვითარება ვერ ხერხდება. მას წინ გადაეღობა სოციალიზმის იდეა. ეროვნული იდეების პროპაგანდა სასირცხვილოდ მიაჩნდათ ქართველ მარქსისტებს. სომხური პარტია ,,დაშნაკციუტუნი” კავკასიისათვის ითხოვდა შვეიცარიის მსგავს ფედერაციას, რადგან ითვალისწინებდა სომხების გაფანტულობას მთელ კავკასიაში, ქართველი მენშევიკები კი იცავდნენ რუსეთთან სრული ერთობის პოზიციას. უფრო მეტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ბოდიშს უხდიდა რუსს გენერლებს დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო.

რუს ბოლშევიკებს არასოდეს უფიქრიათ რუსეთის იმპერიის დანგრევა, პირიქით იბრძოდნენ მისი გაძლიერებისათვის და განმტკიცებისათვის. სწორედ სოციალიზმი და მარქსიზმი გამოიყენეს მათ ამ იდეის წარმატებით განხორციელებისათვის. ამით მათ არამარტო გადაარჩინეს რუსეთის იმპერია დაშლას, არამედ გააძლიერეს კიდეც.

 

რუსული ცარიზმის ეროვნული პოლიტიკის „ღირსეული“ გამგრძელებლები რუსი ბოლშევიკები რეალურად აღმოჩდნენ. ამასთან დაკავშირებით აკაკი ბაქრაძე წერს: „და ბოლოს გავიხსენოთ ეკატერინე მეორის კარისკაცის გრაფი პანინის ფორმულა - душа русская, тело тамошнее (სული რუსული, სხეული ადგილობრივი), - რაც ასე ნათლად გამოხატავს საქართველოში რუსეთის გაბატონების ერთადერთ და საბოლოო მიზანს და რასაც ასე თანმიმდევრულად ახორციელებს რუსეთი 1801 წლიდან დღემდე. არც ის იქნებოდა ურიგო, დღევანდელ მკითხველს პანინის ფორმულისათვის შეედარებინა რუსი კომუნისტების მრავალგზის განმეორებული ლოზუნგი - ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური. თუ გავითვალისწინებთ, რომ სიტყვით „სოციალისტური“ შენიღბულია სიტყვა „რუსული“ (რადგან სოციალისტური უფრო იოლად და მარჯვედ ატყუებს გულუბრყვილო ადამიანებს), ცხადი უნდა გახდეს, რაოდენ მტკიცედ ეჯაჭვება ერთმანეთს რუსი იმპერატორებისა და რუსი კომუნისტების ეროვნული პოლიტიკა“ (აკაკი ბაქრაძე, „დაწუნებული გზა“).

 

25 თებერვლის დადგომის მიზეზები შეიძლება ასე დავალაგოთ: 1. რუსული დამყრობლური, შოვინისტური პოლიტიკა, რომელიც სათავეს იღებს ზოგადად რუსული კულტურიდან და განივთებულია მასში.  2. ტრადიციული ქართული კოლაბორაციონიზმი, რომელიც წარმატებით გააგრძელა ქართულმა სოციალ-დემოკრატიამ. 3. ეროვნული თვითშეგნების დაბალი დონე. თუ 1801 წელს ეროვნული თვითშეგნების დაჩლუნგებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთთან ერთმორწმუნეობამ, 1921 წელს იგივე როლი ერთპარტიულობის დოგმამ ითამაშა. ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნება გაჯერებული იყო სოციალიზმის იდეებით.

 

ბოლშევიკების მიერ შეიქმნა  ტოტალიტარული პოლიტიკური სისტემა, რომელიც თავისი სისასტიკით და ძალადობით ბევრად აღემატებოდა სხვაგან შექმნილ ანალოგიურ სისტემებს.  ეს სისტემა აყალიბებს აზროვნების განსაკუთრებულ ტიპს, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ტოტალიტარული პოლიტიკური ცნობიერება. მეტად საგულისხმოა ასეთი ცნობიერების ნიშნები: 1. დიქოტომიური აზროვნება („მტერი“-„მეგობარი“, „წითლები“ – „თეთრები“);  2. ნარცისიზმი („საუკეთესო ქვეყანა“ , „რუსები-საუკეთესო ერი“);  3. ცალმხრივობა: „ერთი იდეა“, „ერთი პარტია“, „ერთი ბელადი“;  4. გამარტივება,  რთული პრობლემების დაყვანა უფრო მარტივზე, აზროვნების სქემატიზმი და ცალმხრივობა: „ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერია“;  5. ფანატიზმი;  6. მუდმივი ეჭვიანობა, რაც გადაიზრდება მორალურ და ფიზიკურ ტერორში მოქალაქეებისა და ახლობლების მიმართაც კი; 7. ორიენტაცია „ბედნიერ მომავალზე“, დღევანდელი დღის ღირებულებების იგნორირება.

 

სიღრმისეული აზროვნება არაა საჭირო იმისათვის, რომ წარმოიდგინო მთელი ეს პროცესი ქართულ სინამდვილეში - როგორი გაუგონარი სისასტიკით და ძალადობით ყალიბდებოდა ეს პოლიტიკური სისტემა, შესაბამისად ცნობიერება. მთლიანად ეს პროცესი წარმოადგენს აზროვნების   ტოტალურ დასაჭურისებას, როგორც ამას ვაცლავ ჰაველი აღნიშნავდა. ყალიბდებოდა სისტემა, რომელიც აბსოლუტურად შეუსაბამო და ალოგიკური იყო ქართულ სულიერ - ღირებულების სისტემასთან.  რამდენდაც დიდი იყო შეუსაბამობა, იმდენად რთული, სასტიკი და დამანგრეველი იყო მისი დანერგვა ქართულ სინამდვილეში.

 

შეუსაბამობას, შეუთავსებლობას, ალოგიკურობას სათავე დაუდო რუსეთის 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებამ. ამ გადატრიალებამ დაარღვია საზოგადოების ბუნებრივი, ლოგიკური განვითარების გზა მთელს იმპერიაში, მათ შორის ჩვენთან. რუსეთის თებერვლის რევოლუცია ეყრდნობოდა მეტნაკლებად ჩამოყალიბებულ კაპიტალისტურ ეკონომიკას და მყარდებოდა შესაბამისობა ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემებს შორის. ოქტომბრის გადატრიალებით მოსული ბოლშევიკები კი პოლიტიკურ ძალაუფლებას დაეუფლნენ, მაგრამ სოციალისტური ეკონომიკური სისტემა რუსეთში თეორიულადაც არ არსებობდა.  შესაბამისად, ტოტალური დაბნეულობა,  როგორც ეკონომიკურ, ისე სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ფაქტობრივად, ბოლშევიკებმა ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული განვითარების ლოგიკური, ბუნებრივი გზა ძალადობის არნახული მასშტაბებით შეცვალეს სადაც უმთავრესი იყო   ადამიანის ზნეობრივი გადაგვარება, „ახალი ადამიანის“  შექმნა, რომელიც მოერგებოდა მათ მიერ შექმნილ ღირებულებით სისტემას და მთლიანად დაცლილი იქნებოდა ინდივიდუალიზმისგან და პიროვნული თავისუფლების პრინციპებისგან.

 

ადამიანის ზნეობრივი გადაგვარება დაიწყო ალტერნატიული აზრის კატეგორიული აკრძალვით. ლიტერატურის (საერთოდ კულტურის) პოლიტიკის სამსახურში ჩაყენებით. ამის საუკეთესო საშუალება არის ლიტერატურის პარტიულობის პრინციპი, რომელიც ეყრდნობა ადამიანის ინტელექტუალურ ექსპლუატაციას,  როდესაც ის იძულებულია წეროს და ილაპარაკოს ის, რაც არც სწამს და არც სჯერა. 

 

ლიტერატურის პარტიულობის პრინციპით ქართულ აზროვნებას პირდაპირ გულში გაარტყეს. ქართველი ერის ყველაზე მოაზროვნე ნაწილი სწორედ მწერლობა იყო. ემანუელ კანტმა თავის დროზე საკმაოდ თამამი წინადადება წამოაყენა: გაბედე და იაზროვნე! - საბჭოთა  მწერალს  ამ პრინციპისთვის უნდა ეღალატა, არ უნდა გაებედა, არ უნდა ეაზროვნა.  სწორედ ამ საფუძველზე მოქმედებდნენ „ახალი ადამიანის“ შემქნელნი.

 

ლიტერატურის პარტიულობის პრინციპით ქართული მწერლობის დამონების თეორიული საფუძვლები შეიქმნა. მაგრამ თეორია, თუ პრაქტიკულად არ განხორციელდა, მაშინ იგი ლაყბობად დარჩება. ამ პარტიულობის პრინციპში არაფერი არ დევს ისეთი მომხიბლველი, რომ ის მიეღოთ, გაეზიარებინათ ნებაყოფლობით. მისი პრაქტიკული განხორციელება შეიძლებოდა ძალდატანებითა და მუქარით. ზუსტად ასეც მოხდა და დატრიალდა ცოდვის კევრი.

 

როგორი უნდა ყოფილიყო საბჭოთა ადამიანი - „ახალი ადამიანი“. ზოგადად სოციალისტურ დოქტრინებში მთავარია შეხედულება ადამიანზე, როგორც საზოგადოებრივ არსებაზე. აქ საზოგადოებრიობა ადამიანის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია: ადამიანის ფორმირება ხდება საზოგადოებრივი ურთიერთობების ზემოქმედებით, სოციალური ჯგუფების და კოლექტივების ზემოქმედებით. აშკარაა, თუ როგორაა უარყოფილი ადამიანის არსებაში ინდივიდუალიზმისა და პიროვნული თავისუფლების პრინციპები.

 

ზემოთქმული პრინციპიდან გამომდინარე კომუნისტური „ახალი ადამიანი“ უპირველესად კოლექტივის უანგარო მოსამსახურეა. ამ კოლექტივის სასარგებლოდ იგი დაუფიქრებლად მზად უნდა იყოს ყველანაირი ქმედებისათვის, მათ შორის მკვლელობისათვის. დაკარგული უნდა ქონდეს სინდისის ქენჯნის უნარი. „ახალი ადამიანი“ უნდა იყოს ნებაყოფლობითი მილიციელი, უშიშროების სპსეცსამსახურების ნებაყოფლობითი აგენტი და თავად უნდა აპატამრებდეს თავის ოჯახის წევრებს.

 

კომუნისტურმა „ახალმა ადამიანმა“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოავლინოს მოყვასის სიყვარული. ეს სისუსტეა. ერთადერთი რაც მას უნდა უყვარდეს ეს პროლეტარიატია. „ახალ ადამიანს“ არც თავისი ერი უყვარს. მისთვის სულერთია, ვინ იქნება იგი ეროვნებით. 

 

ამ ტიპის, ამ ხასიათის, ამ ნიშან-თვისებების მატარებელი ადამიანის შექმნა ქართულ სინამდვილეში საუბედუროდ მეტ-ნაკლებად  მოხერხდა.  ლომის წილი აქ იმ პერიოდის საბჭოთა მწერლობას მიუძღვის, რომელსაც დაევალა შესაბამისი ხასიათის, ტიპის გმირების შექმნა, გამოძერწვა.  

 

სოციალიზმი თავისი შინაარსით უტოპიურია, მისი მიზანია, შექმნას ისეთი საზოგადოება, სადაც არ იქნება ბოროტება, დანაშაული. ადამიანები იქნებიან ბედნიერნი, თანასწორნი. სოციალიზმის პოპულარობა საქართელოში სწორედ ამ იდეალებით იყო განპირობებული. სოციალიზმი ცდილობს თავის იდეალს მიაღწიოს ყველაფრის უნიფიკაციით, გაერთფეროვნებით, ძალდატანებით. ეს კი გადახვევაა ბუნებრივი განვითარების გზიდან და აბსოლუტური არალოგიკურობაა.

 

რადგანაც სოციალისტების იდეალი ანტიბუნებრივი, არალოგიკური იყო, იმიტომ მოითხოვდნენ პრინციპულად ბუნების გარდაქმნას, ადამიანის შეცვლას, ყველაფრის გადასხვაფერებას. კარლ მარქსი ამბობს: „ფილოსოფოსები მხოლოდ სხვადასხვანაირად განმარტავდნენ სამყაროს, მაგრამ საქმე ისაა იგი შეცვლილ იქნეს“. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ სოციალური დოქტრინებისათვის მოერგოთ ყველა მოვლენა, პროცესი, სულიერი, უსულო.

 

სოციალისტური იდეალების არაბუნებრივობამ, ამ იდეალების პრაქტიკაში განხორციელების შეუძლებლობამ გამოიწვია მისი ძალდატანებით დანერგვის მცდლობა, რასაც მოყვა კაცობრიობის ისტორიაში არნახული ტერორი.  ასეთი მასშტაბით სახელმწიფო ტერორი უცხო იყო თვით ფაშიზმისათვისაც.

 

ზემოთ ავღნიშნე, რომ რუს ბოლშევიკებს არასოდეს უფიქრიათ რუსეთის იმპერიის დანგრევა, პირიქით იბრძოდნენ მისი გაძლიერებისათვის. ბოლშევიკები. ამისათვის ისინი როგორც ცალკეული პიროვნებების აზროვნების დასაჭურისებას ეწეოდნენ, ასევე ებროძდნენ ეროვნულ ცნობიერებას, ყველაფერს აკეთებდნენ მისი დარღვევისათვის, გაორებისათვის. ეს პროცესი, რომელიც  დაიწყო ჯერ კიდევ 1801 წელს გაგრძელდა 1921 წლიდან.

 

ეროვნული ცნობიერება საუკუნეების განმავლობაში ყალიბდება და განპირობებულია ენით, ისტორიით, რელიგიით, ზნე-ჩვეულებით, ტერიტორიით, ფსიქიკით და ა.შ. ყველაფერი ეს თავს იყრის სამშობლოს ცნებაში. თუ სამშობლოს ცნებას ხელოვნურად გავაფართოვებთ, მაშინ ყველაფერი ეს ირღვევა, იშლება. ზუსტად ასე მოხდა სსრკ-ს მაგალითზე. მთელი სსრკ წარმოდგენილ იქნა სამშობლოდ და ქართული ეროვნულ ცნობიერებაში თანასწორუფლებიანად შემოვიდა სხვადასხვა ენა, რელიგია და კულტურა. მაგალითისათვის საკმარისია „ამბავი იგორის ლაშქრობისა“ და „ვეფხისტყაოსნის“ ერთ რიგში დაყენება, ან ჯალალ ედ დინის, თემურ-ლენგის შემოსვლა ქართულ ცნობიერებაში გიორგი ბრწყინვალის თანაბარმნიშვნელოვან გმირად.

 

ეს საკითხი საინტერესოა რელიგიური კუთხითაც. როგორც ითქვა, ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს რელიგია, ჩვენს შემთხვევაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. რუსეთის მიერ ქართული ეკლესიის გაუქმების შემდეგ რა პროცესები მიმდინარეობდა ქართული ხასიათის „ტრანსფორმაციის“ თვალსაზრისით, ჯერ კიდევ შეუსწავლელია. შეუსწავლელია ისიც, თუ როგორ ასაჭურისებდა შინაგანად ქართულ ცნობიერებას რუსული ეკლესია. ეს არის სამშობლოს ცნების გაფართოების ერთ-ერთი მაგალითი. მეტად საყურადღებოა ამ თვალსაზრისით მერაბ მამარდაშვილის მოსაზრება. ის ამბობს: „ქართულმა ხასიათმა, ქართულმა გენოტიპმა დაკარგა თავისი მოხაზულობა, ეს დაიკარგა უკვე რუსეთთან ურთიერთობაში მე-19 საუკუნეში, დაიკარგა ჩვენი ეკლესიის  და რელიგიის დონეზე. იმდენი ჩვენ არ გვავნო მაჰმადიანობამ... არაბებმა, ან მონღოლებმა, ან სპარსელებმა, ან თურქებმა, რომლებიც განსაკუთრებით ემტერებოდნენ ჩვენს რწმენას, რელიგიას, რამდენადაც ჩვენ გვავნო „ნათესაობრივმა“ კავშირმა რუსულ კულტურასთან, რუსულ ეკლესიასთან, რომელიც გვეჩვენებოდა მონათესავედ. უფრო მყარი, უფრო მტკიცე იყო ჩვენი რწმენა როცა ჩვენ განვასხვავებდით ჩვენს თავს განსხვავებული მაჰმადიანისაგან ან სხვა რწმენის სახელმწიფოსაგან, რომელიც შემოიჭრებოდა ჩვენი სახელმწიფოს ფარგლებში. აქ არის რაღაც გაუგებრობა - ჩვენ დამოკიდებულებაში წასვლა საზღვრებისა რუსულ ეკლესიასთან“.

 

მერაბ მამარდაშვილის ეს სენტენცია არანაკლებ ეხება საბჭოთა პერიოდსაც. მიუხედავად ათეისტური საზოგადოებისა, ეკლესია მაინც ახდენდა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, ხოლო რუსული ეკლესია აგრეძელებდა  შეტევას ქართულ ეკლესიაზე ყველგან და ყველა მიმართულებით მის დასაკნინებლად და საბოლოოდ გასანადგურებლად.

 

                ამ სტატიაში მოცემულ პრობლებაზე მსჯელობისას  ძალაუნებურად  თვალწინ გიდგას თეზა ორი რუსეთის შესახებ.  ფაქტობრივად, ის წითელ ხაზად გასდევს მთელ სტატიას და მსჭვალავს კიდეც მას. არ არსებობს ორი რუსეთი, ორი რუსული ჟურნალისტიკა, ორი რუსული ეკლესია, ორი რუსული კულტურა. არსებობს მხოლოდ ერთი რუსეთი - იმპერიული რუსეთი, რომლის სამსახურში იდგა და დგას ფაქტობრივად ზემოთ დასახელებლი ინსტიტუტები. აქ ეს ფენომენი სინამდვილეში არ განიცდის გაორებას და მონოლითურია. ამის მკაფიო დადასტურება დღევანდელი რუსეთის პოლიტიკური ელიტის, ჟურნალისტიკის, ეკლესიის, მსახიობებისა და კულტურის სხვა დარგების მოღვაწეების ურყევი ერთიანობა ყირიმის ოკუპაციის საკითხში. ამ მონოლთურობის პოლიტიკური ლიდერი ვლადიმერ პუტინია, იდეოლოგიური ლიდერი -   ალექსანდრე  დუგინი, სულიერი ლიდერი - პატრიარქი  კირილე, ხოლო კულტურული სფეროს ლიდერი ნიკიტა მიხალკოვია, რომლის მამა სსრკ-ს ჰიმნის ტექსტის  ავტორია.  სწორედ ამას ქვია კვიცი გვარზე ხტისო - „ღირსეული“ მამის საქმის „ღირსეული“ გამგრძელებელი.

 

რუსული პოლიტიკის, რუსული კულტურის ზოგადი ანალიზიც კი იძლევა საშუალებას, რომ მის საფუძვლად ვაღიაროთ დესპოტიზმი. ევროპული კულტურა კარდინალურად განსხვავდება მისგან, მან რუსული კულტურის საპირწონედ საფუძველი დაუდო ხალხთა თავისუფლებას. თვით ევროპული კულტურის არსში, საფუძველში დევს თავისუფლების პრინციპი.  „ევროპულმა კულტურამ  აღზარდა პიროვნული და ეროვნული თავისუფლების იდეალი აფრიკისა და აზიის დაპყრობილ ხალხებში, გააღვიძა ისინი. ეს გამოფხიზლება მათი განთავისუფლებით დამთავრდა. ევროპული კულტურა ყოველთვის ემიჯნებოდა ევროპის სახელმწიფოების მთავრობათა პოლიტიკას. მთავრობას არ აძლევდა კოლონიური ქვეყნების მოტყუების საშუალებას. იმის წყალობაა, რომ აფრიკისა და აზიის დაპყრობილი ხალხების უმრავლესობა დამოუკიდებლობა და თავისუფლება მშვიდობიანი გზით, უსისხლოდ მიიღო. ისინი დღეს მსოფლიოს სრულუფლებიან და თავისუფალ ნაწილს წარმოადგენენ. ეს არის ევროპული კულტურის შექმნილი იდეალის გამარჯვება. რუსულმა კულტურამ კი თავისუფლების იდეალის მაგიერ გამოიმიშუავა პიროვნებისა და ერის დამონების ახალი ფორმა და გარუსების ახალ გზას მიაგნო რუსული სოციალიზმის სახით. ეს მოხდა იმიტომ, რომ რუსული კულტურა ყოველთვის ხელისუფლებას მორჩილებდა და დღესაც ასეა.“ - ამბობს აკაკი ბაქრაძე.

 

            მოკლედ რომ ვთქვათ, სოციალიზმს ადამიანის ზნეობივი სრულყოფა არ მოჰყვა, პირიქით, ბევრ შემთხვევაში მან ზნეობრიობის საყოველთაო დაქვეითება გამოიწვია, დააკნინა სულიერი ფასეულობანი.

 

მოაზროვნე ადამიანებმა მაშინვე დაინახეს და მიხვდნენ საით მიყავდათ კომუნისტებს საზოგადოება, მაგრამ სამწუხაროდ მათ ყურს არავინ უგდებდა. ნ. ბერდიაევი წერდა: „...მატერიალიზებული  და ათეისტური კომუნიზმი ან მარცხისა და დაღუპვისათვის არის განწირული ან მექანიზმს მიმსგავსებული საზოგადოებისათვის, სადაც შეუძლებელი იქნება გაარჩიო ადამიანის სახე“.

 

საბოლოო ჯამში ბოლშევიკებმა შექმნეს საზოგადოება, სადაც ზნეობრივი გმირებია პავლე კორჩაგინი და პავლიკ მოროზოვი.

 

ჩემს მიერ ამ სტატიაში მოცემულ იქნა საქართველოს ისტორიის ალბათ ყველაზე რთული, მძიმე, სასტიკი და ავბედითი მონაკვეთის ანალიზის მცდელობა და ისიც მხოლოდ ერთი  - აზროვნებაზე, ცნობიერებაზე ძალდატანების, ზემოქმედების თვალსაზრისით. აქვე ავღნიშნავ, რომ ბოლშევიზმი შესასწავლია საერთოდ ბევრი კუთხით და განსაკუთრებით ქართული ბოლშევიზმი. ეს ალბათ თაობების გადასაწყვეტია. იმ თაობების, რომლებიც აბსოლუტურად თავისუფალი იქნებიან მისი გადმონაშთებისაგან. როგორც ეტყობა, ბოლშევიკურ-კომკავშირული აზროვნების ამოშანთვას ადამიანის ცნობიერებიდან მხოლოდ თავისუფალი თაობა შეძლებს  ობიექტურად და პირუთვნელად.

 

 ბოლშევიზმზე არანაკლებ საშიშია ნეობოლშევიზმი რომლის საშიშროების წინაშე დგას დღეს ქართული საზოგადოებრიობა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სიტყვით და ლოზუნგებით დასავლურია, საქმით კი რუსული. რუსეთი, რუსული პოლიტიკა ნეობოლშევიზმის (სახეშეცვლილი, მოდერნიზებული ბოლშევზმი) გარდა არაფერს შესთავაზებს საქართველოს. რუსეთი შემოგვაპარებს და გვაპარებს კიდეც უკვე მხოლოდ ნეობოლშევიკურ იდეოლოგიებს, პოზიციებს, დისკურსებს. სხვა რესურსი ამ სახელმწიფოს, აქ შექმნილ პოლიტიკურ კულტურას არ გააჩნია. აქ შექმნილი პოლიტიკური კულტურა ეყრდნობა დაპყრობის, ანექსიის, ერთპარტიულობის, პოლიტიკური პლურალიზმის, როგორც ფენომენის, საერთოდ უარყოფის ძალიან მყარ ტრადიციებს.

 

ჩვენ არ უნდა დავუშვათ ნებისმიერი ფორმით ბოლშევიზმის დაბრუნება, არადა ასეთი სიმპტომები აშკარაა დღეს. ისევ უნდათ რუსულ პოლიტიკასთან საქართველოს მიბმა, რომ არ განვთავისუფლდეთ საბოლოოდ ხიზანის შეგნებისგან. გავიხსენოთ მიხეილ ჯავახიშვილის „ ჯაყოს ხიზნები“, სადაც თეიმურაზ ხევისთავმა დათმო ყველაფერი - ცოლი, ქონება, სამშობლო და ჯაყოს ხიზანი გახდა. რუსულ პოლიტიკას - დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებას - შუშის სახლის მეპატრონეს სწორედ გათეიმურაზხევისებული, გადედლებული საქართველო სჭირდება, რომელიც აბსოლუტურად დაცლილი იქნება სახელმწიფოებრივი აზროვნებისაგან, არ ექნება სწრაფვა და წყურვილი თავისუფლებისა. დამოუკიდებლობა კი თავისუფლების ერთადერთი ფორმაა!

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია