ქართველი ფიზიკოსი, რომელიც ატომურ ბომბზე მუშაობდა და 1937 წლის გაუხმაურებელი პოლიტიკური ამბავი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-07-2014, 10:39 | ინტერვიუ | ნანახია - 1851

ქართველი ფიზიკოსი, რომელიც ატომურ ბომბზე მუშაობდა და 1937 წლის გაუხმაურებელი პოლიტიკური ამბავიმაკა მალხაზიშვილი

 

რობერტ ბაბლიძე ფიზიკოსი, პროფესორი და საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტია, ხოლო მისი უშუალო უფროსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ფიზიკოსი პეტრე კაპიცა გახლდათ. 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, თავის დროზე, მუშაობდა ჰელიუმის იზოტოპების გაყოფის კრიოგენულ მეთოდებზე, რაც დაკავშირებული იყო ატომურ მომბთან და სხვა დახურულ თემებთან. რობერტ ბაბლიძის ნაშრომები გამოქვეყნებულია  ინგლისში, ამერიკაში, გერმანიაში, იაპონიაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მათი გარკვეული ნაწილი ეხება მაკროსკოპულ კვანტურ მოვლენებს კონდენცირებულ სისტემებში. ბატონმა რობერტმა საინტერესო, თავის დროზე გასაიდუმლოებული ამბები გაიხსენა.

- ბატონო რობერტ! დავიწყოთი მით, რომ თქვენ ჯერ სრულიად ახალგაზრდა ფიზიკოსი პეტრე კაპიცასთან მუშაობდით...

- კაპიცასთან ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის (შემოკლებით უფტის) შემდეგ მივედი. იმ პერიოდში, როცა ისეთ დახურულ თემაზე ვმუშაობდი, როგორიცაა ჰელიუმის იზოტოპების კრიოგენული დაბალტემპერატურული თვისებების საკითხები, მინდოდა პეტრე კაპიცასთან მოვხვედრილიყავი. 25 წლის ვიყავი, როცა აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის რეკომენდაციის შემდეგ, კაპიცა დათანხმდა ჩემთან შეხვედრას. კარგად მახსოვს  პირველი ვიზიტის დღე. კაბინეტში შესულს თვალში მომხვდა მისი უზარმაზარი, გრძელი მაგიდა. კაპიცა წამოდგა და მკითხა: ,,როდის ჩამოხვედით და როგორ არის ნიკოლაი ივანიჩი”? ავტომატურად ვუპასუხე, კარგად მეთქი. თურმე ნიკო მუსხელიშვილზე მეკითხებოდა, რომელიც იმ დროს ავად ყოფილა, ამიტომ, ჩემმა პასუხმა ძალიან გაახარა. ასე დავიწყე კაპიცასთან მუშაობა. ეს ინსტიტუტი დახურული იყო, რადგან საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკურ პრობლემათა ინსტიტუტი ატომური მომბის საკითხებზე მუშაობდა. ამერიკელებმა ამ თემაზე მუშაობა 30-იანი წლების ბოლოს და 40-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს. საბჭოთა დაზვერვამ ამის შესახებ ინფორმაცია 1941 წელს, ომის დროს მოიპოვა.

 იმ პერიოდში ყველა სამუშაო, რაც კი ატომურ ბომბს ეხებოდა, გასაიდუმლოვდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ თემაზე სამეცნიერო ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნებაც კი შეწყდა. ცხადია, რომ გერმანიამ ეს თემა  საგულდაგულოდ დახურა, რათა მის შესახებ ამერიკასა და საბჭოთა კავშირს არ გაეგოთ. მოგეხსენებათ, მაშინ ინგლისი, ამერიკა და საბჭოთა კავშირი მოკავშირეები იყვნენ. ამის მიუხედავად, საბჭოთა კავშირს მათთვის თავისი გეგმები არ გაუმხელია.

- როგორი პიროვნება იყო კაპიცა  და მასთან დაკავშირებულ რაიმე კონკრეტულ ამბავს ხომ არ გაიხსენებდით?

-კაპიცა საკმაოდ რთული, მაგრამ სამართლიანი ადამიანი იყო. ამასთან ტრაგიკული ბედი ჰქონდა: პირველი ცოლი, ორი შვილი და მამა გრიპმა სახელად ,,ისპანკა” შეიწირა. ასეთი ამბავი მახსენდება: 1921 წელს კაპიცა საბჭოთა დელეგაციასთან ერთად ინგლისში გაემგზავრა. დელეგაციას აკადემიკოსი აბრამ იოფე ხელმძღვანელობდა, რომელშიც გამოჩენილი მათემატიკოსი და გემთმშენებელი ალექსი კრილოვიც შედიოდა. ინგლისში დელეგაცია იმ მიზნით გააგზავნეს, რომ იქ სამეცნიერო წიგნები და გამზომი აპარატურა შეეძინათ, რისთვისაც  სახელმწიფომ  სოლიდური თანხები გამოყო. ინგლისში ჩასულმა კაპიცამ რეზერფორდის ლაბორატორია ინახულა. მას სურვილი ჰქონდა, რომ იქ დაეწყო მუშაობა.  კაპიცამ რეზერფორდს ჰკითხა, თუ რა სიზუსტით აკეთებდა მის სამეცნიერო გაზომვებს. რეზერფორდმა უპასუხა, 2-3%-ის სიზუსტითო. მაშინ კაპიცას უთქვამს: თუ ასეა, თავისუფლად შეგიძლიათ ჩემი სამსახურში აყვანა, რადგან ჩემი მიღება თქვენი სიზუსტის ფარგლებში შეუმჩნეველი დარჩებაო. რეზერფორდს ეს პასუხი ისე მოეწონა, რომ კაპიცა მასთან დაიტოვა და იქ 1934 წლამდე იმუშავა. ამ დროს კაპიცა ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი, ანუ აკადემიკოსი გახდა, ოღონდ საბჭოთა მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს. პერიოდულად ჩამოდიოდა   დედის მოსანახულებლად. როცა 1934 წელს კაპიცა  კვლავ ესტუმრა სსრკ-ს, მას უკან  გასამგზავრებელი ვიზა აღარ მისცეს .მას მოსკოვში ულტრათანამედროვე ფიზიკურ პრობლემათა ინსტიტუტი აუშენეს, რომელსაც დღემდე კაპიცნიკს ეძახიან. სწორედ აქ ვიმუშავე 10 წელზე მეტი.

- ბატონო რობერტ! ცნობილია, რომ კაპიცას, თურმესწრაფად და იოლად შეეძლო ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოენახა გამოსავალი.

- ნამდვილად ასეა. ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთხელ, რეზერფორდის დიდი სიმძლავრის გენერეტორის ამუშავება ვერ შეძლეს და კონსულტაციისთვის კაპიცა მიიწვიეს. ამ საქმისთვის მას 1000 ფუნტი სტერლინგი (იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა) გამოუყვეს. კაპიცამ როცა გენერატორი ნახა, ფონენდოსკოპით მოუსმინა მას და ურო მოითხოვა.  ურო  გენერატორს  ერთ ადგილზე მოუქნია რის შემდეგაც გენერატორი ამუშავდა. ყველა გაოცებული დარჩა, მენეჯერი კი ჩაფიქრდა, 2 წუთში 1000 სტრელინგი როგორ გადავუხადოო. მაშინ, კაპიცამ ამ თანხის ასაღებად დაწერილი საბუთის ტექსტი გენიალურად შეადგინა: უროს ერთ დარტყმაში მე 1 ფუნტი მეკუთვნის, ხოლო დანარჩენი 999 ფუნტი კი იმაში, რომ ზუსტად გამოვიცანი ურო სად და როგორ უნდა დამერტყაო. მენეჯერმა ვერაფერი უპასუხა და კაპიცას დაპირებული თანხა გადაუხადა. ამბობენ, ეს საბუთი იმ ფირმაში დღემდე ინახებაო.

- მისი ინსტიტუტის კედელის ფასადზე ნიანგი იყო გამოსახული...       

- კაპიცამ რეზენფორდს თავისი მკაცრი ხასიათის გამო , მოფერებით,  ,,კროკოდილი” შეარქვა. როცა რეზენფორდის ინიციატივით კაპიცას სპეცინსტიტუტი აუშენეს, მან მონდის ლაბორატორიის ფასადზე ძალიან ცნობილ ინგლისელ სკულპტორს ბარელიეფზე სტილიზებული ნიანგი გამოაკვეთინა. საზეიმოდ გახსნის დროს, როცა რეზერფორდს უთქვამს, ამ ფაქტის ახსნას ვერ ვხვდებიო, კაპიცას ასე განუმარტავს: ,,ეს ნიანგი მეცნიერების განსახიერებაა - როგორც ნიანგს არ შეუძლია უკან სვლა, ასევეა მეცნიერებაც, ისიც სულ წინ ისწრაფის”.

 ამბობენ, პეტრე კაპიცა ატომური ბომბის საკითხებზე ბერიასთან ერთად მუშაობდაო?

– როცა საბჭოთა კავშირმა ბომბზე მუშაობა დაიწყო, ამ საქმეს ბერია და კაპიცა ერთად ხელმძღვანელობდნენ, რაც იმ დროისთვის გასაიდუმლოებული ამბავი იყო. მაგრამ ,ბერია და კაპიცა თურმე ვერ შეთანხმდნენ და რადგან ბერიას ვერ მოხსნიდნენ, გადაწყვიტეს კაპიცა შეეცვალათ. იგი გაათავისუფლეს ინსტიტუტის დირექტორობიდან და 1953 წლამდე საკუთარ აგარაკზე, მოსკოვიდან 50 კილომეტრში მდებარე ნიკოლინა გორაში ,ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში ამყოფებდნენ. მე ნამყოფი ვარ მასთან ამ აგარაკზე. კიდევ ერთი ამბავი მახსენდება, რომლის შესახებ თბილისში დღემდე არ იციან. ეს ამბავი აკადემიკოსმა ევგენი ლიფშიცმა მომიყვა: 1937 წელს, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა აკადემიკოსი, შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეატი ლევ ლანდაუ დააპატიმრეს, რადგან სახლში მისივე ხელით დაწერილი პროკლამაცია უპოვნეს. პროკლამაციაში ის ხალხს კომუნისტური რეჟიმის, კერძოდ კი სტალინის წინააღმდეგ გამოსვლებისკენ მოუწოდებდა. პროკლამაცია რომ მისი ხელით იყო დაწერილი, ეს ლანდაუმ თავადაც აღიარა. კაპიცამ იცოდა მისი ექსტრავაგანტული ხასიათი, ლანდაუს გამოექომაგა და განაცხადა, რომ მან ეს ნაბიჯი სპონტანურად, გაუაზრებლად გადადგაო. ეს კი, მაშინ დიდ გამბედაობას მოითხოვდა. კაპიცა ნიკო მუსხელიშვილთან მეგობრობდა. კაპიცას სიმამრი, ალექსი კრილოვი მუსხელიშვილის მასწავლებლად თვლიდა თავს. მუსხელიშვილი კი კარგ დამოკიდებულებაში იყო ბერიასთან. კაპიცამ თხოვა მას, რომ ლანდაუ, ეს ნიჭიერი ახალგაზრდა, გადაერჩინა. ნიკო მუსხელიშვილი დაპირდა დახმარებას, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ საქმეში მისი გვარი არ გაჟღერდებოდა. ამის შემდეგ ნიკო მუსხელიშვილი ბერიასთან მივიდა და სთხოვა, ლანდაუ არ გაეწირათ. სტალინს ეს ამბავი რომ გაუგია უთქვამს, თუ ასეთი ნიჭიერია, ნუ გავწირავთ, ჩემს მოკვლას კი მაინც ვერ შეძლებსო. ასე რომ, ლანდაუ გაუშვიათ. მისი გათავისუფლების ბრძანებაზე ხელი ბერიას მოადგილეს,  ბახჩო (ბოგდან) ქობულოვს, მოუწერია. ასეთი რამ იმ დროს, 37 წელს, თითქმის შეუძლებელი იყო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია