ერიკ-ემანუელ შმიტის პილატეს სახარება

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
16-07-2014, 16:11 | წიგნები | ნანახია - 5344

ერიკ-ემანუელ შმიტის პილატეს სახარებანინო ედილაშვილი

 

იესო, როგორც კაცი, როგორც მოკვდავი ადამიანი, რომელმაც დიდი გზა განვლო იმისთვის, რომ პირველ რიგში საკუთარი უკვდავება თვითონ ერწმუნა, კაცად დაბადებული ისრაელის „ზეთისხილის ხეთა, ქვა-ღორღის, ვარსკვლავებისა და მწყემსების მიწაზე“ გარდაიქმნება ღმერთად, რომელიც დასაბამს  აძლევს 21 საუკუნოვან რელიგიას.

ნოველის თხრობის სტილი, რომელიც პირველ პირში გადმოსცემს იეშუას ფიქრებსა და განცდებს, საკუთარ ჯერ კაცად და შემდეგ კი, ღმერთკაცად გარდაქმნის პროცესში, ასრულებს დროის მანქანის ფუნქციას და მკითხველს ორი ათასი წლის წინ მიაქანებს  - ისრაელის ხრიოკ და თაკარა მზის ქვეშ მიმოპენტილ ზეთისხილის ბაღებში.

შმიტის იეშუა უაღრესად მიწიერი არსებაა, თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში გართული: ვერ გადაუწყვეტია რაბი გამოვიდეს თუ დურგალი? ვინ შეირთოს ცოლად? შეპყრობილია ღმერთისადმი და რელიგიისადმი ეჭვებით - ვერ გაუგია, ღმერთი რატომ სჯის იმის მაგივრად, რომ მიუტევოს. იეშუა გამუდმებით თავის თავის, ღმერთისა და ჭეშმარიტების ძიებაშია.

 „პილატეს სახარება“, მიუხედავად მარტივი წერის სტილისა, მკითხველს ავსებს ფილოსოფიური სიღრმით და ამავე დროს ოსტატურად ატარებს იეშუას განვლილ რთულ გზაზე, სადაც ჰაერი მცხუნვარე მზითდამწიფებულ ფორთოხლის სურნელითა და პალესტინის უძველესი მიწის მტვრითაა გაჟღენთილი. ემანუელ შმიტი ამავდროულად ბიბლიური სიზუსტით გადმოსცემს ფაქტებს, ხოლო მეორეს მხრივ უშუალო წერის სტილი ბიბლიურ ანტიკურობას არბილებს და თანამედროვეობის ელფერსაც კი სძენს, სადაც პალესტინის ძველი ყოფა ხელისგულზეა გადაშლილი.

თითქმის უკვე დოგმად ქცეული ბიბლიური მოვლენების შმიტისეული აღწერა მისტიურ ემოციებს უტოვებს მკითხველს. ნოველის მთავარი ხაზია იეშუასა და პილატეს განცდები და აზრები, თუ რას ფიქრობდნენ, რისი ეშინოდათ და რა ადამიანურ ემოციებს განიცდიდა ეს ორი უმთავრესი ბიბლიური პერსონაჟი 21 საუკუნის წინ, ქრისტიანობის აღმოცენების კარიბჭესთან. ერიკ-ემანუელ შმიტი არა მარტო აცოცხლებს ამ უძველეს ისტორიას, არამედ თავისი უნიკალური თხრობის სტილით აახლოვებს მკითხველს იესოს ნატურასთან, წარადგენს მას პირველ რიგში - როგორც ადამიანს, ხოლო შემდგომ შემოჰყავს პილატეს პერსონაჟი, რომლის მეშვეობითაც (და პარადოქსულად) იესოს ღმერთის სახეს აძლევს.

სწორედ წიგნის მეორე ნაწილი ეთმობა პილატეს საკუთარ თავთან ბრძოლას იესოს წამების შემდეგ. რაციონალური და ლოგიკური რომაელი მმართველისთვის ყოვლად წარმოუდგენელია იესოს მკვდრეთით აღდგომა და მისი ღმერთად აღიარება. გარდა ამისა, იესოს მკვდრეთით აღდგომა და სხეულის გაუჩინარება რისკის ქვეშ აყენებს რომაელთა უძლეველობას და პილატეს საგონებელში აგდებს. აქაც შმიტი დახვეწილი ოსტატობით გვამოგზაურებს პილატეს ფსიქოლოგიურ ლაბირინთებში, ძერწავს პილატეს ლოგიკის ბადეს და მხატვრულად აღწერს, თუ რა განცდებში შეიძლება ყოფილიყო პილატე, რომელიც არც ისე გულგრილი აღმოჩნდა, რომ „ხელები დაებანა“ და მშვიდად გაეგრძელებინა ქვეყნის მართვა. პილატეს სკეპტიკური ფიქრები, ლოგიკური აზროვნება და ფილოსოფიური სიღრმე, არის ნოველის მთავარი ხაზი, რომელიც კარგად გადმოსცემს ლოგიკისა და ზებუნებრიობის, რწმენისა და ურწმუნოების, ძალაუფლებისა და ჭეშმარიტებას შორის ჭიდილს; პილატე  საკუთარ თავთან ბრძოლებსა და ინტელექტუალურ ორჭოფობას ალტერნატიულ რეალობამდე მიჰყავს, რომელმაც შესაძლოა იგი გახადოს პირველ ქრისტიანად, რომელმაც დაუჯერებელი იწამა; „რწმენა და ორჭოფობა ერთი და იგივეა, პილატე. მხოლოდ ინდიფერენტულობაა ურწმუნოება“ - ეუბნება პილატეს თავისი ცოლი, კლაუდია.

სწორედ ჭეშმარიტების ძიების დაუსრულებელი წადილი და შემდეგ მიგნებული ჭეშმარიტების ეჭვს ქვეშ დაყენება არის პილატეს რწმენის ქვაკუთხედი, ხოლო მის ორჭოფობაში კი მრავალი მკითხველი ამოიცნობს თავის თავს. შმიტის ეს ნაწარმოები დააინტერესებს არა მხოლოდ ლოგიკისა და აზროვნების თავისუფლების ყველაზე მაღლა დაყენების მოყვარე მკითხველს, არამედ მათაც, ვინც ეჭვის თვალით უყურებს ფანატიკურ რწმენას.  

ბელგიელ მწერალს, ერიკ-ემანუელ შმიტს რვა წელი დასჭირდა ნოველის დასასრულებლად. თვითონ განათლებით ფილოსოფოსი ათეისტ ოჯახში აღიზარდა და წლების განმავლობაში აგნოსტიკური რწმენის შემდეგ აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება.

 

 

(ერიკ-ემანუელ შმიტი, ”პილატეს სახარება” , ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ ,  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013)

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია