კიდევ ერთხელ „სომხურ-ქართული“ რკინიგზის შესახებ

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-06-2014, 17:29 | კომენტარები | ნანახია - 2473

 

თორნიკე შარაშენიძე

 

ქართულ პოლიტიკაში ხშირად გვხვდება ჩაუძირავი ფენომენები. ჩაუძირავი ფენომენია ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომელიც თავისი საქციელითა და მოღვაწეობით ისე შეირცხვენს თავს, რომ თითქოსდა საზოგადოებაში გამოჩენისაც კი უნდა რცხვენოდეს, მაგრამ ამის ნაცვლად იგი პოლიტიკაში იოლად ბრუნდება, რიხიანად საუბრობს და არჩევნებში ხმებსაც იღებს. ასევე ჩაუძირავია ზოგიერთი იდეა, რომელიც ასჯერ იქნა განხილული და ასჯერვე უარყოფითი შეფასება მიიღო, მაგრამ ამის მიუხედავად ეს იდეებიც (იმ პოლიტიკოსების არ იყოს) ისევ ამოტივტივდება ხოლმე და არ გვეშვება.

ერთ-ერთი ასეთი იდეა რუსეთიდან საქართველოზე გავლით (აფხაზური მონაკვეთის ჩათვლით) სომხეთზე მიმავალი რკინიგზის გახსნაა, რომელიც აფხაზეთში ომის შემდეგ გაჩერებულია.

ეს იდეა თავის დროზე დაწვრილებით იქნა განხილული შევარდნაძის დროს და იგი მალე იქნა დაწუნებული როგორც სახიფათო და მხოლოდ ზიანის მომტანი.

ცხადია ამის მიუხედავად ეს იდეა სააკაშვილის მმართველობის დროს მაინც ამოტივტივდა. მაშინ „რევოლუციური მთავრობა“ შევარდნაძის თითქმის ყველა ნამოქმედარს ეჭვის თვალით უყურებდა და ამიტომაც გადაწყდა რკინიგზის თემა ხელახლა განეხილათ. განიხილეს და მალე იგივე დასკვნამდე მივიდნენ - კარგი ამაში არაფერი იყო. რაღაც-რაღაცეები შევარდნაძის დროსაც სწორად კეთდებოდა.

და, რა თქმა უნდა, იდეა ამოტივტივდა „ოცნების“ გამარჯვებისთანავე. ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა თითქმის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პირდაპირ განაცხადა რომ „რკინიგზა უნდა გაიხსნას.“ ამ თემაზე უთანხმოების გამო მთავრობა მალე დატოვა ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა დიპლომატმა, საგარეო მინისტრის მოადგილე ნიკა ვაშაკიძემ. შემდეგ მალე როგორღაც თემა დაიხურა, ოღონდ ახლახან, სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს ისევ ამოტივტივდა.

ძალიან მინდა იმედი ვიქონიო, რომ ახლანდელი მთავრობა წინა ორის აზრს გაიზიარებს (ბოლოს და ბოლოს, რკინიგზა არა მხოლოდ „პირსისხლიანი 9 წლის“ პერიოდში იყო გაჩერებული, - ასევე იყო შევარდნაძის დროსაც). მინდა, მიუხედავად იმისა რომ რკინიგზა აფხაზურ საკითხს უშუალოდ უკავშირდება, აფხაზეთის მიმართულებით კი ახლანდელი მთავრობის პოლიტიკა ძირითადად დათმობები და მონანიებებია, შესაბამისი სამინისტროსათვის სახელის გადარქმევის ჩათვლით.

და მაინც, არის რამდენიმე საკითხი, რომელმაც, ყველაფერ ამის მიუხედავად, ახლანდელ მთავრობასაც უნდა ააღებინოს ხელი რკინიგზის გახსნაზე, თუკი მას ამგვარი განზრახვა აქვს.

პირველ რიგში იმიტომ რომ გაურკვეველია რა ხეირი უნდა მიიღოს საქართველომ  რკინიგზის გახსნით. აქ ერთადერთი შეიძლება ვიფიქროთ აფხაზებთან ურთიერთობების შესაძლო გაუმჯობებაზე, თუმცა მე ვერანაირად ვერ წარმომიდგენია აფხაზი მშვიდად ჩაჯდეს მატარებელში და საქართველოს გავლით სომხეთში წავიდეს, გზად კი დატკბეს ქართული სახელმწიფოს მიღწევებითა და ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობით. ასევე არა მგონია აფხაზეთში მატარებლით მიმავალ ქართველებს კარგად დახვდნენ.

კიდევ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ რკინიგზის წყალობით კიდევ მეტ პროდუქციას გავიტანთ რუსულ ბაზარზე. მაგრამ ჯერ ერთი რომ საამისოდ უკვე ამუშავდა ლარსის პუნქტი (იქამდე სანამ რუსული ბაზარი პოლიტიკური მოტივებით ისევ დაიხურება). მეორეც, გაურკვეველია სად, რომელ საბაჟოზე აღირიცხება ეს ჩვენი პროდუქცია, - ენგურზე მოხდება ეს თუ ფსოუზე. ძალიან ეჭვი მეპარება რომ ფსოუზე აღირიცხოს როგორც ქართული პროდუქცია. თუმცა, ეს მხოლოდ პროდუქციას არ ეხება - ასევე საკითხავია მგზავრებს აფზაზეთში შესვლა-გამოსვლისას რა შტამპს ურტყამენ პასპორტში და ა.შ.

ხეირი ალბათ ამით ამოიწურება. ახლა ვნახოთ რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ამ რკინიგზამ.

პირველ რიგში, ეს რკინიგზა არ გაახარებს აზერბაიჯანს (და დიდად არც თურქეთს), რომელსაც სომხეთი ოკუპანტ ქვეყანად მიაჩნია (და საკმაოდ მართებულადაც) და არანაირად არ აწყობს სომხეთმა სარკინიგზო გასასვლელი მიიღოს რუსეთზე, რომელიც მას იარაღით ამარაგებს და რომელსაც სომხეთში უზარმაზარი სამხედრო ბაზა აქვს. სხვათა შორის, ეს ის გარემოებაა, რომელიც აზერბაიჯანის გარდა საქართველოსაც უნდა ადარდებდეს.

ვინმემ შეიძლება თქვას, რომ სომხეთიცა და აზერბაიჯანიც ჩვენი მეზობლები არიან და თუკი აქამდე ვაკეთებდით იმას, რაც აზერბაიჯანს მოსწონდა, ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ ის რაც სომხეთს მოეწონება. სომხეთს ეს მართლაც ძალიან მოეწონება, მაგრამ ისე ხდება რომ აზერბაიჯანი საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელობანი პარტნიორია. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი არა მხოლოდ ნავთობსადენია, რომელსაც საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნავთობი მსოფლიო ბაზარზე გააქვს. ეს არის პროექტი, რომელმაც 90-იანი წლების ჭაობში ჩაფლულ საქართველოს რეგიონული ფუნქცია შესძინა და დასავლეთის პარტნიორად აქცია. კიდევ ერთი ქართულ-აზერბაიჯანულ-თურქული მილსადენი ბაქო-თბილისი-ერზერუმი კი საქართველოს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ შეღავათიან ფასში მიიღოს აზერბაიჯანული გაზი, არამედ ასევე საერთოდ არ იყოს დამოკიდებული „გაზპრომზე“ მთელი აქედან გამომდინარე შედეგებით.

აღსანიშნავია, რომ აფხაზები ამ იდეას თითქმის ყოველთვის ეწინააღდეგებოდნენ. 2008 წლის შემდეგ ალბათ უფრო იმიტომ, რომ მასში ხედავდნენ რუსეთის მხრიდან გავლენის კიდევ უფრო მეტად გაზრდის საფრთხეს. ბაღაბშიცა და ანქვაბიც წარმატებით იცავდნენ ამ პოზიციას, მაგრამ ახლა ანქვაბის მოშორების შემდეგ დიდი შანსია რუსეთმა აფხაზები დაიყოლიოს. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს უკვე მოხდა და ახლა რუსეთს მხოლოდ ისღა დარჩენია საქართველოს მთავრობა დაიყოლიოს. აქ კი კიდევ ერთი ხაფანგია - რუსეთი რკინიგზის გახსნის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს აფხაზეთთან ცალკე და საქართველოსთან ცალკე, ყველა აქედან გამომდინარე იურიდიული შედეგებით.        

და ბოლოს. გახსნა იოლი იქნება, დახურვა კი გაცილებით რთული. ამიტომაც ალბათ ჯობია ამ საკითხში თანმიმდევრულობა გამოვიჩინოთ და წინა ორ მთავრობას დავეთანხმოთ.

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია