გზა ევროპისკენ ტაქსიმზე გადის

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-06-2013, 22:22 | მსოფლიო | ნანახია - 1656

გზა ევროპისკენ ტაქსიმზე გადისმამუკა გამყრელიძე

თითქმის ერთი თვეა, რაც სტამბოლის ცენტრში განლაგებული ერთი პატარა სკვერის, ტაქსიმ-ღეზის სახელი ყველას პირზე აკერია.მისი რეკონსტრუქციის სამთავრობო გეგმა თურქეთის პროგრესული საზოგადოების პერმანენტული პროტესტების მიზეზად იქცა. ეს ადგილი უკანასკნელი 150 წლის განმავლობაში მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდიდა. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აქ ჰალილ ფაშას, ოსმალეთის იმპერიისათვის დამახასიათებელი პომპეზური არქიტექტურის მქონე სამხედრო ყაზარმები იყო განლაგებული. სწორედ მისი არქიტექტურული იერსახის აღდგენა და მასში სავაჭრო ცენტრის განთავსება განისაზღვრა სკვერის რეკონსტრუქციის გეგმაში. გასული საუკუნის 20-იან წლებში ეს ყაზარმები დაანგრიეს და მათ ადგილზე სტამბოლის პირველი საფეხბურთო სტადიონი აშენდა. მან მხოლოდ 20 წელს იარსება და მის ადგილზე ფრანგმა არქიტექტორმა ანრი პროსტმა უზარმაზარი პარკი გააშენა. ეს პარკი 30 ჰექტარზე, ბოსფორამდე იყო გადაჭიმული. დროთა განმავლობაში სტამბოლის იერსახე მნიშვნელოვნად შეიცვალა. ქვეყანაში დაწყებულმა ეკონომიკურმა აღმასვლამ ახალი სამშენებლო ობიექტები გააჩინა და პარკის ადგილზე ნელ-ნელა წამოიჭიმნენ ძვირფასი ოტელები, რესტორნები და საცხოვრებელი სახლები. უზარმაზარი პარკი პატარა სკვერამდე შემცირდა. მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ხშირ შემთხვევაში ზომას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და ტაქსიმ-ღეზიც სტამბოლის საზოგადოების შეკრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდა.

     სკვერში პირველი საპროტესტო აქცია 28 მაისს გაიმართა და მასში სულ 50 აქტივისტი ეკოლოგი იყო ჩართული, რომლებიც მწვანე ნარგავების გაჩეხვისა და სავაჭრო ცენტრის აშენების წინააღმდეგ ლოზუნგებით გამოვიდნენ და კარვებიც გაშალეს. პოლიციამ ისინი ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალა. მეორე დღეს ეკოლოგებს უკვე კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეები და ცნობილი პოლიტიკოსები შეუერთდნენ. ორ დღეში პოლიცია კვლავ შეეცადა მათ დაშლას, მაგრამ - უშედეგოდ. ხოლო 31 მაისს კი უკვე საპროტესტო აქციებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო და სხვა ქალაქებსაც მოედო. პოლიცია სასტიკად გაუსწორდა აქციის მონაწილეებს არა მარტო სტამბოლში, არამედ ანკარასა და იზმირშიც. ამ აქციებში უკვე ათასობით ადამიანი  ჩაერთო და ეკოლოგიური ლოზუნგები პოლიტიკურით შეიცვალა. ქუჩებში გამოსულმა დემონსტრანტებმა უკვე პრემიერ მინისტრ ერდოღანის გადადგომა მოითხოვეს. იმ დღეს პოლიციამ პლასტიკის ტყვიები გამოიყენა, დააკავეს 63 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი.

     სამოქალაქო პროტესტში სტამბოლში გარდა თურქეთის 81 პროვინციიდან 77 მონაწილეობს. ათიათასობით ადამიანი პოლიტიკური მოთხოვნებით პოლიციას დაუპირისპირდა. ჰაერში დენთის სუნი დატრიალდა. ამას დაერთო საფონდო ბირჟიდან მოსული უსიამოვნო ცნობები: სავაჭრო ინდექსი ერთბაშად 10.5%-ით დაეცა, ინვესტორებმა  სასწრაფოდ დაიწყეს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა. 5 ივნისს დემონსტრაციებში პროფკავშირებიც ჩაერთნენ. აქციების ერთ-ერთი მონაწილე თავში მოხვედრილმა ტყვიამ იმსხვერპლა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 23 ივნისისათვის საპროტესტო აქციებში სულ 2.5 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. 5 ათასი მათგანი დააკავეს, მათ შორის ტვიტერში აქტივობის ბრალდებით. 3400 მოქალაქეს და 600 პოლიციელს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ შორის ათეულობით მძიმედ დაშავებულია. აქციებს, სამწუხაროდ, 4 ადამიანის, მათგან ერთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. მხოლოდ ეს მშრალი ციფრებია საკმარისი, რომ ვიგრძნოთ ამ მოვლენის მასშტაბურობა.

პრემიერ მინისტრმა საპროტესტო აქციების მონაწილეებს ექსტრემისტები და მარგინალები უწოდა. მან აღნიშნა, რომ დემონსტრაციები დემოკრატიული პროცესის ჩარჩოდან გავიდა და პოლიციას მოუწოდა სიმტკიცისაკენ. აქ ძალიან საინტერესოა ის სტატისტიკა, რომელიც თურქეთის ბილგის კერძო უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა. მათი ვიზუალური დაკვირვებით, მონაწილეების საერთო მასა ერთგვაროვნად გამოიყურება და ძირითადად შედგება კარგად განათლებული, პოლიტიკურად აქტიურ ლიბერალების ჯგუფებისაგან, რომელშიც ქალებისა და კაცების რაოდენობა თანაბარია. ინტერნეტგამოკითხვამ, რომელშიც 3000 რესპონდენტი მონაწილეობდა, გვიჩვენა, რომ გამოკითხულთა 50 პროცენტს არასდროს მიუღია მონაწილეობა რაიმე საპროტესტო აქციაში. 70 პროცენტი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერს მხარს. 60 პროცენტზე მეტი 30 წელს არაა მიღწეული, ხოლო მათგან 40 პროცენტი  19-დან 25 წლამდე ახალგაზრდაა. გამოკითხულთა ძირითადი ნაწილი - 80 პროცენტი - მათივე აზრით, პოზიცირდება, როგორც ლიბერალი და არა უბრალოდ სეკულარიზმის მომხრე. 90 პროცენტი კი ფიქრობს, რომ პრემიერი ერდოღანი თურქეთში ავტორიტარულ რეჟიმს აყალიბებს.როგორც ხედავთ, ერდოღანის შეფასება და ეს სტატისტიკა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. აქ ორიოდე სიტყვით პრემიერ მინისტრის ფიგურაზე შევჩერდეთ.

     რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ჩვენში უფრო იმითაა ცნობილი, რომ მას ქართული წარმომავლობა აქვს და ამას საჯაროდაც აცხადებს. 59 წლის ამ პოლიტიკოსმა რელიგიური განათლება მიიღო და თავისი უკომპრომისობით გამოირჩევა. რად ღირს თუნდაც ის, რომ მან ერთხელ სამსახური დაკარგა იმის გამო, რომ არ დაემორჩილა უფროსის ბრძანებას ულვაში მოეპარსა. იგი მკვეთრი, ხანდახან უხეში რიტორიკითაც გამოირჩევა. მაგალითად, 2008 წლის დიდი რვიანის სამიტზე, იტალიაში იგი გამოვიდა ჩინეთის ხელისუფლების მძაფრი კრიტიკით ქალაქ ურუმჩიში დემონსტრაციის სასტიკი დარბევის გამო და ამ მოვლენას უიგური ხალხის გენოციდი უწოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, საინტერესოა, შეიცვალა თუ არა მისი შეხედულებები, როცა მან თავად, საკმაოდ მკაცრი პოლიციური ზომები გამოიყენა, უიგურების დემონსტრაციებისაგან განსხვავებით, საკუთარი მოსახლეობის სრულიად მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგ. 1994-98 წლებში იგი სტამბოლის მერი გახლდათ, ხოლო 2003 წლიდან თურქეთის პრემიერ მინისტრის პოსტზე თავისი თანაპარტიელი მუსტაფა გიული შეცვალა. მის უდაო დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს თურქეთის ბოლო ხანების ეკონომიკური წარმატებები. სწორედ ეს გახლავთ მისი პოპულარობის საფუძველი, თუმცა მისი რიტორიკაც და მართვის უხეში მეთოდები ბევრ თურქს აღიზიანებს. ერდოღანი ზომიერი ისლამისტია და მისი რეფორმებიც ამ ჭრილში შეიძლება განვიხილოთ. მას კარგად ესმის, რომ ათათურქის იდეები თურქეთში დღემდე ძალიან ძლიერია და რადიკალური ისლამი იქ ფეხს ადვილად ვერ მოიკიდებს. მაგალითისათვის, რადიკალურმა ისლამურმა პარტიამ “საადეთმა” ბოლო არჩევნებზე სულ 1.3 პროცენტი  მიიღო, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 1 პროცენტით ნაკლებია. ერდოღანის პოლიტიკის ქვაკუთხედი ევროპასთან მაქსიმალური დაახლოვებაა. ამისათვის ის ცდილობს თურქეთის კანონების ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას; აუქმებს სიკვდილით დასჯას; მიდის ქურთებთან გარკვეულ დათმობებზე და არბილებს კანონმდებლობის მუხლს “ტერორიზმის პროპაგანდის” შესახებ, რომლის საფუძველზე ჟურნალისტების დაკავება ხდებოდა. მეორე მხრით, იგი აუქმებს ათათურქისდროინდელ აკრძალვას მოსამსახურე ქალბატონებისათვის, ატარონ თავსახვევი სამსახურში და ამკაცრებს სასმელის გაყიდვის რეგულაციას. თავად ტაქსიმ-ღეზის რეკონსტრუქციაც ერთგვარი სიმბოლიზმითაა გაჟღენთილი. სკვერის რეკონსტრუქციას მასში მდებარე ათათურქის კულტურული ცენტრის დანგრევა და ოსმალეთის პერიოდის ყაზარმების აშენება უნდა მოჰყვეს. ესეც, რა თქმა უნდა, საბაბია პროტესტისათვის, თუმცა მიზეზები უფრო ღრმად უნდა ვეძიოთ.

     მიზეზები კი  ყველაზე კარგად საპროტესტო აქციების შემადგენლობაში და მათ ხასიათში მოჩანს. სამი კვირის ხმაურიანმა გამოსვლებმა მოულოდნელი განვითარება ჰპოვა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ რამდენჯერმე სასტიკად დაარბია დემონსტრანტები, ამან პროტესტის მონაწილეთა საბრძოლო სულისკვეთება სრულიად ვერ გაანელა. მათ შეცვალეს პროტესტის გამოხატვის ტექნოლოგია და დაიწყეს ჩუმი ფლეშმობების მოწყობა. პირველი, ვინც 8 საათის განმავლობაში ჩუმად, ფეხმოუცვლელად იდგა ტაქსიმზე, გახლდათ ქორეოგრაფი ერდემ გიუნდუზი. მას მალე თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი შეუერთდა. 17 ივნისს მათ მხარდასაჭერად საყოველთაო გაფიცვა ჩატარდა. აქციები დღესაც გრძელდება უცვლელი მოთხოვნებით, არ მოხდეს პარკის რეკონსტრუქცია, გათავისუფლდნენ დემონსტრაციების დროს დაკავებულნი, არ გამოიყენონ ცრემლსადენი აირი და მოხდეს გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევების გამოძიება. საპროტესტო პროცესის ასეთმა გაგრძელებამ გვიჩვენა თურქი ხალხის სწრაფვა ევროპისაკენ. თურქების ეს სურვილი უსაფუძვლო არაა. ამ აქციებში ნათლად გამოჩნდა, რომ თურქეთში ყალიბდება დემოკრატიული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეუძლია მოთხოვნების მკვეთრად და არგუმენტირებულად ჩამოყალიბება, ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად პროტესტის მშვიდობიან ჩარჩოში მოქცევა და, რაც მთავარია, სახელმწიფოს ხისტ რეაქციაზე არა ისტერიკის დამართება და უცხოეთის ქვეყნების ელჩების მიმართ აპელირება, არამედ საპროტესტო პროცესის გაგრძელებაც და გააზრებულ კომპრომისზე წასვლაც. ამ აქციებმა გამოაჩინა ის, რომ პროტესტი თავად საზოგადოების წიაღიდან მოდის. საპროტესტო მასას არ ჰყავს მკვეთრად გამოხატული ლიდერები, რომლებიც პოლიტიკური ქულების დაწერისათვის ზრუნავენ. პროცესს თავად ხალხი მართავს და მათი განწყობა, მრავალი თვითმხილველის მონათხრობით, საოცრად პოზიტიური და არააგრესიულია. მშვიდობიანმა ფლეშმობებმა თურქეთის ვიცეპრემიერი ბიულენტ არინჩი ისე მოხიბლა, რომ მან ამაზე ხმამაღლა განაცხადა და აქციის მონაწილეების ერთგვარი მხარდაჭერაც გამოხატა. ბოროტი ხმები ყვებიან, რომ ამ ამბავმა  პრემიერსა და ვიცეპრემიერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია და არინჩი გადადგომასაც კი ითხოვდა, თუმცა ამ კონფლიქტში პრეზიდენტი მუსტაფა გიული ჩაერია და ვნებათაღელვა დაცხრა. ამ ამბავს მოქმედმა პირებმა ჭორი უწოდეს, თუმცა ვინ იცის?

     აქციები დღესაც გრძელდება და არავინ იცის, ფინალი როგორი იქნება. ცხადი ერთია, მთავრობას ნებისმიერ შემთხვევაში გამოუჩნდა ძლიერი ოპონენტი, რომლის აზრის გათვალისწინება აუცილებლად მოუწევს. ათათურქის მიერ შექმნილი სეკულარული ტიპის ევროპული სახელმწიფოს სადარაჯოზე უკვე არა სამხედროები, არამედ სამოქალაქო საზოგადოება დადგა.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია