პოლიტიკური თუ უჩინმაჩინი მთავრობა?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
26-07-2014, 14:45 | მსოფლიო | ნანახია - 1979

მამუკა კუდავა

 

საქართველოს მთავრობა შეიცვალა. უფრო სწორად, 7 ახალი მინისტრი დაინიშნა, ხოლო კაბინეტში 20 მინისტრია პრემიერის ჩათვლით. ზოგმა ეს კოსმეტიკურ მოვლენად ჩათვალა, რადგან ე.წ. მთავარი მინისტრები, ანუ ძალოვნები და ეკონომიკური სფეროს უწყებების ხელმძღვანელები კვლავ თანამდებობებზე დარჩნენ. მთავრობის მეთაურმა არც შემდგომი ცვლილებები გამორიცხა. ზოგმა ესა თუ ის კანდიდატი მოიწონა, ან დაიწუნა ცნობადობის არქონის, თუ არაპოლიტიკოსობის გამო, სხვებმა კი - პირიქით. ზოგმა კი კონსტიტუციური პროცედურები აღწერა და გააკრიტიკა.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ხომ არ აჯობებს  საერთოდ სამთავრობო ცვლილებების შესახებ ჯერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპი იქნას შეფასებული? ანუ – რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს მმართველმა კოალიციამ და კაბინეტის წევრების შეცვლის პრეროგატივით აღჭურვილმა პრემიერ-მინისტრმა მინისტრების მოხსნა-დანიშვნისას?

მსოფლიოში სახელმწიფოთა მართვის ორი კონსტიტუციური ფორმა არსებობს - მონარქია და  რესპუბლიკა. ქვეყნის მმართველობის სისტემები კი ბევრნაირი შეიძლება იყოს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ნახევრად საპრეზიდენტო (ან შერეული) სისტემები.

საპრეზიდენტო სისტემა რესპუბლიკური მართვის ისეთი  სისტემაა, სადაც მთავრობის მეთაური ასევე გახლავთ სახელმწიფოს მეთაური და ხელმძღვანელობს საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ აღმასრულებელ ხელისუფლებას.

საპრეზიდენტოსგან განსხვავებით, საპარლამენტო წყობაში სახელმწიფოს მეთაური და მთავრობის მეთაური სხვადასხვა ადამიანია. საპარლამენტო სისტემა ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის ისეთი წყობაა, რომელშიც აღმასრულებელი ხელისუფლება ანგარიშვალდებულია საკანონმდებლო ხელისუფლების წინაშე. ეს უკანასკნელი კი ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული.

საქართველოში ,2013 წლამდე, საპრეზიდენტო სისტემა არსებობდა. ახალი კონსტიტუციით კი ჰიბრიდული, ანუ ნახევრად  საპრეზიდენტო, შერეული მოდელი მოქმედებს. მასში პრეზიდენტი პარლამენტისგან დამოუკიდებელია, ხოლო მინისტრთა კაბინეტს საკანონმდებლო ორგანოს მიერ სჭირდება ნდობის გამოცხადება.

საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდში საქართველოში ძირითადად ასეთი რეჟიმი მოქმედებდა: საკუთარ პარტიასთან შეთანხმებით, გამარჯვებული პრეზიდენტი მხოლოდ რამდენიმე მინისტრის პოსტს უთმობდა მისი გუნდის წევრ ცნობილ პოლიტიკოსებს, დანარჩენებზე კი ე.წ. ტექნოკრატებს ნიშნავდა, რომლებსაც პროფესიონალებსაც უწოდებენ. ეს უკანასკნელნი არასამთავრობო სექტორის და ბიზნესის წარმომადგენლები, ან სახელმწიფო მოხელეები იყვნენ, ყოველგვარი პოლიტიკური გამოცდილების, ან პარტიული აფილიაციის,კონტაქტების  გარეშე. პოლიტიკასთან მათი კავშირი მხოლოდ გამარჯვებული ძალის მიმართ სიმპატიებით, ან პირადი კონტაქტებით შემოიფარგლებოდა.

პრეზიდენტები ასეთ ჰიბრიდულ მთავრობას  იმიტომ ირჩევდნენ, რომ ეს მათთვის მომგებიანი იყო. უპირველესად, მინისტრთა კაბინეტში ტექნოკრატთა ყოფნა მეტ კომპეტენტურობას სძენდა მთავრობას. გარდა ამისა, პრეზიდენტებს მართვა უადვილდებოდათ ტექნოკრატ მინისტრთა ლოიალურობის, მხოლოდ პრეზიდენტზე ანგარიშვალდებულობისა და პოლიტიკური ამბიციების არარსებობის გამო., ანუ მათი მოხსნა ისევე ადვილად და უპრობლემოდ შეიძლებოდა, როგორც დანიშვნა. ტექნოკრატი მინისტრებიც მეტნაკლებად კომფორტულად იყვნენ, რადგან თანამდებობებიდან წასვლის შემდეგ ისინი კვლავ უბრუნდებოდნენ თავიანთ სფეროს.

ამავე დროს, ეს სისტემა ზოგადად ქვეყნისთვის და კერძოდ პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებისთვის სერიოზულ ნაკლს შეიცავდა. ისეთ ახალგაზრდა დემოკრატულ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, პოლიტიკური სისტემა მყიფეა. კერძოდ, არ არსებობს ფასეულობების ირგვლივ შექმნილი პარტიები და თან მათი სიმრავლე იწვევს კომპეტენციის და ძალისხმევის გაფანტვას. ასევე, არ არსებობენ პროფესიონალი პოლიტიკოსები - ბევრი მათგანი ან ეროვნული მოძრაობიდან მოვიდა პოლიტიკაში, ან პოლიტიკიდან შორს მდგარი დარგებიდან  ადეკვატური  განათლების გარეშე. ამდენად, მათი აღმასრულებელ ხელისუფლებაში არდანიშვნა და სხვადასხვა სფეროს მართვის შესაბამისი გამოცდილების არარსებობა ვერ აამაღლებს მათ კომპეტენტურობას. ეს კი იწვევს საზოგადოების სამართლიან უნდობლობას მთლიანად პოლიტიკური სისტემის და კერძოდ მათ მიმართ.

შედეგად, ოცზე მეტი წლის განმავლობაში ხელისუფლების პასუხიმგებლობა ძირითადად პრეზიდენტის მხრებზე გადადიოდა, ხოლო მინისტრთა უმრავლესობა პირდაპირ ხალხის წინაშე არ იყო ანგარიშვალდებული. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ პარტიულ იერარქიაში არყოფნის გამო, უმეტეს შემთხვევაში, პოლიტიკოს მინისტრებთან შედარებით ტექნოკრატი მინისტრები ნაკლებად გავლენიანი იყვნენ მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრისას და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებისას.

ამის კარგი მაგალითი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა იყო, რომელშიც პრეზიდენტის გუნდის წევრი პოლიტიკოსი მინისტრები - შსს და იუსტიციის - შეუცვლელნი გახდნენ, დანარჩენი მინისტრები კი იცვლებოდნენ. მათ სხვადასხვა თანამდებობებიც გამოიცვალეს, მაგრამ მინისტრთა კაბინეტში მუდამ წამყვანი ადგილები ეჭირათ - პრემიერ-მინისტრზე მეტი გავლენა ჰქონდათ და კაბინეტის სხდომასაც იშვიათად ესწრებოდნენ.

ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პირველი პრეცედენტის შემდეგ პოლიტიკური ცხოვრება ახალ ეტაპზე გადავიდა და თან, ახალი კონსტიტუციით , ძლიერი პრეზიდენტი ძლიერი პრემიერის ინსტიტუტმა შეცვალა, არა ცერემონიული პრეზიდენტის არსებობის პირობებში.

ამდენად, შესაძლოა კაბინეტის დაკომპლექტების ახლებური მოდელის დამკვიდრების დროც დადგა. ამ საკითხზე ფართო დისკუსია საზოგადოებისთვის უდაოდ სასარგებლო იქნებოდა. იგულისხმება მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება არჩეული, ცნობილი , აქტიური პოლიტიკოსებით. ასეთ შემთხვევაში მინისტრები პასუხისმგებელი იქნებიან, როგორც მათთვის ნდობის გამომცხადებლის (პრემიერ-მინისტრი), ასევე ხალხის წინაშე, რომელმაც ისინი აირჩია პროპორციული სიით, თუ მაჟორიტარად (არაა გამორიცხული ის შემთხვევაც, როცა მინისტრობის სურვილის გამო ესა თუ ის პოლიტიკოსი არ იყრის კენჭს საპარლამენტო არჩევნებში). ასეთ შემთხვევაში მინისტრები იქნებიან უფრო წონადი, მეტად დამოუკიდებელნი, ინიციატივების გამომჩენნი და გადაწყვეტილების თამამად მიმღებნი.

ბევრის აზრით, სწორედ ეს თვისებები აკლდა 2012 წლის ოქტომბერში დამტკიცებულ კაბინეტს. მათი თქმით სამწუხაროა, რომ მინისტრთა კაბინეტის პირველი გადახალისებით (7 მინისტრის გამოცვლით) მმართველი კოალიცია კვლავ წინა, საპრეზიდენტო წყობის პერიოდში გვაბრუნებს იმის მაგივრად, რომ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა განავითაროს და ტრადიცია დაუდოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდის მიერ სახელმწიფოს მართვას. როგორც წინა კაბინეტში, ისე დღევანდელშიც ბევრი უჩინმაჩინი მინისტრია, რომლის არც მოსვლა და არც წასვლა გაუგია საზოგადოებას. ისინი უბრალოდ არ იყვნენ ანგარიშვალდებულნი საზოგადოებასთან, ანუ პასუხისმგებლობას იღებდნენ მხოლოდ კოალიციის ლიდერის წინაშე.

ამ კონტექსტში ასევე აღსანიშნავია ქვეყნის მართვაში არსებული ძალიან სერიოზული პრობლემა არაუფლებამოსილი პირის (ყოფილი პრემიერის) ფაქტორის გათვალისწინებით, თუმცა ეს სხვა განხილვის თემაა. ასევე ცალკე საკითხია ქალი მინისტრების დეფიციტი მთავრობაში, ისევე როგორც საკანონმდებლო და ადგილობრივ ორგანოებში. კიდევ ერთი პრობლემა ეთიკურობის საკითხია, კერძოდ პრემიერ-მინისტრის მიერ წინამორბედების ტრადიციების გაგრძელება: მინისტრების საჯაროდ გაკიცხვა, გაგდებით დამუქრება, ან მათზე მუდმივი დაკვირვების რეჟიმის საჯარო დეკლარირება. ეს ძალიან ჰგავს პოპულიზმს „საბჭოთა გაკიცხვის სტილში“.

ერთმა ახალდანიშნულმა მინისტრმა წარდგენისას ღიად თქვა  - ჩემი მთავარი მოტივაცია პრემიერის ნდობის გამართლება იქნებაო. ასეთი მენტალიტეტით არჩეული და დანიშნული მინისტრები, თანაც საზოგადოებისთვის უცნობი არაპოლიტიკოსი სახეები, ხალხთან ანგარიშვალდებულნი ნაკლებად თუ იქნებიან. ამასთან, პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილების და პარტიულ ქსელთან სერიოზული კონტაქტის არარსებობის გამო, ასეთ მინისტრებს უცილობლად შეექმნებათ პრობლემები მუშაობაში. მათი გავლენა გადაწყვეტილებების მიღებისას ისეთი  წონადი ვერ იქნება,  პოლიტიკოს მინისტრებთან შედარებით. ასეთ შემთხვევებში მათი კომპეტენტურობა, თუ მენეჯერული თვისებები მეორე პლანზე გადადის. გასათვალისწინებელია ამჟამინდელი მთავრობის კოალიციური ფორმაც, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის.

სამაგიეროდ, პრემიერ-მინისტრს მთავრობაში ეყოლება ახალი, ლოიალურად განწყობილი მინისტრები. ფაქტობრივად  წინა საპრეზიდენტო სისტემების მსგავსი მმართველობის მოდელი იქმნება. მასშიც პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრმა შეცვალა, ხოლო დღევანდელი პრეზიდენტი თამაშგარეა და თანაც ხელოვნურად იზოლირებული.

რა არის გამოსავალი? პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთვის ერთ–ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს შემდეგი პრაქტიკა, რომელზეც ქართულ საზოგადოებაში სასურველია მიმდინარეობდეს განხილვა და პოლიტიკოსებისათვის დაკვეთის მიცემა. განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის ცნება, რომელიც ტრადიციად იქცა ბრიტანეთში ვესტმინსტერის სისტემიდან გამომდინარე. ის გულისხმობს ოპოზიციურ პარტიებში ყველა სფეროში სპიკერი პოლიტიკოსის დანიშვნას, რომლებიც მოქმედი მთავრობის მინისტრებს „ჩრდილავენ“,  ანუ აკრიტიკებენ მათივე კომპეტენციის ფარგლებში. ეს მოდელი ხშირად გამოიყენება საპარლამენტო რესპუბლიკებში და რადგან კონსტიტუციით საქართველოში ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა მოქმედებს, ბრიტანული ელემენტების გამოყენება სავარაუდოდ ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების განვითარებასა და ზოგადად პოლიტიკური პროცესისადმი ხალხის ნდობის ამაღლებას პოლიტიკოსთა პასუხიმგებლობის  გაზრდის ხარჯზე.

ოპოზიციური პარტიის გამარჯვების შემთხვევაში სწორედ ჩრდილოვანი კაბინეტის წევრები ინიშნებიან მინისტრებად შესაბამისი პროფილის მიხედვით. შედეგად, ამომრჩეველმა დაახლოებით იცის წინასწარ, თუ ვის ირჩევს და რომელი მინისტრის დანიშვნას აძლევს ხმას. ეს კი ზრდის მოქმედი მინისტრების პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე, ზრდის გამჭვირვალობას პოლიტიკურ სისტემაში და ამაღლებს საზოგადოების ნდობას პოლიტიკოსების მიმართ. ეს პრაქტიკა ასევე ამცირებს პოლიტიკოსების პოპულისტობას, რადგან საარჩევნო კამპანიის დაპირება ჩრდილოვან მინისტრს წინ დახვდება მინისტრთა კაბინეტში მოხვედრისას.

„ქართული ოცნების“ კოალიციის მთავრობის ერთერთი მთავარი ნაკლი გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმის არაეფექტურობაა. ეს პრემიერმაც აღნიშნა ზოგიერთი მინისტრის მოხსნისას. თუმცა, პრობლემა, როგორც ზემოთ ვნახეთ, უფრო ზოგადია - კომპეტენციასთან ერთად, აშკარაა საზოგადოებისათვის უცნობ მინისტრთა პასუხიმგებლობის დეფიციტი ხალხის მიმართ. შესაძლოა, უჩინმაჩინი მთავრობის პასიურობას მთავრობის გუნდის პოლიტიკოსებისაგან დაკომპლექტება დაეხმაროს. დამატებით, საზოგადოებას  მხოლოდ პრემიერ-მინისტრის იმედი არ ექნება  და ქვეყნის განვითარებაზე პასუხისმგებლობას მთელი გუნდი სრულად გაიზიარებს. გარდა ამისა, ოპოზიციურ პარტიებსაც თავისი წვლილის შეტანა შეუძლიათ პოლიტიკური სისტემის განვითარებაში ზემოაღნიშნული მოდელის შემოტანით, ეტაპობრივად მაინც.

პოლიტიკურ სისტემას მუდმივი ცვლილებები სჭირდება, ამ პროცესში კი პოლიტიკოსებს საზოგადოებაც უნდა დაეხმაროს და თუ საჭიროა, დაკვეთაც მისცეს. მით უფრო მაშინ, როდესაც ისინი ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან და ძველის გამეორებას ამჯობინებენ. მხოლოდ ასე შეიძლება ამაღლდეს პოლიტიკური კულტურა. პოლიტიკოსები ხომ ყოველთვის შემდეგ არჩევნებზე ფიქრობენ. 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია