შიმშილის ანგელოზი რომანი ,,სუნთქვის საქანელა”. ჰერტა მიულერი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
23-06-2014, 01:15 | წიგნები | ნანახია - 3166

ჰერტა მიულერი (დაიბადა რუმინეთში, 1953 წლის 17 აგვისტოს) – გერმანელი პოეტესა და მწერალი, მხატვარი, ფოტოგრაფი და საზოგადო მოღვაწე. 2009 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში შემდეგი ფორმულირებით: ,,გულისხმიერებით პოეზიაში და გულწრფელობით პროზაში აღწერს ჩაგრულთა ცოვრებას“. მისი მთავარი თემაა – გადატანილი ტყვეობისა და ძალადობის გამოცდილება, ინდივიდუალური და კოლექტიური მახსოვრობა, წარსულის მეხსიერებიდან განდევნა და ადვილი დავიწყება.

რომანი ,,სუნთქვის საქანელა“ გადმოგვცემს რუმინელი გერმანელების ბედ- იღბალს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ტექსტში აღწერილია მშვიდობიანი მოსახლეობის საბჭოთა კავშირში გადასახლებისა და საკონცენტრაციო ბანაკებში გაუსაძლისი შრომის ისტორია. ეს გახლავთ რომანი – გახსენება, რომელიც გაგაოცებთ თავისი სიღრმითა და გულში ჩამვწდომი თხრობის მანერით.

 

კითხვისას, თქვენ ყოველ აბზაცში ახლებურ ხედვასა და სრულიად მოულოდნელ შედარებებს აღმოაჩენთ. ყოველდღიური მოვლენებისა და უსულო საგნების მეშვეობით, ავტორი ზუსტად გადმოსცემს გმირების განწაყობასა და მათი ყოფა-ცხოვრების აუტანელ სიმძიმეს. ეს ,,შიმშილის ანგელოზის“ განუყოფელი ბატონობის სამყაროა, სადაც ყოველივეს შიმშილი მართავს – აქ მხოლოდ ისაა, სხვა არავინ და არაფერი... დამატებით, ტილები, ბაღლინჯოები, ყინვა და დროდადრო გაუქარვებელი დარდი სახლზე. ამ გარემოში ადამიანი იმდენად დათრგუნულია, იმდენად ნიველირებულია მისი პიროვნება, რომ ტექსტში მთავარი გმირის სრული სახელი და გვარი მხოლოდ ორჯერაა ნახსენები – ესაა ლეოპოლდ აუბერგი. რომანში კიდევ მრავალი მოქმედი პირია, მაგრამ შიმშილისგან სახედაკარგულნი, ისინი მხოლოდ საკვების მოპოვებაზე ფიქრობენ და პურზე ოცნებობენ. რომანის დასასრულს, საბჭოთა ტყვეობაში გატარებული ხუთი უმძიმესი წლის შემდეგ, გმირი უბრუნდება საკუთარ ქალაქსა და ოჯახს. თუმცა, ამ ნორმალურ, ადამიანურ სამყაროში ის უკვე გაუცხოებულია – მისი სახლი ციმბირის გაყინულ ბარაკებში დარჩა. მიუხედავად საკვების სიუხვისა, მას ,,შიმშილის ანგელოზი“ მუდამ თან სდევს და ყოფილ ტუსაღს აიძულებს საჭმელი კვლავ ხარბად და დაკვირვებით დაღეჭოს.

 

ტექსტში სრულიად არ იგრძნობა ქალი. უმძიმეს ცხოვრებისეულ მოვლენებს, სიკვდილსაც კი, ავტორი დიდი ემოციებისა და შეფასების გარეშე, თითქმის ნეიტრალუარი დამკვირვებლის თვალით აღწერს, რითიც მკითხველს ღრმა განსჯისა და დაფიქრების საშუალებას უტოვებს.

 

გ.მიულერის ,,სუნთქვის საქანელა“, შინაარსითა და ყოფითი დეტალების დაწვრილებითი აღწერით, შეგვიძლია შევადაროთ ვ.შალამოვისა თუ ა.სოლჟენიცინის ლიტერატურულ ციკლებს საბჭოთა ბანაკების შესახებ. სწორედ ასეთი შედარება გვანახებს, რომ ტოტალიტარული სისტემისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მსხვერპლის ეროვნებასა თუ მოქალაქეობრივ კუთვნილებას – სისტემა ებრძვის ადამაიანს როგორც ასეთს, ანადგურებს პიროვნებასა და მის ღირსებას.

 

ჰერტა მიულერის რომანი ,,სუნთქვის საქანელა“ კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაზე იდგა საბჭოური სისტემის კეთილდღეობა და რაოდენ სამარცხვინოა მილიონობით ადანიანის ძვლებზე აგებული მაძღრობით ნოსტალგიური ტკბობა.

 

ზურა ოდილავაძე.

 

2014 წელი, ივნისი.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია