აკაკი გაწერელიას ,,გედის სიმღერა“

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-06-2014, 17:13 | წიგნები | ნანახია - 2957

ზურაბ ოდილავაძე

 

„კარგ სტილს ლიუციფერისა და ანგელოზის ურთიერთგადაძახილი წარმოშობს“ – კაკი  გაწერელია.

 აკაკი გაწერელიას ,,გედის სიმღერა“

   გამომცემლობა ,,ინტელექმა“ დასტამბა აკაკი გაწერელიას ,,ჩემი სოლილოკვიო. ჩანაწერები“ (სილილოკვიო – საკუთარ თავთან საუბარი, მონოლოგი). აკაკი გაწერელია (1910 - 1996წწ.) გახლავთ გამოჩენილი ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მწერალი, მრავალი მონოგრაფიისა და ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი. მე, როგორც მისი ქალ- ვაჟის ახლო მეგობარი, პირადად ვიცნობდი ამ დიდ პიროვნებას და სწორედ მისგან გავიგე, რამდენი ბოროტება იმალებოდა საბჭოური ტოტალიტარიზმის წიაღში. წიგნის შემდგენელ -რედაქტორები – მეცნიერის ქალიშვილი დუდა გაწერელია და იოსებ ჭუმბურიძე – წინასიტყვაობაში წერენ: ,,ის გვიჩვენებს, თუ რა რთული ცხოვრება გაიარა ჭეშმარიტად ევროპული რანგის მეცნიერმა, რომელსაც გამუდმებით ებრძოდნენ, ხელს უშლიდნენ, აბეზღებდნენ და მაინც ყველაფერს გაუძლო და აღასრულა ის, რასაც წერდა: ,,მამაკაცი უკომპრომისოდ უნდა ჩავიდეს სამარეში“.

 

   ,,ჩანაწერები”, მართლაც, ღირსია სამაგიდო წიგნად იქცეს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს. აქ მკითხველი გაეცნობა მეცნიერისა და მწერლის ორიგინალურ და, იმავდროულად, აკადემიურ მოსასზრებებს ისტორიის, ხელოვნებისა და კულტურის შესახებ.

 

   უცვლელად გთავაზობთ აკაკი გაწერელიას ტექტს, რომელიც, საკუთრივ, მეტყველებს, ამ დიდი ადამიანის ლიტერატურულ ნიჭზე, ერუდიციასა და მსოფლიო კულტურის ცოდნის დიაპაზონზე. მე ამ მონაკვეთს ,,მსოფლიო ცივილიზაციისა და კულტურის ,,კალეიდოსკოპური“ ისტორია“ ვუწოდე:

   ,,კალეიდოკოპივით ირხევა მითოლოგია და თვითონ ისტორიაც... სიკვდილის აჩრდილისგან შეძრწუნებული გილგამეში გულამოსკვნილი დასტირის გარდაცვლილი მეგობრის გვამს. პრომეთეოსი ლერწმის ღეროში მალავს ცეცხლის ნაღვერდალს და ისე მოაქვს ადამიანებისათვის დედამიწაზე. ამიტომ ისჯება და კავკასიონზე მიჯაჭვულს არწივი უკორტნის ღვიძლს; ლაბირინთებში ჩადის თეზევსი ურჩხულის მოსაკლავად; დიონისე თავისი სატირებით მიდის ელადაში და ყურძნის აკიდოები ამშვენებენ ამ ქვეყნის მწირ ნიადაგზე მცხოვრებთა სახლის ბანებს; აჯანტის კლდეების უზარმაზარ ტაძრებში ლოცულობენ ბუდას ქანდაკებათა წინაშე, ხოლო პერსოპოლისში ავესტის ჰიმნებს გალობენ; აპოლონი ბრძოლის ველზე ტოვებს ჰექტორს, მძვინვარე აქილევსის პირისპირ და ჰეკაბე და ანდრომაქე გოდებენ ილიონის ქონგურებზე... ისტორია უფრო და უფრო კონკრეტული და ხელშესახები ხდება; ასირელი მეფეები იწყებენ თავიანთ ტრიუმფალურ გამოსვლებს; ეგვიპტის ფარაონები წინასწარ აგებენ საძვალეებს, უზარმაზარ პირამიდებს და ქურუმები ადგენენ რელიგიურ რეპერტუარს იზიდას პატივსაცემად; აქემენიდი ქსერქსე ამარცხებს ელინებსა და სპარტელებს თერმოპილესთან, მაგრამ შემდეგ თემისტოკლე ანადგურებს მის ფლოტს სალამინში; და ძველი ირანის დამარცხებული მეფე თავის თავს გამოიტირებს ჰეროდოტეს მატიანესა და ესქილეს ტრაგედიებში; აკროპოლში ელავს ათენას ქანდაკი, ქალაქის ქუჩებში ანჩხლი ქსანტიპას გენიალური ქმარი აზრის ,,ბებიაქალობას“ (განთქმული ,,მაიევტიკა“) ეწევა, ხოლო მისი მოწაფე ,,აკადემოსის ჭალაში“ შეგირდებს განუმარტავს სამყაროს ახალ მოდელს იდეებზე, მისმა მოძღვარმა რომ შექმნა; სტრატეგოს სოფოკლეს გმირი ოიდიპოს მეფე თვალებს ითხრის და თებედას გარბის, ხოლო ევრიპიდეს მედეა მოთქვამს კორინთოში; ელევსინში ეწყობა მისტერიები, ბაქხელი ქალები ექსტატიურად ცეკვავენ და სკოპასი ერთი მათგანი რიტმს იჭერს ქვაში; მაკედონელი ზის ბუცეფალზე და მას ღმერთად შერაცხენ ბაბილონში. კართაგენის დედოფალი დიდონა ადის კოცონზე და კართაგენს შემდეგ ანგრევს სციპიონი; ნახევრად შეშლილი და მობარბაცე კატილინა აწყობს შეთქმულებას რესპუბლიკის წინააღმდეგ და მის დაუვიწყარ ლიტერატურულ პორტრეტს ძერწავს სალუსტი კრისპი; კეისარი სდევნის პომპეუსს და მერე ალექსანდრიაში დასტირის მეტოქის მოჭრილ თავს. რომაელი დიქტატორისათვის საჩუქრად მიტანილი ტომრიდან ამოდის პტოლემაიოსის ასული კლეოპატრა და ისინი, ორი მრუში, ღამით დაეხეტებიან ალექსანდრიის ბნელ ქუჩებში; ,,შენც, ბრუტოს?!“ – აღმოხდება რომის სენატში მკვლელებისაგან გარშემორტყმულ კეისარს და რამდენიმე ხნის შემდეგ ციცერონის მოჭრილ თავსაც გამოაფენენ ფორუმზე; რომის რესპუბლიკა აღარ არსებობს, ავგუსტუსი ღმერთადაა შერაცხული და ქართველი ბაგრატიონები გვიან თხზავენ მასთან ნათესაობის ლეგენდას; უჭკვიანესი ჰორაციუსი ოდებს წერს პირველი იმპერატორის საამებლად, ხოლო ,,სევდიანი ლექსების“ ავტორი ოვიდიუს ნაზონი დუნაის მხარეშია გადასახლებული და ნოსტალგიითაა დასნეულებული; მაცხოვარი მოევლინება კაცობრიობას და პირველ ქრისტიანებს მხეცებს მიუგდებენ დასაფლეთად რომის ცირკში; პათოლოგიური ნერონი ზეიმობს და ნაწყენი სვეტონიუსი წერს თორმეტი კეისრის ბიოგრაფიას; მათეს სახარება რეალობად იქცევა და მისი პერსონაჟები ფრესკებში ცოცხლდებიან; განუმეორებელი ტაციტუსის ,,ანალების“ მიხედით იბერიის უფსლისწული გამორბის სამხრეთიდან და გზად დაღლილ და ფეხმძიმე  ცოლს მკერდში დასჭრის, მდევრებს ცოცხალი რომ არ ჩაუვარდეს იგი ხელთ; ვეზუვის კრატერიდან ავარდება ალი, პომპეის დაფარავს ცეცხლის ნიაღვარი და ამის გამო პლინიუს უმცროსი ტაციტუსს სწერს ვრცელ ბარათს თავისი ,,ოქროს კალმით“... ბოლოს ველური გერმანელი ურდოები რომს შეესევიან, მათი ცხენების ფლოქვების თქარათქური გაისმის ქალაქის ქუჩებში, ფორუმი ნანგრევებად იქცევა და ღმერთებისა და ღმერთქალაქების ულამაზესი ქანდაკებანი მიწით იფარება; ჯვარცმულის ემბლემა აღიმართება ყველა საყდრის გუმბათზე; პორფიროსანი ბიზანტიელი იმპერატორები ცვლიან რომაელებს აღმოსავლეთში და კონსტანტინეპოლის იერარქი ეკლესიის დოგმატებს იცავს მწვალებელთა იერიშებისაგან; მუჰამედი გარბის მექადან მედინაში და ბედუინთა ცხენები ჭიხვინებენ მზით გადამწვარ ველზე; სარკინოზები იპყრობენ ეგვიპტეს და ალექსანდრიის განთქმული ბიბლიოთეკის ფოლიანტები ცეცხლის ალში ინთქმებიან; დავით აღმაშენებელი აგებს გელათს და თამარის თვალები შთააგონებს პოეტს უკვდავ სტრიქონებს; უფრო ადრე ,,შაჰნამეს“ ავტორი არშაკიდებისა და სასანიდების ეპოქის მეფეთა და გმირთა მატიანეებს შლის ვეება პოეტურ ეპოსად; პაპები და ევროპის მეფენი დანასისხლად არიან ერთმანეთთან; ვატიკანის მეუფეს ეგნატე ლოიოლა ეჯიბრება ფანატიკურ რწმენაში; დიდი ფლორენციელის სული მოგზაურობს საიქიოში და მისი ზმანება ელვარებს მათემატიკურად გამზომილ ტერცინებში; იწყება რენესანსი და ანტიკური ქანდაკებანი მიწიდან ამოდიან; ,,ავინიონის აბატი“ სონეტებს თხზავს ლაურაზე და არტისტისტულ ფორმაში აქცევს თავისი შეშფოთებული სინდისის აღსარებასა და ტრაგიკულ გაორებას; მუჰამედ II შედის კონსტანტინეპოლში და აია სოფიას ტაძრის გუმბათზე ჯვარს სცვლის ნახევარმთვარე; კოლუმბი აღმოაჩენს ამერიკას. მარკო პოლო მოგზაურობს აღმოსავლეთში. ფლორენციაში ლორენცო მედიჩი აწყობს კარნავალებს და ამ კარნავალების რეჟისორია უნივერსალური და ვინჩი; და მედიჩების ქალაქში აღიმართება მიქელანჯელოს ,,დავითი“; გარგანტუას ვეება ზარები ჩამოაქვს პარიზის ღვთისმშობლის სამრეკლოდან, ხოლო დანიის პრინცი შეძრწუნებულია თავისი დროის გონებრივი და ზნეობრივი რელატივიზმით; გაივლის ხანი და ფრანგი რაციონალისტი დაამშვიდებს შთამომავლობას განთქმული ფორმულით: ,,ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ!“; შავხავერდიანი კაბით მოსილი ესპანეთის მეფე ლამობს კათოლიკური სამყაროს დაპყრობას, ხომალდების არმადას აგზავნის ინგლისის წინააღმდეგ და ვერ იტანს, რომ ყველას მხრებზე ერთნაირად მოაზროვნე თავი არ აბია; გონებაარეული მეოცნებე ზის როსინატზე და ქარის წისქვილებს ებრძვის; სარკასტულად იცინის ვოლტერი, რომელმაც ისიც კი იცის, რომ ,,აზიის პრინცი“ ერეკლე წარმატებით ებრძვის სპარსელებს; ბასტილიის ციხეს იღებენ და ფეოდალიზმი დამხობილია; კორსიკელი ,,მეტიჩარა“ იმპერატორის გვირგვინს იდგამს თავზე დაბოლოს ცხოვრებას ამთავრებს სწორედ იმ კუნძულზე, რომლის სახელის არცოდნის გამო ჩაუჭრიათ იგი მოწაფეობის დროს აიაჩოს სკოლაში; გაჯავრებული ბეთჰოვენი მისდამი მიძღვნილ წარწერას შლის ,,მეცხრე სიმფონიის“ პარტიტურაზე; ვაიმარელი ბრძენი ცხოვრობს ,,როგორც უკვდავი ღმერთი და არ იცის არც სიხარული, არც სიმძიმილი“; კენიგსბერგში ლექციებს კითხულობს დიდი ფილოსოფოსი და კაცობრიობას ასწავლის, რიომ ნოუმენი შეუცნობია; ,,ნიუსტედის სააბატოს“ ლორდი იტალიაში ჩადის და მილანის ოპერის ლოჟაში ზის სტენდალთან ერთად; დანტესის ტყვია განგმირავს რუსული პოეზიის მზეს; ,,ადამიანური კომედიისა“ და ,,ამაოების ბაზრის“ შემოქმედნი ერთნაირად არიან ფულზე დახარბებულნი; დაღესტანში თეთრდოლბანდიანი იმამი მეთაურობს ,,კავკასიის ილიადას“ და განცვიფრებული ევროპა ოცდაათი წლის მანძილზე თვალს ადევნებს სისხლიან ქრონიკას; რუანში ცხოვრობს ,,შეიხი“, რომელიც ერთ წინადადებას უტრიალებს მთელი დღე, რათა ამ წინადადებამ იელვაროს მარადიულად დროსა და სივრცის გარეშე; მითოლოგია დავიწყებულია და მითოლოგიას აღადგენს ფშაველი გლეხის ვიზიონერული ხილვები; იასნაია პოლიანას დიადი მკვიდრი ახალი ეთიკური იდეალებისაკენ მოუწოდებს კაცობრიობას, ხოლო მისი მოწაფე, ინდოელი მაჰათმა განდი თავის მრავალმილიონიან ერს წარუძღვება ამ ახალი იდეალებისაკენ!..

 

   ისტორიისა და კულტურის შემდეგი ეტაპის მონაწილენი და მაყურებელნი ამჟამადაც ცოცხალი არიან.

 

   ირხევა ამბების, ვნებების, იდეათა და ფანტაზიათა გრამდიოზული კალეიდოსკოპი, თუმცა ჩვენს თხრობაში შინაარსის მხრივ იგი მიკროსკოპულადაა დაპატარავებული...“

 

   და იქვე, ქვემოთ ვკითხულობთ: ,,წიგნების ქექვას“ ერთი ნაყოფი მოაქვს: ისინი გვამდიდრებენ, გვაიმედებენ ან იმედს გვიცრუებენ,– საქმე ისაა, რა მიმართულებით არხევს ჩვენი ხელი თვითონ კალეიდოსკოპს“. აკაკი გაწერელია.

 

P.S.

   მეტად დასანანია, რომ დღეს ჩვენში არ მოიძებნება აკაკი გაწერელიას დარი ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი, რაც ასე ეტყობა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ხარისხს და განაპირობებს მის მარგინალურ მდგომარეობას მსოფლიო ლიტერატურულ პროცესთან მიმართებით.ხსენებული წიგნის კითხვისას მივხვდი: მე, ჩვენ ყველანი ერთად, მიუხედავად ჩვენი ამჟამინდელი მოჩვენებითი ფუსფუსისა, დიდი ხნის დახოცილები ვართ... სწორედ ამიტომ, თავს უფლებას ვაძლევ და, როგორც გვამი, აკაკი გაწერელიას სულს მივმათავ: მართლაც, ბატონო აკაკი, ,,გოლიათები“ კარგა ხნის წინ წახვედით, დღეს მხოლოდ ,,ლილიპუტები“ დავრჩით. ვინც ამას ვერ ხვდება და საკუთარი ინტელექტითა თუ ერუდიციით ამჟამადაც თავს იწონებს, ის მხოლოდ შეცოდების ღირსია“.

   აი, აქ კი ზედგამოჭრილია ფილოსოფოსის უკვდავი ფრაზა: ,,მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის“. ჩვენი დროის ტრაგედიაც სწორედ ესაა – ადამიანთა უმრავლესობას ფიქრადაც არ მოსდის, რამდენი არ იციან და მაინც თავს კომფორტულად გრძნობენ თავიანთ ,,მაძღარ ბედნიერებაში“. ვისაც გსურთ, საკუთარი უვიცობა სრულად შეიგრძნოთ, აიღეთ და ეს ,,ჩანაწერები“ წაიკითხეთ.

 

ეძღვნება ჩემი ახალგაზრდობის კერპს აკაკი გაწერელიას.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია