კვირის სპორტის სიახლები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-06-2013, 23:14 | არქივი | ნანახია - 1082

ფეხბურთი

წინ ნახევარფინალებია

 

ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაციათა თასზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი. ბოლო ტურის წინ A ჯგუფიდან ორივე ნახევარფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილი იყო - ბრაზილია და იტალია. მათ ერთმანეთის წინააღმდეგ მატჩში უნდა გაერკვიათ პირველი ადგილის მფლობელი, რომელიც ნახევარფინალში თავიდან აიცილებდა ესპანეთთან შეხვედრას.

ანგარიში 45-ე წუთზე დანტემ გახსნა, მეორე ტაიმის დაწყებიდან ექვსი წუთის შემდეგ კი ემანუელე ჯაკერინიმ გაათანაბრა. 55-ე წუთზე ნეიმარმა ისევ გაიყვანა წინ ბრაზილია, როცა ულამაზესი ჯარიმა გაუტანა მეტოქეს, 66-ე წუთზე კი ფრედმა თავისი პირველი გოლი გაიტანა ტურნირზე და ბრაზილიამ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა - 3:1. ამის შემდეგ ბრაზილიელთა დამრიგებელმა ლუის ფელიპე სკოლარიმ დასვენების საშუალება მისცა ნეიმარს და იტალიამ შეტევისთვის მოიცალა - 71-ე წუთზე ჯორჯო კიელინიმ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. მაგრამ "სკუადრა აძურამ” თამაში ვერ გადაარჩინა, პირიქით, 89-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი მიიღო ფრედისგან და 2:4 დამარცხდა.

იტალიას 31 წელია არ მოუგია ბრაზილიისთვის. ბოლოს "სკუადრა აძურამ” პრინციპული მეტოქე მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე ლეგენდად ქცეულ მატჩში დაამარცხა პაოლო როსის ჰეთ-თრიკის წყალობით - 3:2. მას შემდეგ ბრაზილია და იტალია ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - ოთხჯერ სამხრეთამერიკელებმა გაიმარჯვეს და ორი მატჩი ფრედ დასრულდა.

A ჯგუფის მეორე მატჩში, რომელიც არაფერს წყვეტდა, მექსიკამ ხავიერ ერნანდესის დუბლით მოუგო იაპონიას - 2:1.

პირველ ადგილზე ბრაზილია გავიდა, მეორეზე - იტალია, შემდეგ მოდიან მექსიკა და იაპონია.

* * *

B ჯგუფში ბოლო ტურისთვის მცირე ინტრიგა იყო შემორჩენილი. ესპანეთისა და ნიგერიის მატჩში აფრიკელებს მოგება ნახევარფინალში გასვლის თეორიულ შანსს უტოვებდა, მაგრამ ესპანეთმა დაამტკიცა, რომ დამსახურებულად ატარებს ფავორიტის სტატუსს. ეს გუნდები აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს - 1998 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ნიგერიამ სენსაციურად დაამარცხა ესპანეთი - 3:2.

ამჯერად სრულფასოვანი რევანში შედგა. ხორდი ალბას დუბლითა და ფერნანდო ტორესის თავურით მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა 3:0 მოიგო და პირველი ადგილიდან გავიდა ნახევარფინალში. ტორესისთვის ეს იყო მეხუთე გოლი ტურნირზე. ის კონფედერაციათა თასის საუკეთესო ბომბარდირია.

ჯგუფის მეორე მატჩში ურუგვაიმ 8:0 გაანადგურა ტაიტი. ამ შეხვედრაში პოკერი შეასრულა აბელ ერნანდესმა. ტაიტიმ ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში ერთი გოლი გაიტანა და 24 გაუშვა.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ დაკომპლექტდა ნახევარფინალური წყვილები. ოთხშაბათს შედგება სამხრეთამერიკული დერბი: ბრაზილია-ურუგვაი, ხუთშაბათს - ევროპული დერბი: ესპანეთი-იტალია. ორივე მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

 

 

გვარდიოლა გერმანულად ალაპარაკდა

 

მიუნხენის "ბაიერნმა” ოფიციალურად წარადგინა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხოსეპ გვარდიოლა, რის შემდეგაც ესპანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია გამართა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 42 წლის პეპმა პირველივე დღეს მოიგო ბავარიელთა გულები - გვარდიოლამ ჟურნალისტებს გერმანულად მიმართა, რის შემდეგაც მშობლიურ ენაზე გადავიდა.

პეპმა განაცხადა, რომ "ბაიერნში” მუშაობა მისთვის ახალი გამოწვევაა. ესპანელის თქმით, მან იცის, რომ მუდმივად თავის წინამორბედს, იუპ ჰაინკესს შეადარებენ, მაგრამ არც ამ გამოწვევის ეშინია.

გვარდიოლას პირველი ამოცანა იქნება ვარჯიშებზე ფეხბურთელების დაკვირვება, რასაც მოჰყვება შეხვედრა კლუბის პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან და მსჯელობა ფეხბურთელთა შეძენა-გიყიდვაზე.

პრესკონფერენციას სწორედ რუმენიგე ესწრებოდა. მას პირველ რიგში მარიო გომესზე ჰკითხეს, რომელმაც წინა სეზონში დაკარგა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. რუმენიგეს თქმით, ჭორების მიუხედავად, გომესი იქნება გუნდის პირველ ვარჯიშზე და მისი გაყიდვა არ იგეგმება. გვარდიოლამ კი დაამატა, რომ მისთვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია.

 

 

ჩოგბურთი

მშვიდობით, რაფა!

 

უიმბლდონის რიგით 127-ე გათამაშება უდიდესი სენსაციით დაიწყო. ესპანელი რაფაელ ნადალი, რომელმაც წელს ცხრიდან ცხრა ტურნირის ფინალში ითამაშა და შვიდი ტიტული მოიგო, კარიერაში პირველად გამოეთიშა "დიდი სლემის" ტურნირს პირველ წრეში (აქამდე 34-დან 34 მატჩი ჰქონდა მოგებული საწყის რაუნდებში). ამ სენსაციის ავტორი გახდა 29 წლის ბელგიელი, მსოფლიოს 113-ე ნომერი სტივ დარცისი. 2 საათისა და 55 წუთის შემდეგ ტაბლოზე ასეთი ანგარიში იყო - 7:6(4), 7:6(8), 6:4.

 

 

სერენამ და მარიამ ომი დაიწყეს

უიმბლდონი ჯერ დაწყებული არ იყო, რომ უკვე შედგა ქალთა ტურნირის ორი მთავარი ფავორიტის - სერენა უილიამსისა და მარია შარაპოვას პირველი დაპირისპირება. მათ სიტყვიერი დუელი გამართეს ერთმანეთში.

სერენამ სკანდალური ინტერვიუ მისცა ჟურნალ "როლინგ სტოუნსს" და იქ შარაპოვაზეც ილაპარაკა. მან რუს ჩოგბურთელს მოსაწყენი ადამიანი უწოდა, რომელსაც არავინ პატიჟებს კარგ საღამოებზე. ამერიკელმა რუსს შეყვარებულიც დაუწუნა, კერძოდ, მარიას გულისწორს, ბულგარელ ჩოგბურთელს გრიგორ დიმიტროვს უწოდა მამაკაცი "ქვის გულით".

შარაპოვამ ამერიკელს უიმბლდონისწინა პრესკონფერენციაზე უპასუხა: "თუ უილიამსს სურს ვინმეს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, მაშინ უნდა მოყვეს თავის ბოიფრენდთან ურთიერთობაზე, რომელიც ცოლიანია, ჰყავს შვილები და სერენას გამო ოჯახის დანგრევას აპირებს".

შარაპოვას მხედველობაში ჰყავს ფრანგი მწვრთნელი პატრიკ მურატოგლუ, რომელმაც გასულ წელს გააბა რომანი ამერიკელ ჩოგბურთელთან და ამ მიზეზით ოჯახი მიატოვა.

 

 

კვირის სპორტის სიახლებიჰოკეი

 “ჩიკაგო” ჩემპიონია

 

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში დასრულდა სეზონი. ბოლო ოთხ წელიწადში მეორედ სტენლის თასის მფლობელი გახდა "ჩიკაგო ბლეკჰოქსი”. ხუთი მატჩის შემდეგ ჩიკაგოელები იგებდნენ ფინალურ სერიას - 3:2 და მეექვსე მატჩში სტუმრად ჩავიდნენ სათამაშოდ ბოსტონში.

"ბოსტონი” ვალდებული იყო სერია მეექვსე მატჩში გადაეყვანა, რადგან მეექვსე შეხვედრას ორჯერ იგებდა - 1:0, 2:1, საფინალო სირენამდე წუთით და 18 წამით ადრე ინარჩუნებდა ერთშაიბიან უპიტარესობას, მაგრამ ბოლოს "ჩიკაგო” ვა-ბანკზე წავიდა, მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეცვალა და რისკმა გაამართლა. დარჩენილ დროში "ბლეკჰოქსმა” ორი შაიბა გაიტანა, მოიგო მატჩი 3:2, სერია - 4:2 და თავისი არსებობის ისტორიაში მეოთხედ გახდა ჰოკეის ეროვნული ლიგის საუკეთესო გუნდი.

 

 

კვირის სპორტის სიახლებიკალათბურთი

აივერსონმა საკუთარი შვილები გაიტაცა

 

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავის ალენ აივერსონის მეუღლემ კალათბურთელს სასამართლოში უჩივლა - ის თავის ქმარს შვილების მოტაცებაში ადანაშაულებს.

აივერსონმა საკუთარი ხუთი შვილი არდადეგებზე თავისთან წაიყვანა და ისინი 26 მაისს მეუღლისთვის უნდა დაებრუნებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა და ცოლთან კავშირიც გაწყვიტა. კალათბურთელის მეუღლეს მიაჩნია, რომ 2001 წლის საუკეთესო მოთამაშე ბავშვებთან ერთად ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სასტუმროში იმალება.

ალენ აივერსონს შვილებზე უფლება არ გააჩნია, მისი მეუღლე - ტავანა კი ბავშვების ერთადერთი მეურვეა.

 

 

კვირის სპორტის სიახლებიკობი ბრაიანტი: “დაბრუნება გადაიდო”

 

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ვარსკვლავმა კობი ბრაიანტმა აღიარა, რომ შეიძლება ვერ მოასწროს 2013-14 წლების სეზონის დასაწყისისთვის აღდგენა. ბრაიანტმა განაცხადა, რომ მოედანზე გასვლას ნოემბერში ან დეკემბერში გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ აპრილში კობის მარცხენა აქილევსის მყესის გაწყვეტის გამო ოპერაცია გაუკეთეს. ასეთი ოპერაციის შემდეგ მკურნალობას, როგორც წესი, ექვსი-ცხრა თვე სჭირდება.

 

 

კვირის სპორტის სიახლებიუცაბედი სიკვდილი

 

მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა შვეიცარიიდან. ჟენევაში ვიზიტის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა "FIBA-ევროპას” პრეზიდენტი ოლაფურ რაფნსონი. ის 50 წლის იყო. პრეზიდენტი ჟენევაში FIBA-ის ახალი შტაბბინის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

რაფნსონი ყოფილი კალათბურთელია. "FIBA-ევროპას” პრეზიდენტის (2010 წელს აირჩიეს) პოსტის გარდა, ის, აგრეთვე, ისლანდიის ეროვნული ოლიმპიური ასოციაციის პრეზიდენტიც იყო.

 

 

კვირის სპორტის სიახლებიფორმულა 1

 “მერსედესს” გაფრთხილება აკმარეს

 

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ტრიბუნალი ორ დღეს მსჯელობდა "მერსედესისა" და "პირელის" გახმაურებულ საქმეზე, რის შემდეგაც გერმანულ საჯინიბოს განაჩენი გამოუტანა.

ვერდიქტი ასეთია: "მერსედესი" ჩამოაშორეს 2013 წლის სეზონში ახალგაზრდა პილოტთა ტესტებს, აგრეთვე უსაყვედურეს "პირელის" საბურავების ტესტებისას 2013 წლის ბოლიდის გამოყენების გამო.

ეს საკმაოდ მსუბუქი სასჯელია იმის გათვალისწინებით, რომ "მერსედესი" დამნაშავედ ცნეს მსოფლიოს ჩემპიონატის რეგლამენტის დარღვევაში. საქმის განხილვამდე ყველა უფრო მკაცრ სანქციებს ელოდა, თუნდაც, კონსტურქტორთა თასზე "მერსედესისთვის" ქულების ჩამორთმევას.

პარიზში, ავტოსპორტის ფედერაციის შტაბბინაში საქმის შვიდსაათიანი განხილვის შემდეგ, "მერსედესის" წარმომადგენელმა პოლ ჰარისმა აღიარა, რომ საყვედური და ახალგაზრდა პილოტთა ტესტებიდან მოკვეთა სავსებით მისაღები გადაწყვეტილებაა.

ახალგაზრდა პილოტთა ტესტები 17-19 ივლისს, სილვერსტოუნის ტრასაზე გაიმართება. მასში "მერსედესის" მხრიდან მონაწილეობა უნდა მიეღოთ სემ ბიორდსა და დანიელ ჯანკადელას.

 

 

კვირის სპორტის სიახლებიბაჰრეინით გაიხსნება

 

მელბურნში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავსტრალიის გრან-პრი დაკარგავს იმ რბოლის სტატუსს, რომლითაც იხსნება სეზონი ფორმულა 1-ში. როგორც ირკვევა, 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ბაჰრეინის გრან-პრით დაიწყება, ავსტრალიელები კი პილოტებს სეზონის მეორე რბოლაში უმასპინძლებენ. ეს მოხდება მარტის მესამე უქმეებზე, რითაც მელბურნში რბოლა კომერციული თვალსაზრისით მიმზიდველი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით 2014 წლის სეზონში 21 რბოლის ჩატარებაა დაგეგმილი. აქედან ორი სადებიუტოა: რუსეთსა და ნიუ ჯერსიში.

 

 

ავტოსპორტი

 კვირის სპორტის სიახლებილე მანმა 22-ე პილოტი იმსხვერპლა

 

მსხვერპლით დასრულდა ლეგენდარული ავტომარათონი "ლე მანის 24 საათი", რომელიც ყოველწლიურად საფრანგეთში იმართება. დანიელმა მრბოლელმა ალან სიმონსენმა დაკარგა საკუთარ "ასტონ მარტინზე" კონტროლი და ერთ-ერთ მოსახვევში ტრასის დამცავ ბარიერს შეეჯახა.

ინციდენტი მესამე წრეზე მოხდა. რკინის ბარიერთან შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ "ასტონ მარტინს” ორივე კარი მოსძვრა. თავდაპირველად ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს საშინელი არაფერი მომხდარა: 34 წლის პილოტი გონზე იყო და ექიმებს ელაპარაკებოდა, მაგრამ მალე მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, კომაში ჩავარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სიმონსენი 2007 წლიდან "ლე მანის" რბოლის მუდმივი მონაწილე იყო.

ალან სიმონსენი 22-ე მრბოლელია, ვინც "ლე მანის 24 საათის" დროს დაიღუპა. პირველი შემთხვევა 1925 წელს დაფიქსირდა. ყველაზე საშინელი ტრაგედია 1955 წელს მოხდა. ფრანგი პიერ ლევეის ავარიამ არა მხოლოდ პილოტის, არამედ 83 მაყურებლის სიცოცხლე იმსხვერპლა. ისინი აფეთქებული მანქანიდან გატყორცნილი ნამსხვრევებისგან დაიღუპნენ.

"ლე მანზე" ბოლო სასიკვდილო შემთხვევა 1997 წელს დაფიქსირდა. ფრანგი სებასტიან ანჟოლრა საკვალიფიკაციო რბოლის დროს დაიღუპა.

სიმონსენის დაღუპვის მიუხედავად, რბოლა გაგრძელდა. ჩემპიონი გახდა "აუდი" ტომ კრისტენსენის, ლოიკ დუვალისა და ალან მაკნიშის შემადგენლობით. კრისტენსენისთვის ეს მეცხრე გამარჯვება იყო საფრანგეთში.

 

 

რალი

კვირის სპორტის სიახლებიოჟიე დაუმარცხებელია

 

რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი იტალიაში, კუნძულ სარდინიას ღორღიან გზებზე გაიმართა. ორდღიანი რალი წლევანდელი სეზონის ლიდერის, "ფოლკსვაგენის" პილოტ სებასტიან ოჟიეს გამარჯვებით დასრულდა. ფრანგმა მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხე ეტაპი მოიგო და გაზარდა თავისი უპირატესობა გენერალურ კლასიფიკაციაში.

პირველ დღეს ოჟიემ თავიდანვე დამაჯერებლად მოიგო სამი სპეცმონაკვეთი და ლიდერობა ბოლომდე არ გაუშვია ხელიდან. მეორე ადგილზე გავიდა ტიერი ნოივილი, ხოლო მესამეზე - იარი-მატი ლატვალა. ამ უკანასკნელისთვის ეს ზედიზედ მეოთხე პოდიუმი იყო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია WRC2-ის კლასში მოასპარეზე რობერტ კუბიცა. პირველ დღეს მან რვიდან ექვსი სპეცმონაკვეთი მოიგო და ზედიზედ მეორე ეტაპზე შეძლო თავის დივიზიონში გამარჯვება. თანაც, ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა ისეთი ტემპი განავითარა, რომ აბსოლუტურ კლასიფიკაციაში მე-9 ადგილზე გავიდა ოჟიესთან 13-წუთიანი ჩამორჩენით.

მსოფლიოს ჩემპიონატის შვიდი ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვლას ლიდერობენ "ფოლკსვაგენის" პილოტები ოჟიე და ლატვალა. მათ შორის სხვაობა 64 ქულაა ოჟიეს სასარგებლოდ.

სეზონის შემდეგი ეტაპი 1-3 აგვისტოს ფინეთში გაიმართება.

 

 

კვირის სპორტის სიახლებიველოსპორტი

 უდოპინგოდ ვერ მოიგებ

 

ცნობილმა გერმანელმა ველომრბოლმა იან ულრიხმა აღიარა, რომ სკანდალურად ცნობილი ესპანელი ექიმის ეუფემიანო ფუენტესის კლინიკის ხშირი სტუმარი იყო და დოპინგს იყენებდა.

"დიახ, მე ვიყავი ფუენტესის კლიენტი. მეორე მხრივ, მაშინ თითქმის ყველა იღებდა დოპინგს და არ ჩამიდენია რაღაც ისეთი, რაც სხვას არ გაუკეთებია. არ მიმაჩნია ჩემი თავი მატყუარად, რადგან აკრძალული პრეპარატის გამოყენებით არავითარი უპირატესობა არ მიმიღია. დოპინგის მიღება იმის გამო დავიწყე, რომ მინდოდა სხვებთან ბრძოლაში გამარჯვების თანაბარი შანსი მქონოდა", - განაცხადა ულრიხმა.

2012 წლის თებერვალში ულრიხი დამნაშავედ ცნეს აკრძალული პრეპარატის მიღებაში და, 2005 წლის პირველი მაისიდან მოყოლებული, გაუქმდა მისი ყველა შედეგი.

2006 წელს დოქტორ ფუენტესის მადრიდულ კლინიკაში პოლიციამ აღმოაჩინა აკრძალული პრეპარატები, გაყინული სისხლის პაკეტები, მათი გადასხმის აპარატები, აგრეთვე სპორტსმენთა სია, რომლებიც, სავარაუდოდ, მისი კლიენტები იყვნენ. ამ სიაში იყო ულრიხის გვარიც. სადოპინგო სკანდალის გამო გერმანელმა 2007 წელს დაასრულა პროფესიული კარიერა.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია