რას მოუტანს საქართველოს ერგნეთის ბაზრობის გახსნა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
22-07-2014, 16:19 | ინტერვიუ | ნანახია - 2923

,,ვერსიას'' თორნიკე შარაშენიძე ესაუბრა

პროგნოზები და შეფასებები
მთავრობა მუშაობს პროექტზე, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული ტერიტორიების მომიჯნავე რეგიონებში _ სამეგრელოსა და შიდა ქართლში თავისუფალი ეკონომიკური ზონები უნდა შეიქმნას. საუბარია ერგნეთის ბაზრობის მსგავს ცენტრებზე, თუმცა გეგმის დეტალები ჯერჯერობით არ კონკრეტდება. საზოგადოების ნაწილი პარალელს წინა ხელისუფლების მიერ დახურულ ერგნეთის ბაზრობასთან ავლებს, რომელიც მხოლოდ შავ ხვრელსა და უკანონო ვაჭრობასთან ასოცირდებოდა. დაინტერესდებიან თუ არა ოსები და აფხაზები ახალი ინიციატივით და აძლევს თუ არა რუსეთს ხელს მხარეებს შორის ნდობის აღდგენა _ ამას მომავალი დაგვანახებს, მანამდე კი, ოკუპირებული აფხაზეთიდან მორიგმა მოთხოვნამ გაიჟღერა _ რკინიგზის გახსნა, რომელმაც აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს გავლით, ტვირთები რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით უნდა გადაზიდოს. ,,ვერსიას’‘ ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ესაუბრება  
           
- ოდესღაც, ერგნეთის ბაზრობა ისეთი საქართველოსთვის, სადაც კორუფცია და კონტრაბანდა ყვაოდა, დადებითი მოვლენა იყო და ასეთ რეჟიმში მხარეებს შორის ურთიერთობაც რთული არ გახლდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოში კორუფცია ნულამდე დავიდა და ქვეყანამ კონტრაბანდის გაკონტროლებაც შეძლო, ვითარება შეიცვალა. ერგნეთის ბაზრობა უკანონო ვაჭრობასთან ასოცირდება, ასე რომ, ამ გამოცდილების ფონზე, ვერ წარმომიდგენია, როგორ მოახერხებს საქართველოს ხელისუფლება მისთვის ფორმატის შეცვლას ისე, რომ სახელმწიფო იგივე პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეს. ფაქტია, ნებისმიერ შემთხვევაში, ოსური ბაზრის გაკონტროლებას ქართული მხარე ვერ შეძლებს, საქართველოს ბაზარს კი რუსული პროდუქცია წალეკავს, რომელიც იაფი, მაგრამ უხარისხოა. ერგნეთის ბაზრის გახსნით ვერც მოსახლეობასთან ურთიერთობის აღდგენა მოხერხდება _ ვინ უნდა მოვიზიდოთ, როცა ცხინვალის რეგიონი მოსახლეობისგან, პრაქტიკულად, დაცლილია? ესეც რომ არა, რუსეთი არავის მისცემს შესაძლებლობას, მხარეებს შორის ურთიერთობები აღდგეს. ერგნეთის ბაზარი საქართველოსთვის დაუცველი ეკონომიკური საზღვარი იქნება, რაც მხოლოდ რუსეთის მიერ ქართული ეკონომიკის წალეკვას ემსახურება.
                   
- მთავრობაში ამბობენ, რომ საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრების ამოქმედებას რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს. მხარეებს შორის ურთიერთობის აღდგენაში ეს პირველი დადებითი ნაბიჯი რატომ არ იქნება?
                     
- თუ ხელისუფლება გაასაჯაროებს და გაგვიმხელს, როგორია ამ მიმართულებით მეორე თუ მესამე ნაბიჯი, შესაძლოა, ეს ინიციატივა გარკვეულ არგუმენტადაც მივიჩნიო, მაგრამ ფაქტია, მსგავსი სტრატეგია მმართველ გუნდს არ აქვს.  
                
- პარალელურად, აფხაზეთში რკინიგზის გახსნის საკითხზე ქართული მხარის მხარდაჭერას ითხოვენ. ოკუპირებულ რეგიონში რკინიგზის საკითხის გააქტიურებას რას უკავშირებთ?  
                  
- 90-იან წლებში რკინიგზის აღდგენაზე უარი შევარდნაძის ხელისუფლებამაც კი განაცხადა, რადგან ყველა თანხმდებოდა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დადგებოდა. აღნიშნული რკინიგზა რუსეთიდან სომხეთზე გადის, რაც მიუღებელი, პირველ რიგში, აზერბაიჯანისთვისაა. არადა, აზერბაიჯანს რეგიონში საქართველოს გადამრჩენის ფუნქცია აკისრია, რადგან სწორედ ამ მეზობელი ქვეყნის დამსახურებაა, ,,გაზპორმზე’‘ რომ არ ვართ დამოკიდებულნი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის შანტაჟისა და მუქარის მოსმენა ყოველდღიურ რეჟიმში მოგვიწევდა და ენერგოტარიფიც მხოლოდ პუტინის განწყობისამებრ გაიზრდებოდა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ბაქო- თბილისი- ჯეიჰანის პროექტი ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტიაა! რკინიგზაზე მსჯელობისას ერთი მნიშვნელოვანი კითხვა მიჩნდება: რკინიგზის აღდგენის შემთხვევაში, სად უნდა შემოწმდეს ტვირთი _ ფსოუზე თუ ენგურთან? ვინმე გვაძლევს გარანტიას, რომ ტვირთს შტამპს რუსულ- აფხაზურ საზღვარზე არ ჩაურტყამენ? დადებითი პასუხების შემთხვევაში, აფხაზეთის სუვერენიტეტის ლეგიტიმაცია მოხდება, რომელიც დღემდე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ თითქმის არავის უღიარებია. ამასთან, დიდი ალბათობით, რუსეთ- საქართველო- სომხეთის რკინიგზას ირანიც მიებმება, ასე რომ, რკინიგზის აღდგენას საქართველოსთვის მოგება არ მოაქვს, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის გავლით, რუსები ტვირთს თავისუფლად გადაზიდავენ, აფხაზები კი, პროცესში სრულუფლებიანი მხარის სტატუსით ჩაერთვებიან.
              
- ანქვაბი რკინიგზის აღდგენას სწორედ იმ მიზეზით ეწინააღმდეგებოდა, რომ ეს პროცესი აფხაზეთში რუსეთის გავლენის გაზრდას გამოიწვევდა, რაშიც აფხაზი მოსახლეობაც უჭერდა მხარს. აფხაზი საზოგადოება რუსეთის გავლენის ზრდას შეეგუება?   
                    
- ანქვაბამდე, რკინიგზის გახსნის წინააღმდეგი ბაღაფში იყო, რადგან ბუნებრივად ჩნდებოდა საშიშროება, რომ აფხაზეთში რუსეთის გავლენა უფრო გაიზრდებოდა. პროცესიდან ანქვაბის ჩამოშორება იმას ნიშნავს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ამ მიმართულებით გააქტიურდება _ კრემლის პოლიტიკოსი ხაჯიმბა აფხაზეთში სწორედ რუსეთის პოლიტიკას გაატარებს. აფხაზეთთან საკითხი გარკვეული, ახლა მთელი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებისკენ იქნება მიმართული. პირველი სახიფათო სიგნალი სარქისიანის საქართველოში ვიზიტი იყო. ყველა მიხვდა, საუბრის ძირითადი თემა სწორედ რკინიგზის აღდგენა იქნებოდა, რაც მოგვიანებით, დადასტურდა კიდეც. ეჭვი მაქვს, ,,ქართულ ოცნებას’‘ რკინიგზის აღდგენა თავიდანვე განზრახული ჰქონდა, უბრალოდ, ეს პროცესი საზოგადოების უკმაყოფილების გამო შეჩერდა. ახლა კი, გარკვეული არხების საშუალებით, ხელისუფლებას აიძულებენ, რკინიგზის გახსნის წინადადებას დათანხმდეს. სომხეთს, რომელიც საქართველოს პარტნიორია, ეს პროცესი აწყობს, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ.                     
- რა არხებზე საუბრობთ და რუსეთს ხელისუფლების დაშანტაჟება ვისი მეშვეობით შეუძლია? 
                    
- ამაზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვფიქრობ, დროთა განმავლობაში, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი გახდება. ჯერჯერობით, ეს ზეწოლა ღიად არ ჩანს.  
                     
- რკინიგზის აღდგენა საქართველოს მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებას არ შეცვლის?   
               
- საბედნიეროდ, დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ჯერჯერობით, არ შეცვლილა. პირიქით, უკრაინის მოვლენების ფონზე, დასავლეთში საქართველოს მხარდაჭერის საკითხი გააქტიურდა. არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე დასავლეთის დამოკიდებულების შეცვლის საფრთხე არსებობს, თუმცა მუდმივად სირაქლემას პოზაში ყოფნა ჩვენ სასარგებლოდ არ იმუშავებს. ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის დათბობის რეჟიმში მუშაობს, რასაც თავისი არგუმენტები აქვს _ უკრაინის მოვლენების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა არსებობს საკითხები, სადაც დათმობა დაუშვებელია. სიმართლე გითხრათ, საფრთხეს სხვა მიმართულებით ვხედავ: საზღვარგარეთ ჩვენი ლობისტური საქმიანობა ჩაკვდა, საელჩოები სრული დატვირთვით აღარ მუშაობს, რადგან სახელმწიფოს ერთიანი საგარეო სტრატეგია არ აქვს, ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველა ელჩს ოფიციალურ შეხვედრებზე წინა ხელისუფლების კრიტიკა დაავალეს, მომავალ ნაბიჯებზე კი არავის უსაუბრია.                     
- უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოგდებულ თვითმფრინავზეც გკითხავთ, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი უკრაინაში საკუთარი ინტერესების დათმობას არ აპირებს. რუსეთის აგრესიის შეჩერებას ცივილიზებული მსოფლიო მხოლოდ სანქციებით მოახერხებს?
                    
- ამ ეტაპზე, ასეთი მასშტაბის ტერაქტი რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა. ეს იმ სეპარატისტებმა განახორციელეს, რომლებიც, ბუნებრივია, კრემლიდან ფინანსდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ტერაქტს მოსკოვისთვის მძიმე შედეგები მოყვება _ დასავლეთის პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი და შეუქცევადი გახდება. საერთოდ, რუსეთთან ურთიერთობისას ორი გამოსავალი არსებობს: ან მოეფერო ან მის ნებისმიერ პროვოკაციულ ნაბიჯზე მკაცრი ზომები მიიღო. 2008 წელს, საქართველოს შემთხვევაში, დასავლეთი რუსეთს მოეფერა. ყირიმის შემთხვევაშიც, დაახლოებით, იგივე დამოკიდებულება შენარჩუნდა, მაგრამ, როცა პუტინი აღმოსავლეთ უკრაინითაც ,,დაინტერესდა’‘, დასავლეთი მიხვდა, რუსეთის მოფერება დაუშვებელია. ახლა პუტინს უკრაინიდან გამოსვლას თავისივე მოსახლეობა არ აპატიებს, რადგან თავად შექმნა მითი, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დასავლურ ფაშიზმს ებრძოდა. უკრაინის ჯარების დამარცხებაც არ არის ადვილი, ამიტომ ომს სწორედ ასეთი მეთოდებით გააგრძელებს. ამას დასავლეთიც აცნობიერებს. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, მთელი მსოფლიო პუტინის წინააღმდეგ გაერთიანდება. საქართველოს აქვს შანსი, უკრაინის წყალობით გადარჩეს, რადგან, როგორც გითხარით, ახლა რუსეთთან მიმართებაში მთელი მსოფლიო გამოფხიზლდა.   

რუსუდან შელია, გაზეთი ,,ვერსია''

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია