პატარა ქვეყანა და ყოფილი იმპერიის უსასრულო საზღვრები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
10-07-2014, 12:39 | პოლიტიკა, მსოფლიო | ნანახია - 1647

პატარა ქვეყანა და ყოფილი იმპერიის უსასრულო საზღვრებიმართა იამანიძე

 

 მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის საზღვრები ზუსტად არ განსაზღვრულა. რუსეთის ტერიტორიულმა სივრცემ მოიცვა ის, რაც დანარჩენი 14 საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრების გამოკლებით დარჩა. რუსული გეოპოლიტიკის თუ არითმეტიკის თავისებურებების შედეგი იმპერიის ნგრევიდან წლების შემდეგ ვიწვნიეთ, როდესაც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციამ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული ერთეულების მიტაცება დაიწყო.

რუსეთი ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ სუსტი სახელმწიფო. სუსტი იმდენად, რამდენადაც ბუნებრივ რესურსებზე ზედმეტი დამოკიდებულება განაპირობებს იმას, რომ მიმდინარე ხელისუფლება საკმარის საფრთხედ არ აღიქვამს სახელმწიფო ინსტიტუტების სიმყიფეს. არ ცდილობს მათს განვითარებას და სახელმწიფოს, როგორც ფედერაციული სუბიექტის, არსისა და დანიშნულების ფორმაციას. გაზის, ნავთობისა თუ ქვანახშირის საბადოები ჯერ კიდევ აცოცხლებს რუსეთის ეკონომიკას და ძალისმიერი დიპლომატიის საწყისებსაც მშვენივრად ერგება. ამიტომ სახელმწიფოებრიობა არავის ადარდებს. საკუთრივ ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციის არსებობა მხოლოდ ცალკეულ პიროვნებებს უკავშირდება, ხოლო მათივე ზურგს ძალოვანი სტრუქტურები ამყარებს, იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის სახელმწიფოებრიობა უბრალო მირაჟია. 

არცთუ სახარბიელოდ გამოიყურება რუსული ეროვნული იდენტობა, რასაც თანამედროვე ერი-სახელმწიფოს იდეა ეფუძნება. ამ იდენტობას ჯერჯერობით არ გააჩნია ის ფუნდამენტი, რაც მის შემადგელობაში შემავალ ათეულობით ფედერაციულ სუბიექტს გააერთიანებს. რა აქვთ საერთო ამ რესპუბლიკებს? ხშირ შემთხვევაში არც ენა, არც რელიგია, არც საერთო ფასეულობები და არც საერთო ღირებულებები. ერთადერთი, რაც მათ აკავებს, ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების ინტერესია. მაგრამ ეს ინტერესიც ხელოვნურად არის შექმნილი, რამეთუ ისევდაისევ უხეშ ძალასა და კონტროლს ექვემდებარება. უფრო ღრმა ისტორიული ექსკურსის მიხედვით ნათელია, რომ მე-18 - მე-19 საუკუნეებში რუსეთის იდეოლოგიური საფუძვლების ჩანასახში, ამ „ფასეულობებმა“ ფრანგული სოციალიზმისა და გერმანული იდეალიზმის გავლენა განიცადეს. რუსეთს არაფერი ჰქონდა უნიკალური, რომელსაც მისი იდენტობა უნდა დამყარებოდა. ამიტომ ევროპელებს „დაესესხნენ.“ მაგრამ ამან ვერ გარდაქმნა მაშინდელი რუსული იდენტობა - ვერც რუსი გლეხები გადაიქცენენ „ფერმერებად,“ და ვერც იდეალიზმი გაიგეს მართებულად. მე-20 საუკეში სოციალიზმიც მოევლინათ „მხსნელად“ და მარქსის მანიფესტით შთაგონებულმა ბოლშევიკებმა კომუნიზმის კალთა გადააფარეს ევროპის ნაწილს. 

ალბათ ამიტომ დღეს, იდეოლიგიური ვაკუუმის პირობებსა და იდენტობის ძიებაში, რუსეთის გადარჩენის სასიცოცხლო ელემენტს ტერიტორიული გაფართოება წარმოადგენს, მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვის ხარჯზე. საკუთარი მოსახლეობის წინაშე ქვეყნის „ძლევამოსილების“ დემონსტრირება კი შიდა არეულობის პრევენციას ემსახურება. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ისტორიულ მეხსიერებაში ერთგვარი კომპლექსი იჩენს თავს - „უარყოფილი იმპერიის კომპლექსი“. ის, რომ საბჭოთა კავშირისა და სოციალიზმის იდეა მის შემადგენლობაში შემავალმა ქვეყნებმა მე-20 საუკუნის მიწურულს დაგმეს, ერთგვარი ტრავმაა, რომელსაც დღემდე ვერ იშუშებს პოსტ-იმპერიული ცნობიერება. რეცეპტი ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაა ტრავმის შესახორცებლად. რუსეთის „რბილი ძალა“ ხომ საკმარისად მომხიბვლელი არ არის ერთ დროს უარმყოფელი მეზობლების მისაზიდად? ალბათ ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომ „ვითრდება“ რუსეთი თანამედროვე ლევიათანად. 

ალტერნატივა რა არის? რუსეთის მოდერნიზაცია? დემოკრატიზაცია?

საზღვარგარეთ მოღვაწე რუსი ექპერტების საზოგადოება, რომელსაც მეტ-ნაკლებად ადარდებს ქვეყნის მომავლი, ამ ორ ელემენტზე აკეთებს აქცენტს. მაგრამ ყველაზე ხშირად გამოყენებული საპასუხო არგუმენტი ის არის, რომ დემოკრატიის პირობებში რუსეთი აუცილებლად დაიშლება - ადამიანის უფლებების პატივისცემის, სამართლიანი საარჩვენო გარემოსა და პოლიტიკური პლურალიზმის შედეგი იქნება ფედერაციული სუბიექტების გამოყოფა. და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ეროვნული იდენტობა შეთხზულია (invented nation), ის მხოლოდ ზღაპრად დარჩება თუ არ დაეფუძნა ძალას და კონტროლს. 

ალბათ ეს განაპირობებს რუსეთის რაციონალურ არჩევანსაც - ძალადობაზე დამყარებული პოსტ-იმპერიული წარმონაქმნის შენარჩუნებას, დემოკრატიის იმპორტის ნაცვლად. სხვა საკითხია, სადამდე უნდა გაგრძელდეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული ექსპანსია, მიმდინარე რეჟიმის პირობებში და რა უნდა მოიმოქმედონ მის სამეზობლოში მყოფმა ისეთმა პატარა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა.

დიახ, საქართველო პატარა ქვეყანაა. მაგრამ რამდენად სუსტი სახელმწიფო? ჩვენ არც ნავთობის აუზებში დავცურავთ და არც დემოკრატიული სახელმწიფოებით ვართ გარშემორტყმული, ჩვენი დემოკრატიზაციის პროცესი რომ გაიოლდეს. კამათს არ დავიწყებ, რამდენად კარგად მოქმედებს სახელმწიფო ინსტიტუტები. მაგრამ ფაქტია, ავად თუ კარგად მოქმედებს. იდენტობა გვაქვს? დიდი ხნის წინ ერთმა ჭკვიანმა მოღვაწემ დაგვიტოვა ბაზისი - ენა, მამული, სარწმუნოება. მაგრამ დღეს, თანამედროვე დემოკრატიული ერი-სახელმწიფოს მშენებლობაში რა ბაზისი გვაქვს? ლიბერალური ფასეულობები ჯერ კიდევ სუსტია ჩვენთან - იქ, სადაც ევროპას ერთსქესიანთა ქორწინებასთან აიგივებენ და წარმატების მთავარი საზომი „ბოლო 9 წელთან“ შედარებითი უპირატესობის ხაზგასმაა. ალბათ ამით არის გამოწვეული ის, რომ ქართული ეროვნული იდენტობა ისტორიულ ბაზისს ეფუძნება და არა თანამედროვეობას. შეიძლება ითქვას, ჩვენც იდენტობის ძიებაში ვართ, მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით საფუძველი გვაქვს - დემოკრატიულ ევროპასთან ასოცირებული პარტნიორობა. აგრეთვე ის, რომ მოსახლეობა გადასახადებს იხდის, კორუფციის დონე დაბალია და ა.შ. სახელმწიფო ინსტიტუტების ქმედითუნარიანობაზე, შესაბამისად სახელმწიფოებრიობაზე მეტყველებს. 

ლიბერალური ფასეულობებისადმი საზოგადოების დაბალი ცნობიერების პრობლემების არსი კი ერის მენტალობაშია - იქ, სადაც ჯერ კიდევ გავლენიანია რუსეთის მიერ შეთხზული ზღაპარი, რომ ევროპა გარყვნილებისა და ბოჰემის კალაპოტია. თავის დროზე საქართველოს საზოგადოების მენტალური ტრანსფორმაცია არ იყო ცუდი იდეა. დღეს ხელისუფლებაში ამაზე სამწუხაროდ არავინ საუბრობს, რაც მისი წინამორბედის შეცდომის გამეორებაა - საზოგადოებასთან დიალოგის სიმცირე. ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის საკმარისი არ არის არც საზეიმო კონცერტი და არც ევროკავშირ-საქართველოს დროშები შარდენის ქუჩაზე. დიალოგი კარგი სიტყვაა. ერთი ის არის, რომ ქართველებს მუდამ მონოლოგის რეჟიმში გვიყვარს სადღეგრძელობის ძახილი როგორც სუფრაზე, ისე დემონსტრაციებსა თუ სატელევიზიო პროგრამებში. 

ამის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო - ის, რაც რუსეთი არ არის. სახელმწიფო ინსტიტუტების სწორი განვითარებით და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებზე ჯეროვანი ყურადღების მიმართვით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველოს აქვს პოტენციალი განავითაროს თავისი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული იდენტობა. „სამართლიანობის აღდგენა,“ რამაც ბოლო პერიოდში სამწუხაროდ მანკიერი ფორმები შეიძინა, უნდა ჩავანაცვლოთ სწორედაც იმ იდენტობით, რომელშიც ადამიანის უფლებები, სოლიდარობა და ტოლერანტობა ამოსავალი წერტილი იქნება. 

ასე რომ, საქართველოს აქვს შანსი სახელმწიფოებრიობის მშენებლობისთვის სწორი სტრატეგია შეიმუშავოს. მთავარი ის არის, რამდენად სწორად გამოვიყენებთ ამ შანსს, რამეთუ პატარა ქვეყნებს არ აქვთ სტრატეგიული შეცდომების დაშვების ფუფუნება. რუსეთს? მას ბევრი ფუფუნება აქვთ, მაგრამ სახელმწიფოებრიობის მშენებლობის შესაძლებლობის შეფასებისას მიმდინარე რეჟიმის პირობებში ალბათ მათივე ერის შვილის ციტატა გამოდგებოდა - без шансов, без вариантов. 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია