პუტინმა საფლავი გაითხარა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-07-2014, 09:31 | ინტერვიუ, მსოფლიო | ნანახია - 5394

შეეწირება თუ არა ,,ბოინგ 777’‘-ის ავიაკატასროფას რუსეთის ინტერესები და რა გავლენას იქონიებს უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოზე

 

 საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც ჰოლანდიელი ექსპერტები ხელმძღვანელობენ, უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი   ,,მალაიზიური ავიახაზების’‘ კუთვნილი სამგზავრო  ,,ბოინგ 777’‘-ის შესწავლა დაიწყო. ექსპერტები იმედოვნებენ,  რომ ავიაკატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიცირების პარალელურად, ავიალაინერის კატასტროფის მიზეზის გარკვევასაც შეძლებენ. ამასობაში, პუტინი ტერორისტულ ფაქტზე პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს და მსოფლიოს მოუწოდებს, თვითმფრინავის ჩამოგდება პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ. ცივილიზებული მსოფლიო კი რუსეთის პრეზიდენტის ირონიას სანქციების სერიით პასუხობს. რამდენად შეძლებს დასავლეთი უკრაინაში რუსეთის შეჩერებას და რა გავლენას მოახდენს პარტნიორ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე? ,,ვერსიასთან’‘ დიპლომატი, საზოგადოება ,,ივერიის’‘ წევრი მამუკა გამყრელიძე საუბრობს.

   

- ის ტრაგედია, რომელიც უკრაინის საჰაერო სივრცეში დატრიალდა, არ გახლავთ არც უბრალო ინციდენტი და არც მარტოხელა ტერორისტის ნახელავი. ეს უბედურება არ დატრიალდებოდა, რომ არა რუსეთის აგრესია სუვერენული ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ, რომ არა კრემლის მიერ დაფინანსებული ტერორისტები და დივერსანტები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებენ. როგორც ამბობენ, მაიმუნს ხელში ყუმბარა მისცეს და, ცხადია, ტრაგედიაც დატრიალდა. ამ ამბის განხილვა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში შეიძლება და არა განყენებულად ტერორისტული ან სამხედრო თვალსაზრისით. მგონია, რუსეთმა უკვე იმ ზღვარს გადააბიჯა, რომელზეც დასავლეთი თვალს ვერ დახუჭავს. პუტინმა საკუთარი საფლავი თავად გათხარა.

             

- პუტინი კი ბოინგის ჩამოგდებას აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების განახლებას უკავშირებს. ეს გამაფრთხილებელი სიგნალია, რომ პუტინი თავის ინტერესებს უკრაინაში არ დათმობს?  

           

- ჩემი აზრით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ძირითადი მიზეზი არა იმდენად დამპყრობლური ომის წარმოებაა, თუმცა, რა თქმა უნდა, თუ პუტინს გაუვიდოდა, ყირიმსაც მიითვისებდა და სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინასაც მიაყოლებდა თავისი დნესტრისპირეთით. იგი პრაგმატული ადამიანია და იცის, ამ ტერიტორიების შენახვა უზარმაზარ ხარჯთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც რუსეთს არ აქვს. ძირითადი მიზეზი რუსეთის შიგნით უნდა ვეძებოთ _ პუტინს თავისი მოსახლეობის შიში აქვს და უსაფრთხოება აწუხებს. სწორედ ამიტომ დაიწყო ეს საშიში თამაში. მოკლევადიან პერსპექტივაში მან წარმატებას მიაღწია _ რეიტინგი 85%-ს უტოლდება, მაგრამ ახლა საკუთარი პოლიტიკის ტყვეა და ე.წ. ცუგცვანგში იმყოფება _ წინ წასვლის საშუალებას დასავლეთი არ მისცემს, უკანდახევისას კი საკუთარი ამომრჩეველი.               

- დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ააქტიურებს და პუტინს ულტიმატუმს უყენებს, თუ ,,ბოინგის’‘ საქმეზე აქტიური რეაქცია არ გექნება, ევროპელი ლიდერები მორიგ სანქციებზე იმსჯელებენო. რას უნდა ველოდეთ პუტინისგან და ზოგადად, ეფექტურია სანქციებით მუქარა რუსეთთან მიმართებაში?    

        

- სანქციები, რომლებსაც დასავლეთი რუსეთს უწესებს, ერთი შეხედვით, არაეფექტურად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ დავაკვირდეთ რუსეთში ეკონომიკურ პროცესებს _ რუსეთიდან კაპიტალის უსწრაფესი გადინებაა. ფონდებმა და ინდივიდუალურმა ინვესტორებმაც პოლიტიკური არასტაბილობის სუნი იგრძნეს და ინვესტირება მინიმუმამდე დაიყვანეს. არ შეიძლება, ასეთმა ვითარებამ რუსეთის ეკონომიკას მძიმე დარტყმა არ მიაყენოს. ეს მხოლოდ დროის ამბავია. სანქციების შემდგომი გამკაცრება რუსეთს კატასტროფის წინაშე დააყენებს და ამას ამ ქვეყნის ოფიციალური პირებიც აღარ მალავენ. მაგალითად, რუსეთის ფინანსური ომბუდსმენი პავლე მედვედევი.

               

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი უკრაინაში პოროშენკოსთან შესახვედრად ჩავიდა. ეთანხმებით აზრს, რომ ამ ნაბიჯით უკან იხევს და უკრაინასთან მოლაპარაკებებზე თანხმდება?

            

- ეს დეზინფორმაცია აღმოჩნდა და პატივცემული პუტინი, სამარაში ბრძანდებოდა 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სტადიონის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე დასასწრებად ვლადიმერ მუტკოსთან ერთად.  

             

- ამასობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ძერჟინსკში დაიკავეს ბოევიკების შტაბი, ანტიტერორისტულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს გორლოვკის ნაწილზე და გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტი პესკი. ამასგარდა, უკრაინის არმიამ წინ წაიწია ლისიჩანსკთან, რომელიც ლუგანსკის ოლქს ეკუთვნის. როგორია თქვენი პროგნოზი?

            

- ანტიტერორისტული ოპერაცია, როგორც ოფიციალურად მოიხსენიებენ, რუსეთთან ომს უფრო ჰგავს. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატება აშკარაა, ახლა მთავარია, ევროპის რადიკალურმა ლიბერალებმა და რუსეთის პრეზიდენტის ხიბლში მოხვედრილმა ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა აცადოს პოროშენკოს ამ ოპერაციის ბოლომდე მიყვანა. თუმცა ამ საჰაერო ტრაგედიის შემდეგ, არა მგონია, ვინმემ ღიად გამოხატოს სეპარატისტებისადმი თანაგრძნობა და უკრაინის არმიაც საბოლოოდ გაათავისუფლებს თავის მიწა- წყალს სეპარატისტებისგან. გადამწყვეტ ბატალიებს აგვისტოში უნდა ველოდეთ და ალბათ, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ კუთხეში მიმწყვდეული პუტინი უკიდურესად საშიშია.  

           

- რა გავლენას იქონიებს უკრაინაში არსებული ვითარება ჩვენ ქვეყანაზე, მოსალოდნელია, პუტინის მორიგი სამიზნე  კვლავ საქართველო გახდეს?              

- სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი, პუტინი ყირიმის ოკუპირების შემდეგ ასე ღრმად ჩაეფლობოდა უკრაინის ავანტიურაში. მეტიც, მქონდა შიში, პუტინი ყირიმის საკითხისაგან ყურადღების გადატანის მიზნით, საქართველოს მიმართულებით დაძრავდა ჯარებს. ამისთვის მხოლოდ სომხეთზე საავტომობილო კორიდორი და მასზე სამხედრო ტვირთების გატარების მოთხოვნა სჭირდებოდა, რაც საქართველოს მთავრობას უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა _ უარის შემთხვევაში რუსები მაინც შემოვიდოდნენ და შეძლებდნენ საქართველოს გაკონტროლებას. ამას დავუმატოთ, რომ საქართველოს ჯარი გაცილებით მცირერიცხოვანია ვიდრე უკრაინისა, კოლაბორაციონისტების პოვნა ჩვენთანაც მარტივია, მოსახლეობა ბევრად პასიურია და რაც მთავარია, ტერიტორიაა პატარა. ეს ყველაფერი ბევრად იაფს გახდიდა პუტინის ავანტიურას, თანაც ეს თანხვედრაში იქნებოდა რუსეთის ინტერესებთან სამხრეთ მიმართულებაზე, სადაც ნავთობისა და გაზის ძირითადი მარაგებია. ეს მხოლოდ ჰიპოთეტური სცენარია, მაგრამ რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი. სწორედ ამიტომ ამახვილებს ყურადღებას საზოგადოება ,,ივერია’‘ საქართველოში არსებულ კოლაბორაციონისტულ დაჯგუფებებზე _ რუსეთი ყოველთვის ასეთ ძალებს ეყრდნობა მორიგი აგრესიის განსახორციელებლად.  

          

- თუ რუსეთიდან სამხედრო აგრესია რეალურია, რამდენად მზადაა საქართველოს ხელისუფლება, ადეკვატურად იმოქმედოს, დასავლეთის სათანადო დახმარების იმედი უნდა გვქონდეს?    

     

- უპრიანი იქნებოდა, მინისტრ ალასანიასათვის გეკითხათ, საქართველოს ჯარი არის თუ არა მზად, წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას. რაც შეეხება ჩემ პოზიციას, მგონია, ჩვენი საზოგადოება ფრუსტრაციამ და აპათიამ მოიცვა. ასეთ დროს მტრის აგრესიას ხალხის მხრიდან შეიძლება საკმარისი წინააღმდეგობა არ მოყვეს. დასავლეთის დახმარება კი, ჩვენივე აქტივობის ადექვატური იქნება. როგორც ოკუპანტის ორი გენიალური კლასიკოსი იტყოდა: ,,спасение утопающих, дело рук самих утопающих’‘.   

 

 

რუსუდან შელია, გაზეთი ,,ვერსია''

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია