დიპლომატ მამუკა გამყრელიძის პროგნოზები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
11-07-2014, 16:08 | პოლიტიკა, მსოფლიო | ნანახია - 4343

,,ვერსიას’‘ დიპლომატი მამუკა გამყრელიძე ესაუბრა

 

გამოიყენებს თუ არა ისრაელი ,,ჰამასის’‘ წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს და რა როლს შეასრულებს ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომში საქართველო?

 

უკრაინის შემდეგ, მსოფლიოში ახალი ცხელი წერტილი ჩნდება _ ისრაელსა და პალესტინურ ორგანიზაცია „ჰამასს“ შორის დაპირისპირება, 2012 წლის შემდეგ, მორიგ კულმინაციას აღწევს. „ჰამასმა“ კვლავ დაუშინა რაკეტები ისრაელის ტერიტორიას, ისრაელი კი, თუ ექსტრემისტების სარაკეტო დარტყმებს ბოლო არ მოეღო, ღაზას
სექტორში შეჭრით იმუქრება. მთავრობამ არმიაზე 40 000-მდე რეზერვისტის მობილიზაციის ბრძანება უკვე გასცა. უცხოეთში შეშფოთებით ადევნებენ თვალს ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირების გამწვავებას. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და გაერო მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, არაბთა ლიგა კი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს. ვითარება ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამი კვირის წინ, სამი ებრაელი მოზარდი გაიტაცეს და მოკლეს. ისრაელმა ,,ჰამასი“ დაადანაშაულა და ორგანიზაციის ასობით აქტივისტი დააპატიმრა. გადაიზრდება თუ არა ლოკალური დაპირისპირება ფართომასშტაბიან ბრძოლაში და რა როლს შეასრულებს ამ პროცესში საქართველო, ,,ვერსიასთან’‘ დიპლომატი მამუკა გამყრელიძე განმარტავს.   

 

_ ვითარების ნებისმიერი გამწვავება ისეთ ფეთქებად რეგიონში, როგორიც ახლო აღმოსავლეთია, რა თქმა უნდა, არასასურველია. დარწმუნებული ვარ, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმებში მდგომარეობის ესკალაცია არ შედიოდა. პირიქით, ცდილობდა, პალესტინასთან მოლაპარაკებებითა და პალესტინის ავტონომიის მეთაურ მაჰმუდ აბასზე მეთოდური ზეწოლით შეესუსტებინა აბასის პარტია ,,ფათჰსა’‘ და ,,ჰამასს’‘ შორის პოლიტიკური კავშირი. სამწუხაროდ, ,,ფათჰის’‘ კონტროლირებად რაიონში, სამი ებრაელი ახალგაზრდის ტრაგიკულმა სიკვდილმა, ვითარება უკიდურესად დაძაბა და რადიკალურად განწყობილ ებრაელ პოლიტიკოსებს საშუალება მისცა, ინიციატივა ხელში აეღოთ. ნეთანიაჰუ იძულებული გახდა, ხისტი პოზიცია დაეჭირა. სარაკეტო დარტყმებს პალესტინელების მხრიდანაც მოყვა მსხვერპლი, მათ შორის ბავშვებიც არიან. სამწუხაროდ, პესიმისტური სცენარის განვითარებას ველი და არ მგონია, ვითარება მალე დამშვიდდეს. 

 

_ ისრაელი და ირანი დიდი ხანია ცივი ომის რეჟიმში ურთიერთობენ. არსებობს საფრთხე, რომ ირანი ,,ჰამასს’‘ პოზიციების დაცვაში დაეხმარება და დაპირისპირება მასშტაბურ სახეს მიიღებს?  

 

_ ბოლო წლებში ირანმა დიდ წარმატებებს მიაღწია დასავლეთთან ურთიერთობის განმუხტვაშიც. ამას ხელი შეუწყო ახალი, შედარებით ლიბერალურად განწყობილი პრეზიდენტის, ჰასან რუხანის პოლიტიკამ. ყველაფერი ეს აისახება ირანის მიმართ ემბარგოს შერბილებაში, რაც ირანის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ირანი ერთი ხელის მოსმით ამ ძალისხმევას წყალში ჩაყრის და ისრაელთან ღია დაპირისპირებაში ჩაერთვება. რაც შეეხება ,,ჰამასის’‘ მატერიალურ დახმარებასა თუ იარაღით აღჭურვას, ამას იგი როგორც აკეთებდა, ისევე გააგრძელებს.  

 

_ ჯერჯერობით, დასავლეთი დამკვირვებლის სტატუსს ინარჩუნებს, თუმცა ისრაელმა ამერიკისა და ევროპისგან უპირობო მხარდაჭერა მიიღო. თუ დაპირისპირება გამწვავდა, დასავლეთი შეშფოთებიდან აქტიურ ქმედებაზე გადავა?    

 

_ დასავლეთი, ტრადიციულად, შეშფოთებულია... ბებერი ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც კიდევ ერთი ახალი ცხელი კერის გააქტიურება ძალიან მტკივნეული შეიძლება გახდეს. თუ მოხდება პროცესის ესკალაცია, არ გამოვრიცხავ, დასავლეთის ყურადღება უკრაინაში მიმდინარე პროცესებიდან ახლო აღმოსავლეთზე გადმოერთოს. ეს ხელს აძლევს მხოლოდ რუსეთის მთავრობას. რუსეთის გავლენა ირანსა და აქედან გამომდინარე, ,,ჰამასზე’‘ ყველასთვის კარგადაა ცნობილი. მარტივ ლოგიკურ ჯაჭვს თუ გავყვებით, კრემლამდე მიგვიყვანს. დანაშაულის გახსნისას მთავარი მოტივის გარკვევაა, ამიტომაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, აქაც ვითარების გამწვავებაში მოსკოვის ხელი ურევია. 

 

_ თუ ასეა, რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი საქართველოზე ან რა როლი დაეკისრება ჩვენ ქვეყანას, თუ რუსეთი დაპირისპირების გამწვავებას უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთზე ყურადღების გადასატანად გეგმავს?  

 

_ თუ ეს ისრაელ-პალესტინის დაპირისპირება ლოკალურს გაცდება, ნიშნავს, რომ მასში ჩაებმება არაბული სამყაროს დიდი ნაწილი და ირანი. შესაბამისად, სავარაუდოდ, ისრაელი იძულებული გახდება, გამოიყენოს ბირთვული იარაღი. აქედან გამომდინარე, საქართველოს როლი მხოლოდ სტატისტის ან დევნილების მიმღები ქვეყნის სტატუსით შემოიფარგლება. ასეთი სცენარი უკიდურესად არარეალურად მეჩვენება. დაპირისპირება იქნება მძიმე და, შესაძლოა, დიდი მსხვერპლითაც, მაგრამ კვლავ ლოკალურ ფარგლებში დარჩება.  

 

_ ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ომის პარალელურად, საქართველოში ჯეიმს აპატურაი უელსის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ჩამოდის. დასავლეთისთვის გაჩენილი ახალი თავისტკივილის ფონზე, საქართველო აქტუალობას ინარჩუნებს? 

 

_ ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ნატო-სთან თანამშრომლობის ახალი, უფრო გაფართოებული პაკეტი ჩამოიტანა. სწორედ მისი განხილვა მიმდინარეობდა საქართველოს მთავრობასთან. ეს პაკეტი სპეციალურად ჩვენთვის შეიქმნა, რათა, როგორც იტყვიან, მწარე აბი ცოტათი მაინც დაატკბონ. საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის პრობლემები, ტექნიკური თვალსაზრისით, არც ადრე ჰქონია. პირიქით, სხვა ასპირანტ ქვეყნებთან შედარებით, უფრო მომგებიანად გამოვიყურებით. ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ნატო-სთან პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება, რასაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ნატო ვერ გვთავაზობს. ამ ფონზე, ძალიან უცნაურად მეჩვენება მაია ფანჯიკიძისა და ირაკლი ალასანიას კომენტარები, სადაც ისინი ამ პაკეტის მიღების შედეგად საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაზე საუბრობენ. ეს ან საკითხის სრული არცოდნაა, ან საზოგადოების განზრახ შეყვანა შეცდომაში. უსაფრთხოების არავითარ გარანტიებს ნატო არ იძლევა ბლოკის არაწევრი ქვეყნებისთვის, ჩვენ კი, მოგეხსენებათ, ამ სტატუსისგან ძალიან შორს ვართ. მაშ, რა საჭიროა ასეთი იაფფასიანი პოპულისტური განცხადებები პატივცემული მინისტრების მხრიდან?!  

 

_ უკვე ცნობილია, რომ უელსის ნატო-ს სამიტზე საქართველოს დელეგაციას გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე განვითარებული პროცესების ფონზე, ეს მისია პრეზიდენტს რატომ დაუთმეს?  

 

_ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კარგა ხანია გაჩაღებულია პაექრობა სხვადასხვა სახის ღონისძიებასა თუ მოვლენებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს დაპირისპირება არა კულუარებში, არამედ სრულიად ღიად მიმდინარეობს და უკვე სამარცხვინო ფორმა მიიღო. უფლებაშეზღუდულ პრეზიდენტს მთავრობა, პრაქტიკულად, ყველაფერს უკრძალავს. ამჯერად, მას ყოფილი პრეზიდენტის დამკრძალავი კომისიის შექმნის უფლებაც წაართვეს. ამ მოვლენების ფონზე, უცნაურად ჩანს მისთვის ნატო-ს უელსის სამიტზე მონაწილეობაზე თანხმობა. არ მგონია, ეს პატივი მოქმედი თუ ყოფილი პრემიერის კეთილი ნების გამო ერგო. სავარაუდოდ, მთავრობაში არსებობს აზრი, რომ უელსის სამიტი საქართველოსთვის წარმატებული არ იქნება და ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა პრეზიდენტს გადაულოცეს, საზოგადოებას კი ისღა დარჩენია, ხელისუფლების პირველი პირების ინფანტილურ კინკლაობას ირონიით შეხედოს.  

 

რუსუდან შელია, გაზეთი ,,ვერსია''

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია