Adieu?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-06-2013, 21:05 | კომენტარები | ნანახია - 5606

მამუკა კუდავა

 

ქართველ ხელისუფალთა გადადგომის ტრადიცია გავიხსენოთ. მჟავანაძე, შევარდნაძის ზეწოლით, „ცეხავიკების“ კორუფციული სქემის გამო გადადგა, სსრკ მინისტრი შევარდნაძე - პოლიტბიუროს კონსერვატორული ფრთის ზეწოლის, პატიაშვილი - 9 აპრილის, სახელმწიფო მეთაური შევარდნაძე - იოსელიან-კიტოვანის გავლენის შემცირებისა და საკუთარი პოზიციების გამყარების, პრეზიდენტი შევარდნაძე - ვარდების რევოლუციის, პრეზიდენტი სააკაშვილი - დაკარგული ნდობის კვლავ მოპოვებისა და ხელახალი მანდატის მოპოვების.

 

ზოგადად, მაღალი სახელმწიფოებრივი პოსტიდან - მონარქის, პრეზიდენტის, პრემიერის და სხვა - გადადგომის ბევრი მაგალითი არსებობს, ძირითადად, იძულებითი: ნდობის დაკარგვა, იმპიჩმენტის თავიდან აცილება, რევოლუცია თუ სკანდალი - ყველაზე ცნობილია პრეზიდენტ ნიქსონის მაგალითი.

 

უფრო იშვიათია ნებაყოფლობითი გადადგომები, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს სიბერე (რომის პაპი ბენედიქტე XVI), ჯანმრთელობა (ელცინი), მემკვიდრისთვის ადგილის გათავისუფლება (ნიდერლანდების დედოფალი), პოზიციის გამყარება და საკუთარ ბანაკში კრიტიკოსების გაჩუმება (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მეიჯორი), რეფერენდუმზე გატანილი საკითხის ჩავარდნა (დე გოლი), ძალაუფლების განმტკიცება ხელახალი, ვადამდელი არჩევნებით (ბევრი პრემიერ-მინისტრი იყენებს საპარლამენტო ტიპის დემოკრატიებში).

 

და კიდევ უფრო იშვიათია გადადგომა არც ერთი ზემოხსენებული მიზეზის გამო, ფაქტიურად მაღალი პოსტით დაუინტერესებლობა რაიმე პირადი მოტივაციის სასარგებლოდ. მსოფლიო ისტორიაში ასეთი, ნებაყოფლობითი გადადგომის მხოლოდ ერთი მაგალითია ცნობილი - მონარქ ედუარდ VIII აბდიკაცია 1936 წელს, როცა ერთი წლის მეფობის შემდეგ, მისთვის დამახასიათებელი უმწიფარი ხასიათის შესაბამისად, ძვირფასი თავისუფლება არჩია და ამერიკელ ქალბატონზე დაქორწინების მიზნით, უარი თქვა ტახტზე  .

 

თუ ბიძინა ივანიშვილის სურვილი, პრემიერ მინისტრად არჩევიდან ერთ წელიწადში გადადგომის თაობაზე განხორციელდა, ეს აშკარად არატიპური შემთხვევა იქნება და ნამდვილად შევა ისტორიაში, როგორც უნიკალური ქართული პრეცედენტი. თუმცა, მსგავსი რადიკალური გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად და არასერიოზულ ნაბიჯადაც იქნება აღქმული, განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორებში.

 

შეიძლება ვიკამათოთ მის პირად გათვლებზე, მაგრამ მისთვის ჩვეული გულწრფელობით არაერთხელ ნათქვამიდანვე გამომდინარე ცხადია: ივანიშვილს არ უყვარს პოლიტიკა და მაღალი პოლიტიკური პოსტები, ის ბუნებით არაა საჯარო პერსონა და თავს გაცილებით კარგად გრძნობს არასახელმწიფოებრივ პოზიციაში, არაპროტოკოლურ ვითარებაში და პუბლიკის ყურადღების მიღმა.

 

გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფოს განვითარებისთვის ივანიშვილის ნაბიჯის ავკარგიანობას მომავალი გვაჩვენებს, თუმცა, მოკლევადიან პერიოდში ქვეყანას პოლიტიკური არასტაბილურობა და გაურკვეველი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ცუდი საინვესტიციო კლიმატი და ეკონომიკური პრობლემები ემუქრება. გრძელვადიან მონახაზშიც კი, საეჭვოა, ამ გადაწყვეტილების დადებით ჭრილში წარმოსახვა: მისი განცხადებით, ის აპირებს გარედან დაეხმაროს თავის მემკვიდრეებს და სამოქალაქო საზოგადოებას, დემოკრატიული წყობა კი ვერ იტანს მართვის ბერკეტების ხელისუფლების გარეთ გატანას. ამ შემთხვევაში, დემოკრატიას - ხალხის მმართველობას - საფრთხე დაემუქრება და შესაძლოა რუსეთის 90-იანი წლების ოლიგარქიას დაემსგავსოს. ოლიგარქია ხომ ძალაუფლების ისეთ სტრუქტურას ნიშნავს, რომელსაც მცირე რაოდენობის ხალხი მართავს - სიმდიდრის, ოჯახური ან მეგობრული კავშირების, კორპორატიული ინტერესების ან სამხედრო კონტროლის გამოყენებით. ჩვენს არცთუ მდიდარ ქვეყანაში კი სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევრის მქონე ყოფილი პრემიერის გასვლა ხელისუფლებიდან და მისი გუნდის ხელისუფლებაში დარჩენა, რასაკვირველია, ძალაუფლების სიმძიმის ცენტრს სახელისუფლებო, კანონიერი სივრციდან გაიტანს.

 

ჩვენნაირ გარდამავალ და ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს პროგრესისთვის ძლიერი ხელისუფლება, საარჩევნო ციკლების სრული დამთავრება და პირადი ინტერესების/თავისუფლების გვერდზე გადამდები, რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარებისადმი უშიშარი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დაუღალავი ლიდერები სჭირდება.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია