ჯიჰადი, სირია, ერაყი...

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
21-07-2014, 14:27 | პოლიტიკა, მსოფლიო | ნანახია - 3096

დავით კობერიძე

 

გასულ კვირას, ევროკავშირის კოორდინატორმა, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ჟ. დე კირკჰოვმა მილანში შეხვედრა გამართა  ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, იტალიის, დანიის, შვეციისა და ნიდერლანდების შინაგან საქმეთა მინისტრებთან.  შეხვედრის მიზანი იყო  გეგმების დასახვა იმ საფრთხეთა წინააღმდეგ, რომელიც მოსალოდნელია სირიასა და ერაყში მებრძოლი ევროპელი ჯიჰადისტების მხრიდან.  დაისახა კონკრეტული ღონისძიებები პოტენციურ ჯიჰადისტთა მიმოსვლის გასაკონტროლებლად. პარალელურად აშშ-ის პრეზიდენტმა ბ. ობამამ განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ აშშ-ს საზღვრების გადაკვეთა და მოსალოდნელია მათ შორის იყვნენ ის პირები, ვინც საბრძოლო გამოცდილება მიიღეს სირიასა და ერაყში. აღნიშნულ პრობლემებზე ბოლოდროინდელი კონცენტრირება შემთხვევითი არ არის და ის პირდაპირ კავშირშია ე.წ. უცხოელი ჯიჰადისტების აქტიურობასთან ახლო აღმოსავლეთში.  უფრო მეტიც, ევროპული ქვეყნების სპეცსამსახურებს (და არა მარტო მათ) წინ აქვთ ინტენსიური მოქმედებანი ხანგრძლივვადიანი პერსპექტივით, რადგან ჯიჰადისტთა რაოდენობა მოიმატებს, ისევე, როგორც მათი აქტიურობა. ამ არასახარბიელო პერსპექტივას გააჩნია თავისი მიზეზები - ისტორიული, რელიგიური და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური.

ევროპელი ჯიჰადისტები სირიისა და ერაყის მოვლენებში თავიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართულები. მხოლოდ 2013 წელს სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა ნიდერლანდების - 100, საფრანგეთის -184, დანიის - 70, გერმანიის - 240, ბელგიის - 200, შვედეთის - 75,  დიდი ბრიტანეთის 400-600 მოქალაქე. აქტიურობით ასევე გამოირჩევიან ავსტრიისა და ბოსნიის მოქალაქეები. აღსანიშნავია ავსტრალიისა და კანადის მოქალაქეთა აქტიურობის ზრდა. ჩინეთის ხელისუფლება პრევენციულ ზომებს მიმართავს კონფლიქტში უიღურთა ჩართულობის აღსაკვეთად, მაგრამ ეს ვერ ამცირებს ჩინეთიდან გამსვლელ მებრძოლთა რაოდენობას.  ცალკე თემას წარმოადგენს დსთ-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეთა მონაწილეობა ჯიჰადში, სადაც ჩართულია აზერბაიჯანის 200 მოქალაქე. სირიაში იბრძვიან უზბეკური ფორმირება, ყირიმელ თათართა რაზმები და სხვანი. ჩრდილოკავკასიელთა (ჩეჩნები, დაღესტნელები) როლი ჯიჰადისტურ მოძრაობაში განსაკუთრებულია.

 

 

 

ასევე აღსანიშნავია საქართველოს მოქალაქეთა ჩართულობა. საქართველოს 70-მდე მოქალაქე მონაწილეობს ჯიჰადში. სირიაში მოკლული 10 ჯიჰადისტი იდენტიფიცირებულია, როგორც საქართველოს მოქალაქე. ჯიჰადისტთა შორის გამორჩეულად „ცნობადი“ სახელებია: აბუ ომარ აშ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი - „სახალიფოს“ ერთ-ერთი სამხედრო ლიდერი და უკანასკნელი ცნობით- მთავარი შტაბის უფროსი), მუსლიმ აშ-შიშანი (მუსლიმ მარგოშვილი - ფორმირება“ჯუნდ აშ-შამის“ ლიდერი), საიფულლა აშ-შიშანი (რუსლან მაჩალიკაშვილი-ფორმირება „ჯაიშ მუჰაჯირინ ვალ-ანსარ“-ის ლიდერი, მოკლული იქნა მიმდინარე წლის თებერვალში ქ. ალეპოს ციხის შტურმისას)

 

 

 

 

 

(სურათზე - fb-ის  ქართულენოვანი გვერდის “მე მიყვარს ისლამი“ ე.წ თავფურცელი მარცხენა კუთხეში ჯიჰადის დროშით და წარწერით - „ჯუნდ აშ-შამ“. ორგანიზაცია აერთიანებს ჩეჩენ და დაღესტნელ ჯიჰადისტებს.)(ქვემოთ - ჯიჰადისტური მოწოდება ასევე ქართულენოვან გვერდზე „საქართველოს ისლამური გამოღვიძების მოძრაობა“) 

 

 

(ასევე ყურადღებას იმსახურებს ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი „კავკასიის საამიროს“ პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტთან მიმართებაში, ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კავკასიის რუქა და მისი განმარტებები და ა.შ.

 

 

ორიოდ სიტყვით იმ ფაქტორების შესახებ, თუ რატომ მიილტვიან მებრძოლები ჯიჰადში მონაწილეობისათვის   სირიასა და ერაყში.

ერთ-ერთ მასტიმულირებელ (არა უმთავრეს) ფაქტორს ჯიჰადში მონაწილეობისა წარმოადგენს ნადავლი. ყურანი პირდაპირ ურჩევს მუჯაჰიდს ნადავლის მეხუთედი უბოძოს მუჰამადის შთამომავალთ და 4/5 თვითონ დაიტოვოს. (ყურანი 8:41) უკანასკნელ დრომდე სირიაში მოქმედი ჯიჰადისტები(„ჯაბჰათ ან-ნუსრა“ – „ალ-კაიდას“ სირიული ქვედანაყოფი და „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და შამში“ წარმატებით ვაჭრობდნენ სირიული ნედლი ნავთობით.  ყოველდღიური გაყიდვები აღწევდა 50 ათას ბარელს და თურქი კონტრაბანდისტები სიამოვნებით იხდიდნენ 10 აშშ დოლარს ბარელში.  კონტრაბანდული ერაყული ნავთობის ფასმა კი 50 აშშ დოლარი შეადგინა.

მთავარ მიზეზს მუსლიმთა მონაწილეობისა ჯიჰადში წარმოადგენს მოწოდებები ყურანიდან. (8:39, 9:73, 9:29, 66:9 და სხვა მრავალი) „მართლმორწმუნე მუსლიმს“ ევალება ჩაერთოს ჯიჰადში იქ, სადაც მუსლიმებს ებრძვიან ურწმუნოები, მათს შორის შიიტები, (ერაყი) ალავიტები, (სირია) „წიგნის ხალხი“ (ებრაელები და ქრისტიანები) ყოველი მუსლიმური თემი ვალდებულია ბრძოლის ველზე მიავლინოს თავისი წარმომადგენლები. ამიტომაცაა, რომ სირიასა და ერაყში 80 ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობს ჯიჰადში. ისლამი ჯიჰადს მიიჩნევს თვით ისლამის გავრცელების საუკეთესო საშუალებად. საყურადღებოა, რომ „ისლამური სახალიფოს“ გამოცხადების შემდეგ ჯიჰადისტები ღიად მიუთითებენ სამომავლო სამიზნეებზე: იორდანია, ლიბანი, პალესტინა, რუსეთი, აზერბაიჯანი ... და ა.შ.

 

სამწუხაროდ, ამ ბოლო ხანს  საქართველოშიც შეიმჩნევა  ფანატიკოსი მუსლიმების  გააქტიურება. შესაძლოა, რომ ამას ხელს უწყობენ   უცხოელი სპეცსამსახურების მიერ შემოგზავნილი  მოტივირებული მუსლიმები, ამიტომ, ზემოხსენებული ინფორმაცია ჩვენთვისაც  ყურადსაღებია და შესაბამისმა ორგანოებმა,  საფრთხის თავიდან  აცილების მიზნით, განსაკურთებული ყურადღება უნდა მიაქციონ ამ საკითხს.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია