ნიკოლოზ ვაშაკიძე: “ხალხი ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია”

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
14-07-2014, 14:29 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 1834

“ამ რესურსს ივანიშვილი უფრთხილდება და ჯერ არ ხარჯავს, ის მას მაშინ გამოიყენებს, როცა ჩათვლის, რომ მოსახლეობის იმედგაცრუებამ პიკს მიაღწია”

 

 “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, პრინციპში, უკვე დაგვანახა თავისი პოტენციალი, უფრო სწორად, მისი უქონლობა”

 

“პრემიერის” კითხვებს დიპლომატმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ უპასუხა:

 

- მოგესალმებით, ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა, წინ საკმაოდ შრომატევადი საქმიანობა გველის იმ საშინაო დავალების შესასრულებლად, რომელიც ხელშეკრულებას “მზითევში” მოჰყვა. როგორ ფიქროთ, რამდენად არის მზად ხელისუფლება, წარმატებით გადაჭრას ეს ამოცანა?

 

- ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ის ღონისძიებები, რომლებიც საქართველომ უნდა გაატაროს, ძირითადად, საკმაოდ გრძელვადიანი ხასიათისაა და ამიტომ ისინი მარტო ამ ხელისუფლების გასატარებელი არ იქნება. ზოგადად, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, პრინციპში, უკვე დაგვანახა თავისი პოტენციალი, უფრო სწორად, მისი უქონლობა. დიდ წინსვლას მის პირობებში არ უნდა ველოდოთ, მაგრამ მომავალი ჩვენს ხელშია და არც ისე დიდი დროა დარჩენილი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ჯანსაღი ძალა მოვა.

 

- საქართველოს 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ სტაბილური ხელისუფლება ჰყავს. რჩება შთაბეჭდილება, რომ მიუხედავად მრავალი სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ა.შ. პრობლემებისა მმართველ გუნდს მთავრობაში ცვლილებების განხორციელების “რცხვენია”. როგორ ფიქრობთ, რას უკავშირდება ეს “სიჯიუტე”? ხომ რეალურია პრობლემები ეკონომიკის ჯანდაცვის, პენიტენციარულ, საგარეო, სამართლებრივ-საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროებში? 

 

- ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ “ქართულ ოცნებას” ძალზე მოკლე “სათადარიგო სკამი” აღმოაჩნდა. ასევე, სულ უფრო მცირდება იმ უნარიან ადამიანთა რიცხვი, ვისაც ამ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა უნდა. თუ ერთი წლის წინათ არცთუ ცოტა ასეთი ადამიანი კიდევ დასთანხმდებოდა “ოცნების” მინისტრთა კაბინეტის წევრობაზე, დღეს ასეთი ძნელად თუ მოიძებნება. მეორე მიზეზი ისაა, რომ პრაქტიკულად ყველა - კაბინეტის წევრი - ბიძინა ივანიშვილის დისციპლინებული მორჩილია და ეს არის, რა თქმა უნდა, ამ კაბინეტში ყოფნის უმთავრესი მოთხოვნა. ასევე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ცვლილებები რაღაც ეტაპზე, ალბათ, მოხდება, მაგრამ ეს არის მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის პოლიტიკური ნდობის აღდგენის ბოლო და არცთუ ისე ძლიერი რესურსი. ამიტომ, ამ რესურსს ივანიშვილი უფრთხილდება და ჯერ არ ხარჯავს, ის მას მაშინ გამოიყენებს, როცა ჩათვლის, რომ მოსახლეობის იმედგაცრუებამ პიკს მიაღწია.

 

- თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა ის ინფანტილური დამოკიდებულება, რომელიც დღეს საზოგადოებას აქვს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მიმართ. თუნდაც ის, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდა (მარგველაშვილი - 65%, რვა თვის შემდეგ “ქართული ოცნება” - 47%), საკმაოდ სიმპტომატურია. რა არის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც საზოგადოება ქართველი პოლიტიკოსების ნიველირებას ახდენს?

 

- მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით მოხდა. გაუარესებულია კრიმინოგენური სიტუაცია. ხალხს ისიც აღიზიანებს, რომ პუტინის რეჟიმს, რომელიც დღეს უკვე მთელი მსოფლიოს ლანძღვის ობიექტი გახდა და რომელიც საქართველოს მიმართ თავის დამანგრეველ პოლიტიკას კვლავ ატარებს, საქართველოს ხელისუფლება დითირამბებს უმღერის. საზოგადოება საშინლად აღაშფოთა იმან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხალხზე ზრუნვის ნაცვლად, პირველი, რაც გააკეთეს - ყველას თვალწინ პირადი კეთილდღეობის მოწყობა დაიწყეს. ძვირადღირებული ავტომობილების შეძენამ და ასტრონომიულმა პრემიებმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა მმართველი გუნდის პოლიტიკურ პრესტიჟს. “ოცნების” ხელისუფლებისთვის, რეიტინგის თვალსაზრისით, ძალზე დამაზიანებელი იყო ივანიშვილის “გაქცევა” პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან, შემდეგ კი არანაკლები ზიანი მიადგათ მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ახალი პრემიერი უფრო ახლოს გაიცნო. მისი საქმიანობის დილეტანტური სტილი, აგრესიული და დაუფიქრებელი რიტორიკა, ინფანტილური ახირებები შეუმჩნეველი არ რჩება ხალხისთვის. მის მიერ გენპროკურორად საეჭვო რეპუტაციის პიროვნების შერჩევამ ასევე უკიდურესად ნეგატიური ეფექტი იქონია. საშინელი შთაბეჭდილება დატოვა კონფლიქტმა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებულმა სამარცხვინო დავამ. ეს სია კიდევ დიდხანს შემიძლია გავაგრძელო, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ.

 

მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ხალხს “ნაციონალური მოძრაობის” ცოდვებიც არ დავიწყებია და ამიტომ “ოცნების” მიერ რეიტინგის დაკარგვამ, პოპულარობის თვალსაზრისით, ბევრი ვერაფერი შესძინა ნაციონალებს. ამდენად, წარმოიშვა დიდი ელექტორალური მასა, რომელსაც დღეს არსებულ პოლიტიკურ სპექტრში არც ერთი ძალის მიმართ სიმპათიები არ აქვს და, შედეგად, ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი, უბრალოდ, არჩევნებზე არ მივიდა. ხალხი აშკარად ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია.

 

დარწმუნებული ვარ, ამ ნიშას სამშობლოს ღალატის პოზიციაზე მდგომი ოდიოზური ძალები ვერ დაიკავებენ. მათი რეიტინგი იმ 10 პროცენტის გარშემო ითამაშებს რაღაც ხანს და შემდეგ განუხრელად წავა დაცემისკენ.

 

მომავალი პატრიოტულ პოზიციებზე მდგომ და, ამავე დროს, ნიჭით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და სუფთა რეპუტაციით აღჭურვილ ძალას ეკუთვნის. ასეთი ძალა პოლიტიკურ ზედაპირზე ჯერ არ გამოსულა, მაგრამ ახლო მომავალში ის აუცილებლად გაჩნდება.

 

- თუ ისევ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებსა და მთლიანობაში საარჩევნო პროცესს გადავხედავთ, ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ახალი ვერაფერი შესთავაზა საზოგადოებას. ცხადია, რომ “ძველი სახეები” და “ძველი იდეები” მასას არ ხიბლავს. პოლიტიკოსები კი არც საკუთარი ცვლილებებსა და განვითარებაზე ფიქრობენ და არც ახალი იდეებისთვის იწუხებენ თავს. ამ პირობებში რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

 

- გამოსავალი ქვეყანაში რეალურად არსებული ნიჭიერი და გამოცდილი პროფესიონალების კონსოლიდაციაშია, რომლებიც წერტილს დაუსვამენ წლების მანძილზე მიმდინარე პოლიტიკურ კინკლაობას საქართველოში და ქვეყანას გააზრებული და ნორმალური განვითარების გზაზე დააყენებენ.

 

- თქვენ დაჟინებით აცხადებთ, რომ ქვეყანას თუნდაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში პროფესიონალები უნდა მართავდნენ. რეალურად ითხოვთ ტექნოკრატიულ მთავრობას. გვყავს ასეთი პროფესიონალები, რომლებიც თუნდაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, წინამორბედთა დარად, მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ზრუნვას არ დაიწყებენ? და რატომ მიგაჩნიათ, რომ თქვენი მოთხოვნა სწორია?

 

- გვყავს და საკმაო რაოდენობით. პრობლემა ისაა, რომ ისინი თავის ადგილებზე არ არიან და მათ ადგილებზე, ძირითადად, უნიათო და არაკეთილსინდისიერი ხალხია. ამოცანა მდგომარეობს ამ არასახარბიელო სიტუაციის გამოსწორებაში. მნიშვნელოვან პოზიციებზე სწორი ხალხი უნდა მოვიდეს. საზოგადოება “ივერია” ინტენსიურად მუშაობს ასეთი ხალხის კონსოლიდაციაზე და ქვეყნისა და მისი დარგების სტრატეგიული განვითარების გეგმებსა და პროგრამებზე. ახლო მომავალში ჩვენი საზოგადოება ყველაფერს ამას იხილავს.

 

პოლიტიკანების მიერ გაკეთებული “საქმე” არაერთი ხელისუფლების პირობებში ვნახეთ. მგონი, შეგვიძლია, ერთხელ მაინც ვცადოთ და საქმე საქმის ხალხს მივანდოთ. დარწმუნებული ვარ, ეს მიდგომა სწორია. ის, რომ ამდენი ორომტრიალი და ქარ-ცეცხლი გამოვიარეთ და პოლიტიკანების კინკლაობის მიუხედავად, ქვეყანამ და სახელმწიფომ დღევანდელ დღემდე მოაღწია, სწორედ ასეთი ხალხის დამსახურებაა, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად თავის საქმეს აკეთებდნენ. ქვეყნის პოლიტიკურ მართვასაც ისინი უკეთ გაუძღვებიან.

 

- დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, რომელია დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე სუსტი რგოლი. და, ზოგადად, რა არის ის მუხრუჭი, რომელიც ხელისუფლებას, კონკრეტულად კი მთავრობას ხელის უშლის, იაროს ქვეყნის წარმატებით განვითარების მიმართულებით?

 

- “ქართული ოცნება” არ მოელოდა არჩევნებში გამარჯვებას. ისინი სადღაც 40 პროცენტს უმიზნებდნენ, რაც ბიძინა ივანიშვილს საშუალებას მისცემდა, უსაფრთხოდ ეცხოვრა საქართველოში, დანარჩენებს კი - გარკვეულ სტატუსებსა და შემოსავლის წყაროს. როცა მათ ხელისუფლება მოულოდნელად დაეცათ თავზე, აღმოჩნდა, რომ მათ სერიოზული სტრატეგია არ აქვთ. არც მეტ-ნაკლებად სერიოზული საკადრო რესურსი ჰყავთ. შიგნითაც დაქსაქსულები და დაპირისპირებულები არიან. ეს ყველაფერი განაპირობებს იმ პრობლემებს, რომლებსაც ვხედავთ.

 

ალექსი ნოძაზე, გაზეთი „პრემიერი“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია