ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
3-07-2014, 16:40 | პოლიტიკა | ნანახია - 1059

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა  გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.ამ  გავრცელებულ განცხადებას  “ივერია” უცვლელად გთავაზობთ:

 

“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გიორგი უგულავა დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი უგულავა როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, დანაშაულში ჩართულ სხვა წევრებთან ერთად, მათ შორის ამავე საქმეზე დაკავებულ მის ქვისლ გიორგი ღონიაშვილთან და ლატარიის კომპანიის ყოფილ დირექტორთან, დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორ, ალექსანდრე გოგოხიასთან ერთად, ახორციელებდა ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ე.წ. „შავი ფულის“ მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანას, რაც შემდგომში უნდა მოხმარებოდა პოლიტიკური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას.

კერძოდ, ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანიიდან, „ექსიმუს ჰოლდინგიდან“, რომლის დირექტორიც არის ბრალდებულის სახით ძებნილი ალექსანდრე გოგოხია, ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე თანხა ირიცხებოდა ასევე ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის, „ბრუქთრეიდის“ ანგარიშზე, საიდანაც ფიქტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა უკვე ხვდებოდა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში, ხდებოდა აღნიშნული თანხის კონვერტაცია და გიორგი ღონიაშვილზე გადაცემა. პატიმრობაში მყოფი ღონიაშვილი, თავის მხრივ უკანონო შემოსავალს გადასცემდა გიორგი უგულავას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მიზნით.

საერთო ჯამში, ოფშორული კომპანიიდან საქართველოში ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე ფულის გათეთრების გზით უნდა გადმორიცხულიყო 1 500 000 აშშ დოლარი, ხოლო გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად განხორციელდა მხოლოდ 760 000 აშშ დოლარის გადმორიცხვა. აღნიშნული თანხა გიორგი უგულავამ გამოიყენა პარტიული მიზნებისთვის.

რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ გიორგი ღონიაშვილს, სასამართლომ მას უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა, ხოლო ალექსანდრე გოგოხიას მიმართ გამოცხადებულია ძებნა. გიორგი უგულავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 და 3-ე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-12 წლამდე ვადით.

საქმეზე მიმდინარეობს შემდგომი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების იდენტიფიცირების მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია