,,შენგენ-აცვალე“, ანუ ისტორიული ღირებულებები და ,,ასოცირებული რეალობა“

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
2-07-2014, 18:00 | პოლიტიკა, ბლოგები | ნანახია - 1957

,,შენგენ-აცვალე“,   ანუ ისტორიული ღირებულებები და ,,ასოცირებული რეალობა“მაკა მალხაზიშვილი

 

ცნობილია, რომ ქართველებს ხშირად გვიყვარს ნებისმიერი საკითხის უტრირება და გაშარჟება. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც -  საქართველომ ევროპასთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას  ხელი მოაწერa და ქართველმა ამ თემაშიც გამოძებნა საქილიკო და საკბილო. მისდამი ჩვენი დღევანდელი დამოკიდებულება ყოფით ლექსიკასა და სოციალურ ქსელებზეც აისახა. ყოფილ ოქტომბრელებს გაგვახსენდა ჩვენი საბჭოური ბვშვობისდროინდელი წინასწარმეტყველური გათვლა:  ”ოპა- ოპა- ოპა, ამერიკა, ევროპა... ანგლია, კიტაი, - ჩტო ხოჩეშ, ვიბირაი”... ამას თუ გავითვალისწინებთ, საბჭოთა ბავშვი მსოფლიოში ყველაზე ბრძენი მოზარდი გამოდის.

პირველი ასოციაცია, რომელიც ევროპასთან ასოცირების ხელმოწერის შემდეგ გაგვიჩნდა, - ეს ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღებაა. შენგენის ქვეყნებთან ერთ სივრცეში გაერთიანების პერსპექტივამ ცნობილ ქართულ საალერსო სიტყვას - ,,შენგენ-აცვალეს'' სულ სხვა შინაარსობრივი დატვირთვა შესძინა. სოციალურ ქსელში გაჩნდა ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი ყვითელი ფერის, თითქმის ამორტიზებული ავტობუსების ფოტოები წარწერით: ,,საგარეჯო-ლონდონი“, ,,მაჩხაანი- პარიზი“ . ალბათ, ძველი ტრანსპორტი ამ ხუმრობისთვის შემთხვევით არ შეირჩა, რადგან რეგიონების უმრავლესობაში იქ არსებული სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით,  80-იანი წლები ჯერ კიდევ რეალობაა . საერთოდ კი, უვიზო რეჟიმის შემოღებამდე საქართველოს არც ისე პატარა გზა აქვს გასავლელი.

ახლა მედლის მეორე მხარე განვიხილოთ, რაში მდგომარეობს ამ თემის გაშარჟების,  თუნდაც მცირე რაციონალური საფუძველი და რას ვგულისხმობთ ევროპულ ოჯახში შესვლაში?  გავიხსენოთ ის, თუ რაზე დგას ევროპული სამყარო და რას ნიშნავს ევროპული აზროვნება. თუ კი, კულტურასა და ზოგად ადამიანურ ფასეულობებს შევეხებით, მაშინ, ქართული კულტურა, რომლის ფესვებიც სათავეს საუკუნეების წინ იღებს, დღესაც აქტუალურია და რენესანსის დროიდან მოყოლებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით გამოირჩევა. თუ კი, ევროპელობაში ტოლერანტობას ვგულისხმობთ, მაშინ, ტოლერანტობა ქართული ხასიათისთვის ყოველთვის იყო დამახასიათებელი.  ევროპული სახელმწიფოსთვის ჩვეული ჰუმანურობა და შემწყნარებლობა კი, შუა საუკუნეების ქართული სახელწიფოს ძირითადი პრინციპი იყო, რადგან აქ ადამიანის სიკვდილით დასჯა, იმ დროის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სასტიკად აკრძალული იყო. არც ემანსიპაცია იყო ჩვენთვის უცხო ცნება... მაგრამ რა მდგომარეობაა თანამედროვე საქართველოში? თუ კი, საკითხს ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ შუა საუკუნეების საქართველო გაცილებით ევროპული სახელწიფო იყო, ვიდრე დღევანდელია. თანამედროვე ქართული საზოგადოება ჯერაც საბჭოური ან პოსტსაბჭოური მენტალობით გამოირჩევა. რუსულ-ბოლშევიკურმა  მორალმა თაობებს თავისი ღრმა კვალი დაამჩნია და ბიუროკრატიული ჩინოვნიკის ,,ჰომო სოვეტიკუს“ ტიპის ქართველი შექმნა, რომლისთვისაც უცხო გახდა ტრადიციულ-ქართული ფასეულობები. ამიტომაცაა, რომ დღეს ევროპული კულტურის ანბანი საზოგადოებაში ქცევის ეთიკური ნორმების ათვისებით უნდა დავიწყოთ. ამ მხრივ,  ,,ევროპული სკოლის“ პირველ კლასში ვართ, ხოლო თუ ევროპელობა მხოლოდ ტრადიციული ურთიერთობების უარყოფითა და ცხოვრების ,,ჩემი სახლი-ჩემი ციხესიმაგრეას'' პრინციპის გადმოღებით გამოვხატეთ, მეგობრების ნაცვლად კი ფსიქოლოგთან ვიზიტს მოვუხშირეთ, სიტყვა ”სა-უცხო-ო” მხოლოდ ყოველგვარი უცხოურის ფეტიშით ავხსენით და გავამართლეთ. ასე რომ, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს,  ჩვენთვის  გზა ევროპული საზოგადოებისკენ,  შუა საუკუნეების საქართველოზე გადის. ხოლო, თუ ამ საკითხს არ ჩავუღრმავდებით, დიდხანს დავრჩებით იქ, საიდანაც ჩვენმა ,,ასოცირებულმა პერსპექტივამ“  ეს ესაა აიღო ხმაურიანი სტარტი... 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია