რეცენზია წიგნზე ზურა ოდილავაძის „იმპერიის ორსულობა“

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-06-2014, 20:33 | წიგნები | ნანახია - 2399

გია ჯაფარიძე

 

ჩემი „Book Review“ სხვა წიგნით უნდა დაწყებულიყო, კერძოდ კი, ანა პოლიტკოვსკაიას “პუტინის რუსეთით“, რომელიც ჩემმა ივერიელმა მეგობარმა, კოლეგამ და თანამოაზრემ მამუკა კუდავამ მაჩუქა. ჩუქებას დავალებაც მანვე მოაყოლა - რეცენზია წიგნზე, თან დროში ზღვარი დამიდო, ე.წ. „დედლაინი“ მომცა და დამარწმუნა, რომ რეცენზია უნდა გამეკეთებინა.

 

ანეკდოტი ლიტერატურული ჟანრია, წიგნად გამოუცემელ ამბებს ნიშნავს. ეს ისტორიაც, რომელიც გრძელდება, ანეკდოტურია. მამუკამ დიპლომატიის მასტერკლასი ჩამიტარა - „დედლაინების“ ხელოვნების, ანუ კონკრეტულ ვადებში სიტუაციის შეფასების, ალტერნატივების მოძიების, მიზნების დასახვის და მათი შესრულების, და დარწმუნების ხელოვნების ნაზავი შემომთავაზა. დიპლომატები ასე აზროვნებენ.

 

მე რუსული დიპლომატია მოვიშველიე - დავთანხმდი, მაგრამ „ხელმოწერილი შეთანხმება“ დავარღვიე, სხვა ალტერნატივა ვიპოვე. პირობა შევასრულე, ამასთან ისტორიის ანეკდოტურობა შევინარჩუნე. მოკლე რეცენზია სხვა წიგნზე დავწერე, რომელიც პოლიტკოვსკაიას საბედისწერო წიგნამდე წავიკითხე.

 

სწორედ ამ წიგნზე - ზურაბ ოდილავაძის „იმპერიის ორსულობაზე“ - მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა. წიგნი წარწერით თავად ავტორმა მაჩუქა, მისთვის დამახასიათებელი ირონია ნარევი სერიოზულობით. მივხვდი, მაღალი ლიტერატურული გემოვნების და ცხოვრების საიდუმლო სიღრმეების მცოდნე ზურას სურდა „სადღაც“ ჩემი აზრი გაეგო მის ხელოვნებაზე.

 

 თავიდანვე ვიტყვი - „იმპერიის ორსულობა“ განსხვავებული ტექსტია ქართულ ლიტერატურაში. საბჭოთა კავშირზე, გულაგზე, კომუნისტური სისტემის აბსურდულობასა და სისასტიკეზე ბევრი დაწერილა, ზოგი - კარგად, ზოგი - ცუდად, მაგრამ თბილისის „ელიტარულ“ უბანში მცხოვრები „კაიფში“ ჩაკარგული ბიჭის თვალით დანახული სსრკ სხვა არ მახსენდება. პირველივე წინადადება, პირველი სტრიქონები, „რესპუბლიკურის“ მეათე სართულის გარე კედელზე ობობასავით მცოცავი ინტერნის სცენა და ფიქრები ერთბაშად გნუსხავს და კითხვას მიგაჯაჭვებს, თითქოს გესმის დათო ჩიჩუას სუნთქვა და თანაუგრძნობ მის ფიქრს, გულშემატკივრობ კიდეც, რომ მშვიდად მიაღწიოს საავადმყოფოს მთავარი მედდის ოთახის ფანჯარამდე და შემდეგ სანუკვარ სეიფამდე.

 

თბილისელი „მორფინისტის“ აღსარებაში, მის თავგადასავლებში, ანეკდოტურ ამბებში არეკლილი საბჭოთა იმპერია განსხვავებული ლიტერატურული რეალობაა, ეს არაა „ლაგერიდან“ დანახული სსრკ, არც საბჭოთა იმპერიის საზღვრებს გარეთ გაღწეული ინტელექტუალების მიერ ემიგრაციიდან თუ ემიგრაციაში წასვლამდე განცდილი კომუნისტური რეჟიმია, არც ვისოცკის თუ გრებენშიკოვის ანტი-საბჭოთა მუსიკის ბგერებია, ზურა ოდილავაძის პროზა უფრო ვენედიქტ ეროფეევის ლიტერატურას ჰგავს, განსხვავება ისაა, რომ იქ მთვრალის სიტყვებს ვისმენთ, აქ - „მორფინისტის“.

 

„იმპერიის ორსულობა“ საბჭოთა რუსული იმპერიის უკანასკნელ წლებს აღწერს, აღწერს ისე, როგორც ეს ნარკოტიკის მუდმივ ძიებაში მყოფი კაცის ცნობიერებაში დაილექა. ეს არის „ლომკაში“ დანახული სამყარო. მთავარი გმირისთვის წამალი არამარტო საბჭოთა სინამდვილიდან, აკრძალვებიდან, ჩაკეტილობიდან, აბსურდიდან, ფარისევლობიდან და სასოწარკვეთილებიდან თავის დაღწევის საშუალებაა, არამედ არსებობის ტრაგიზმიდან განთავისუფლების გზაა. ის ადამიანუნის ბუნების მიმართ პროტესტია, მლიქვნელობის, ღალატის და არაგულწრფელობისთვის ზურგის შექცევაა. მაგრამ ნარკოტიკიც ყალბია, შუშაში დავანებული ფენტალინის სითხეც ისევე ძალადობს ადამიანზე, როგორც საბჭოთა სისტემა. ეს ხსნაც ფიქციაა.

 

რომანის სამი ნაწილის სამი მთავარი პერსონაჟი ერთ პერსონაჟულ მთლიანობას ქმნის, და ის ერთდროულად არის მთხრობელიც და მსმენელიც, მეტიც, ავტორი თვითონ წარმოადგენს მთხრობელს და მსმენელს და ამგვარად მთელი ლიტერატული ტექსტი ერთი კაცის შინაგან დიალოგად, მკითხველისთვის კი მონოლოგად იქცევა.    

 

ლიტერატურას ბევრი წიგნი ახსოვს ნარკოტიკულ თრობაში შექმნილი, ბევრია წიგნი თავად ნარკოტიკულ თრობაზე, კაიფი ოსტატურად აღუწერიათ კარგ ავტორებს. ზურა ოდილავაძის წიგნი ამ მხრივ განსხვავებულია, ის იმ ძალისხმევას, განსაცდელს, ავანტურას და ფუსფუსს აღწერს, რაც კაიფის დადგომას წინ უძღვის. მთელი საბჭოთა ცხოვრება ამ ამაო ფუსფუსს ჰგავს, ტოტალიტარული ფუსფუსი, რომლის შედეგიც წინასწარ ცნობილია - სასიცოცხლო ძალების გამოფიტვა და სიკვდილი. ლოგიკური ბედისწერა თუ ბედისწერის ლოგიკა.

 

„იმპერიის ორსულობა“ ანტი-საბჭოთა წიგნია, ის სსრკ-ს დასასრულს წინასწარმეტყველებს საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. რა აზრი აქვს ახდენილ წინასწარმეტყველებას? ახდენილი წინასწარმეტყველება გაფრთხილებაა, პროგნოზია, რომ ტოტალიტარიზმი არასდროს მთავრდება, იმპერიის ორსულობას მახინჯი ნაყოფი და ხელახალი ორსულობა მოსდევს. უახლესი წარსულის დღეები, რომელიც ავტორთან ერთად ჩვენ ვიცხოვრეთ, ფოტოგრაფის სიზუსტით ცოცხლდება, ალბათ არც არასდროს მომკვდრან, მათი უნებური დაკავშირება დღევანდელობასთან აჩენს ეჭვს, რომ ეს დაკავშირება სრულიადაც არ არის შემთხვევითი. დღევანდელი საქართველო სავსეა ტოტალიტარიზმის ნაღმებით, რომელზეც პერიოდულად ვფეთქდებით.

 

ზურა ოდილავაძის „იმპერიის ორსულობა“ ერთდროულად სოვეტოლოგიის დამხმარე სახელმძღვანელოდ და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამედიცინო პრეპარატად გამოდგება; ის თხევადი ტექსტია, არა შპრიცში, არამედ წიგნში ჩასხმული. ტოტალიტარიზმის მორჩილად მიღება და ამავდროულად მის მიმართ დაუმორჩილებლობა, მონობის ზიზღი და წამლის მონობა, ნარკოტიკის სიყვარული და სიყვარულის თანაზომიერი სიძულვილი, ადამიანის დეჰუმანიზაცია და ნარკოტიკის ძიებაში დაკარგული დრო, აბსტრაქტული შიშები და არანაირი ნოსტალგია წარსულზე - ესაა ზურა ოდილავაძის „იმპერიის ორსულობა“.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია