საზოგადოება ,,ივერიის’’ განცხადება ხელისუფლების მიერ განხორციელებულ არასამართლებრივ ქმედებებთან დაკავშირებით

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
8-07-2014, 15:31 | პოლიტიკა | ნანახია - 4180

საზოგადოება ,,ივერიის’’ განცხადება ხელისუფლების მიერ განხორციელებულ არასამართლებრივ  ქმედებებთან დაკავშირებით

 

გასულ კვირას საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა შეუძლებელია ობიექტურად განწყობილი და რაციონალურად მოაზროვნე ყველა ჩვენი თანამოქალაქის სამართლიანი შეშფოთება არ გამოიწვიოს. სახეზეა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად კანონის უზენაესობის პრინციპის უხეში და სისტემური დარღვევა. 

 

ეჭვგარეშეა, რომ თუ ვინმეს კანონის წინაშე კონკრეტული დანაშაული მიუძღვის, მან განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა და თანამდებობრივი პოზიციისა, პასუხი უნდა აგოს. ამასთანავე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს სამართლებრივი დევნა ხორციელდებოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ნორმის სრული დაცვით. 

 

სამწუხაროდ, საქართველოში ყოველი მომდევნო ხელისუფლება კანონის უზენაესობის წინაშე სერიოზულად სცოდავდა, რის გამოც ვერ მოხერხდა სამართლებრივი სახელმწიფოს სრულად ჩამოყალიბება.

 

2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ ამ მანკიერ პრაქტიკას ვერდიქტი გამოუტანა, რითაც მოქმედ ხელისუფლებას ცალსახად დაუკვეთა კანონის უზენაესობის განუხრელი დაცვა. აშკარაა, რომ  მოქმედმა ხელისუფლებამ უხეშად უგულვებელჰყო ამომრჩევლის ეს მკაფიო დაკვეთა და ზემოაღნიშნული პრაქტიკა არა თუ განაგრძო, არამედ კიდევ უფრო გააღრმავა და სახიფათო ზღვრამდე მიიყვანა. განვლილი წელიწადნახევარი უხვად არის გაჯერებული ამის დამადასტურებელი ფაქტებით. ხოლო, გასული კვირა კი ამ თვალსაზრისით ნამდვილ კულმინაციად იქცა. 

 

ეს გამოიხატა ჯერ პირდაპირი წესით არჩეული მერის დაკავებისას სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებაში და კიდევ უფრო დამძიმდა პარლამენტის წევრის საჯარო დაკავებით, რაც უკვე კონსტიტუციის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და უაღრესად სახიფათო პრეცენდენტს ქმნის.

 

სახელმწიფოს არაკონსტიტუციური მეთოდებით მართვა, სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის “მცოცავი” რევიზია, პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები, უდაოდ, გამოიწვევს პოლიტიკურ ძალთა რადიკალიზაციას და ექსტრემიზმს, რაც დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის და სარგებელს მხოლოდ ოკუპანტს მოუტანს.

 

მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასოს მის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად შექმნილი საფრთხე, მოაქციოს საკუთარი ქმედებები კანონიერების ჩარჩოში და შეაჩეროს სახელმწიფოებრიობის ნგრევის დაწყებული პროცესი.

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია