თარიღები - 17 ივლისს დაიწყო აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
17-07-2014, 17:55 | წიგნები | ნანახია - 1548

უცხო სანახაობას წარმოადგენდა ამ დღეს, 1912 წლის 17 ივლისს,თბილისში, "ედემის ბაღი", ვერაზე: "უზარმაზარ ვერხვის ქვეშ, ქართულ სუფრის გარშემო  თავი მოეყარათ თბილისში მცხოვრებ რაჭველ–ლეჩხუმელებს, და ყველა ღრმა სიყვარულითა და გულწრფელი აღფრთოვანებით უმასპინძლდებოდა მხცოვან მგოსანს აკაკის, რომელსაც განზრახული ჰქონდა რაჭა–ლეჩხუმის შემოვლა. სწორედ ამ მოგზაურობის გამო იყო გამართული ის მშვენიერი ქართული ლხინი, რომლის დამსწრეთა გული დიდი ხნის განუცდელი სიამით ივსებოდა, როცა ძვირფას მგოსნის გარშემო ჰხედავდა განუსაზღვრელ სიყვარულითა და პატივისცემით ანთებულს რაჭველ–ლეჩხუმლების ერთსულოვან კრებულს.

 

შეუძლებელია ყველა იმ გრძნობათა სიტყვით გადმოცემა, რომელიც ამ ღირსსახსოვარმა დღემ განგვაცდევინა. სადილის წინ, შეკრებილ საზოგადოებასა და პრესის წარმომადგენლებთან ერთად, რომელთა შუა ბრძანდებოდა დიდი მგოსანი, გადაღებულ იქმნა სურათი, რის შედეგაც გრძელ სუფრის თავს დაბრძანდა აკაკი. დაიწყო ნამდვილი ქართული ლხინი.

 

ლხინის დასასრულს ,რომელიც ღამის 10 საათამდე გაგრძელდა, დამსწრე საზოგადოებამ ძველებური მშვენიერი ფერხული ჩააბა, რომლის შუაგულს მოამწყვდიეს მხცოვანი მგოსანი და ტკბილი, ორპირი შემოძახილით უვლიდნენ გარს. სიმღერითვე მიაცილეს იგი ეტლამდე და ერთსულოვანი ამოძახილით უსურვეს მას კეთილი და მშვიდობიანი მგზავრობა. დიდებული მგოსანი და დამსწრე საზოგადოება დიდად ნასიამოვნები დარჩა.

 

თბილისელ რაჭველ–ლეჩხუმლებს საგანგებოდ ამ მოგზაურობისთვის გამოუციათ აკაკის რჩეულ ლექსთა კრებული, რომელიც მგოსნის მოგზაურობის დროს უფასოდ დაურიგდება მოსახლეობას"!

 

წყარო: მშვენიერი ნადიმი.–"სახალხო გაზეთი". 1912, 19 ივლისი, N 653.

 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია