,,მოვითხოვ, დააფიქსირონ პოზიცია სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით’‘

 ,,ვერსიას’‘  საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე ესაუბრა  

    

 

 სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ხელისუფლების მაღალჩინოსნების რეაქციით შეშფოთებულია _ ლამის ბოდიშის ტონით აკეთებენ განცხადებებს და რუსეთის წინაშე თავს უხერხულად გრძნობენო. არადა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი ბრძოლა ელის _ 12 თვის განმავლობაში რუსეთი ადეკვატურ კომპენსაციასა და სამართლებრივ დაკმაყოფილებაზე უნდა დაითანხმოს. ,,ვერსიას’‘ სტრასბურგის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე ესაუბრა.       

 

_ შემაშფოთა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რიგი ქართველი მაღალი თანამდებობის პირების კომენტარებმა. ეს კომენტარები ლამის ბოდიშის ტონით და უხერხულობით იყო აღსავსე. თითქოს თავს იმართლებდნენ რუსეთის ხელისუფლების წინაშე – სარჩელი წინა ხელისუფლების მიერ იყო შეტანილი და ჩვენ რა გვექნაო. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ და იმედს დავიტოვებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ღირსეულად დაიცავს ქვეყნისა და 2006 წელს დაზარალებულ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. თუ სამინისტრომ ამ საქმეს ძალისხმევა მოაკლო, მძიმე კრიტიკის ობიექტი გახდება და მე ვიქნები ყველაზე მწვავე კრიტიკოსთა რიგებში.                      

 

_ ევროპის სასამართლომ მხარეებს 12-თვიანი პერიოდი მისცა შესათანხმებლად, თუ რა მექანიზმით მოხდება კომპენსაციის მიღება და სამართლებრივი დაკმაყოფილება. დიდი ალბათობით, რუსეთი უარს იტყვის გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ამ შემთხვევაში ქართულ მხარეს რა მექანიზმი რჩება?                

 

_ ეს სპეციფიკური იურიდიული საკითხებია და კომპეტენტურ პასუხს შესაბამისი ჩაღრმავება სჭირდება. ვფიქრობ, საკმაოდ მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთი შეეცდება, თავი აარიდოს სანქციების აღსრულებას, მაგრამ სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება იმდენად ძლიერი პლაცდარმია, შესაბამისი ძალისხმევის შემთხვევაში, ქართულ მხარეს გააჩნია მყარი წინაპირობები საბოლოოდ მიაღწიოს სასურველ შედეგს.                  

 

_ ,,საქართველო რუსეთის წინააღმდეგ’‘ _ ამ სახელწოდებით სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში 2007 წელს შევიდა, როცა ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობა იყო. ბოლო განხილვა კი, 2012 წლის ივნისში გაიმართა. რა წვლილი მიუძღვის კოალიციას ამ პროცესში?                      

 

_ ნიშნისმოგებას არ ვაპირებ. სარჩელის შეტანის შემდეგ ქართული მხარე მოლოდინის რეჟიმში იყო. ბევრი ბერკეტი არ გაგვაჩნდა, ზემოქმედება მოგვეხდინა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. დღევანდელი ხელისუფლების ჯერი ახლა დგება, როცა გადაწყვეტილება მიღებულია და მისი აღსრულების დეტალებთან დაკავშირებით ქართულ მხარეს მოუწევს საკმაოდ რთულ პროცესში ჩართვა. ასე რომ, იმაზე, თუ რამდენად ეფექტური იქნება ხელისუფლება ამ საკითხის გადაწყვეტაში, მომავალში ვიმსჯელოთ.                       

 

_ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, რამდენად გამართლებული იქნება კითხვის დასმა 2008 წელს საქართველოს პროვოკაციაზე და იმაზე საუბარი, რომ ომი რუსეთს არ დაუწყია?                       

 

_ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან გადავდექი 2008 წლის 9 ივნისს. ომის დროს თანამდებობაზე არ ვიყავი. შესაბამისად, იმაზე, რა ხდებოდა სახელისუფლებო და დიპლომატიურ დერეფნებში ამ დღეებში, უშუალო მონაწილის რანგში ვერ ვისაუბრებ. მიუხედავად ამისა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან ჯერ ბინძური პროვოკაცია და შემდგომში, დიდი ხნის მომზადებული აგრესიის უშუალო განხორციელება. რუსებმა, მათთვის ჩვეული თავხედობით, ომის პირველივე საათებიდან დაიწყეს საერთაშორისო არენაზე საქართველოს დადანაშაულება გენოციდში, რაც, როგორც შემდგომში გაირკვა, აბსურდი იყო და წინასწარ მომზადებული აგრესიის პროპაგანდისტულ ნაწილს წარმოადგენდა. სინამდვილეში კი, ამ ომის მსვლელობისას თავად რუსეთმა მოახდინა ცხინვალის რეგიონის სრული ეთნიკური წმენდა და ეს ტერიტორია მთლიანად დაცალა ეთნიკური ქართველებისგან, ქართული დასახლებული პუნქტები მიწასთან გაასწორა ჯავშანტექნიკით და, თქვენ წარმოიდგინეთ, ტოპონიმებსაც კი შეუცვალა სახელი. სახეზეა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაული... და, ასევე ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ აგრესია თანმდევი ეთნიკური წმენდით ამავე დროს განხორციელდა აფხაზეთის ფრონტზეც, რაც რუსეთს, როგორც აგრესორს, მთლიანად ხსნის ნიღაბს.                      

 

_ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ხელმოწერილია, მაგრამ რა საფრთხეებს უნდა ველოდეთ რუსეთიდან და რამდენად მზადაა მისი პრევენციისთვის ხელისუფლება?                

 

_ მთავარი საფრთხე საქართველოს წიაღში რუსული სპეცსამსახურების ღრმა შემოღწევის მცდელობა, მე-5 კოლონის გაძლიერებაა, რათა შესაბამის მომენტში საქართველო დაუძლურებული და დაბნეული აღმოჩნდეს, როცა გადამწყვეტ სიტყვას მნიშვნელოვან პოზიციებზე დასმული მოღალატეები და აგენტები იტყვიან. მეხუტე კოლონის გაძლიერებას სახელისუფლებო, ბიზნესსტრუქტურებში შემოღწევით, ასევე საეჭვო რეპუტაციის მქონე ე.წ. კულტურის მოღვაწეების გააქტიურებით ცდილობენ. პარალელურად, საზოგადოებაშიც, პრორუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ცალკეული „მოღვაწეების“ გააქტიურების მცდელობა აქვთ.             

 

_ ამ ფონზე, საზოგადოება ,,ივერია’‘ ავრცელებს მიმართვას სარკინიგზო მაგისტრალის შესაძლო ამოქმედების საფრთხეებზე. ხელისუფლება ამ პროცესის დაწყებას არ ადასტურებს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?                

 

_ ხელისუფლებისგან პოზიციის მკაფიო დაფიქსირებას მოვითხოვთ. ვფიქრობთ, ეს აუცილებელია, რადგან ძალიან საეჭვო პროცესები მიმდინარეობს. ამაზე თუნდაც საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის მოულოდნელი ვიზიტი მეტყველებს, რასაც წინ რუსეთის რკინიგზის შეფის სომხეთში ჩასვლა და რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებული არაორაზროვანი განცხადებები უძღვოდა. ნუ ჰგონია ხელისუფლებას, ამ მოთხოვნის იგნორირების საშუალებას მივცემთ.   

 

რუსუდან შელია, გაზეთი ,,ვერსია''

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია