გვეშინია თუ არა ქართველებს ევროპის?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
17-07-2014, 12:27 | პოლიტიკა, ინტერვიუ | ნანახია - 2992

გიორგი მესხიშვილი

 

,,მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი’’--ეს სიტყვები ბევრ ჩვენგანს სიამაყით წარმოუთქვამს და სხვებიც დაურწმუნებია, რომ ქართველები ნამდვილი ევროპელები ვართ და მიუხედავად ამისა, საზოდაგოების დიდ ნაწილს მაინც ევროპის შიში აქვს. რატომ?- ამ საკითხზე გვესაუბრება ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების, მერაბ მამარდაშვილის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი.

- ქალბატონო ნონა, რატომ გვეშინია ქართველებს ევროპის?

- ევროპის იმიტომ გვეშინია, რომ ზოგადად ადამიანს ყოველთვის აშინებს უცნობი გარემო. ნუ გვავიწყდება, რომ ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრციდან მოვდივართ და ევროპული აზროვნება და ევროპული მენტალობა ჩვენთვის პრაქტიკულად უცნობია. ჩვენთან ძირითადად ადამიანთა ორი ჯგუფი არსებობს, რომელთა წარმოდგენა ევროპაზე უკიდურესად განსხვავდება ერთმანეთისგან: ვიღაცისთვის ევროპა სამოთხეა, ვიღაცისთვის - ჯოჯოხეთი. ხშირად ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებსა და ევროპულ კონვენციაზე, მაგრამ თავიდან ბოლომდე არავინ იცის, რა სივრცეა ეს. ერთი სივრციდან მეორეში გადასვლა კი არაა მარტივი, ამიტომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს შიში ლოგიკურია.

- თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ ევროპელებივით ქრისტიანულ ცივილიზაციას მივეკუთვნებით...

 

- დიახ, გეთანხმებით, ჩვენ თავიდან ბოლომდე ქრისტიანულ ცივილიზაციას მივეკუთვნებით, მაგრამ საინტერესოა, როგორი იყო ჩვენი 20 საუკუნოვანი ისტორია, რა გარემოში ვიყავით ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო? მოგეხსენებათ, რომ მეზობელი ისლამისტური სახელმწიფოები მუდმივად გვიპირსპირდებოდნენ და ჩვენც მათი გავლენის ქვეშ ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ იყო ბიზანტია და მერე რუსეთის სივრცეც გაიხსნა, მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრი ვიყავით და ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩვენ და ევროპას ერთნაირი ქრისტიანული წარსული გვაქვს. ამას ისიც ემეტება , რომ ძალიან ჩაკეტილი ერი ვართ საკუთარ ტრადიციებში, წესებსა და რელიგიაში და სულ გვეშინია, რომ ვიღაცამ რაღაც არ წაგვართვას, რაღაც არ გამოგვაცალოს. ეს არაჯანსაღი ხედვაა, საკუთარი ყოფის გაუაზრებლობა და გაუცნობიერებლობაა.

 

 

- ქალბატონო ნონა, ხშირად ამბობენ, რომ ევროპა გარყვნილია, თქვენ როგორ ფიქრობთ, გარყვნილებას ეროვნულობა გააჩნია?

- დავიწყოთ იქიდან რა არის გარყვნილება. ეს ზოგადად ადამიანური არასრულფასოვნების ნაწილია და არა ევროპული ან აზიური მოვლენა. როგორ შეიძლება ერი გარყვნილი იყოს? ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა. ერი შედგება ადამიანებისგან, რომელთა ცნობიერება ხშირად სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს გაუცნობიერებელი ადამიანის აზროვნებაა, რომელიც არ ფიქრობს და ავტომატურად იმეორებს, რასაც თავს ახვევენ. ასეთი საუბარი უფრო შეგნებული პროპაგანდის შედეგია. გახსოვთ, ალბათ, კომუნისტების დროინდელი პროპაგანდა, გინდა თუ არა - ეს ადამიანის გონებაში მაინც არის დარჩენილი და ის თაობა ისევ აქ არის და საკმაოდ აქტიურად ცხოვრობს. ეს ერთი და მეორე- ხშირად ეკლესიაც ქრისტიანულ, მართმადიდებლურ ფასეულობებს ევროპულს უპირისპირს, რაც ძალიან სამწუხაროა. სამწუხარო რელობაა ისიც, რომ არსებობენ ძლიერი ჯგუფები, რომლებიც რუსული გავლენიდან ვერ გამოვიდნენ და თუ დააკვირდებით ისინი ძირითადად წინა თაობის ხალხია, ვისაც დასავლეთის ისტერიული შიში აქვს და ფარულად მაინც საბჭოეთს მისტირის, რასაც პოლიტიკოსები კარგად იყენებენ - ხედავენ, რომ ადამიანებს ეშინიათ და გამიზნულად მოქმედებენ. იცით როგორ არის ფსიქოლოგიაში? თუ იდეოლოგიურად არ იმოქმედე ადამიანზე, მას ვერასდროს აიძულებ რაიმე ჩაიდინოს, იმიტომ, რომ ადამიანი თავისუფალი ქმნილებაა.

- მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

- განვმეორდები: ჩვენ, ქართველები, ძალიან გაუთვითცნობიერებულად ვცხოვრობთ. მივყვებით საუკუნეების მანძილზე მიღებულ და აღიარებულ წესებსა და ტრადიციებს, ვცდილობთ არ დავარღვიოთ ისინი, ყველაფერს ვიმეორებთ და ვახდენთ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ეთნიკურობასთან, რელიგიასა და ტრადიციასთან, რაც ხელს გვიშლის რეალობის აღქმაში. ძალიან ბევრი ცდილობს წავიდეს ევროპაში და გახდეს მისი სრულუფლებიანი მოქალაქე, ბევრი წასულა და იბრძვის ამისთვის - ლტოლვილად ბარდება, ძალიან მძიმე პირობებს უძლებს, რომ საწადელს მიაღწიოს. ანუ რეალურად ყველა ხედავს, რომ იქ მატერიალური, მენტალური, თუ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით უკეთესი სივრცეა და შეუძლებელია ზნედაცემულმა ადამიანებმა შექმნან ასეთი თავისუფალი სივრცე საცხოვრებლად, მაგრამ იგივე ადამიანები იმდენად არიან განპირობებული მიღებული ცოდნით, ტრადიციებითა თუ იდეოლოგიით, ფიქრშიც კი უჭირთ იმის აღიარება, რომ იქ ჯობია, რადგან იქ ადამიანად გრძნობს თავს და ამბობს, რომ უცხოეთში ფულის საშოვნელად მიდის. სინამდვილეში,ჯანსაღი ადამიანები, რომლებიც რაღაცას აცნობიერებენ, გეუბნებიან, რომ ევროპაში მათ ნახეს როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა თავი ადამიანურად რომ იგრძნოს, იქ შენი ყველა უფლება დაცულია. აი, სადამდე მივედით - ისევ მიდის ჭიდილი რეალობასა და განპირობებულ გონებას შორის, ისევ შიში გიპყრობს, რომ ტრადიცია , ან რელიგია არ უარყო, შენი საქციელი ეროვნული ღალატის ტოლფასი არ იყოს, იმიტომ, რომ პატრიოტული თუ რელიგიური იდეოლოგიით აღსავსე ავტორიტეტები აქცენტს პირდაპირ ამაზე აკეთებენ. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ინფანტილური, ემოციური მხარე. ეს არის ბავშვობაში დარჩენა და ამას ძალიან ღრმად გაცნობიერება სჭირდება. ეს არ არის მარტო ქართული პრობლემა, ეს არის ადამიანური პრობლემა, გაუცნობიერებლობა საკუთარი აწმყოსი და მუდმივად წინა საუკუნეებში დარჩენა . ასე, რომ დროა გამოვიდეთ კოლექტიური აზროვნებიდან და დავიწყოთ ინდივიდუალურად ფიქრი: რეალურად რა ხდება, ვინ ვარ, რა ვიყავი და რა მინდა, რომ ვიყო. ასე რთულია აზროვნების პროცესის დაწყება?

- ქალბატონო ნონა, მაინც საიდან და როგორ დავიწყოთ და ხომ არ დასჭირდება ამას წლები და საუკუნეები?

- საქართველოში ახლა ორი მენტალობის დაპირისპირებაა. ჩვენში ძალიან ძლიერია აზიური აზროვნება, განსაკუთრებით ოჯახურ ურთიერთობებში. ბევრი ადამიანი ცხოვრობს ამ წესით. ახლა წამოვიდა თაობა, რომელსაც აღარ უნდა და აღარც შეუძლია შეზღუდული აზროვნებით ცხოვრება. ესაა თაობა, რომელიც ითხოვს სიახლეს. ესაა თაობა, რომელსაც, პრინციპში, საბჭოთა წყობილება არ უნახავს, მაგრამ გაიზარდა ბოლო 20 წლიან გაუგებარ ეპოქაში. აქედან გამომდინარე, საქართველოში ფასეულობათა ომი მიდის. წინააღმდეგი ვარ როგორც პროპაგანდის, ასევე აკრძალვის, რადგან ორივე ერთნაირად საზიანოა ადამიანისთვის. სხვათა შორის, წინა ხელისუფლებას ეს ძალიან შეეშალა. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა სულ სხვა ფასეულობების შემოტანას, მან პირდაპირ ძალადობრივად დაიწყო მისი დამკვიდრება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ეკლესიაც გარკვეულად არიდებდა თავს ამ პრობლემებს და დასავლეთის სივრცის ანტიპროპაგანდას ეწეოდა. ასეთ სიტუაციაში ჩვენ თავად უნდა დავფიქრდეთ და რეალობა გავაცნობიეროთ, დავაკვირდეთ, როგორ ცხოვრობენ ადამიანები დასავლეთში და მერე შევხედოთ რა საფეხურზეა რუსეთი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. აქვე, მინდა, ხაზი გავუსვა იმასაც, რომ მე რუსი ერის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც ანტირუსულ პროპაგანდას ეწევა. ეს ისეთივე არანორმალურია, როგორც ანტიდასავლური პროპაგანდა. უბრალოდ დავაკვირდეთ, სად არის უკეთ დაცული ადამიანის უფლებები, მივიღოთ , მოვუსმინოთ და ყველა ადამიანის აზრს პატივი ვცეთ. რაც შეეხება, სახელმწიფოსა და მის როლს, მან უდაოდ დიდი როლი უნდა ითამაშოს ამგვარ სიტუაციაში, რათა აღარასდროს განმეორდეს ის, რაც დღემდე ხდებოდა. ძალადობა ანადგურებს ადამიანს და ანადგურებს საზოგადოებას.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია