მოგზაურობა "ლუგანდონიაში", ანუ мы от Исака

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
1-07-2014, 20:56 | მსოფლიო, კომენტარები | ნანახია - 1536

 მოგზაურობა "ლუგანდონიაში", ანუ мы от Исакаზურაბ კვაჭაძე

 

  "ლუგანდონია" - თვითგამოცხადებული "დონეცკის  სახალხო რესპუბლიკისა" და "ლუგანსკის  სახალხო რესპუბლიკის" ტანდემი უკრაინის უკიდურეს აღმოსავლეთში. მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია (ბევრი გახიზნულია, დარჩენილთაგან დიდი ნაწილი ფაქტიურად მძევალია), ხოლო ვირტუალური "ლუგანდონიის" საზღვრებიც ისეთივე ცვალებადია, როგორც ზოგადად ამინდი ამ უცნაურ ზაფხულში (კლიმატს ვგულისხმობ) - უკრაინული სამთავრობო ჯარებისა და ეროვნული გვარდიის ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად პირდაპირპროპორციულად  მცირდება მისი საზღვრებიც. თუმცა ფაქტია, რომ "ლუგანდონიის" მთავარი საყრდენი - დონეცკი კვლავაც სეპარატისტების ხელშია და ჯერ-ჯერობით სეპარატისტთა ჰეგემონიასაც არაფერი ემუქრება.

 

            სწორედ დონეცკში  მომიწია პირად საკითხებზე ამ რამოდენიმე დღის წინ გამგზავრება, ქალაქში, სადაც გენერალური კონსულის რანგში 2 შესანიშნავი წელი ვიმსახურე და ბევრი მეგობარიც შევიძინე, ქალაქში, სადაც ცხოვრობს შესანიშნავი ქართული დიასპორა, რომელსაც დღეს, სხვათა მსგავსად, რთული პერიოდი უდგას.

 

            თავიდანვე ვიტყვი, რომ ჩემს გადაწყვეტილებას წავსულიყავი დონეცკში, ჩემი ოდესელი მეგობრების მხრიდან მოჰყვა ჯერ გულწრფელი გაოცება, ხოლო შემდეგ წუხილი, შიში, თანაგრძნობა და ასე შემდეგ. და ეს არც არის გასაკვირი - შორს რომ არ წავიდეთ,  დღეს დონეცკი უკრაინისთვის სამწუხაროდ დაახლოებით იგივეა, რაც ჩვენთვის ცხინვალი ან სოხუმი. ამაში პირველად მაშინ დავრწმუნდი, როდესაც მატარებლით დონეცკთან მიახლოებისას სულ უფრო და უფრო მატულობდა ამ რეგიონიდან უკრაინის ცენტრისკენ დევნილთა ნაკადი, რომლებიც რკინიგზის სადგურებზე გვხვდებოდა გზადაგზა.

 

            ქალაქში თითქოს სიმშვიდე დაგვხვდა, რკინიგზის სადგურზე არც სამხედროფორმიანები გვინახავს და არც სამხედრო ტექნიკა. თუმცა შეუჩვეველი თვალისათვის ეს მხოლოდ მოჩვენებითი სიმშვიდე აღმოჩნდა. ცოტაოდენი დაკვირვების შემდეგ პირველად თვალში რაც მომხვდა - ეს ხალხის დაძაბული სახეები იყო. მეორე კი, და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი - არსად შემხვედრია უკრაინის სახელმწიფო დროშა, არცერთ დაწესებულებაზე და არცერთ საცხოვრებელ სახლზე, აბსოლუტურად არსად, რაც ასე მრავლად გვხვდება კიევში, ოდესაში და უკრაინის სხვა ქალაქებში. ფაქტია, რომ დღეს დონეცკში ვერ იგრძნობთ უკრაინას, გათიშულია ცენტრალური უკრაინული ტელეარხები, არ მუშაობს უკრაინის ხელისუფლების მთავარი რეგიონალური მმართველობის ორგანო - გუბერნატორის აპარატი (მათი შენობა დაკავებული აქვთ სეპარატისტებს, ხოლო გუბერნატორი ტარუტა საერთოდ გახიზნულია). ის ვინც უკრაინელი პატრიოტი იყო - ყველა გაიხიზნა, ვინც ვერ მოასწრო - იძულებულია ჩუმად იყოს, რადგანაც, მაგალითად, აქ უკრაინული დროშის გამო შეიძლება სიცოცხლესაც გამოასალმონ კაცი. სამაგიეროდ იგრძნობთ პუტინის რუსეთს, ქალაქში მრავლადაა რუსულნომრიანი მანქანები და, რაღა თქმა უნდა, რუსეთის დროშები, თანაც უფრო მრავლად, ვიდრე თავად სეპარატისტთა დროშები. თუმცა ამ ორ დროშას შორის არც არის დიდი განსხვავება - სეპარატისტებმა რუსული ტრიკოლორის თეთრი ზოლი შავით შეცვალეს, შუაში კი იმპერიული ორთავა არწივიც მიარტყეს და ასეთი დროშით მიილტვიან სანუკვარი "დამოუკიდებლობისაკენ".  

 

            ქალაქის შესასვლელთან, ასევე საკვანძო მაგისტრალებზე, განლაგებულია სეპარატისტთა ბლოკ-პოსტები, სადაც დღისით ადგილობრივები დგანან, ღამით კი მათ რუსი და ჩეჩენი დაქირავებულები ცვლიან, მიყვება ჩემი მასპინძელი. ბლოკ-პოსტებზე რაიმე მიზეზგარეშე შეუძლიათ მოითხოვონ მანქანის გაჩრეკვა, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ უარეს შემთხვევაში მანქანას წაართმევენ მის მფლობელს, უკეთეს შემთხვევაში კი ფულს. ჩვენს მანქანასაც  დაადგეს თვალი ერთ-ერთ პოსტზე და როდესაც მისი გაჩხრეკვა მოითხოვეს, ჩემმა მასპინძელმა მანქანიდან გადაუსვლელად გასძახა სამხედროფორმიანს - Мы от Исака!,  ეს კი ლამის  პაროლისმაგვარი აღმოჩნდა და უცბად გაგვატარეს. ჩემს კითხვაზე, თუ ვინ იყო ეს "ისაკი", მასპინძელმა ირონიულად მითხრა, ადგილობრივი სომეხიაო, რომელიც ახლა სეპარატისტებს ემსახურება და ერთ-ერთი რაზმის მეთაურიც არისო. როგორც ჩანს, საკმაოდ წონიანი მეთაურიცაა, რახან მისი სახელი ასე მოქმედებს.

 

            დღისით ქალაქში ვიზუალურად თითქმის ყველაფერი მუშაობს - მაღაზიები, რესტორნები, ტრანსპორტი,  კომუნალური სამსახურები, ზოგიერთი დაწესებულება, თუმცა ეს ყველაფერი  მაინც აშკარა იმიტაციის შთაბეჭდილებას ტოვებს - ძალზედ მცირეა მანქანების  რაოდენობა,  ასევე ხალხიც ქუჩაში კანტი-კუნტად დადის.  ქალაქში ყოველმა მესამემ დაკარგა სამსახური ან შემოსავლის ნაწილი, ყოველი მეხუთე კი გაიხიზნა.  გაზრდილია დანაშაული, დაკეტილია ყველა ავტოსალონი (თუმცა სეპარატისტებმა მათ დაკეტვამდე მაინც მოასწრეს რამოდენიმე მათგანის დაყაჩაღება და თავისი ნაალაფარი ავტოპარკი არაერთი ახალი "მერსედესითა" და "ფოლკსვაგენით" შეავსეს), ასევე დაკეტილია (აჭედილია ვიტრინები) ყველაზე პრესტიჟული მაღაზიები. შებინდებისას ქალაქში, გასვლა უკვე საშიშია - ართმევენ მანქანებს (თუმცა ეს არც დღისით ყოფილა იშვიათობა, რის გამოც ბევრმა კარგი მანქანები გადამალა და და ბიუჯეტურ ავტომანქანებზე გადასხდნენ), ხშირია სროლებიც. ამიტომ ქალაქში საღამოს 7 საათის შემდეგ პრაქტიკულად აღარაფერი მუშაობს კაფე-ბარებისა და კინოთეატრების ჩათვლით. იმისათვის, რათა ტაქსით იმგზავროს კაცმა, წინასწარ აზუსტებს გამოძახების სამსახურთან მგზავრობის მარშრუტს, შესაძლოა ტაქსისტმა ვერც გარისკოს ამა თუ იმ ადგილას გასვლა. თუმცა ეს დღისითაც ხდება უკვე. უკვე 2 თვეა დაკეტილია აეროპორტი და არავინ უწყის, თუ როდის გაიხსნება - იქ ჯერ კიდევ ისვრიან. დაკეტილია საქართველოს საკონსულოც, რის გამოც ჩვენს მოქალაქეებს კიევში უწევთ გამგზავრება  საკონსულო საკითხების მოსაგვარებლად. საავადმყოფოები კი პირიქით, როგორც ომიანობის დროსაა, გადასულნი არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე - როგორც ჩემმა ახლობელმა  ქართველმა პროფესორმა მითხრა, ყოველდღიურად შემოჰყავთ დიდი რაოდენობით დაჭრილები.

 

            ვიზუალურად ამ ქალაქში მილიციაც მუშაობს, რომელიც ჩემთვის (და ალბათ არამარტო ჩემთვის) ყველაზე დიდი გამოცანაა - ოფიციალურად დონეცკის მილიცია ექვემდებარდება  უკრაინის შსს-ს, მათგან იღებს დირექტივებს, იღებს ხელფასებს და ა. შ., ანუ სახეზეა სრული კლასიკური ფორმალიზმი, თუმცა რეალურად დონეცკის მილიცია მუშაობს სეპარატისტებზე, უკეთეს შემთხვევაში კი ორი ბატონის მსახურად იქცა. თავად განსაჯეთ, სეპარატისტთა ავტოკოლონების  გადადგილებას თანხლებას უწევს ადგილობრივი "გაი"-ს ციმციმებიანი ავტომანქანები, ასევე ამავე "გაი"-ს მანქანები დგანან სეპარატისტთა ბლოკ-პოსტებთან და ეხმარებიან მათ მოძრაობის რეგულირებაში, თუმცა ძალადობის ფაქტებისას ისინი ნეიტრალურნი რჩებიან. ამ ორი დღის წინ ერთ-ერთ ბლოკ-პოსტთან ავტომატის ჯერით მოკლულ იქნა 32 წლის ქალი, რომელიც მანქანით მოძრაობდა და როდესაც დაინახა ავტომატებიანი ხალხი, ეტყობა შიშით გაქცევა სცადა, თუმცა ვერ მოასწრო. აქაც მილიცია მხოლოდ სტატისტის როლში იყო. მეტი თვალსაჩინოებისათვის ერთ ისტორიასაც მოგიყვებით, რომელიც ჩემს ახლობელს, ერთ-ერთი ძლიერი კომპანიის გენერალურ დირექტორს შეემთხვა: მცირე ხნის წინ სეპარატისტებმა გაიტაცეს მისი სამსახურეობრივი ავტომანქანა, თუმცა მისდა გასაკვირად, უკვე მეორე დღესვე მას დაუკავშირდა მილიცია და ამცნო, რომ მანქანა ნაპოვნია და სთხოვეს მილიციაში მისვლა მანქანის საბუთებთან ერთად. მილიციაში მისი საბუთების შემოწმების შემდეგ იგი ჩაიყვანეს მილიციის ეზოში, სადაც იდგა მისი მანქანა. და სწორედ მაშინ, როდესაც ჩემმა ახლობელმა ლამის დაიჯერა სასწაული და ჩაჯდა მანქანაში, იქ უკვე 2 შეიარაღებული სამხედროფორმიანი ელოდებოდა, რომლებმაც მოსთხოვეს სარეგისტრაციო ორგანოში მათთან ერთად წასვლა და ამ მანქანის მათზე გადაფორმება.  საბოლოო ჯამში მანქანა ყაჩაღებმა ვერ გადაიფორმეს (მანქანის მფლობელი არ შეუშინდა და უარი უთხრა გადაფორმებაზე), თუმცა მანქანა მაინც წაიყვანეს, ანუ ხელმეორედ გაიტაცეს - მილიციის ეზოდან, მილიციელების თვალწინ. დღეს ჩემი ახლობელიც გახიზნულია ქალაქიდან ოჯახთან ერთად.

 

            ახლა კი თავად ბოევიკებზე ორიოდ სიტყვით: როგორც ამბობენ, ქალაქში კბილებამდე შეიარაღებული 8-10 ათასი დაქირავებულია. ისინი განლაგებულნი არიან როგორც შიგ ქალაქში, ასევე მის გარეუბნებში. მათ მიერ დაკავებული შენობები გამაგრებულია ქვიშის ტომრებით, გარე პერიმეტრზე კი შეიარაღებული, სხვადასხვა სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები დგანან.  მათი ასეთი გამაგრებული წერტილები დონეცკში ნახევარი დღის განმავლობაში დაახლოებით 10 ადგილას მაინც ვნახე.  როგორც მითხრეს (ამაზე უკვე პრესაშიც ხმამაღლა აცხადებენ), დაქირავებულებს დღეში 300-დან 500 აშშ დოლარს უხდიან, გარდა ამისა მათ ეძლევათ დამატებითი ბონუსები (ფულად ეკვივალენტში) თითოეულ მოკლულ ან ტყვედაყვანილ მოწინააღმდეგეზე (იგულისხმება სამთავრობო ჯარების სამხედრო მოსამსახურეები).  ალბათ იკითხავთ, თუ ვინ აფინანსებს მათ - როგორც ადგილობრივები ამტკიცებენ, რუსეთი სეპარატისტებს ფულს არ უხდის, რუსეთი მხოლოდ იარაღს და ტექნიკას აძლევს სეპარატისტებს,  ასევე ეხმარება ცოცხალი ძალის (დაქირავებულების) გადასროლაში უკრაინის ტერიტორიაზე. რაც შეეხება დაფინანსებას,  ამას იანუკოვიჩი აკეთებსო, ასე მითხრეს. ისიც დააყოლეს, რომ იანუკოვიჩმა 30 მილიარდი დოლარი გაიტანა რუსეთში 11 "კამაზი"-თო. მოკლედ, რა არის ჭორი და რა მართალი - კაცი ვერ გაიგებს, ფაქტი კი ერთია - ბოევიკები რეალურად არიან დონეცკში, რომელთა შორის უმრავლესობა  ჩეჩნები (ბატალიონი "ვოსტოკი") და კაზაკები არიან. ბოლო დროს ადგილობრივებიც აქტიურად შედიან მათ რაზმებში, განსაკუთრებით ეს მეშახტეებზე ითქმის - როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამჟამად შახტებში მუშა-ხელის დიდი დეფიციტიაო ასეთი გადინების გამო.   

 

            ასეთი არის დღევანდელი დონეცკი, უკრაინის ინდუსტრიული აღმოსავლეთის მთავარი საყრდენი ქალაქი, სულ ცოტა ხნის წინ რომ შესანიშნავად უმასპინძლა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს და ხალხსაც რომ აღაფრთოვანებდა თავისი სისუფთავით და ახალი თანამედროვე ინფრასტრუტურული პროექტებით. დღეს ეს ქალაქი ცალი ფეხით უკვე რუსეთშია, პრინციპში ბევრ ადგილობრივს ალბათ ასეც სურს. აქ უკვე მენტალობის პრობლემაცაა, პატრიოტიზმზე ლაპარაკი აქ ფუჭია და უნაყოფო. ამ ხნის მანძილზე უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკი ვერ ან არ დაიბრუნა და დღეს ამ ქალაქის (შესაბამისად, მთლიანად დონბასის) შემორიგება/შემოერთება უკრაინისა და ევროპელი ლიდერების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.  თუმცა პირადად მე ძალიან მეეჭვება ამ ინიციატივამ რაიმე კარგი და დადებითი (ერთიანი ქვეყნისათვის) შედეგი გამოიღოს - სეპარატისტები მათ ხელში არსებულ უპირატესობას მშვიდობიანი გზით თუ დასთმობენ, უკრაინას ეს, როგორც მინიმუმ, ფედერალიზაციის ფასად დაუჯდება. ისიც უკეთეს შემთხვევაში. და ისიც თუ პუტინი იქნება ყაბულს. ფედერალიზაციიდან ქვეყნის დაქუცმაცებამდე კი ერთი ნაბიჯია, მითუმეტეს როცა ასეთი მეზობელი პრემიერ-მინისტრის დონეზე  უკვე ოფიციალურად აცხადებს, რომ ვერ იქნება "უკრაინის  საზღვრების ურღვევობის გარანტი".

 

P.S.   უკან გამომგზავრებისას, რკინიგზის ადგილობრივ სადგურზე ყველა ტელევიზორი მხოლოდ რუსულ საინფორმაციო გადაცემებს უჩვენებდა, საიდანაც, მიმიხვდით ალბათ,  რუსი დიქტორები დაუღალავად გაჰკიოდნენ "უკრაინელი" ფაშისტებისა და ბანდერელების  ჩადენილ დანაშაულებებზე. 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია