ბაგრატის ტაძარი და იუნესკო

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
21-06-2013, 23:55 | პოლიტიკა | ნანახია - 4005

ნინკა ვაჩეიშვილი

წესით, არ უნდა გამკვირვებოდა, მაგრამ მაინც გამაკვირვა რამდენიმე დღის წინათ კულტურის სამინისტროს მიერ ბაგრატისა და გელათის ნომინაციის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ. თანაც უკვე მერამდენედ, „წინმსწრები“ (ძალიან წინმსწრები) სიხარულით ნათქვამმა. ეს ყველაფერი დაახლოებით ასე ჟღერდა: „ვაშააააა, ვაშააააა, ბაგრატი ამორიცხეს იუნესკოს სიიდან“. 

თუ გავიხსენებთ, ამგვარი სიხარულნარევი განცხადებით დაიწყო   კულტურის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელების

 

მოღვაწეობა, როდესაც უმაღლესმა ჩინოვნიკებმა, რატომღაც ისე, რომ საქართველოში ბაგრატ-გელათზე არაფერი მოუკითხავთ, პარიზიდან გვამცნეს იუნესკოს სიიდან ბაგრატის ამორიცხვის შესახებ. მაშინაც დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ამ „ახალი ამბის“ გასაქარწყლებლად.

 

სამინისტროს მიერ ამჯერად გამოქვეყნებულ ტექსტში ბაგრატის ტაძარი უკვე ამორიცხულ-დასჯილია (მიზეზი იგივე - საზოგადოებისთვის ნაკლებად გასაგები „ავთენტიკურობის დაკარგვა“), გელათის მონასტერი კი უკიდურესად „დრამატულ ვითარებაშია ჩავარდნილი“ - თურმე იუნესკო საქართველოს აძლევს „შანსს“, რომ  გელათი სანომინაციოდ  წარადგინოს. ეს მხოლოდ  „იუნესკოს კეთილი ნებაა“. ამასთანავე, ამ ტექსტის თანახმად,  კომიტეტი გარანტიას არ იძლევა, რომ გელათიც „არ ამოვარდება  მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან“. ვინც ამას წაიკითხავს, შეუძლებელია შიშით და „უმცირესის კრძალვით“ არ განეწყოს ჩვენი და ჩვენი ძეგლების „დამსჯელი“ იუნესკოს მიმართ.

რა ხდება სინამდვილეში?

 

სინამდვილეში, ბაგრატისა და გელათის ერთობლივმა ნომინაციამ მართლაც რთული გზა განვლო. სპეციალისტებმა კარგად იციან ამ გზის ისტორია: ჯერ იყო და, ეს ორი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ერთი, დავით აღმაშენებლის აგებული და დღემდე სრულად მოღწეული, მეორე კი მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში დიდწილად აშენებულ-აღდგენილი ნანგრევი ერთ ნომინაციაში გაერთიანდა, თანაც, დათქმით, რომ ბაგრატი ყოველთვის ნანგრევად უნდა დარჩენილიყო. თუმცა, უკვე მაშინ იყო დეკლარირებული, რომ ბაგრატის ტაძრის აღდგენა სახელმწიფოსა და ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის იმ დროს უფრო კარგად რომ ეკითხათ, ოდესმე მხარს თუ დაუჭერდნენ ბაგრატის აღდგენას, იქნებ სხვაგვარად გადაწყვეტილიყო  ამ ორი კომპლექსის ერთ ნომინაციაში „დაბინავების“ საკითხი. ამრიგად, ცხადია, რომ დღეს ვიმკით ერთ ნომინაციაში განსხვავებული სვე-ბედის მქონე ნაგებობების არსებობით გამოწვეული კრიზისული ვითარების შედეგს, ვითარებისა, რომელიც, პრინციპში, იუნესკოს მაშინდელმა გადაწყვეტილებამ განაპირობა.

 

ჩვენი „იოლმოლაპარაკენი“ მართლაც იოლად მოგვიგებენ ხოლმე, რომ ბაგრატი თან ნანგრევი უნდა ყოფილიყო და თან ისეთი რამ მოგვეფიქრებინა, რომ მისი ეკლესიური აღდგენაც უზრუნველგვეყო. მაგრამ როგორ? - ხშირად მიკითხავს „იოლმოლაპარაკეთათვის“. როგორ და (ისინი ხომ ხშირად „იოლმოფიქრალნიც“ არიან), მაგალითად, გადაგეხურათ შუშით. ხშირად მიფიქრია – აი, მაშინ გენახათ საზოგადოების რეაქცია, როცა ქუთაისის თავზე, შემაღლებულ ბორცვზე, დიდ ბრჭყვიალა კოლბას ან უნივერმაღივით ბრიალ-პრიალა ნაგებობას დავახურავდით მე-20 საუკუნეში აღდგენილ-აშენებულ ბაგრატის ნანგრევს.

 

„ავთენტიკურობა დაიკარგაო“ - ადვილად წარმოითქმება ეს სიტყვები. ეს „ავთენტიკურობის დაკარგვა“, გასაგებად რომ ვთქვათ, „ძველის გაქრობას“, „ძველის მიჩქმალვას“,  „ძველის განადგურებას“ ნიშნავს. კი მაგრამ, სად დაიკარგა ძველი? სად მიიჩქმალა ძველი? სად განადგურდა ძველი? ვინც ბაგრატზე „თვალგახელილი“ ასულა (ასულან „თვალდახუჭულნიც“), მიხვდებოდა, რამდენად ადვილად გასარკვევია ძველი ნაწილების რაობა და ადგილი აწ უკვე დასრულებული ნაგებობის სხეულში. სწორად აღნიშნა „ავთენტიკურობის“ ცნების ერთ-ერთმა დიდმა თეორეტიკოსმა იუკა იუკილეტომ, რომ ამ პროექტით ბაგრატის ტაძარში ავთენტიკურობა კი არ გაქრა, არამედ პირიქით - მრავალფეროვნად და მრავალგვარად წარმოჩინდა.

 

კი მაგრამ, იუნესკოს რაღა დაემართა?

 

ისევე  როგორც ყველა დიდ საერთაშორისო ორგანიზაციას, მასაც თავისი ამბიცია აქვს. ის თავისი ბუნებით არსებული პრინციპების დამცველი, კონსერვატორი უფროა, ვიდრე სიახლეების დამამკვიდრებელი. მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ მსოფლიოში ბაგრატის ტაძარი თითქმის ერთადერთი საეკლესიო ნანგრევი იყო? და რომ საეკლესიო ხუროთმოძღვრების განახლების პრეცედენტები იუნესკოს ძეგლთა სიაში არ მოიპოვება (რადგან ყველა დანგრეული ტაძარი მე-20 საუკუნეში ჯერ აღადგინეს და მერე შეიყვანეს იუნესკოს სიაში)? 

 

აქედან გამოსავალი იყო: 

ა) არ აღგვედგინა ნანგრევი, რაზეც იქნებ დავთანხმებულიყავით, რომ ვყოფილიყავით 30-იან წლებში და ჩვენამდე არ მოსულიყო დიდწილად უკვე განახლებული „ახალი ნანგრევი“;

 

ბ) მე-20 საუკუნის ნანგრევი შუშით ან რაიმე თანამედროვე მასალით გადაგვეხურა (რაც საეკლესიო ნაგებობისთვის არცთუ წარმატებით და საპატრიარქოსთვის კატეგორიულად მიუღებლად სცადეს კიდეც არქიტექტორებმა ფუქსასმა და ქორიძემ);

 

გ) გაგვეკეთებინა ის, რაც გავაკეთეთ - დასაბუთებული ნაწილების ქვით (ვ. ცინცაძის მეთოდი, რომელიც თავის დროზე იუნესკომაც წარმატებულად ცნო), ხოლო არტეფაქტების არმქონე და დაუსაბუთებლი მონაკვეთის (დასავლეთის ნაწილი) -ფალსიფიკაციის და „ვითომ ძველია“-ს გარეშე თანამედროვე მასალით  აღდგენა.

 

გაგიკვირდებათ, მაგრამ იუნესკოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მოვახერხეთ ის, რომ წლების მანძილზე იუნესკოსთვის მიუღებელი მისთვის მისაღები გახდა. ჩვენი შეხვედრისას პარიზში, იკომოსის ძალზე კონსერვატიულმა მესვეურებმაც კი დაადასტურეს, რომ შესაძლებელია ბაგრატის ამ პროექტის განხორციელება (საუბარია ივანე გრემელაშვილისა და ანდრეა ბრუნოს ერთობლივ ნამუშევარზე). ეს დიდი გამარჯვება იყო!

 

მაგრამ მოხდა ის, რაც ქართველებს ხშირად გვემართება: იუნესკოსთან პროცესუალური კალენდრის ლოდინის ნაცვლად (რომელიც ძალიან ხანგრძლივია), არსობრივად შეთანხმებული პროექტი განვახორციელეთ, ამით კი  დავარღვიეთ ბიუროკრატიული წესი და კალენდარი.

 

აი, ამ დროში აცდენამ გამოიწვია იუნესკოს რეაქცია და გაჩნდა „სიიდან ამოღების“ საშიშროება, რაც იარაღად იქცა ზოგიერთის ხელში.

 

ერთი მხრით, ბიუროკრატიულ-კალენდარული გადაცდომები და, მეორე მხრით, რეკონსტრუქციის პროექტის ხარისხის ერთმანეთისგან გამიჯვნა იყო იუნესკოსთან ჩვენი ბოლო შეხვედრების მიზანი.

 

ბაგრატის ტაძარი და იუნესკოქართული მხარე ვალდებულია, იუნესკოს შეფასება ადეკვატური გახადოს, იმუშაოს იმაზე, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ერთია ბიუროკრატიული გადაცდომა, სულ სხვაა ბაგრატის შენარჩუნებისა და მისთვის ფუნქციის დაბრუნების არჩეული გზა, რომელიც აღიარა საერთაშორისო ძეგლთა დაცვის საზოგადოებამ და მას მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო პრემია - „დომუსის ოქროს მედალი“ მიანიჭა.

 

შეუძლებელია, პროექტი არ ვარგოდეს და საერთაშორისო ოქროს მედალს  იმსახურებდეს. სიძველეთა რეკონსტრუქციის „მამები“ (ჯოვანი კარბონარა, იუკა იუკილეტო, ანდრეა ბრუნო) ყოველმხრივ აქებდნენ მას, იუნესკოს დადგენილება კი ერთი გაურკვეველი ექსპერტის, რომელმაც წესიერად პროექტიც არ დაათვალიერა, უხარისხო დასკვნას ეფუძნებოდეს (კულტურის სამინისტროს ამაზე ჯერ კიდევ  2012 წლის ზაფხულში ჰქონდა დასაბუთებული რეაქცია).

 

დეფინიციებისა და შეფასების უზუსტობა იყო იმის მიზეზი, რომ 2012 წელს ქართულმა დელეგაციამ რუსეთში მიმდინარე ურთულესი კომიტეტის სხდომის დროს შეძლო და, ჩვენი აზრით, უმწიფარი რეზოლუცია მოხსნა დღის წესრიგიდან.

 

წელს კი ეს რეზოლუცია, რომელიც, კარგი მუშაობის პირობებში, შეიძლებოდა 2013 წლის მანძილზე გამოსწორებულიყო, განხილვის გარეშე,  იოლად მიიღო 2013 წლის კომიტეტმა.

 

დარჩება თუ არა ბაგრატი ამ ფორმით იუნესკოს სიაში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი, მაგრამ არა მთავარი საკითხია. კარგი მუშაობის პირობებში შესაძლებელია, რომ ბაგრატიცა და სხვა ძეგლებიც ამ პრესტიჟულ სიაში ადეკვატური ფორმით არსებობდნენ. 

 

აი, ამაზე უნდა იმუშაოს კულტურის სამინისტრომ. ამის ნაცვლად კი,  ვიღაცის ჯიბრზე, კვლავ სიხარულით გავიძახით: „ვაშა, ამოგვიღეს იუნესკოს სიიდან!“

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია