ფარული ჩანაწერები – პოლიტიკურად გამოყენებული სამართლებრივი პრობლემა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
26-06-2013, 21:18 | კომენტარები | ნანახია - 1653

26 ივნისი გაეროს მიერ გამოცხადებულია წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის დღედ. ამ თარიღს და ასევე, ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრებისა და ზუგდიდის სამალავებში ნაპოვნი წამების ფაქტების ჩანაწერების ირგვლივ საზოგადოებაში მიმდინარე მწვავე დისკუსიას ინტერნეტ გაზეთი iveria.biz -ის რედკოლეგია ეხმაურება.

 

მამუკა გამყრელიძე: თავდაპირველად,  უნდა მოხდეს  სისხლის სამართლის დანაშაულის და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამიჯვნა. უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული  და შემსრულებელიც და დამკვეთიც  უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.  მხოლოდ სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ იქნება  შესაძლებელი საუბარი ვიღაცის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, მანამდე კი ეს უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაა.  სწორედ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან  და ასევე დაზარალებულთათვის მორალური ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად , კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია  სასამართლომდე  ამ კადრების ჩვენება  ნებისმიერი ინსტიტუტის წარმომადგენლებისთვის, იქნება ეს დიპლომატიური კორპუსი, დეპუტატები, ჟურნალისტები თუ სხვა.

გამოძების დასრულებამდე და სასამართლოს მიერ კადრების აუთენტურობის დადგენამდე,  განცხადებების გაკეთება მიუღებლად მიმაჩნია.  ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საძიებო ორგანოების კომპეტენცია - უნდა დაიკითხონ მოწმეები, სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი და მანამდე ხმამაღალი განცხადებების კეთება და პოლიტიკური სპეკულაცია უზნეობად  მიმაჩნია.

ჩემი აზრით, აუცილებელია საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელშიც როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. პირველ რიგში, სწორედ  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები უნდა იყვნენ ამ საკითხის საფუძვლიანად გამოძიებაში დაინტერესებულნი.

როდესაც სისხლის სამართლის დანაშაული დამტკიცდება, აი ,მაშინ ვილაპარაკოთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და მერე იხადონ ბოდიში მერაბიშვილებმაც, კიკალიშვილებმაც და სხვებმაც -  რომლებიც, არ ვიცი, რის გამო, მაგრამ თვითონ უსწრებენ მოვლენებს წინ.

მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ძალიან საფუძვლიანი  მიზეზის გამო, გარკვეული ფირების შენახვა  აუცილებელი გახდეს - ამაზე საპარლამენტო კომისიამ და/ან უშიშროების საბჭომ უნდა იმსჯელოს და ეს კადრები არ უნდა მოხვდეს ისეთი ნაძირლების ხელში, რომლებიც მას შანტაჟისთვის ან პირადი ინტერესებისთვის  გამოიყენებენ.  

 

გრიგოლ ვაშაძე: როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს, კატეგორიულად მსურს, დასრულდეს გამოძიება რამდენიმე თემაზე. კერძოდ: ვინ გადაიღო და ვინ გასცა ბრძანება, რომ გია ფარესაშვილთან დაკავშირებული ვიდეო ინტერნეტით გავრცელებულიყო? ვინ გააკეთა და ატვირთა თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეოები, რომლებიც გაჯერებული იყო საქართველოსა და მისი შეიარაღებული ძალების მიმართ მუქარით? ვისი მითითებით ჩაიდინეს ის საშინელება, რაც კასრებში აღმოჩენილ კადრებშია აღბეჭდილი და კიდევ, როგორ აღმოჩნდა ეს ყველაფერი კასრებში? და ბოლოს, რატომ დარბიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ფარულ ჩვენებებს აწყობენ მანამადე, სანამ ამ საქმეზე გამოძიება არ დასრულდება?

ეს ფირები ნივთმტკიცებებია და არა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რომელი სისხლის სამართლისა თუ საპროცესო კოდექსის მიხედვით ამზეურებს ხელისუფლება ამ კადრებს; რომელი კანონის მიხედვით აჩვენებს ამ ყველაფერს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, თუნდაც – დიპლომატებს. ნივთმტკიცებების ნახვის უფლება, გამოძიების დასრულებამდე, გამოძიების გარდა, არავის აქვს. გამოძიების დასრულებამდე ამ კადრების ჩვენება, მეტიც – სტრასბურგში ჩატანა მეტყველებს იმაზე, რომ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ქვეყნის ინტერესები გადააყოლეს.

ვინ აგებს ამაზე პასუხს, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ჩვენი ქვეყნის იმიჯს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენეს? და დარტყმა რომ ნამდვილად მიყენებულია, ეს უკვე გამოჩნდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასკვნებში – იქ ითქვა, რომ საქართველო უკვე ისევე იწვევს შეშფოთებას, როგორც უკრაინა.

 

ნიკა ვაშაკიძე: სასურველი ჩვენების მოსაპოვებლად ადამიანების წამება და შეურაცხყოფა უაღრესად საშინელი და მკაცრად დასაგმობი მოვლენაა. განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს გაუპატიურების ფაქტები.

  სამწუხაროდ, ამგვარი პრაქტიკა ერთგვარ ბინძურ ტრადიციად იქცა ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებში და ის ავადსახსენებელი 20-30-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ეს საზიზღარი ტრადიცია ვერც ჟამთა სვლამ და ვერც რეფორმებმა  ბოლომდე ვერ ამოძირკვა, რადგან მას  კომუნისტური პერიოდის დასაწყისში ადამიანების ფსიქიკაში ღრმად ჩანერგილი და შემდეგ თაობებში მემკვიდრეობით გადმოსული ადამიანის უფლებებისა და სამართლის  მიმართ უტილიტარული და უპატივცემლო დამოკიდებულება უდევს საფუძვლად.

რა თქმა უნდა, სამალავებში აღმოჩენილ მასალებთან დაკავშირებული

დანაშაული ძირფესვიანად გამოძიებულ უნდა იქნას და ამ გამოძიებას შესაბამისი

სამართლებრივი შედეგები უნდა მოჰყვეს. ამ თვალსაზრისით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, გამოძიებაც და სასამართლოც კანონის უზენაესობისა და სამართლის მაღალი სტანდარტების დაცვით განხორციელდეს.

ამდენად, კატეგორიულად მიუღებელია გამოძიებისა და სასამართლოს დასრულებამდე აღმოჩენილი ფაქტები პოლიტიკური პროპაგანდისთვის იქნას გამოყენებული, რაც, სამწუხაროდ, კეთდება და ბევრს უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ყოველივე ეს, პირველ რიგში, სწორედ პოლიტიკური

მიზნებისთვის ხორციელდება და ატარებს პიარკამპანიის ხასიათს. იურიდიული კორექტულობის თვალსაზრისით, ძალზე საეჭვოა, როცა გამოძიების დასრულებამდე დიდი ხნით ადრე, სასამართლო განჩინებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ნივთმტკიცებები ეცნობა ფართო საზოგადოებას და დიპკორპუსს და მათ ეძლევა შესაბამისი იურიდიული და პოლიტიკური შეფასება ისეთი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების მიერ, როგორიცაა, მაგალითად, შინაგან საქმეთა

მინისტრი, რომლებიც სწორედ რომ კანონისა და პროცესუალური ნორმების მაღალი სტანდარტების სადარაჯოზე უნდა იდგნენ. ამგვარი პრაქტიკის უკან არსობრივად იგივე სამართლებრივი მენტალიტეტი დგას, როგორიც აქვთ აღმოჩენილ მასალებში ასახული ქმედებების ჩამდენთ და ორგანიზატორთ და

ამგვარი პრაქტიკა კიდევ ერთ მძიმე დარტყმას აყენებს ჩვენს მართლმსაჯულებას და გვაბრუნებს უკან, იმ ბნელ დროში, რომელსაც უკვე რამდენიმე ათწლეულია ვცდილობთ თავი დავაღწიოთ.

 

ნინოკალანდაძე: ვფიქრობ, მთელი საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ასეთი ჩანაწერების არსებობა, მათი მოპოვება უკანონო გზით და შემდეგ ადამიანების წინააღმდეგ გამოყენება ცალსახა დანაშაულია და საჭიროებს მიუკერძოებელ გამოძიებას და დამნაშავეთა ადეკვატურ დასჯას. თუმცა, ის გარემოებები, თუ სად და რა ვითარებაში იყო აღმოჩენილი ეს ჩანაწერები და როგორ მიეწოდება ის საზოგადოებას, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, არ არის ბოლომდე დამაჯერებელი, ბადებს ბევრ შეკითხვას და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მათ იყენებენ გარკვეული პოლიტიკური მიზნით ერთი პოლიტიკური გუნდის მიერ მეორის წინააღმდეგ და არ ისახავს მიზნად დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას.

წინააღმდეგი ვარ ნებისმიერ ფორმატში ამ კადრების გასაჯაროების (თუნდაც მათში მონაწილე ადამიანების სახეების და ხმის დაფარვის შემდეგაც), რადგან მიმაჩნია, რომ ამ ქმედებით მკვეთრად ირღვევა ამ დანაშაულის მსხვერპლთა უფლებები. რაც შეეხება სტრასბურგში მათ ჩატანას, აქაც, ვფიქრობ, საქმე გვაქვს არა ამ პრობლემის რეალურად აღმოფხვრის მცდელობასთან, არამედ ერთი პოლიტიკური გუნდის მიერ მეორის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ ქმედებასთან. ჩემი აზრით, მმართველი გუნდი ცდილობს ამ გზით გააბათილოს მისი მისამართით არაერთხელ გამოთქმული ეჭვი, რომ საქართველოში პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან და მიმართავენ შერჩევით სამართალს. ჩანაწერები აუცილებლად უნდა განადგურდეს, რათა გამოირიცხოს მათი უკანონო გამოყენების ნებისმიერი შესაძლებლობა.

ამ საკითხის მოგვარება, პირველ რიგში, ნიშნავს მიუკერძოებელ გამოძიებას. სამწუხაროდ, მმართველ გუნდში ვერ ვხედავ ამ საკითხის წმინდა სამართლებრივად გამოძიების ნებას, რაც მკვეთრად იქნება გამიჯნული პოლიტიკური მიზნებისგან. ამიტომ  გამოძიება უნდა გასცდეს ერთი პოლიტიკური გუნდის ჩარჩოებს, მასში უნდა ჩაერთონ როგორც სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, ისე საზოგადოება და მიუკერძოებელი ექსპერტები. უნდა დადგინდეს, რამდენად სისტემური იყო ეს დანაშაული, ვინ იყო ამ კადრების მოპოვების რეალური შემკვეთი. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ ადეკვატურად. ამისთვის შეიძლება მოიძებნოს  სხვადასხვა ფორმატი, მაგალითად, დამოუკიდებელი  საპარლამენტო კომისია ან უცხოელი თუ ადგილობრივი დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი კომისია.

 

 

მამუკაკუდავა: საზოგადოებამ უკვე დაიჯერა წამების ფაქტები და მასშტაბი. ამიტომ ზედმეტი გაღიზიანება არაა საჭირო. კომისიების შექმნისა და სისტემის გასამართლების შესახებ ლაპარაკამდე აუცილებელია სასამართლოს მიერ განაჩენების  გამოტანა. სანამ გამოძიება არ დამთავრდება, კადრების საჯარო ჩვენება არ შეიძლება, რადგან ისინი მტკიცებულებადაა გამოყებებული. კადრების ჩვენება გამოძიების ინტერესებს ვერ ემსახურება და, ამდენად, პოლიტიკური მიზნებისთვისაა გამოყენებული. ამასთან, უგულებელყოფილია მსხვერპლის უფლებები.

საზოგადოებას ახლა უფრო მეტად სჭირდება კონსოლიდაცია, რასაც ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი და მთავარ პრობლემებს შეუტიოს: ეკონომიკა, სოციალური სიდუხჭირე და უმუშევრობა.

 

 

ნიკა რურუა:  ჩანაწერების აუთენტიკურობის დადგენამდე ყველანაირი განცხადების გაკეთება, ვფიქრობ, გაუმართლებელია. მხოლოდ აუთენტიკურობის დადგენის შემდეგ უნდა გამოიძიონ ადამიანის უფლებების დარღვევის ის ფაქტები, რომლებიც ამ კადრებშია აღბეჭდილი. პირველ რიგში, სწორედ ეს ფუნქცია აკისრია გამოძიებას. თუ კადრებში ასახულია წამების შემთხვევები, მაშინ უნდა გაირკვეს, ვინ და ვისი ბრძანებით ჩადიოდა ამ უკანონობას. როგორც ამბობენ, ამ ჩანაწერებში, წამების გარდა, არის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც. სწორედ ამიტომ უნდა გაიმიჯნოს და მოხდეს კადრების კლასიფიცირება, ასევე  უნდა გაირკვეს, რომელი ჩანაწერია გაკეთებული კანონიერად და რომელი - უკანონოდ. შემდეგ დადგინდეს, ვინ და რატომ აკეთებდა ამას. იმისთვის, რომ ამგვარი რამ არ განმეორდეს, სკრუპულოზურად, ძალიან ობიექტურად უნდა იქნას ეს საქმე გამოძიებული და დადგინდეს ეჭვმიტანილთა ვინაობა, რომელთაც გაასამართლებს სასამართლო. სანამ გამოძიება არ დასრულებულა, უცხოეთში ამ კადრების ჩვენება მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენთან ობიექტური გამოძიების შესაძლებლობა, სამწუხაროდ, ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დგას.

ყველა ნაადრევი განცხადება, რომ ეს იყო “სისტემური” დანაშაული, მიმაჩნია არასწორად, მეტიც - უზნეობად. ეს უკანონობაცაა, რადგან არ შეიძლება პოლიტიკური მიზნისთვის გამოიყენო სამართლებრივი გამოძიების მასალები  - ეს არის ყველა პროცესუალური ნორმის აშკარა დარღვევა, აშკარა მცდელობა, პოლიტიკურად გამოიყენო თემა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ სფეროს მიეკუთვნება და სამართლებრივმა სფერომ, თავისი ყველა პროცედურული გრადაციის გავლის შემდეგ, უნდა დასვას დიაგნოზი  - რა არის ეს ჩანაწერები და გამოიტანოს განაჩენი.

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია